NDI–ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობა ფიქრობს, რომ საქართველოში კორუფცია ძალიან გავრცელებულია. გამოკითხულთა 39% აცხადებს, რომ კორუფცია გავრცელებულია ადგილობრივ თვითმმართველობებში, საკრებულოებში, მერიასა და გამგეობებში. ამავე კვლევის მიხედვით, კორუფციის პრობლემა არის პარლამენტში, პოლიციაში, პროკურატურასა და სასამართლოში.
NDI–ის კვლევის ამ ნაწილს, რომ სახელმწიფო სტრუქტურებში კორუფცია და ნეპოტიზმი არსებობს, არ იზიარებს მთავრობა. ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია ამბობს, რომ ბევრი პრობლემა არის მთავრობაშიც და ქვეყანაშიც, თუმცა კორუფცია ამ პრობლემებს შორის არ არის.
„სახელმწიფო სტრუქტურებში მე არ შემიმჩნევია არც ერთი შემთხვევა, სადაც კორუფციული გარიგება იყო. ეს შემიძლია დანამდვილებით ვთქვა და არც მსმენია ვინმესგან ამის შესახებ. ჩვენ გვაქვს ბევრი პრობლემა მთავრობაშიც, ქვეყანაშიც, თუმცა კორუფცია ამ პრობლემებს შორის არაა. მე ვფიქრობ, რომ საქართველო არის დემოკრატიული ქვეყანა. ჩვენ გვაქვს დემოკრატიული საზოგადოებაც და მთავრობაც. რა თქმა უნდა, გვაქვს ჩასატარებელი სამუშაოები, რომ კიდევ უფრო გავაძლიეროთ დემოკრატიული ინსტიტუტები“, – განაცხადა გიორგი ქობულიამ.
კორუფცია, რომ პრობლემაა და განსაკუთრებით რეგიონებში, ამის შესახებ for.ge–სთან საუბრისას აცხადებდა უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი, ხათუნა ლაგაზიძე, რომელიც ანტიკორუფციული საბჭოს შექმნის აუცილებლობაზე საუბრობს, რომელიც, პირდაპირი მნიშვნელობით, დაერევა რეგიონებში აღვირახსნილ კორუფციას – გამგებლებს, გუბერნატორებს, საკრებულოს თავმჯდომარეებს, ყოფილებს და მოქმედებს, რომლებიც ყელამდე კორუფციაში არიან ჩაბმულები.
„ხელისუფლებაში თუ ვინმეს იმის ილუზია აქვს, რომ ასეთი გაუბედურებული, ხელჩაქნეული და იმედაგაცრუებული საზოგადოება იოლად სამართავია, მე მათ ვარწმუნებ, რომ ეს გამოსავალი არ არის. ადრე თუ გვიან, ეს იმედგაცრუება ძალიან აგრესიულ პროტესტში გადავა და ამიტომაც, მე ვფიქრობ, რომ სასწრაფოდ გასატარებელია რადიკალური რეფორმები იგივე სასამართლო სისტემაში.
ასევე შესაქმნელია ანტიკორუფციული საბჭო, რომელიც პირდაპირი მნიშვნელობით დაერევა რეგიონებში აღვირახსნილ კორუფციას, გამგებლებს, გუბერნატორებს, საკრებულოს თავმჯდომარეებს, ყოფილებს და მოქმედებს, რომლებიც ყელამდე კორუფციაში არიან ჩაბმულები“, – აცხადებს ხათუნა ლაგაზიძე.
კორუფცია და ნეპოტიზმი, რომ ხელისუფლების ერთ–ერთი მთავარი პრობლემა გახდა, ამის შესახებ საუბრობს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე, რომლის განცხადებით, თუკი ამ კვლევასთან შესადარებლად მოვიყვანთ ბოლო პერიოდის მოვლენებს, დიდად განცვიფრებული არ დავრჩებით. საყვარელიძეს განცხადებით, ის, რომ გამოკითხულთა 52%–ს არ აქვს გადაწყვეტილი, ვის დაუჭერენ მხარს საპარლამენტო არჩევნებში, პრეზიდენტის არჩევნების პირველმა ტურმა გვიჩვენა.
„ის, რომ ხელისუფლებაში კორუფციის მაღალი ხარისხია, ეს არაერთხელ გაჟღერდა. შეიძლება ციფრებში სანდო არ არის ეს კვლევა, მაგრამ ძირითად ტენდენციებში საყურადღებოა“, – აცხადებს რამაზ საყვარელიძე.
მისი თქმით, NDI–ის კვლევაში საყურადღებოა ის ფაქტი, რომ გამოკითხულთა უმრავლესობა არც ერთ პარტიას არ ენდობა და თვლის, რომ პარტიები საკუთარ საქმეს აკეთებენ.
„აი, ასეთი ტოტალური მიუღებლობა პარტიების მიმართ, წესით, გარკვეულ მოვლენებს ეხმიანება, მაგრამ დამაფიქრებელი უნდა იყოს, როგორც ხელისუფლებისთვის, ისე ოპოზიციური პარტიებისთვის. ყელმოღერებული კი იძახის ოპოზიცია, რომ კორუფცია არის და კვლევაც ადასტურებსო, მაგრამ თვითონ ნაციონალების მიმართაც მძიმე შედეგია.
კვლევის თანახმად, ვის არ მისცემდი არავითარ შემთხვევაში ხმასო, პირველ ადგილზე ისევ ნაციონალები არიან. პრინციპში ზოგადი პოლიტიკური კრიზისის ნიშნის შედეგია ეს გამოკვლევა და ყურადსაღებია. ამიტომ, გამოსავალზე უნდა იფიქონ პოლიტიკურმა პარტიებმა, მე არ უნდა ვფიქრობდე მაგაზე, ეს ჩემი საქმე არ არის“, – აღნიშნა რამაზ საყვარელიძემ.
