„ვისურვებდი, რომ NDI–ს კვლევებს სანდოობის უფრო მეტი ხარისხი ჰქონოდა“

„ვისურვებდი, რომ NDI–ს კვლევებს სანდოობის უფრო მეტი ხარისხი ჰქონოდა“

„ქართველები კარგავენ რწმენას დემოკრატიის მიმართ, რაც შემაშფოთებელია, მაჩვენებელი ყველაზე დაბალია 2013 წლის შემდეგ“, – აცხადებს NDI–ის საქართველოს ოფისის დირექტორი, ლორა ტორნტონი, რომლის შეფასებით, ჩატარებული კვლევის შედეგების თანახმად, ნდობა დაბალია მთავრობის, პარლამენტის, პარტიებისა და წარმომადგენლობითი ინსტიტუტების მიმართ, რაც განაპირობებს დემოკრატიის მიმართ რწმენის დაკარგვის მიზეზსაც.

კვლევის საველე სამუშაოები 6–20 დეკემბრის პერიოდში ჩატარდა, საქართველოს მასშტაბით 2 205 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე გამოიკითხა. კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი 2,1%–ია. NDI–ის გამოკითხული მოსახლეობის 46% მიიჩნევს, რომ საქართველოში დემოკრატია არ არის, 43% პირიქით თვლის და მიაჩნია, რომ ქვეყანაში არის დემოკრატია. გამოკითხული მოსახლეობის 11%–მა კითხვაზე პასუხი არ იცის. კითხვის ამავე ნაწილში გამოკითხულთა 59% ამბობს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრება, 33%–ის აზრით მნიშვნელოვანია, ხოლო 24%–ის აზრით უმნიშვნელოა.

კითხვაზე, რომელი პოლიტიკური სისტემაა საქართველოსთვის ყველაზე შესაფერისი, გამოკითხულთა 53% მხარს დასავლური სტილის დემოკრატიული რესპუბლიკას უჭერს მხარს. გამოკითხულთა 11% ფიქრობს, რომ საქართველოსთვის შესაფერისია სისტემა, რომელსაც ბევრი საერთო აქვს საბჭოთა სისტემასთან, მაგრამ უფრო დემოკრატიული და ბაზარზე ორიენტირებული. გამოკითხულთა 10% ყოფილი საბჭოთა კავშირის სისტემას უჭერს მხარს; ასევე 10% უჭერს მხარს ძლიერ ავტორიტარულ სისტემას, რომელიც წესრიგს თავისუფლებაზე მაღლა აყენებს. 2% კი მონარქიის ან ავტოკრატიის მომხრეა, სადაც მმართველობა თაობიდან თაობას გადაეცემა.

რაც შეეხება მთავრობის საქმიანობას, გამოკითხულთა 41% დადებითად აფასებს მთავრობის საქმიანობას, 37% ცუდად, 12% ძალიან ცუდად. კვლევის თანახმად, მთავრობის საქმიანობას ყველაზე ცუდად თბილისში აფასებენ და მაჩვენებელმა 60%–ს მიაღწია. ეს მონაცემი დიდ ქალაქებში შემდეგნაირად გადანაწილდა: დიდ ქალაქებში მთავრობის საქმიანობას ცუდად აფასებს გამოკითხული მოსახლეობის 55%, 37% - კარგად. პატარა ქალაქებში 41% ცუდად აფასებს მთავრობის საქმიანობას, 52% კარგად. სოფლებში მაჩვენებელი ასე გადანაწილდა – 43% ცუდად, 48% კარგად. რაც შეეხება უმცირესობათა დასახლებას, კვლევის თანახმად, 36% თვლის, რომ მთავრობა ცუდად მუშაობს, 57% მთავრობის საქმიანობით კმაყოფილია.

NDI–ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგების მიხედვით, გენერალური პროკურატურის საქმიანობას „ძალიან კარგად“ რესპონდენტთა მხოლოდ 1% აფასებს. 61%–ს საგამოძიებო უწყების საქმიანობის შეფასება უჭირს და აცხადებს, რომ პასუხი არ იცის. ამასთანავე თბილისის მასშტაბით გამოკითხულთა 39% ცუდად აფასებს პარლამენტის თავმჯდომარის საქმიანობას, ხოლო 36% დადებითად.

რაც შეეხება პოლიტიკური პარტიების შესახებ კვლევის ნაწილს, კვლევის თანახმად ორი პარტია, „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ გამოიკვეთნენ. გამოკითხულთა უმეტესობისთვის, მათ შეხედულებებთან ახლოს არც ერთი პარტია არ დგას. კერძოდ, შეკითხვაზე: რომელი პარტია დგას თქვენ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს? პასუხები ასე გადანაწილდა: „არც ერთი პარტია“ – 36%, „ქართული ოცნება“ – 27%, „ნაციონალური მოძრაობა“ – 12%, „უარი პასუხზე“ – 9%, „არ ვიცი“ - 5%, „ევროპული საქართველო“ – 3%, „პატრიოტთა ალიანსი“ – 3%, „სხვა პარტიები“ – 7%.

