ბორის პაიჭაძის ეროვნულ სტადიონზე „ნაციონალური მოძრაობის“ შეკრება იწყება. როგორც ჩანს, მმართველმა გუნდმა საკუთარი ძალის დემონსტრირება გადაწყვიტა, რისთვისაც სტადიონის შერჩევა ალბათ მათთვის საუკეთესო გადაწყვეტილება იყო, რადგან შეკრება სადმე სხვაგან, მაგალითად თავისუფლების მოედანზე რომ ჩაეტარებინათ, იმ რაოდენობის ადამიანი, რაც სტადიონს ავსებს, ანუ დაახლოებით 55 000, თავისუფლების მოედანზე ფაქტობრივად არც კი გამოჩნდებოდა. სტადიონის გავსება კი კარგად ჟღერს და „ნაციონალურ მოძრაობას“ შეუძლია თქვას, რომ ერთი დაძახებით 55-იდან 60 ათასამდე ადამიანი შეაგროვა. ამასთანავე, მიხეილ სააკაშვილმა და მისმა გუნდმა ძალიან კარგად იცის, რომ სულ არ იქნება საჭირო არანაირი მობილიზება იმისთვის, რომ ხვალ თავისუფლების მოედანზე „ქართულმა ოცნებამ“ ზღვა ხალხი გამოიყვანოს. თავად ხელისუფლებაც დარწმუნებულია, რომ ეს ასე იქნება და როგორც ჩანს, სწორედ ამიტომ ცდილობს დაამტკიცოს, რომ სტადიონის გასავსებად საჭირო რაოდენობის ადამიანების შეგროვება მაინც შეუძლია.
თუმცა სწორედ ეს „შეგროვება“ ყველაზე დიდი სირთულე იყო „ნაციონალური მოძრაობისთვის“, რადგან ჯერ კიდევ გუშინ ცნობილი გახდა, რომ რეგიონებში ხელისუფლება თბილისში ხალხის წამოსაყვანად სერიოზულად მუშაობდა. საქართველოს ძალიან ბევრ რაიონში „ნაციონალური მოძრაობის“ მაისურებით, „ხუთიანებით“ და საქართველოს დროშებით აღჭურვილი სამარშრუტო ტაქსები იყო მობილიზებული და საჯარო დაწესებულებებში მომუშავე ადამიანებს და რაც ყველაზე მთავარია, სკოლის მოსწავლეებსაც პრაქტიკულად აიძულებდნენ, დღეს თბილისში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაზე წამოსულიყვნენ.
საინფორმაციო სააგენტო „ინფო 9“-მ რამდენიმე რაიონში სწორედ ამგვარი მობილიზების კადრები გადაიღო, სადაც ნათლად ჩანს, რომ „ნაციონალების“ მიერ ადგილზე წინასწარ მიყვანილ სამარშრუტო ტაქსებში ძირითადად სკოლის მოსწავლეები ზიან და თბილისში წამოსასვლელად ემზადებიან. დღეს კი ქართულ მედიაში გავრცელდა კადრები, სადაც დასავლეთ საქართველოდან მომავალი სამარშრუტო ტაქსების კოლონები ჩანს, რომლებსაც „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაზე თბილისისკენ ხალხი გადმოჰყავს.
For.ge რამდენიმე რაიონში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატებს დაუკავშირდა, რათა გაერკვია, საიდან ჰყავს ხელისუფლებას ხალხი წამოყვანილი და ბევრია თუ არა მათ შორის სკოლის მოსწავლეები.
„ქართული ოცნების“ ტყიბულის მაჟორიტარობის კანდიდატი ელისო ჩაფიძე for.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ხელისუფლება ამგვარ შემთხვევებში ტერორს ძირითადად სკოლის მოსწავლეებზე და მასწავლებლებზე ახორციელებს.
„ჩვენ ვიცით ძალიან კონკრეტული შემთხვევები, როდესაც ადამიანებს დაემუქრნენ მაგალითად ბანკში ჩადებული ბინის გაყიდვით, თუ ისინი ქუთაისში „ნაციონალების“ შეკრებაზე არ წავიდოდნენ. მმართველ გუნდს მრავალი ხერხი აქვს იმისა, თუ როგორ შეიძლება დააშინოს ადამიანები, რათა თავიანთ შეკრებებზე იძულების წესით წაიყვანონ“, - აცხადებს ელისო ჩაფიძე.
მისი თქმით, ტყიბულში ხელისუფლებამ მაინცდამაინც ბევრი ხალხი ვერ შეაგროვა. ჩაფიძის ინფორმაციით, იქიდან თბილისში დაახლოებით 100-მდე ადამიანია წამოყვანილი და ეს ძირითადად საჯარო დაწესებულებების თანამშრომლები, სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები არიან.