კვლევის შედეგებს არ ენდობა ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი, რომლის შეფასებით, კვლევამ შექმნილი ვითარების ტენდენცია და სურათი აჩვენა, მაგრამ ეს არის კრიზისი და ამ კრიზისიდან გამოსვლის გამოსავალი არსებობს.
„მნიშვნელოვანია ის, რომ წარმომადგენლობითმა დემოკრატიამ განვითრების რესურსი პრაქტიკულად ამოწურა. მისი გადარჩენა შეუძლია ერთადერთ რამეს, მონაწილეობით დემოკრატიას. თუ ამისკენ წავა საზოგადოება და პირველ რიგში პოლიტიკური ელიტა გააცნობიერებს ამას, კარგია. წინააღმდეგ შემთხვევაში პროცესი დამთავრდება ცუდად, ხელისუფლების დამხობით, ძალადობით, რაც უკვე ვნახეთ. ახლა აუცილებელია, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართული იყვნენ მოქალაქეები“, – აღნიშნა დავით ზარდიაშვილმა.
ექსპერტი გია ხუხაშვილის თქმით, NDI–ის კვლევამ აჩვენა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი ნდობა ძალიან დაბალია, ხოლო ნდობისა და არსებული ვითარების გამოსასწორებლად უმნიშვნელოვანესია ბიძინა ივანიშვილის პრემიერ–მინისტრის პოსტზე დაბრუნება. მისი თქმით, კვლევამ აჩვენა, რომ მივიწყებული კორუფციის თემა კვლავ აქტუალური ხდება, რაც ქვეყნისთვის ძალიან ცუდია.
„სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი ნდობა ძალიან სახიფათო ზღვარზეა. გაჩნდა სრულიად ახალი ელემენტი – კორუფცია. საქართველოში კორუფციის თემა უკანა პლანზე იყო გადასული და ამ თემამ წამოიწია, ეს განცდა დაბრუნდა ქართულ საზოგადოებაში, რაც ძალიან ცუდია. გარდა ამისა, მთლიანად პოლიტიკური ელიტისადმი ნდობა ძალიან დაბალ დონეზეა.
ეს თავისთავად ნიშნავს იმას, რომ ერთი მხრივ, ხელისუფლების მიმართ საზოგადოებას აქვს პრეტენზიები, თუმცა მეორე მხრივ, პოლიტიკურ ელიტაში მის ალტერნატივას ვერ ხედავს, ანუ პოლიტიკურ პროცესთან დაკავშირებით გარკვეულწილად სერიოზული ვაკუუმია გაჩენილი, რისი შევსების გარეშეც შესაძლოა, პროცესები ძალიან სახიფათოდ განვითარდეს. სამწუხარო სურათია“, – აცხადებს გია ხუხაშვილი.
მისი თქმით, შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი არის ის, რომ ძალის და ინსტიტუციური ცენტრი ერთმანეთთან თანხვედრაში უნდა მოვიდეს. კერძოდ, ივანიშვილის პრემიერად დაბრუნება, რადგან ივანიშვილის გაპრემიერების გარეშე ნდობის აღდგენა შეუძლებელი იქნება.
„სანამ საზოგადოებაში იქნება განცდა, რომ პრემიერ–მინისტრი არის სახელით - „პრემიერ–მინისტრი“, მანამდე ნდობის აღდგენა შეუძლებელია. გამომდინარე იქიდან, რომ არ არსებობს პოლიტიკური ალტერნატივაც, ივანიშვილის პოლიტიკიდან მთლიანად გასვლა უფრო დამაზიანებელი იქნება იმიტომ, რომ არ არსებობს ალტერნატიული ცენტრები. შესაბამისად, უმჯობესია, რომ მან ფორმალურად იტვირთოს ის პასუხისმგებლობა, რასაც მას საზოგადოება ისედაც აკისრებს“, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.
კობახიძის კოსტუტუცია არის შესაცვლელი, აუცილებლად უნდა აღდგეს მაჯორიტარული წესით არჩევნები, ხოლო პარტიული სიებით არჩევნები, რაც კორუფციის წყაროა უნდა გაუქმდეს!
ოცნების ხელისუფლებას თუ არ სურს ისე არ დაამთავროს, როგორც დამთავრდა მოქკავშირი, პარტიული საფლავისკენ გასროლილი ნაცისტების ძველი, გაყოფილ-გახლეჩილ-გადაფარჩხული თუ გამოყოფილი "პარტიები", მოქალაქეებს, საზოგადოებას დაუდგეს გვერდში, დაასრულოს დემოკრატულობანას თამაში, პარლამენტი გააჯანსაღოს, მოიცილოს დიქტატორული მიდრეკილებების მქონე ბალასტი და რაც მთავარია უმუშევარი, შრომისუნარიანი ადამიანებისთვის (არა მხოლოდ ოჯახის წევრებისთვის, სანათესაოს, საყვარელ-გადაყვარებულებისათვის) შექმნას სამუშაო ადგილები, მომავლის იმერდი და რწმენა გაუჩინოს მათ...
კობახიძის კოსტუტუცია არის შესაცვლელი, აუცილებლად უნდა აღდგეს მაჯორიტარული წესით არჩევნები, ხოლო პარტიული სიებით არჩევნები, რაც კორუფციის წყაროა უნდა გაუქმდეს!
დიახაც......
თვითონვე იციან რომ პარტიული სიებით არჩევნები მხოლოდ გოთვერნობა--მამაძაღლობააა და მაინც ამ პარტიული სიებით არჩევნებს გვთხრიან ცხვირ პირში