სააკაშვილის მიერ გაუპატიურებული დემოკრატია

სააკაშვილის მიერ გაუპატიურებული დემოკრატია

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის 67-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ მისი გამოსვლა პრაქტიკულად ცარიელ დარბაზში მიმდინარეობდა. რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა, როდესაც შენი ქვეყნის პრეზიდენტი გაეროს წინაშე მოხსენებით გამოდის და მას არ უსმენენ, რადგან ზოგადად ეს ქვეყნის იმიჯზე ცუდად აისახება და იმაზე მეტყველებს, რომ სააკაშვილს ისეთ მაღალ ტრიბუნაზე, როგორიც გაეროს გენერალური ასმბლეაა, აღარ უსმენენ.

რაც შეეხება თავად გამოსვლას, ქართული საზოგადოება ელოდა, თუ რას იტყოდა უკანასკნელ დღეებში ქვეყანაში განვითარებული მოვლენების შესახებ პრეზიდენტი სააკაშვილი გაეროს ასამბლეაზე და როგორც ყოველთვის, მან „იმედები არ გაგვიცრუა“. მთელი მისი მოხსენება გაჯერებული იყო პათოსით, რომ საქართველოში არსებობს ოპოზიცია, რომელიც ქვეყნის წარსულში დაბრუნებას და ქვეყნის ევროსტრუქტურებში ინტეგრაციის შეფერხებას აპირებს. ციხის ცნობილ ამბებთან დაკავშირებით კი სააკაშვილმა განაცხადა, რომ დამნაშავეები დაპატიმრებულები არიან, ორმა მინისტრმა კი თანამდებობა დატოვა.

„ჩემი საკუთარი ქვეყანა დადგა დემოკრატიის გამოწვევების წინაშე ერთი კვირის წინ, როდესაც ჩვენს პენიტენციურ სისტემაში წამების დამადასტურებელი მტკიცებულება გამოჩნდა. ეს ფაქტები შემზარავი იყო და ჩვენი პასუხისმგებლობა - გვემოქმედა - ნათელი. ჩვენი რეაქცია იყო სწრაფი და ჩვენ ის გავაკეთეთ, რასაც დემოკრატია უნდა აკეთებდეს. ჩვენ ამის ჩამდენის მოვახდინეთ იდენტიფიკაცია და დავაპატიმრეთ ის ადამიანები, რომლებმაც საშინელი წამების ფაქტები ჩაიდინეს. პენიტენციური სისტემის სათავეში მდგომი ადამიანები, ისევე როგორც მინისტრები, გადადგნენ“, - განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, საქართველოს ისტორიაში გაიმართა პირველი სატელევიზიო დებატები პრემიერ-მინისტრობის კანდიდატებსა და საკანდიდატო სიების ლიდერებს შორის. მმართველმა პარტიამ კი მოახდინა ქცევის კოდექსის ინიცირება, რათა ქვეყანაში აკრძალულიყო პოლიტიკური დაშინება, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, კამპანიასთან დაკავშირებული ძალადობა და სიძულვილის გამომხატველი საუბარი, რომელიც წლების განმავლობაში ფართოდ გამოიყენებოდა ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წინააღმდეგ.

„სამწუხაროდ, ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ყველა პოლიტიკური მოთამაშე არ იზიარებს ამ პრინციპებს და სპეციალურად მუშაობს იმისთვის, რომ ქართული დემოკრატიული ინსტიტუტების ლეგიტიმურობა ეჭვქვეშ დააყენოს - მოახდინოს გავლენა იმაზე, თუ როგორ აღიქმებიან ისინი ადგილზე და საზღვარგარეთ“, - აღნიშნა სააკაშვილმა გაეროს ასამბლეაზე.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ მოიწვია სანდო საერთაშორისო საარჩევნო მონიტორები ეუთოდან, ევროპის პარლამენტიდან, ნატოს საპარლამენტო ასამბლეიდან, აშშ-ს კონგრესიდან და ცნობილი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებიდან და დღემდე თითქმის ყველა სადამკვირვებლო მისიის შუალედური ანგარიშები, სადაც თანმიმდევრულად და ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ ეს არის ყველაზე კონკურენტული არჩევნები საქართველოს ისტორიაში. სააკაშვილმა ასევე საქართველოს მიმართ რუსეთი აგრესიაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ რუსეთს საქართველოს მსოფლიო რუკიდან გაქრობა სურს.

