ყველაზე უკეთ საეჭვო ვითარებას ფინანსურ სექტორში მომუშავე ადამიანები გრძნობენ. განსაკურებით ბანკების ტოპ-მენეჯერები, რომელთაც ხელი განსაკუთრებულ ინფორმაციაზე მიუწვდებათ და განსაკუთრებულადაც ფრთხილობენ.
სწორედ ასე იქცევიან ქვეყნის უმთავრესი კომერციული ბანკის დირექტორი და მისი მოადგილეები. ლონდონის საფონდო ბირჟის მონაცემებით, ბოლო 6 თვეში, „საქართველოს ბანკის“ მაღალი რგოლის მენეჯერებმა მათ საკუთრებაში არსებული ბანკის 300 ათასზე მეტი აქცია გაყიდეს. გარიგებების საერთო ღირებულებამ 8 მილიონ ლარს გადააჭარბა.
ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილეების და დეპარტამენტების ხელმძღვანელების მიერ გაყიდული ერთი აქციის ფასი, საშუალოდ, 10-11 ფუნტი სტერლინგის ფარგლებში მერყეობს.
აღსანიშნავია, რომ ივნისში, ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი გილაურმა მის ხელთ არსებული აქციების 40% (25-26 ივნისს 75-75 ათასი, მთლიანობაში 150 000) გაყიდა, რომელთა საერთო ღირებულებამ 3 მილიონ 871 ათასი ლარი შეადგინა. ამ ოპერაციების შედეგად მას 206 000 აქცია დარჩა.
„საქართველოს ბანკის“ აქციები გაყიდეს სხვა მენეჯერებმა: ვასილ რევიშვილმა (გენერალური დირექტორის მოადგილე აქტივებისა და დაგროვილი ქონების მართვის დარგში), სულხან გვალიამ (გენერალური დირექტორის მოადგილე რისკების დარგში), ავთო ნამიჩეიშვილმა (გენერალური დირექტორის მოადგილე იურიდულ საკითხებში), არჩილ გაჩეჩილაძემ (გენერალური დირექტორის მოადგილე კორპორატიული საბანკო საქმიანობის დარგში), ირაკლი ბურდილაძემ (გენერალური დირექტორის მოადგილე „სბ უძრავი ქონების“ მართვის საკითხებში), მურთაზ კიკორიამ (გენერალური დირექტორის მოადგილე ფინანსების დარგში), მიხეილ გომართელმა (გენერალური დირექტორის მოადგილე საცალო საბანკო საქმიანობის დარგში) და სხვებმა.
ყველაზე მეტი აქცია ბანკის წამყვანმა მენეჯერებმა 2012 წლის მარტში და ივნისში გაყიდეს.
რას უკავშირდება ქვეყნის ყველაზე ძლიერი ბანკის მენეჯერთა ამგვარი ფინანსური ოპერაციები, ჯერჯერობით ძნელი სათქმელია. „საქართველოს ბანკის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში კი ამაში რაიმე უჩვეულოს ვერაფერს ხედავენ.
ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი სოფო ბალავაძე „ბიპიაი.გე“-სთან საუბრისას აცხადებს, რომ მენეჯმენტის მიერ „საქართველოს ბანკის“ აქციების ყიდვა-გაყიდვის შესახებ ინფორმაცია საჯაროა და მას თავად აქვეყნებენ.
„საქართველოს ბანკში დიდი ხანია დანერგილია დასავლური სტანდარტების პრაქტიკა, რომლის თანახმადაც მენეჯმენტი ბონუსს მხოლოდ ბანკის აქციების სახით ღებულობს. აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად ჩვეულებრივი ამბავია, რომ თავის კუთვნილ საბონუსე აქციებს ან მათ ნაწილს, მენეჯმენტის წევრები რაღაც დროს ყიდიან და ნაცვლად ნაღდ ფულს იღებენ“, - აცხადებს სოფო ბალავაძე.
შეიძლება ეს მართლაც ასეა და ეს ყველაფერი არჩევნებს (და მის მოსალოდნელ შედეგებს) სულაც არ უკავშირდება, მაგრამ ბოლო პერიოდში ქვეყანაში საბანკო სექტორის საქმე მთლად კარგად რომ ვერ არის, ამას სპეციალისტები დაუფარავად მიუთითებენ. ჰოდა, „საქართველოს ბანკის“ ხელმძღვანელებმა, რომელთაც ზედმიწევნით უკეთ უწყიან ამის შესახებ, „ხელის დროულად დაცლა“ გადაწყვიტეს. ეს არც გაემტყუნებათ, რადგან თავიათი სლოგანის შესაფერისად, ყველაზე კარგად „იგრძნეს მომავალი“.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კომერციული ბანკების მოგება მცირდება. ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, მიმდინარე წლის 8 თვეში ბანკების წმინდა მოგებამ 114 მილიონი შეადგინა, რაც გასული წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე თითქმის 70 მილიონით ნაკლებია.
ექსპერტთა ნაწილი მოგების შემცირების რამდენიმე მიზეზზე საუბრობს. ეკონომიკური პრობლემების კვლევის ცენტრის განცხადებით, მოგების შემცირებაზე გარკვეული გავლენა წინასაარჩევნო პერიოდს აქვს. ცენტრის წარმომადგენელთა განმარტებით, საბანკო სექტორის მდგომარეობის დამძიმება ეროვნული ბანკის მიერ კანონმდებლობაში განხორციელებულმა ცვლილებებმაც გამოიწვია. ეკონომიკაში რისკებია და აქტივობები შეფერხებულია, რის გამოც ბანკებმა ვერ მოხერხეს თანხების მობილიზება.