„ჩვენ ვნახეთ რამდენიმე სამარშრუტო ტაქსი, რომლებმაც დროშების ფრიალით გაიარეს და ხუთიანები ეწერათ. მართლაც მიკვირს, ერთმილიონიან ქალაქში 60 ათასი ადამიანი როგორ ვერ შეაგროვა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ისე, რომ ტყიბულელი პედაგოგები არ შეეწუხებინა. თანავუგრძნობ მათ და აქვე ვეტყვი, რომ მათივე წაყვანილი პედაგოგებიდან ნახევარი ჩვენ გვაძლევს ხმას“, - აღნიშნავს ჩაფიძე.
კოალიციის ბაღდათის მაჟორიტარობის კანდიდატი არჩილ კბილაშვილი ადასტურებს, რომ რაიონებში სერიოზული მობილიზება ხდებოდა, რათა დღეს თბილისში ხალხი ჩამოეყვანათ.
„მე გეტყვით იმას, რასაც ჩემთან შეხვედრებზე ხალხი მიყვება. სკოლის მოსწავლეები მანქანებში ჩასვეს და წაიყვანეს, ზოგს უნდოდა წასვლა, ზოგს - არა, მაგრამ მაინც ყველა წაიყვანეს. მაგალითად, გუშინ რამდენიმე ბავშვი შემხვდა და მითხრეს, ხვალ თბილისში წასვლას გვაძალებენ, მაგრამ ჩვენ არ გვინდა წასვლა და არ წავალთო. ესენი მერვეკლასელები იყვნენ“, - ამბობს არჩილ კბილაშვილი.
მისივე თქმით, ხელისუფლება საჯარო მოხელეებსაც აიძულებდა თბილისში წასმოვლას.
წალენჯიხის მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი ნაჭყებია for.ge-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ გუშინ ზუგდიდის რაიონის სოფლებში იმყოფებოდა და თავისი თვალით ნახა, როგორ იყო სამარშრუტო ტაქტები მობილიზებული და როგორ აგროვებდნენ ხალხს.
„თუმცა აქვე გეტყვით, რომ ამას დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ, რადგან ზუსტად ვიცი, რომ ყველა ძალდატანებით წაიყვანეს. დღევანდელთან დაკავშირებით ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს და სხვის ნათქვამზე დაყრდნობით ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ზუსტად ვიცი, „ნაციონალების“ აქცია ზუგდიდში ძირითადად მეთორმეტეკლასელების ბაზაზე იყო. ალბათ იგივე იქნება ახლაც, რადგან ამათ წასაყვანი ხალხი აღარ ჰყავთ. ცოტა ხნის წინ დავინახე „ნაციონალების“ დაახლოებით ათმა მანქანამ ჩამოიარა და სულ 10-12 კაცი თუ იჯდებოდა ამ მანქანებში“, - ამბობს გიორგი ნაჭყებია.
ხობის მაჟორიტარობის კანდიდატი გიგა ბუკია აცხადებს, რომ თავად დაინახა, როგორ მოძრაობდა ხუთნომრიანი მანქანები თბილისის მიმართულებით.
„ჩვენი შტაბი გზის პირას არის და ვნახეთ, კოლონა მიდიოდა თბილისისკენ როგორ ზუგდიდიდან, ასევე თავად ხობიდან“, - ამბობს ბუკია.
ლაგოდეხის მაჟორიტარობის კანდიდატი ლუკა კურტანიძე for.ge-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ ხელისუფლებამ ლაგოდეხიდან ხალხის მობილიზება ვერ შეძლო, რის გამოც ლაგოდეხელებზე ნაწყენებიც იქნებიან.
„დღეს ვნახე როგორ მიდიოდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატი გია გოზალიშვილი და სამდღედარჩენილი პარლამენტის დეპუტატი კაკალაშვილი. ვერ გეტყვით, რომ მათ ხალხი გაჰყოლოდა, რადგან ვნახე, რომ მხოლოდ ეს ადამიანები წავიდნენ. ამისთვის ლაგოდეხელებს პასუხსაც მოსთხოვენ ალბათ, მაგრამ ორ დღეში მათი ხელისუფლება დასრულდება და მერე რაც უნდათ ის გააკეთონ“, - ამბობს ლუკა კურტანიძე.
აღსანიშნავია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობის გამო პრაქტიკულად მთელი თბილისი პარალიზებულია, რადგან ხელისუფლების მიერ თბილისში ხალხის ჩამოსაყვანად მობილიზებული სამარშრუტო ტაქსები სხვადასხვა ადგილებში დგანან და ხალხს უკან წასაყვანად ელიან. ბევრ ადგილას ქუჩები საპატრულო პოლიციას აქვს გადაკეტილი და მას მხოლოდ ყრილობაზე მიმავალი მანქანებისთვის ხსნის. ასე რომ საყოველთაო მობილიზებაა გამოცხადებული, რათა მიხეილ სააკაშვილმა სტადიონი შეავსოს, თუმცა ამ დროისთვის ჯერ კიდევ რამდენიმე ტრიბუნა ცარიელია.