გააჩნია არჩევნები როგორ დასრულდება და მეპურეები შემდეგ გადაწყვეტენ გააძვირონ თუ არა თავიანთი პროდუქცია. თუკი არსებული ხელისუფლების საფუძვლები არ შეირყევა, პურპროდუქტების გაძვირება გარდაუვალია. უკვე სახელდება პურის გაძვირების სავარაუდო თარიღიც - 15 ოქტომბერი.
ამ დროისთვის ადგილობრივ ბაზარზე 1 ტომარა ფქვილის ფასი 40-41 ლარია (დაახლოებით 7-8 ლარით გაძვირებულია ბოლო ორი თვის განმავლობაში). მას შემდეგ, რაც წისქვილკომბინატებში ახალი ფასით შემოსული ხორბალი დაიფქვება, ბუნებრივია, ფქვილის ფასი კიდევ უფრო მოიმატებს. პურის მწარმოებლები ამბობენ, რომ ახლა ფქვილს, ფაქტობრივად, ზღვრულ ფასად ყიდულობენ და მეტად გაძვირების შემთხვევაში პურზე არსებულ ფასებს ვეღარ შეინარჩუნებენ. მეპურეების განცხადებით, ან პური უნდა გააძვირონ, ან ზარალზე წავიდნენ, თუმცა არჩევნებამდე პურის გაძვირებისგან თავს იკავებენ.
მეხორბლეთა ასოციაციაში პურის ფასის შენარჩუნებას ქვეყანაში არსებული მარაგებით ხსნიან და არა მოახლოებული არჩევნებით. ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ლევან სილაგავას განმარტებით, საქართველოში ფუნქციობს კომპანია “მარნეულის, კაჭრეთისა და გორის ელევატორი”, რომელმაც ორი თვის წინათ ყაზახეთიდან ხორბლის ძალიან დიდი მარაგი შემოიტანა, 1 ტონა, დაახლოებით, 280-290 დოლარად. შესაბამისად, საკუთარი ფასიდან გამომდინარე, ისინი ბაზარს ფქვილის ფასს კარნახობენ.
„ჩემი გათვლებით, 15 ოქტომბრამდე შესაძლებელია პურმა ამჟამინდელი ფასი შეინარჩუნოს. მაგალითად, 2010 წლის კრიზისისას 1 ტომარა ფქვილის ფასი 60 ლარამდე გაიზარდა და პურიც გაძვირდა. თუმცა, შემდეგ ფქვილის 44-45 ლარამდე გაიაფებასთან ერთად, პურიც 5 თეთრით გაიაფდა. ამ ლოგიკას თუ გავყვებით, ფქვილის ფასი უნდა გა[დეს 44 ლარი, რომ დაიწყოს პურის ფასის ზრდა. ოქტომბრის შუა რიცხვებამდე კი, მარაგების მიხედვით, ფქვილის გაძვირების პერსპექტივა 44 ლარამდე არ ჩანს”, - ამბობს სილაგავა.
უახლოეს პერიოდში პურზე ფასის ზრდას არ ელის მე-4 ქარხნის დირექტორი მალხაზ დოლიძე. „მიუხედავად იმისა, რომ ფქვილის ფასი ბოლო 2 თვეში თითქმის 5 ლარით გაძვირდა, ჩვენ პურზე ფასი არ მოგვიმატებია და ამის გაკეთებას არც ვაპირებთ; მაგრამ თუკი 40 ლარს გადასცდა ერთი ტომარა ფქვილის საბითუმო ფასი, მაშინ დავსხდებით, დავითვლით თვითღირებულებას და შემდგომ მივიღებთ გადაწყვეტილებას”, - აცხადებს დოლიძე.
საქართველოში პურის მოხმარება საკმაოდ დიდია, ამიტომ მისი მცირედით გაძვირებაც კი სოციალურ უკმაყოფილებას იწვევს. შესაბამისად, ჩვენთან პურის გაძვირება პოლიტიკური საკითხის რანგშია აყვანილი
ახალი მემარჯვენეების ეკონომიკური მიმართულების ხელმძღვანელი ლევან კალანდაძის ვარაუდით, სექტემბერში პურის გაძვირებისაგან თავის შეკავება მწარმოებელ კომპანიებს, სავარაუდოდ, ხელისუფლებამ მოსთხოვა.
„ხელისუფლებას აქვს საშუალება და ჩვენდა სამწუხაროდ, ის ძალიან ხშირად აძლევს თავს ამის უფლებას, რომ ბაზრის მოთამაშეებს უკარნახოს საფასო პოლიტიკის და ქცევის წესების შესახებ ისევ და ისევ თავისი სურვილებიდან და პრიორიტეტებიდან გამომდინარე. წინასაარჩევნოდ ხელისუფლება, რა თქმა უნდა, იყენებს ხოლმე ამ მეთოდს, რაც თავისთავად არასწორია. იმისთვის, რომ ბაზარზე კონკურენტული და მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი ფასი ჩამოყალიბდეს, ხელისუფლება დირექტივებს კი არ უნდა აძლევდეს მათ, არამედ ბიზნესის განვითარებას, თავისუფალი საბაზრო ურთიერთობების ჩამოყალიბებას და საგადასახადო სისტემის ადმინისტრაციული ნაწილის ლიბერალიზაციას უნდა უწყობდეს ხელს. სამწუხაროდ, პურის და ხორბლის ბაზარიც საქართველოში მონოპოლიზირებულია და ერთი-ორი ხელისუფლებასთან ძალიან დაახლოებული ბიზნესმოთამაშე არეგულირებს ფასებს”,- აღნიშნა ლევან კალანდაძემ.
მხოლოდ პურზე რომ იყოს საუბარი, შეიძლება პირველი დარტყმა მეტ-ნაკლებად უმტკივნეულოდ იქნეს გადატანილი, თუმცა სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული ბოლო კვლევები პირველადი მოხმარების საკვებ პროდუქტებზე ფასების გაზრდას პროგნოზირებს.
„როდესაც ფასები იზრდება პირველადი მოხმარების პროდუქტებზე, ადამიანები სტრატეგიული დანიშნულების პროდუქტებზე ეკონომიას ვერ გააკეთებენ. მაგალითად, ადამიანი ვერ გააკეთებს ეკონომიას პურზე, ბურღულეულზე, მაგრამ აკეთებს ეკონომიას ხორცზე, თევზზე, ცხიმებზე და ა.შ. ეს ჩანაცვლებადობა ხდება სწორედ პურპროდუქტების გაზრდის ხარჯზე. შესაბამისად, ბუნებრივია, რომ პურზე მოთხოვნა გაიზრდება, მაგრამ, სამწუხაროდ, ადამიანები სხვა კალორიულ და ორგანიზმისთვის აუცილებელ პროდუქტებზე გააკეთებენ ეკონომიას“, - განაცხადა კალანდაძემ