უმუშევრობის კომპენსაციის გაცემა ახალი იდეაა არ არის. წლებია, ამაზე მსჯელობა მიმდინარეობს, თუმცა იმის გამო, რომ სახელმწიფოს მყისიერად უმუშევრობის კომპენსაციის შემოღების უნარი არ აქვს, ამ საკითხს გაურკვეველი ვადით სამომავლოდ გადადებენ ხოლმე.
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია ქვეყანაში უმუშევრობის კომპენსაციის შემოღების სურვილით გამოდის. ის მიიჩნევს, რომ დღეს ამის უნარი მთავრობას არ გააჩნია, მაგრამ უნდა შევკრათ ციკლი, უნდა გვქონდეს პასუხი იმ ადამიანისთვის, რომელიც დაკარგავს სამსახურს.
„ამ ადამიანს ხომ ვერ ვეტყვით, რა ვქნათ, საბაზრო ეკონომიკაა და შენთვის პასუხი არ გვაქვს? ამიტომ თუნდაც სიმბოლურად თავიდან უნდა შეიქმნას უმუშევრობის კომპენსაცია. რა პასუხი გვქონდა ჩვენ აგარის შაქრის ქარხნის თანამშრომლებისთვის, რომლებიც სახლში წავიდნენ? - არაფერი. ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა, ეს თანხა არ იყოს ისეთი, რომელიც ღირსეულ ცხოვრებას უზრუნველყოფს, მაგრამ რაღაცით უნდა დავიწყოთ“,-მიიჩნევს რომან კაკულია.
ეკონომისტთა ნაწილი უმუშევრობის კომპენსაციას სოციალისტურ ექსპერიმენტად აღიქვამს და მიიჩნევს, რომ ადამიანი სხვის ხარჯზე ცხოვრებას არ უნდა მიეჩვიოს. მით უმეტეს, რომ სახელმწიფოები, რომლებიც უმუშევრობის კომპენსაციას გასცემენ, ამის გამო ყელამდე ვალში არიან.
უნდა გაიცეს თუ არა საქართველოში უმუშევრობის კომპენსაცია?
„საზოგადოება და ბანკების“ ხელმძღვანელი გიორგი კეპულაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ არც ეკონომიკური განვითარებით და არც უმუშევრობის მაჩვენებლით საქართველო არ არის იმ ეტაპზე, რომ კომპენსაციები უხადოს უმუშევარ ადამიანებს. ეს შეიძლება იყოს ფუფუნება ჩვენნაირი ტიპის ქვეყნისთვის და ამ უფლებას საკუთარ თავს მხოლოდ მდიდარი ქვეყნები აძლევენ. მდიდარ ქვეყნებში იმდენად დიდია სახელმწიფოს შემოსავალი, რომ დანარჩენ დასაქმებულებს შეუძლიათ უმუშევართა მცირე რაოდენობა შეინახონ.
„ენ-დი-აი“-ს ბოლოდროინდელი კვლევით, ჩვენს ქვეყანაში მცხოვრები ადამიანების 61% თავს უმუშევრად მიიჩნევს. პლუს ამას, იცვლება უმუშევრობის დათვლის სისტემა და შესაძლებელია, ეს რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდოს, ანუ თვითდასაქმებულ ადამიანთა, სოფლად მცხოვრებთა დიდი ნაწილი შეიძლება ავტომატურად აღმოჩნდეს უმუშევართა სიაში. შესაბამისად, ძალიან ბევრი ადამიანის შენახვა მოუწევთ დასაქმებულებს. მინდა შევახსენო ყველას, რომ, სამწუხაროდ, საქართველოში გადასახადის გადამხდელი კერძო სექტორი ძალიან მცირეა. მართალია, სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებულები საშემოსავლო გადასახადს იხდიან, თუმცა სახელმწიფო უწყებების დაფინანსება სწორედ კერძო უწყებებიდან და მათ მიერ გადახდილი გადასახადებიდან მოდის. შესაბამისად, ჯერჯერობით ძალიან ნაადრევია საქართველოსთვის უმუშევრობის კომპენსაცია და ამას პოპულისტურ-სოციალისტური სუნი ნამდვილად აქვს“, - აღნიშნა გიორგი კეპულაძემ.
ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში პაატა აროშიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ უმუშევრობის კომპენსაციის გაცემას არ ემხრობა, რადგან აქ საინტერესოა, რა რაოდენობის კომპენსაცია უნდა მიეცეს ადამიანს უმუშევრობისას? მაშინ, როცა საქართველოში არ არის განსაზღვრული მინიმალური ხელფასის ცნება. თუ არის განსაზღვრული მინიმალური ხელფასი, ეს არის მხოლოდ 20 ლარის ოდენობით და ესეც საგადასახადო კოდექსის მიზნებისთვის იყო 1996 წელს განსაზღვრული და რეალობას არ შეესაბამება.
„უმუშევრობის კომპენსაცია პენსიის დონის მიხედვით, ანუ 200 ლარის ოდენობით რომ განისაზღვროს, ესეც მინიმუმია და არაფერს წარმოადგენს. მეორეც, ეს ხომ არ გაზრდის ჩრდილოვან ეკონომიკას, რადგან იმ ქვეყნებში, სადაც უმუშევრობის კომპენსაცია არსებობს, ჩრდილოვანი დასაქმებაა. თანამედროვე სიტუაციაში ჩრდილოვანი დასაქმება დამსაქმებლისთვისაც და დასაქმებულისთვისაც მისაღები იქნება. მაგალითად, სტატუსით უმუშევარი კაცი ღებულობს უმუშევრობის შემწეობას, მაგრამ ჩრდილოვან ეკონომიკაში დასაქმებულია. ამ შემთხვევაში, მისი დამსაქმებელი მალავს საშემოსავლო გადასახადს, მალავს საპენსიო ფონდში შესატანს, ხოლო დასაქმებული პირი ღებულობს ხელფასსაც და უმუშევრობის კომპენსაციის თანხასაც. ანალოგიურს მივიღებთ, რისი გამოცდილებაც ჩვენ უკვე გვაქვს სოციალური შემწეობიდან გამომდინარე. კერძოდ, პირი, რომელსაც სოციალური შემწეობა აქვს, ხშირ შემთხვევაში, დასაქმებაზე უარს ამბობს, რათა არ დაკარგოს სოციალური შემწეობა, ანუ სამუშაო ძალა ცდილობს მიიღოს უმუშევრობის შემწეობა, ვიდრე ჩადგეს დასაქმებულთა რიგებში“,-აცხადებს პაატა აროშიძე.
მისივე განმარტებით, მართალია, იგი არ ემხრობა უმუშევრობის შემწეობის გაცემას, მაგრამ, თუ ეს შემწეობა მაინც გაიცემა, მაშინ ეს არ უნდა იყოს პენსიაზე ნაკლები და აქ გათვალისწინებულ უნდა იყოს ადამიანის ასაკი, პროფესია, თუნდაც საცხოვრებელი რეგიონი, რადგან თავის სარჩენად თანხები ადამიანს დედაქალაქში გაცილებით მეტი სჭირდება, ვიდრე პერიფერიაში. ცხოვრების პირობები უფრო ძვირია თბილისში, ვიდრე ბათუმში, ქუთაისში, ან თუნდაც რომელიმე სოფელში.
ეკონომისტის განმარტებით, ჩვენთან შრომის ბირჟა არ არსებობს. არის მხოლოდ დასაქმების სააგენტო, რომელსაც, ჭეშმარიტი გაგებით, შრომის ბირჟასთან არანაირი კავშირი არ აქვს. შრომის ბირჟაზე კი როდესაც დაუსაქმებელი ადამიანი აღრიცხვაზეა აყვანილი და სამჯერ უარს იტყვის შრომის ბირჟის მიერ შეთავაზებულ სამუშაოზე, რომელიც მის კომპეტენციას და საქმიანობას შეეფერება, მაშინ მას აღარ აღრიცხავენ, როგორც უმუშევარს.
„უმუშევრობის კომპენსაციის გაცემა შესაძლოა, კარგი სურვილებითაა ნაკარნახევი, მაგრამ სახელმწიფო ამ ეტაპზე ვერ გამონახავს თანხებს, რომ ისედაც შემჭიდროებულ ბიუჯეტში უმუშევრობის თანხები მოიძიოს. წმინდა ეკონომიკური თვალსაზრისით, ოპონენტი ყოველთვის გვეტყვის, რომ სჯობს, უმუშევრობის კომპენსაცია კი არ გავცეთ, არამედ კერძო კომპანიებმა გათავისუფლებულ პირს ხელფასის 50% გადაუხადონ 3 თვის განმავლობაში მანამ, სანამ იგი სამუშაოს იპოვის“.