ამასთან, გამოკითხულთა უმეტესობის, 44 %-ის აზრით, ქართული პოლიტიკური პარტიები ძირითადად საკუთარ ინტერესებს წარმოადგენენ. 31% მიიჩნევს, რომ პარტიები მათი ლიდერის, დამფინანსებლის ინტერესებს ატარებენ, 13% ფიქრობს, რომ მათნაირი ხალხის ინტერესებს. 2%–ის აზრით, ქართული პოლიტიკური პარტიები უცხო ქვეყნის ინტერესებს ატარებენ, 9%–მა კი პასუხი არ იცის.

რაც შეეხება მმართველ პარტიას, გამოკითხულთა 28% მიიჩნევს, რომ პარტია „ქართული ოცნება“ საკუთარ ინტერესებს წარმოადგენს; 25% ფიქრობს, რომ პარტია ხალხის ინტერესებს ემსახუერება, ხოლო 25%–ის აზრით, ლიდერების –დამფინანსებლის ინტერესებს წარმოადგენს. გამოკითხულთა 51% მიიჩნევს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ წარმოადგენს საკუთარ ინტერესებს, 36%–ის აზრით ლიდერების, ხოლო 5% ფიქრობს, რომ ხალხის ინტერესებს.

გამოკითხული მოსახლეობის 62%–მა არ იცის პარლამენტში მისი მაჟორიტარი დეპუტატი ვინ არის. მაჩვენებელი თბილისშიც განსხვავებულია. დედაქალაქში გამოკითხული მოსახლეობის 77% არ იცის თავისი მაჟორიტარის ვინაობა, იცის მხოლოდ 13%–მა.

ამასთან, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, 52% ამბობს, რომ არ აქვს გადაწყვეტილი ვის მისცემს ხმას, 41%–ს გადაწყვეტილი აქვს. 6%-მა არ იცის, 1% კი პასუხზე უარს აცხადებს. კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მიიღებდით თუ არა მონაწილეობას, გამოკითხულთა 58% აცხადებს, რომ მიიღებდა მონაწილეობას, ხოლო 42% აცხადებს, რომ არ მიიღებდა.

NDI–ის კვლევის შედეგებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კორუფციის მაჩვენებელი, კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობა თვლის, რომ სამინისტროებში და ძალოვან უწყებებში კორუფცია არის. კითხვაზე, რამდენად გავრცელებულია საქართველოში კორუფცია, გამოკითხულთა 30% თვლის, რომ ძალიან გავრცელებულია, 21% ფიქრობს, რომ საერთოდ არ არის გავრცელებული, ხოლო 34%–ის აზრით, ქვეყანაში კორუფცია მეტ–ნაკლებადაა გავრცელებული.

რაც შეეხება კორუფციას ინსტიტუტებში, გამოკითხულთა 13% ფიქრობს, რომ სამინისტროებში კორუფცია ძალიან გავრცელებულია, 40% მიიჩნევს, რომ მეტ–ნაკლებად,14%–ის აზრით, საერთოდ არ არის კორუფცია.

რაც შეეხება ადგილობრივ თვითმმართველობებს, გამოკითხულთა 12 %–ის აზრით კორუფცია ძალიან გავრცელებულია, 39% ამბობს, რომ მეტ–ნაკლებად გავრცელებულია, ხოლო 19% ამბობს, რომ კორუფცია არ არის, 30% არ იცის. მოსახლეობის 14% აცხადებს, რომ კორუფცია არის სასამართლოში, 35% ამბობს, რომ მეტ–ნაკლებად გავრცელებულია, 14% ამბობს, რომ საერთოდ არ არის კორუფცია. 36% არ იცის.

გამოკითხულთა 12%–ის აზრით კორუფცია ძალიან გავრცელებულია პოლიტიკურ პარტიებში, 34% ამბობს, რომ მეტ–ნაკლებად გავრცელებულია, 14% თვლის, რომ საერთოდ არ არის კორუფცია. გამოკითხულთა 10% ამბობს, რომ კორუფციის პრობლემა არის პროკურატურაში, 12% პარლამენტს ასეხელებს, 9% პოლიციას.

ტრადიციულად NDI–ის კვლევას არ ენდობა ხელისუფლება. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი აცხადებს, რომ არა მარტო კორუფციასთან ბრძოლა, არამედ კორუფციის პრევენცია აყვანილია ძალიან მაღალ ხარისხში. შესაბამისად, ცქიტიშვილის განცხადებით, ამ მიმართულებით შეშფოთების ან ნერვიულობის საფუძველი არ არსებობს.

„საქართველოში–ს კვლევებს არ აქვს ისეთი ნდობა. ვისურვებდი, რომ მათ კვლევებს სანდოობის უფრო მეტი ხარისხი ჰქონოდა. შესაბამისად, ამ კონკრეტულ რიცხვთან დაკავშირებით შეფასებას ვერ გავაკეთებ, მაგრამ უშუალოდ საერთო კორუფციის და ნეპოტიზმის ფაქტებს ვერ გამორიცხავ ვერც სახელმწიფო და ვერც კერძო სტრუქტურებში.

