უფულობის გამო, მშობლები შვილებისთვის მეორად წიგნებს ყიდულობენ

უფულობის გამო, მშობლები შვილებისთვის მეორად წიგნებს ყიდულობენ

მოსახლეობის გადამეტებული მომჭირნეობა განსაკუთრებითსწავლის დაწყების პერიოდში გამოჩნდა. მშობლები საკუთარი შვილებისთვის ახალი სახელმძღვანელოების შეძენას ვერ ახერხებენ და მეორად ბაზრობაზე ყიდულობენ სასკოლო წიგნებს. უკვე გამოყენებულ სახელძღვანელობეზე მოთხოვნა იმდენად დიდია, რომ მოვაჭრეების ინფორმაციით, წელს ძველი სახელმძღვანელოების ფასმაც მოიმატა და რეალიზაციამაც.

კიდევ უფრო დიდი თავსატეხია სკოლისთვის საჭირო საკანცელარიო ნივთების შეძენა. ამ შემთხვევაში მეორადი არაფერი გამოდგება. ნახმარი რვეულები, ფანქრები თუ წიგნების გადასაკრავები მოსწავლებს არაფერში გამოადგება. ამიტომ მშობლები იძულებულნი არიან ახალი ნივთები შეიძინონ, მაგრამ მწირი ფინანსებით ამას ვერ ახერხებენ. ამიტომაც თითო ცალობით ყიდულობენ ყველაფერს, მათ შორის, რვეულებს და საწერ კალმებსაც კი.

სწორედ ამიტომ საკანცელარიო ნივთებისა და სასკოლო წიგნების რეალიზაცია წელს, შარშანდელთან შედარებით, შემცირებულია.  მიზეზად საკანცელარიო მაღაზიებში ფასების ზრდას ასახელებენ, რის გამოც მომხმარებელთა უმეტესობა სასკოლო ინვენტარს მიზერული რაოდენობით ყიდულობს.

სამაგიეროდ, გაზრდილია მეორადი წიგნების რეალიზაცია. ბოლო წლების განმავლობაში ამ ტიპის ბიზნესმა საგრძნობლად გაშალა ფრთები. რასაკვირველია, ამის მიზეზი მოსწავლეთა მშობლების ხელმოკლეობაა. ისინი, უსახსრობის გამო, მეორადი წიგნების შეძენას არჩევენ.

მეორადი სახელმძღვანელოების რეალიზაცია აქტიურად მიმდინარეობს მეტროს მიმდებარე ტერიტორიებზე. ასეთი წიგნის ფასი 3-დან 7 ლარამდე მერყეობს. მოვაჭრეები ამბობენ, რომ შარშანდელთან შედარებით, უკეთესი რეალიზაციაა.

„წიგნებს მოსახლეობისგან ვყიდულობთ. მშობლებისგან ვიბარებთდა ვყიდით. ახალი ძვირი ღირს და ბევრი აქ არჩევს ყიდვას, 3 ლარზე ნაკლებად არ იყიდება. წიგნი თუ კარგ მდგომარეობაშია, ფასი 7 ლარსაც აღწევს. რეალიზაციით უკმაყოფილო არ ვარ. შარშანდელთან შედარებით, ამ სეზონზე მეტი გავყიდეთ, წელს თავადაც მეტი შევისყიდეთ. ეს პროცესი, სავარაუდოდ, კიდევ 2 თვეს გაგრძელდება”, - ამბობს მოვაჭრე ცისანა ბჟალია.

თბილისში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე საკანცელარიო მაღაზიაში მომხმარებლის დეფიციტზე საუბრობენ. მაღაზიის ადმინისტრატორი ფიქრობს, რომ მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო, მშობლებს შვილებისთვის წიგნების შესაძენად სახსრები არ აქვთ და სკოლისთვის აუცილებელ ინვენტარს შეზღუდული რაოდენობით ყიდულობენ.

“მოსწავლეს სკოლაში მხოლოდ წიგნი და რვეული ხომ არ სჭირდება?! სასკოლო ნივთების ნუსხა საკმაოდ ვრცელია, მაგრამ მათ შეძენას მშობლები ერთიანად ვერ ახერხებენ. ზოგმა მომხმარებელმა მხოლოდ ახლა გადაწყვიტა ფანქრების, სახაზავების, სახატავი რჩვეულებისა და პლასტელინების ყიდვა. პირველ ეტაპზე მხოლოდ წიგნებისა და რვეულების შეძენას დასჯერდნენ”, - ამბობს მზია თხელიძე, მაღაზიის ადმინისტრატორი.