გადაწყვეტილება მიღებულია. მოსამართლეთა მიერ წარდგენილ 10-კაციან სიას კენჭი არ ეყრება. მმართველი პარტიის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ ჯერ პროცედურები და კრიტერიუმები უნდა შემუშავდეს.
საპარლამენტო უმრავლესობი წევრი, ეკა ბესელია ადასტურებს, რომ ბიძინა ივანიშვილი მხარს უჭერს პირველი და მეორე ინსტანციის მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის შეჩერების საკითხს, რაც იმას ნიშნავს, რომ პარლამენტის ახალგაზრდული ფრთა – კობახიძე–მდინარაძე–თალაკვაძის ფრთა, რომლებიც მოსამართლეთა 10-კაციან სიას ლობირებდნენ, ამ ბრძოლაში დამარცხდნენ.
ეკა ბესელიას განცხადებით, დაიწყება იმ პროცედურებზე მუშაობა, რომლითაც პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებში მოსამართლეები ვადით გამწესდებიან.
„უმრავლესობის ხდომაზე მე დავსვი მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის შეჩერების საკითხი. პარტიის თავმჯდომარე ამ პოზიციას ეთანხმება. ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ ის მხარს უჭერს ამ იდეას. მე არ მომისმენია საწინააღმდეგო პოზიცია არავისგან.
ამ პროცედურას და ინიცირებას დავიწყებთ ჩვენ, რომ კონსტიტუციიდან გამომდინარე მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის საკითხზე შეჩერდეს გადაწყვეტილებების მიღება. ვიმუშავებთ პროცედურებზე, რომლითაც უნდა გაიმართოს, როგორ უნდა მოხდეს ვადით მოსამართლეების გამწესება პირველ და მეორე ინსტანციის სასამართლოებში. უზენაეს სასამართლოზეც სასაუბროა“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
პარლამენტის თავმჯდომარე ადასტურებს, რომ მოსამართლეების უვადოდ განმწესების საკითხი უმრავლესობის სხდომაზე დაისვა. როგორც ირაკლი კობახიძე ამბობს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ დააფიქსირა თავისი პოზიცია, რომ მსჯელობა უნდა დაიწყოს ამასთან დაკავშირებით.
„ეს საკითხი დაისვა სხდომაზე. ბიძინა ივანიშვილმა დააფიქსირა თავისი პოზიცია, რომ მსჯელობა უნდა დაიწყოს ამასთან დაკავშირებით. შესაბამისად, შედგება მსჯელობა და საბოლოოდ მივიღებთ გადაწყვეტილებას. როგორ მოხდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების სიის გაწვევას, ეს ტექნიკური მხარეა და შესაძლოა, ცვლილება კანონის გარდამავალ დებულებაში განხორციელდეს.
ზოგადად, გადაწყვეტილია, რომ ამ სიას კენჭი არ ეყრება და კენჭი ეყრება ახალ სიას, რომელიც წარმოდგენილი იქნება. შევთანხმდით, რომ ჯერ შემუშავდება პროცედურა, კრიტერიუმები. ამ ფილტრს გაივლის ყველა კანდიდატი. მათში შესაძლოა ის 10 კანდიდატიც შედიოდეს, რომელიც მანამდე იყო წარმოდგენილი. ასევე სხვა კანდიდატები. პროცესი იქნება მაქსიმალურად გახსნილი, ღია და გამჭვირვალე“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
მომავალ კვირაში პარლამენტში დარეგისტრირდება კანონპროექტი, რომლითაც მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის პროცესი შეჩერდება. უმრავლესობის წევრის, ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით, ადამიანები, რომლებიც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არიან, დღეს შექმნილ ვითარებას ცუდად იყენებენ.
„ჩვენ ვნახეთ კონტროლს მიღმა მოსამართლეები, რომლებიც შემოდიან პოლიტიკურ დებატებში და ყველაფერს კადრულობენ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მათზე დიდი წარმოდგენა არასდროს გვქონია. ვერ გეტყვით, რომ ამ გადაწყვეტილებით პროცესი შეიძლება გარანტირებულად ისე დამთავრდეს, როგორიც არის საზოგადოების დაკვეთა. როგორც ჩანს, უფრო მეტი მცდელობა მოგვიწევს, რომ ქვეყანას ავარიდოთ იმ ხალხის გემოვნებით შერჩეული მოსამართლეები, ამიტომ განსაკუთრებული კმაყოფილების განცდა არ მაქვს“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.
