ეკა ბესელია ადასტურებს, რომ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე ბიძინა ივანიშვილთან პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების შესახებ საუბარი ჰქონდა. თუმცა, რა შინაარსის საუბარი შედგა მასსა და პარტიის თავმჯდომარეს შორის, ბესელია მის გასაჯაროვებას არ აპირებს.
მიუხედავად იმისა, რომ საქმეზე დაკავებულია 17 ადამიანი, სოფო კილაძე ვარაუდობს, რომ ასეთი კადრების გავრცელება ხელს აძლევდა იმ ჯგუფს, ვინც მოგებული დარჩა. მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ამ ჩანაწერის გავრცელებით არ დარჩენილა მოგებული და აქ ყველაზე მთავარი, ცენტრალური საკითხია თუ ვინ იყო ამ ყველაფრის დამკვეთი და ვის ინტერესებში შედიოდა ასეთი საზიზღრობის გავრცელება.
კითხვაზე, ხელისუფლებას აქვს თუ არა იმის პოლიტიკური ნება, რომ დამკვეთებამდე მივიდეს გამოძიება, როცა ეკა ბესელია მიანიშნებს მის გუნდზე, მოსამართლეებსა და „ნაციონალური მოძრაობიდან“ პორტირებულ ჯგუფზე.
„ვფიქრობ, რომ ასეთი ტიპის ბრალდებები უდანაშაულობის პრეზუმფციის პირდაპირი დარღვევაა და ნამდვილად დისონანსი შემოაქვს გუნდში. ასე ხელაღებით ამის ადამიანებისთვის დაბრალება, ვფიქრობ, ძალიან რბილად რომ ვთქვათ, არაკორექტულია. მე მაქვს ჩემი მოსაზრებები, ვის შეიძლება აწყობდეს ასეთი საზიზღრობის გავრცელება.
იმ ჯგუფებს, ვინც საბოლოო ჯამში მოგებული დარჩნენ. „ქართული ოცნება“ ამ ყველაფრისგან ნამდვილად არ დარჩენილა მოგებული. როდესაც ასეთი ტიპის საშინელება ვრცელდება, პირველ რიგში უნდა დავსვათ კითხვა – ვის აწყობდა ეს ყველაფერი და აქედან გამომდინარე, ჩემი აზრით, გვექნება ლოგიკური პასუხი“, – განაცხადა სოფო კილაძემ.
რაც შეეხება სოფო კილაძეს, რომელმაც თანაგუნდელი უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაში დაადანაშაულა, ეკა ბესელია აცხადებს, რომ კილაძის განცხადება იყო კლასიკური მაგალითი იმისა, თუ როგორი შეფასება არ უნდა გააკეთოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ. ბესელიას განცხადებით, შს მინისტრ გიორგი გახარიას და მთავარ პროკურორ შალვა თადუმაძეს უნდა ჰქონდეთ ძალიან დიდი სურვილი და გააკეთონ ყველაფერი, რომ გამოძიებამ პასუხი გასცეს კითხვას, თუ ვინ იყო დანაშაულის ორგანიზატორი.
„სავარაუდო პირთა წრე, ვინც შეიძლება იყოს მოაზრებული, არც თუ ისე დიდია. პარალამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის კომენტარი მოვისმინე, რომელიც ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს – აი, არაგუნდურობის კლასიკური მაგალითი.
როგორ ღიად იცავს მოსამართლეთა ამ ჯგუფს და როგორ გადმოაქვს კრიტიკა ჩემ მიმართ, თუ როგორ ვთქვი ასეთი რამ. ეს კომენტარი არის კლასიკა, თუ როგორ არ უნდა საუბრობდეს უმრავლესობის წევრი და ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე. სამწუხაროა, რომ ამის თქმა მიწევს“, – განუცხადა ჟურნალისტებს ეკა ბესელიამ.
პარლამენტის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ ფარული ჩანაწერის გავრცელების უკან პოლიტიკური მიზანი იკვეთება. ირაკლი კობახიძე ვარაუდობს, რომ სწორედ ამიტომ დამკვეთიც პოლიტიკური სტატუსის მატარებელი იქნება. შესაბამისად, როგორც კობახიძე აცხადებს, მთავარი ამოცანა არის სწორედ დამკვეთის, წყაროს გამოვლენა.
„პირველ რიგში, სწორედ ჩვენი პოლიტიკური ძალის ინტერესებშია ის, რომ ბოლომდე გაიხსნას ეს საქმე. მთავარია პირველი წყარო, საიდანაც გავრცელდა ეს ინფორმაცია. ზუსტად ეს უნდა გამოვლინდეს. რაც შეეხება გავრცელებას, გამავრცელებლების კუთხით არის პროგრესი, თუმცა, რაც შეეხება წყაროს, ესაა მთავარი დასადგენი. ამ კუთხით გვექნება მუდმივი კომუნიკაცია სამართალდამცავ ორგანოებთან. პირველ რიგში, სწორედ ჩვენი პოლიტიკური ძალის ინტერესებშია ის, რომ ბოლომდე გაიხსნას ეს საქმე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
„ევროპული საქართველო“ საპარლამენტო უმრავლესობას მოუწოდებს, პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გავრცელების საქმეზე რომელიმე კომიტეტის სხდომაზე მთავარი პროკურორი და სუს–ის ხელმძღვანელი მოიწვიონ. ოთარ კახიძეს განცხადებით, სასურველი იქნება, თუკი აღნიშნულ პირებს ადამიანის უფლებათა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მოუსმენენ.
