დღეს for.ge-ს პრეს-კლუბის სტუმარი იყო „ქართული ოცნების“ ისნის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი ნუკრი ქართარია, რომელმაც ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. თავდაპირველად ქანთარიამ იმ აუდიო-ჩანაწერებზე ისაუბრა, რომელიც გუშინ და დღეს ბიძინა ივანიშვილის პირადი მცველის, ბესო სურმავას სახელით გავრცელდა.
„მიმაჩნია, რომ კინოსტუდია „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის პროდიუსერს, მიხეილ სააკაშვილს ფანტაზია ამოეწურათ. ისინი ეძებდნენ და უნდოდათ რაღაც ანტისახელმწიფოებრივი კვალისთვის მიეგნოთ. ყველას კარგად გვახსოვს, რომ მთელი წლის განმავლობაში საუბარი იყო რუსეთზე, თითქოს ბიძინა ივანიშვილი რუსეთის კაცია და ა.შ. ამის მსგავსიც კი ვერაფერი მონახეს, რადგან ასეთი ფაქტები ბუნებაში არ არსებობს, ამის გამო ვერც საზოგადოების განწყობა შექმნეს, რადგან ეს თემა გაცვდა. ამიტომ ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ქურდების თემა კარგად იმუშავებდა და დაიწყეს ამაზე მუშაობა. თუმცა ყველამ ვნახეთ, რა უსუსური იყო ის მასალები, რაც გოგა ხაინდრავასთან დაკავშირებით წარმოადგინეს“, - აცხადებს ნუკრი ქანთარია.
მისი თქმით, ამის შემდეგ ხელისუფლება უკვე ჭორაობაზე გადავიდა. ქანთარია უნიჭოდ შეთითხნილს და დამონტაჟებულს უწოდებს იმ აუდიო-მასალებს, სადაც „ქართული ოცნების“ წევრების ერთმანეთთან სატელეფონო საუბრებია ჩაწერილი. აქვე დეპუტატობის კანდიდატი აღნიშნავს, რომც დავუშვათ ამ ჩანაწერების ნამდვილობა, მაშინ გასარკვევია, რატომ და რამდენად კანონიერად უსმენდა ხელისუფლება „ქართული ოცნების“ წევრებს. ამასთანავე, ქანთარია ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ თუნდაც ეს ჩანაწერები ნამდვილი იყოს, აქედან მხოლოდ ის ირკვევა, რომ რამდენიმე ადამიანი ერთმანეთის მიმართ დადებითად არ არის განწყობილი.
„ძალიან უხეშად რომ ვთქვათ, ყველაზე დიდი, ეს არის უსიამოვნო ფაქტი და ვერაფრით ვერ სცდება ამას. ეს არავითარ შემთხვევაში სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხი არ არის. ხელისუფლებას სურს, ციხის ცნობილი კადრები გადაფარონ და ამ კადრებით გამოწვეული მოსახლეობის უარყოფითი განწყობა შემოატრიალონ, მაგრამ ეს წარმოუდგენელია, რადგან ის არის ფაქტები, ეს კი არის ჭორაობა. შეუძლებელია ჭორაობა და ის საშინელი ფაქტები ერთმანეთის საპირწონე იყოს“, - აღნიშნავს ნუკრი ქანთარია.
მისი თქმით, ხელისუფლება ვერაფრით მოახერხებს იმას, რომ იმ საშინელი კადრებით აღშფოთებულმა მოსახლეობამ ახლა დაიწყოს იმის განხილვა, თუ როგორ იგინება ირაკლი ღარიბაშვილი და რომ გია ხუხაშვილი ვიღაცაზე ცუდად საუბრობს. ნუკრი ქანთარია აცხადებს, რომ ათი კაციც რომ შეიკრიბოს, რა თქმა უნდა, მათ შორისაც იქნება აზრთა სხვადასხვაობა და გარკვეული გაუგებრობები, ხოლო როდესაც საუბარია ამხელა კოალიციაზე, სადაც ამდენი პოლიტიკური ძალა და ადამიანია შეკრებილი, ცხადია, რომ შესაძლებელია გარკვეული გაუგებრობები იყოს, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ კოალიცია არ მუშაობს და თავის საქმეს არ აკეთებს, ან მით უმეტეს იმას, რომ კოალიცია ანტისახელმწიფოებრივ საქმეს აკეთებს. ქანთარიას თქმით, ხელისუფლებას სურდა ამით რაღაც სკანდალი აეგორებინა, მაგრამ საბოლოოდ მხოლოდ ჭორაობა გამოუვიდა.
„ხელისუფლებას სურს ადამიანები აქციონ არარაობად. ამის დასტურია მათი ქმედებები, რაც ჩვენ პენიტენციალურ სისტემაში ვიხილეთ. ისინი ადამიანებს სულიერ არსებებადაც კი არ თვლიან და ისე ექცევიან, რომ ბოლომდე გაანადგურონ. ამიტომ საზოგადოებამ ახლა უნდა გააკეთოს არჩევანი, ერთ მხარეს არის ცოცხები, რომელსაც ეს ხელისუფლება საშინელი ქმედებებისთვის იყენებდა, ხოლო მეორეს მხრივ - რამდენიმე ადამიანის ერთმანეთზე უსიამოვნო საუბარი. ცხადია, ეს სრულიად განსხვავებული სიბრტყეებია და ხელსუფლებამ კიდევ რაც არ უნდა გამოიტანოს, ვეღარაფერს გახდება. ამიტომ ძირითადი აქცენტი ახლა იმაზე, რომ ეს სახელმწიფო ძალადობაზე არის დამყარებული. ახლა უკვე არის ამ ხელისუფლების ბოლო“, - ამბობს ნუკრი ქანთარია.