არა მარტო კორუფციასთან ბრძოლა, არამედ კორუფციის პრევენცია აყვანილია ძალიან მაღალ ხარისხში. აქედან გამომდინარე, საქართველოში კორუფციის დონის შეფასება ძალიან ბევრი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ და საერთაშორისო რეიტინგის მიერ არის დაფიქსირებული“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

რაც შეეხება დეპტატთა ნდობის მაჩვენებელს, პარლამენტის წევრი, ზაქარია ქუცნაშვილი აცხადებს, რომ საქართველოსნაირი ქვეყნისთვის კარგი მაჩვენებელი არ არის, როცა გამოკითხული მოსახლეობის 62%–მა პარლამენტში მისი მაჟორიტარი დეპუტატის ვინაობა არ იცის.

„კარგი მაჩვენებელი არ არის, რადგან მაჟორიტარს იმის კეთება უწევს, რაც მას კანონით არ ევალება, ანუ სთხოვენ იმაზე მეტს, რასაც მას კანონი ავალებს. თუ ევროპულ ან ამერიკულ მაჩვენებელს ავიღებთ, იქ 70–75%–ის ფარგლებში მერყეობს იმ პირთა მაჩვენებელი, ვინც მის სენატორს არ იცნობს. განვითარებული დემოკრატიული წარმომადგენლობის ქვეყნებში ხელისუფლების წარმომადგენელთა ცნობადობა ძალიან დაბალ დონეზეა, რადგან იქ სამოქალაქო ცხოვრება თავისი რიტმით მიდის და მილიონში ერთხელ შეიძლება დასჭირდეთ საკუთარი სენატორის თუ მერის შეწუხება. თუმცა ჩვენს შემთხვევაში, ეს მაჩვენებელი არ ვარგა“, – ამბობს ზაქარია ქუცნაშვილი.

მმართველი გუნდისგან განსხვავებით კვლევას ენდობა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე, რომლის განცხადებით, როდესაც მოსახლეობის ნახევარი ამბობს, რომ ქვეყანაში არ არის დემოკრატია, ეს საგანგაშოა. რაც მისი თქმით, ნიშნავს, რომ ქვეყანაში არის ერთი კაცის მმართველობა.

„შემთხვევითი არ არის, რომ ზუსტად ამდენივე ადამიანი, გამოკითხულთა ნახევარი ამბობს, რომ მთავრობა მუშაობს ცუდად. არადემოკრატიული მმართველობა არაეფექტიანიცაა – ესაა დასკვნა. მთავრობას რომ ერთი კაცი მართავს, ესეც არაა საიდუმლო. საზოგადოებამ აღიარა არაფორმალური მმართველობა და მისი უვარგისობა. სიღარიბე, სასამართლო სისტემის ჩამოშლა, კორუფციის ზრდა, სწორედ ქვეყანაში არსებული არაკონსტიტუციური მმართველობის შედეგია“, – აცხადებს რომან გოცირიძე.

„ევროპული საქართველოს“ წევრი, დეპუტატი გიორგი კანდელაკი თვლის, რომ NDI–ის კვლევის მთავარი მიგნება სწორედ ის არის, რომ ქვეყანაში კორუფცია, მექრთამეობა და არაგამჭვირვალე ტენდერები დაბრუნდა.

„არჩევნები სულ ცოტა ხნის წინ იყო და პირველმა ტურმა რეალურად აჩვენა, თუ რა სურათი აქვთ დღეს პოლიტიკურ პარტიებს საქართველოში. დღევანდელი კვლევის მთავარი მიგნება არის კორუფცია, რომელიც ხალხს ძალიან აწუხებს. კორუფცია, მექრთამეობა, არაგამჭვირვალე ტენდერები დაბრუნდა მუნიციპალიტეტებში, სახელმწიფო სტრუქტურებში, იმ დაწესებულებებში, რომლებიც ხარჯავენ ხალხის ფულს.

სულ უფრო მეტი შემთხვევა ხდება საზოგადოებისთვის ცნობილი კორუფციისა სახელმწიფო სტრუქტურებში და ეს ხალხს ძალიან აწუხებს. ერთი სიტყვით, კორუფცია როგორც უმწვავესი პრობლემა, ქართული ოცნების მმართველობის პირობებში სამწუხაროდ დაბრუნდა“, – აცხადებს გიორგი კანდელაკი.

 

trampi აბონ ციციაშვილისა და რეიგანის ამბავისა არ იყოს---- რაც მოგივა დავითაო......
კიდევ ........სახელის გატეხვას თავის გატეხვა სჯობიაო....
მთელი 15 წელი საქმეს აფუჭებდნენ და კიდევ საანდოობა უნდაათ? ამათ გონიათ ნავარო და მისნაირები დაგვავიწყდა ... რომ გვიმტკიცებდნენ მაწონი შავიაო
ააახვიეთ აქედან .....თევდორაძესი არ იყოს---ჩვენ უკვე გამოკვლეულებულები ვართ
თქვენზე ასჯერ ზუსტ კვლევებს თვითონ ხალხი ატარებს......
ჰოოდა არც 2020--ში შეეშლება ხალხს არაფერი.---ამათაც საიქიოს გაისტუმრებენ .
5 წლის უკან