დამიჭირეთ!!!

დამიჭირეთ!!!

 

”ღრმად პატივცემულო კანონისდამცველებო, ვაღიარებ, რომ პირველ ოქტომბერს არ ვაპირებ ხმა მივცე ნაციონალურ მოძრაობას! - შესაბამისად, მიმაჩნია, რომ ვარ იდეოლოგიური დივერსანტი და დასაჭერი!

ვაღიარებ, რომ მხურვალედ ვუჭერ მხარს იმ საპროტესტო აქციებს, რომლებიც იმართება მოწოდებით ”სოლიდარობა პატიმრებს!” – შესაბამისად, ვარ ქურდული მენტალიტეტის მატარებელი და კანონდამრღვევი!

ასევე, მიმაჩნია, რომ დღევანდელი ხელისუფლების ყველა პირველი პირი იმსახურებს გასამართლებას! – შესაბამისად, ვარ სახელმწიფოს მტერი!

კიდევ, ვაღიარებ, რომ ვთხრიდი გვირაბს, თბილისიდან ბომბეიმდე, მოსკოვის გავლით, რათა ამ გზით საქართველოში შემოსულიყვნენ აგრესორები და ტომრებით შემოეტანათ დიდძალი რუსული ფული, რომელსაც მერე ჩემს მეზობლებსა და ნათესავებს დავურიგებდი, რის სანაცვლოდაც მივიღებდი გარანტიას, რომ ისინი არჩევნებზე შემოხაზავდნენ 41-ს.

კიდევ, ვაღიარებ, რომ... რა ვიცი, კიდევ რა გინდათ, რომ ვაღიარო? მითხარით და  დავწერ! ოღონდ, არ მცემოთ, არ გამაუპატიუროთ და ჩემს შვილებს ხელს ნუ ახლებთ: ჯერ ნორჩები არიან, აცალეთ, გაიზრდებიან... მერეც ხომ დაგჭირდებათ დასაჭერად ხალხი! ლაზიკაში მაინც გამოიყენებთ რამეზე, იქაური იუსტიციის სახლის ტუალეტების დასახეხად, მაგალითად...”

ეს არის ფრაგმენტი ჩემი აღიარებითი ჩვენებიდან, რომელსაც, ალბათ, მალე დავწერ.

დამიჭირეთ, თორემ დავანგრევ ყველაფერს!

ღამით, სიბნელეში, როდესაც ზღულაძის ბიჭები იწყებენ ხოლმე წვრილმან ხულიგნებზე ნადირობას, დაიჭირეს სტუდენტური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი სანდრო ცაგურია. ზუსტად 2 საათში დუბლიკატმა სტუდენტურმა მოძრაობამ ე.წ. თვითებმა, ანუ თვითმმართველობებმა, უგულავას პატარა ზონდერებმა, საკუთარ დუბლიკატ სტუდენტურ საიტზე დადეს კლიპი: “გამოუშვით სანდრო, თორემ დავანგრევ ყველაფერს!”.

მიდი და გაიგე, რომელი ანგრევს და რომელი მშვიდობიანად აპროტესტებს. მთავარია, რომ დარწმუნდე: “ლაბორატორია 1918” ივანე ჯავახიშვილის აშენებულ უნივერსიტეტში მოკალათებული ტერორისტების ჯგუფია, რომლებსაც, რატომღაც,  წვრილმანი ხულიგობისათვის იჭერენ და 10-დღიან პატიმრობას უფარდებენ (არჩევნებზე რომ არ წავიდნენ).

ღამის პირველ საათზე “ოცნების” სამი აქტივისტი დააკავეს, პლაკატებს აკრავდნენ, მაგრამ პოლიციამ ეჭვი გამოთქვა, ნარკოტიკები გაქვთო. მერე, მიცვივდნენ გურულები და ჯანყით დაიმუქრნენ. გამთენიისას, 5 საათზე გამოუშვეს დაკავებულები.

ამის შემდეგ, მთელი ღამე, საკმაოდ სერიოზული ადამიანებთან ერთად, სხვადასხვა კონსპირაციულ ვარიანტებს განვიხილავდი ფეისბუქზე: ვარკვევდით, ვის შეიძლება აწყობდეს სკანდალი და ხალხის გადარევა  არჩევნების წინ. რა თქმა უნდა, ვერაფერი გავარკვიეთ, მაგრამ თავები იმით დავიმშვიდეთ, რომ ასე ადვილად ვერ მოგვატყუებენ: რაღაცას ჩვენც ვხვდებით! მაგალითად იმას, რომ ლადო ბედუკაძეს მფარველები ყავს ზედა ეშელონებში და ა.შ.

შუაღამისას, გაგა ნახუცრიშვილმა პოსტსკრიპტუმიანი ლექსი დადო. მაგარი ლექსი:

“ხანდახან უნდა იწამო სროლის,

რომ გაიფანტოს ცხოვრების ბოლი,

კონფორმისტული წაშალოს როლი,

წალეკოს გზები გაუგებრობის,

დანაშაულის, დაუდევრობის.

ხანდახან მაინც იწამე სროლის!...

პ.ს. მშვიდობიან სროლას ვგულისხმობ”

მთელი ღამე ვცდილობდი და ვერაფრით დავწერე რეპორტი ჩემი უცხოელი მეგობრისათვის, რომელიც უკვე მერამდენე დღეა მთხოვს, დავუწერო, რა ხდება საქართველში წინასაარჩევნოდ. უნდა, რომ თავის პარტიას წარუდგინოს მოხსენება. როგორ დამეწყო?  ”არჩევნები მასობრივი ფსიქოზის ფონზე?” – აშკარად კაფკასეული ფანტასმაგორია გამოდის. არაფანტასმაგორიულად სულ ორი სიტყვაა: ძვირფასო ევროპელო მეგობრებო, არჩევნებამდე დარჩა რამდენიმე დღე და ადამიანიშვილმა არ იცის, საერთოდ მივაღწევთ თუ არა პირველ ოქტომბრამდე. სამაგიეროდ, ზუსტად ვიცით, რომ პირველი ოქტომბრის შემდეგ, თუკი მაინც მოხერხდა არჩევნების ჩატარება, ნახევარი საქართველო მეორე ნახევარს დახრავს! რომელი რომელს, ჯერ არ ვიცი, ამიტომ, მიჭირს, მიუკერძოებლად ვწერო განაჩენის გამოცხადებამდე 6 დღით ადრე! სამაგიეროდ, ზუსტად ვიცი, რომ ამჟამინდელი პოლიტიკური ძალის ხელისუფლებაში დარჩენის შემთხვევაში, ისეთი აღიარებითი ჩვენებების მიცემა მოუწევს ათასობით ადამიანს, ზევით რომ დავწერე.  

ასე დამათენდა თავს 25 სექტემბერი. ერთი, რაც ამ დღის შესახებ შემიძლია გითხრათ, ის არის, რომ ვიხილავთ მორიგ კომპრომატებს, რომლითაც გავიგებთ, როგორ აპირებდა საქართველოში დაბრუნებას ქურდული სამყარო. მეტი დამაჯერებლობისათვის, ამ ამბებს ფრანგი ჟანდარმები მოგვიყვებიან. სტუდენტები კი გააპროტესტებენ სანდრო ცაგურიას დაკავებას და ისინი თუ არა, ალბათ, სულ მალე, მე დავანგრევ ყველაფერს.

სწორედ ამიტომ, გთხოვთ, დროზე დამიჭირეთ!