გადაწყვეტილებას მიესალმება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამრთლე წევრი, ანა დოლიძე, რომლის განცხადებით, ერთწლიანმა ბრძოლამ შედეგი გამოიღო. მისი თქმით, მოსამართლეთა უვადოდ განმწესების შესაძლო შეჩერება გამოსავალია, თუმცა დაგვიანებული და უკვე გაფუჭებული.
„ისმის, კითხვა, ბოლოს და ბოლოს, იმას ელოდებოდნენ, რომ ლევან მურუსიძე უვადოდ მოსამართლედ დაინიშნებოდა, თუ მანამდე არ ადარდებდათ ეს საკითხი?! როგორც ეკა ბესელიამ განაცხადა, ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ შესაძლოა, მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა გაჩერდეს. მივესალმები ამას, თუმცა ძალიან სამწუხაროა, რომ ასე დააგვიანდათ. დიახ, ბრძოლამ შედეგი გამოიღო, მაგრამ აქამდე რას აკეთებდნენ?! „ქართული ოცნების“ მხრიდან მოსამართლეთა უვადოდ განმწესება იმ ფორმით რა ფორმითაც შემოიღეს, იყო უდიდესი შეცდომა, იმიტომ, რომ „კლანს“ სრული თავისუფლება მიენიჭა გადაეწყვიტა, ვის დატოვებდა უვადოდ სისტემაში და ვის – არა. შეჩერების თაობაზე უმწვავესი საუბარი, სულ მცირე, ერთი წელია რაც არის. გიორგი კვირიკაშვილმაც გააკეთა განცხადება, რომ მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნები უნდა შეჩერდეს, რადგან ხალხს არ მოსწონს ეს პროცესიო. მაგალითად მოიყვანა სულხან მოლაშვილის მოსამართლე, რომელიც უვადოდ განმწესდა. ძალიანს სამწუხაროა, რომ „ქართული ოცნება“ იცდიდა, სანამ სასამართლოს ნახევარი კორპუსი უვადოდ არ დაინიშნა“, – განაცხადა ანა დოლიძემ.
იურისტი, სამართლის ექსპერტი ლია მუხაშავრია განმარტავს, რომ ხელისუფლება დაინტერესებული იყო არსებული სიის გაყვანით, მაგრამ სამოქალაქო პროტესტის წინააღმდეგ წასვლა ვერ გარისკა და ამიტომ, გადაწყვიტა უკან დახევა.
„რაც შეეხება ახალ კრიტერიუმებს, მარტო კრიტერიუმები არ კმარა. უნდა ხდებოდეს კანდიდატების ძალიან დაბეჯითებით შემოწმება, მოსამართლეთა კანდიდატებს უნდა ჰქონდეთ უნაკლო წარსული და რეპუტაცია, თუ ასეთი მოსამართლეებით არ დაკომპლექტდება სასამამართლო, მაშინ სასამართლო ვერასოდეს მოიპოვებს საზოგადოების ნდობას. კრიტერიუმები შეიძლება ძალიან კარგად ჩამოაყალიბო, მაგრამ რეალურად არ მიუსადაგო ისე მოახდინო დანიშვნა.
ეს ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა, ჩვენს შემთხვევაში აქამდე ცოდავდა როგორც კანონმდებლობა, ისე მახინჯი პრაქტიკა, როდესაც ერთ ვაკანსიაზე ერთადერთი კანდიდატი იყო და ისიც ნომინირებული არ იყო საბჭოს სხდომაზე, ვლაპარაკობთ უზენაესის სასამართლოს წევრზე და ისე რაღაცა უცნაური სია ჩნდებოდა, რომელიც მოსამართლეებმა წარადგინეს. ასეთი პროცედურები არის სრულიად მიუღებელი და დაუშვებელი, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ საუბარია მოსამართლეებზე“, – აღნიშნა ლია მუხაშავრიამ.