მისი თქმით, ხელისუფლებას უამრავი დანაშაული აქვს ჩადენილი და აუცილებელია არა მხოლოდ ამ ყველაფრის შემსრულებლების დასჯა, არამედ ამ ძალადობის იდეოლოგების დაჭერაც. ნუკრი ქანთარიას განცხადებით, ესენი არიან მიხეილ სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი, ბაჩო ახალაია და ა.შ.
ქანთარიამ ასევე „ქართული ოცნების“ აქტივისტების პატიმრებაზეც ისაუბრა, რაც უკანასკნელი ერთი კვირის განმავლობაში აქტიურად ხდება. დეპუტატობის კანდიდატი ამბობს, რომ ხელისუფლების მიზანია ამით კოალიციის საარჩევნო შტაბები შეასუსტოს და გაყალბება მოახდინოს, მაგრამ „ქართული ოცნება“ მას ამის საშუალებას არ მისცემს. ნუკრი ქანთარია ამბობს, რომ ციხის ცნობილი კადრების გავრცელების შემდეგ მასთან შტაბში „ნაციონალური მოძრაობის“ ძალიან ბევრი მომხრე მივიდა და მხარდაჭერა „ქართულ ოცნებას“ გამოუცხადა და, მათ შორის, „ნაცმოძრაობის“ კოორდინატორებიც იყვნენ, რის გამოც ხელისუფლება ახლა მათზე ახდენს ზეწოლას, რათა კიდევ სხვებმაც იგივე საქციელი არ ჩაიდინონ.
„ძალიან აქტიურობს ბოგდან ხმელნიცკის ქუჩაზე მდებარე 93-ე სკოლის დირექტორი, ჩვენი სანაქებო ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის და, მაგრამ ესენი ახლა უკვე ვეღარავის დაშინებას ვერ შეძლებენ. თავად ძალიან შეშინებულები არიან, დღეს მათ ფაქტობრივად სტადიონზე გამოსამშვიდობებელი საღამო აქვთ, ერთმანეთს დაემშვიდობებიან და მშვიდობიანად უნდა დაიშალონ, თავი დაანებონ ქვების სროლას და ჭორაობას. შემდეგ, როდესაც საკნებში იჯდებიან, საკმარისზ მეტი დრო ექნებათ და მაშინ იჭორავონ. ვისაც დანაშაული არ ჩაუდენია და მხოლოდ რაღაც ვალდებულების გამო არის „ნაციონალურ მოძრაობასთან“, რასაკვირველია ეს ადამიანები თავიანთ ადგილებზე მუშაობას გააგრძელებენ და ჩვენ ერთად ცხოვრება უნდა დავიწყოთ“, - აღნიშნავს ნუკრი ქანთარია.
მისი თქმით, დღეს ყველაზე დაჩაგრული არის ადამიანი, რადგან იქ სადაც ხელისუფლება რაღაც ახალ შენობებს აშენებს, ხალხს სახლები თავზე ენგრევა. თუნდაც პრეზიდენტის რეზიდენციის გარშემო, უძველესი და ნახევრად დანგრეული სახლებია და იქ ადამიანები სულს ღაფავენ. ქანთარია ამბობს, რომ ანგელოზები არსად არიან, მაგრამ მთავარია სახელმწიფო სისტემა იმგვარად ჩამოყალიბდეს, რომ ადამიანზე იყო ორიენტირებული. მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი საუკეთესო მენეჯერია და იგი კოალიციასთან ერთად შეძლებს, რომ ეს მმართველობითი ვერტიკალი კარგად ჩამოაყალიბოს.
აქვე ქანთარია ამბობს, რომ საკუთარ გამარჯვებაში დარწმუნებულია, ისევე, როგორც კოალიციის მიერ მთლიანად თბილისის მოგებაში. ნუკრი ქანთარის უფრო რეგიონები აფიქრებს, სადაც „ქართული ოცნების“ აქტივისტებისა და მხარდამჭერების მიმართ სერიოზული ტერორი ხორციელდება. მისი თქმით, ალბათ ბოლო დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან პროვოკაციებს უნდა ველოდოთ, რადგან განწირული ადამიანი ყველაფერზე წამსვლელია.
„თუმცა ჩვენ ამ ყველაფერს ძალიან პრინციპულ სიმშვიდეს ვუპირისპირებთ და ეს ხვალაც თბილისსა და ქუთაისში ჩვენი მხარდამჭერების შეკრების დროს კარგად გამოჩნდება. ეს იქნება შეხვედრაზე თავისი სურვილით მისული ხალხი და არა ძალით მორეკილი, როგორც ამას „ნაციონალური მოძრაობა“ აკეთებს. ყველაფერი იქნება ძალიან მშვიდად და კიდევ რაც არ უნდა გამოაქვეყნონ, ეს ვერ შეცვლის სურათს, ჩვენ მშვიდად მივალთ არჩევნებამდე და მოვიპოვებთ დამაჯერებელ გამარჯვებას“, - ამბობს ნუკრი ქანთარია.