„კადრების გავრცელებამ პოლიტიკოსების წინააღმდეგ შემაშფოთებლად საგანგაშო ხასიათი მიიღო. გვარებს არ დავასახელებ, მაგრამ უახლოეს წარსულში სხვადასხვა პოლიტიკოსები გახდნენ პირდაპირ ამ კადრების გავრცელების მსხვერპლი, რაც იწვევს ძალიან სერიოზულ პრობლემებს. ამასთან დაკავშირებით ჩვენი რეგლამენტი მთავარი პროკურორის და სუს–ის ხელმძღვანელის დაბარებას უმცირესობის ფორმატში არ ითვალისწინებს.
ამიტომ კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობის მოთხოვნა არის გზა მთავარი პროკურორის და სუს–ის ხელმძღვანელის დაბარების. უნდა დავიბაროთ ისინი და დავსვათ კითხვები, თუ რატომ არ არიან დასჯილი აღნიშნული დანაშაულის დამკვეთები, რა ნიშნით შეირჩა მესამე, მეოთხე რიგის გამავრცელებლები“, – განაცხადა ოთარ კახიძემ.
იურისტი, სამართლის ექსპერტი ლია მუხაშავრია გაოცებულია კილაძის კომენტარით, იმ ფონზე, როდესაც ალეკო ელისაშვილმაც კი, სოლიდარობა გამოუცხადა ბესელიას.
„შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სოფო კილაძე თვითონ არის დატერორებული, ან მოელის. კილაძის მიმართაც შეიძლება იგივე მოხდეს, რაც ბესელიას შემთხვევაში, ამიტომ პრევენციას აკეთებს. მეჩვენება, რომ ძალიან ბევრ ადამიანს ღამღამობით არ სძინავს და კოშმარები ესიზმრებათ იმ წარმოდგენით, რომ რა შეიძლება მის წინააღმდეგ ჩაეწერათ და რა ვიდეო შეიძლება გამომზეურდეს“, – აცხადებს ლია მუხაშავრია.
მისი თქმით, შეიძლება რელაურად არც არაფერი არ ჰქონდეთ, მაგრამ შეიძლება ისე დაამონტაჟონ და ისე აჩვენონ, რომ შემდეგ მტკიცება, რომ ეს ყველაფერი მონტაჟია და მას არ ეხება, მტკიცება რთული იქნება.
„ჩვენ ახლა ვართ გამოცხადებული მორალური ტერორის ვითარებაში, როდესაც განსაკუთრებით მხდალი ადამიანები ცდილობენ ისევ ბესელიას დააბრალონ ის, რაც ყოვლად წარმოუდგენელია. ბესელიას პოზიციას, რომ ის არაფრის დიდებით ხელს არ იშვერს ბიძინა ივანიშვილისკენ და ახლა უნდა, რომ მოსამართლეების წინააღმდეგ თავდადებულ მეომრად წარმოაჩინოს თავი, ამის არ მჯერა.
ესეც არის შიშის და ტერორის შედეგი, იმიტომ, რომ მას შეიძლება ეშინოდეს უფრო უარესის. ძალიან ძნელია იმის თქმა, უფრო უარესი რა შეიძლება იყოს, მაგრამ ისინი ჩვენზე უკეთესად იცნობენ ბიძინა ივანიშვილს და ალბათ უკეთ იციან რა არის მოსალოდნელი“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას ლია მუხაშავრიამ.
დეპუტატ კილაძის არაკომპეტენტურობაზე საუბრობს ექსპერტი გია ხუხაშვილი, რომლის შეფასებით, დეპუტატს არ აქვს იმდენი შეგნება და ინტელექტი, რომ საკუთარი განცხადება შეაფასოს.
„ქალბატონი კილაძის ამბიცია არ შეესაბამება მის კომპეტენციას. მას აქვს ამბიცია, რომ არის იმაზე ჭკვიანი და კომპეტენტური, ვიდრე სინამდვილეშია და შეცდომას, შეცდომაზე უშვებს. ამ განცხადებით არც ბიძინა ივანიშვილის კეთილგანწყობა არ მოუპოვებია და საკუთარი თავიც დაიზიანა. მას ჰგონია, რომ ჭკვიანურად ლაპარაკობს, მაგრამ ვეტყოდი, რომ არც თუ ისე ჭკვიანია, როგორც თვითონ გონია და მის ოჯახის წევრებს. რომ აუხსნა თავისი განცხადებით რა შეურაცხოფა მიაყენა ბესელიას, ნამდვილად ვერ გაიგებს“, – აცხადებს გია ხუხაშვილი.
კითხვაზე, კილაძის განცხადება ადასტურებს თუ არა, რომ პირადი ცხოვრების გავრცელებასთან დაკავშირებით გუნდში ერთიანი პოზიცია არ არის, ხუხაშვილი პასუხობს, რომ გუნდი არ არსებობს. ეს არის ბაბილონის გოდილი, სადაც ერთმანეთის ენა არ ესმით.
„სისტემა მანკიერად არის აშენებული, ეს კონსტრუქცია არ არის სიცოცხლისუნარიანი, არავის არ ესმის ერთმანეთის ენა. დაშლილია ყველაფერი, ნგრევის პროცესია დაწყებულია. ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, რომ დროებით გუნდი შეინარჩუნოს, მაგრამ ხანგრძილვად ამ გუნდის შენარჩუნება წარმოუდგენელია. ვინმემ ამიხსნას რანაირად უნდა გააგრძელონ ერთ ე.წ. გუნდში ცხოვრება კობახიძემ და ბესელიამ? შეუძლებელია. კი, ბატონო ივანიშვილის თანაცხოვრების ხიბლით შეიძლება დრობითი თანაცხოვრების ხიბლი იპოვონ, მაგრამ ამას გუნდი ჰქვია? რა თქმა უნდა, არა“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას გია ხუხაშვილმა.