შიდა ვალი - გაგვგუდავს, საგარეო ვალი - დაგვარხრჩობს

შიდა ვალი - გაგვგუდავს, საგარეო ვალი - დაგვარხრჩობს

ქვეყნის საგარეო და შიდა ვალები ერთმანეთის მხარდამხარ კოლოსალური სისწრაფით იზრდება. სპეციალისტები უკვე ეჭვობენ, რომ სახელმწიფო ვალების გადახდის უუნაროც შეიძლება გახდეს. 

საქართველოს საგარეო ვალი მხოლოდ აგვისტოში 122,2 მლნ დოლარით - 4,29 მლრდ დოლარამდე გაიზარდა. აგვისტოს ნახტომი თითქმის მთლიანად მთავრობის „დამსახურებაა“, რომლის წილად 120 მლნ დოლარის ვალი მოდის, ხოლო 2,2 მლნ დოლარი კი ეროვნული ბანკისაა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს სახელმწიფოსაგარეო ვალის მოცულობამ მიმდინარე წლის 31 აგვისტოსთვის 4,29მლრდ დოლარი შეადგინა. აქედან, 3,81 მლრდ დოლარი მთავრობისსაგარეო ვალია, ხოლო 480,327 მლნ დოლარი - ეროვნული ბანკის.

ივლისის ბოლოსთვის მთავრობის საგარეო ვალი 3,694 მლრდ დოლარი იყო, ხოლო ეროვნული ბანკის - 478,122 მლნ დოლარი. გასული წლის აგვისტოს ბოლოსთვის, კი მთავრობას საგარეო კრედიტორების 3,588 მლრდ დოლარი მართებდა, ეროვნულ ბანკს - 659,838 მლნ დოლარი.

ეროვნული ბანკის ერთადერთი საგარეო კრედიტორი საერთაშორისო სავალუტო ფონდია, რომლის მიმართ მთავრობასაც აქვს დავალიანება და მიმდინარე წლის აგვისტოს ბოლოსთვის ეს ციფრი 392,526 მლნ დოლარით განისაზღვრება. მთლიანობაში, მთავრობის დავალიანება საერთაშორისო ორგანიზაციების მიმართ აგვისტოს ბოლოსთვის 2,568 მლრდ დოლარია.

ეს, რა თქმა უნდა, საქართველოსთვის დიდი პრობლემაა, მაგრამ არა ერთადერთი - ნაციონალურ ხელისფულებას ხომ ვალების დაგროვებაში ბადალი არ ჰყავს. საგარეო ვალებთან ერთად, დიდი სისწრაფით იზრდება ქვეყნის შიდა ვალდებულებებიც. წლის დასაწყისიდან სახელმწიფოს შიდა ვალის მოცულობა  ერთბაშად ნახევარი მილიარდი ლარით არის გაზრდილი. შიდა ვალი კი ყოველ კვირა გამართული ფასინი ქაღალდების აუქციონების მეშვეობით იზრდება. სახაზინო ვალდებულებების, სახაზინო ობლიგაციებისა და სახელწიფო ობლიგაციების მეშვეობით, ზუსტად წინასაარჩევნოდ შიდა ვალდებულებების მოცულობა 500 მლნ ლარითაა მომატებული.

რაც ყველაზე მთავარია აუქციონიდან აუქციონამდე გასაყიდად გამოტანილი ობლიგაციების მოცულობაც იზრდება და საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთიც. ერთი შეხედვითაც აშკარაა, რომ ეს ყველაფერი ძალინა ჰგავს ე.წ. ფინანსურ პირამიდას, რომლის „აგება“ საბოლოოდ გარდაუვალი კრახით სრულდება ხოლმე.

ეკონომიკის ექსპერტის დემურ გიორხელიძის განმარტებით, ვალის ზრდის ტენდენცია უკვე გამოკვეთილია და ეს სერიოზულ პრობლემებს გააჩენს ქვეყნის ეკონომიკის სხვადასხვა სფეროსა და დარგის მომსახურებაში.

„ვალების საკითხი დღევანდელ სიტუაციაში კრიტიკულია. იგი მხოლოდ ახლა კი არა, ბოლო 9 წლის განმავლობაში ძალიანსწრაფი ტემპით იზრდება და ჩვენი სუსტი ეკონომიკისთვის საშიშ ზღვარს აღწევს. ამ დროს კი, ის ხარჯები, რა საქმიანობის გასახორციელებლადაც საგარეო ვალი აიღება, საზოგადოებისათვის ცხადი არაა”, - აღნიშნავს დემურ გიორხელიძე და იქვე დასძენს, რომ ქვეყნები ვალს მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის გამო იღებენ, საქართველოში კი, კონტროლის მექანიზმი არ არსებობს და ხელისუფლება ვალს თავისუფლად იღებს და ეტაპობრივად ზრდის მის მოცულობას, მაგრამ რისთვის არავინ იცის.

„ფაქტია, რომ ხელისუფლების მიერ აღებული ვალები საზოგადოების კეთილდღეობის ზრდისთვის არანაირი სარგებლის მომტანი არაა. მოსახლეობის უდიდესი ნაწილი დაუსაქმებელია, უმეტესობის შემოსავალი კი მიზერული. სახელმწიფო ვალის ასეთი ტემპით ზრდა შეაფერხებს არა მარტო ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას, არამედ მას უფრო დიდი საშიშროების წინაშეც დააყენებს. თუ ასე გაგრძელდა, სახელმწიფო ვალების გადახდის უუნაროც კი შეიძლება გახდეს“, - განმარტავს გიორხელიძე.