„მთავარი, რაც იქნება დადასტურებული არის ის, რომ საქართველო არასდროს დაბრუნდება უკან, მას უკან ვერასოდეს წაათრევენ ვერანაირი ზემოქმედებით, ვერანაირი ბინძური  ჩრდილოური ფულით, ვერანაირი სამხედრო წვრთნებით და შემოჭრებით“, - ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

მის გამოსვლასთან დაკავშირებით შეფასებები კეთდება საქართველოში.

კოალიცია „ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი, გაეროში საქართველოს ყოფილი ელჩი ირაკლი ალასანია ამბობს, რომ ჩვენი ქვეყნის ლიდერს უკვე არავინ სერიოზულად აღარ აღიქვამს და მას ცარიელ დარბაზში მოუწია გამოსვლა.

„რა თქმა უნდა გულსატკენია, მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილი ჩემი ოპონენტია, მე მტკივა გული, რომ ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტს ასე არასერიოზულად, ეჭვის თვალით უყურებს უკვე მთელი სამყარო. მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელდება. ძალიან მალე ხელისუფლება იცვლება და ყველა მოვემზადოთ სერიოზული სამუშაოსთვის, რადგან გვხვდება ხაზინა გაძარცვული, გვხვდება საგარეო პოლიტიკა ჩავარდნილი და გვხვდება, რა თქმა უნდა, მართლმსაჯულების სისტემა, რომელიც დანგრეულია. ამიტომ, მინიმუმ ერთი წელი მაინც დაგვჭირდება, რომ ქართული ეკონომიკა ფეხზე წამოვაყენოთ და დავიწყოთ ნორმალური სახელმწიფოს, სამართლებრივი სახელმწიფოს შენება“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

რესპუბლიკელი ლევან ბერძენიშვილი for.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გაეროში ლაპარაკობდა არაფერს.

„აქ შესაფასებელიც არაფერია. საქართველოს პრეზიდენტის ყველა სისულელის შეფასება უკვე ადამიანის შესაძლებლობების საზღვრებს სცდება. სააკაშვილს ჰქონდა ნულოვანი გასმოვლა, აბსოლუტურად არაფერი უთქვამს. რა უნდა შევაფასო, იდიოტია და გეუბნებით, რომ შესაფასებელი არაფერი უთქვამს“, - აცხადებს ლევან ბერძენიშვილი.

მისი თქმით, როდესაც საქართველოსნაირი უმნიშვნელო ხელისუფლების წარმომადგენელი გაეროში სიტყვით გამოდის, დარბაზი ყოველთვის ცარიელია.

„ეს პირველი შემთხვევა არ არის, არც მეორე და არც მეხუთე, შევარდნაძის გამოსვლაზეც ასე იყო და ფიდელ კასტროს გამოსვლაზეც ასეა. მიხეილ სააკაშვილი არ არის ის ლიდერი, რომელსაც მსოფლიო ყურადღებით უსმენს, რადგან უმნიშვნელო კაცია მსოფლიოსთვის. ამას, ალბათ, დაემატა ის პროტესტის გრძნობაც, რომელიც მთელს მსოფლიოს მის მიმართ გაუჩნდა. საფრანგეთის პრეზიდენტი გამარჯობისთვის რომ დაიჭირა და იმ კაცმა ხელი რომ არ ჩამოართვა, ასეთ პრეზიდენტს ვინ დაუდჯება დარბაზში და ვინ მოუსმენს“, - აღნიშნა ბერძენიშვილმა.

ექსპერტი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ გაეროში პრეზიდენტის გამოსვლის კომენტირება შეუძლებელია.

„ამას პირდაპირ უნდა დავაწეროთ „უკომენტაროდ“, რადგან სრული ცინიზმია, როდესაც პრეზიდენტი საკუთარ დანაშაულზე საუბრობს და პრაქტიკულად ყველაფერს თავდაყირა აყენებს. მან განაცხადა, რომ დემოკრატია საქართველოში გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა, მაგრამ გამოწვევის წინაშე კი არ აღმოჩნდა, არამედ დემოკრატია საქართველოში მიხეილ სააკაშვილის მიერ არის გაუპატიურებული. იქნებ მას ჰგონია, რომ ვინმემ არ იცის, რომ რაც ციხეში ვნახეთ, ამა თუ იმ ფორმით ხდება მთელს საზოგადოებაში, ყველა სეგმენტში. ის, რომ ცარიელ დარბაზში გამოდიოდა, ნიშნავს იმას, რომ როგორც ერთმა ბრიტანელმა პოლიტიკოსმა თქვა, მიხეილ სააკაშვილი მოლიპულ დაღმართზე მაღალი სიჩქარით მიექანება“, - ამბობს ხუხაშვილი.