დღეს for.ge-ს პრეს-კლუბის სტუმარი ექსპერტი გია ხუხაშვილი იყო და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. ხუხაშვილმა იმ ფარულ ვიდეო-ჩანაწერებზე ისაუბრა, რომლებიც დღეს სოციალური ქსელებით გავრცელდა და, სადაც ბადრი პატარკაციშვილისა და ხელისუფლების წარმომადგენლების საუბრები არის ასახული. ხუხაშვილი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ იგი პატარკაციშვილის მეგობარი იყო და ამგვარი საუბრების შესახებ მისთვის სწორედ ბიზნესმენისგან იყო ცნობილი.
„ამ ჩანაწერებიდან ჩანს ამ ხელისუფლების სახე - სახელმწიფო ინტერესები მათთვის არასოდეს იყო მნიშვნელოვანი, ისინი ყოველთვის დაკავებულები იყვნენ წილების გადანაწილებით და იმით, რომ საკუთარი სკამები შეენარჩუნებინათ. მე უბრალოდ ერთ დეტალს მოგიყვანთ. ერთ-ერთ ჩანაწერში უგულავა „პარლამენტიორად“ მიდის პატარკაციშვილთან და ხელისუფლების მესიჯი მიაქვს მასთან. უგულავა ამბობს, რომ წყალგამყოფი არის რუსეთი და პატარკაციშვილს ეუბნება - შენ კი რუსეთი არ ხარ, მაგრამ ჩვენ იძულებულები გავხდებით, რუსეთი დაგარქვათ. ამით უგულავა ადასტურებს, რომ ბადრი არ არის რუსული ინტერესი, მაგრამ ემუქრება მას, რომ რუსულ ინტერესს მიაწერენ. ეს არის სკანდალური განცხადება, რადგან ჩვენ ვიცით, რომ ამის შემდეგ ხელისუფლების მიერ რუსულ ინტერესთან დაკავშირები შეთქმულების თეორია იქნა შეთხზული, სპეც-რაზმის მეშვეობით დაარბიეს „იმედი“, ანუ ისეთი მეთოდებით, როგორც მსოფლიოში არსად მომხდარა და ეს ყველაფერი არის ამ ხელისუფლების სახე. ამასთანავე, ალბათ შეამჩნევდით, რომ ამ ჩანაწერებში მიხეილ სააკაშვილი გამუდმებით ჭამს და საჭმელთან ერთად იგი პრაქტიკულად ქვეყნის ინტერესებსაც ახრამუნებს, რადგან ბიზნესწილების გადანაწილებას ახდენს“, - აცხადებს გია ხუხაშვილი.
მისი თქმით, დღევანდელი ხელისუფლების მთავარი ღირებულება არის ძალაუფლება არა სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ ძალაუფლება, როგორც ბიზნესი, რომელსაც დიდი ფული და საკუთარი მნიშვნელოვნების შეგრძნება მოაქვს.
გია ხუხაშვილი ამბობს, რომ როდესაც რკინიგზის დირექტორი იყო, ხელისუფლების მხრიდან მიიღო დავალება ე.წ. „შავი სალაროს“ ორგანიზებასთან დაკავშირებით, რის გამოც პროტესტის ნიშნად ეს პოსტი დატოვა და ეს ფაქტი ღიად გააპროტესტა. ხუხაშვილის თქმით, ამის შემდეგ მასზე თავდასხმა განხორციელდა.
„თქვენ გახსოვთ ბადრი პატარკაციშვილის ცნობილი ფრაზა, რომ „იმედი“ არ იყიდება. ხელისუფლებს დაბეჯითებით მოითხოვდა პატარკაციშვილისგან, რომ შემდგარიყო ჰოლდინგი, რომელშიც ხელისუფლება სახელმწიფო საკუთრება რკინიგზას ჩადებდა. ბადრი პატარკაციშვილს ამ ჰოლდინგში უნდა ჩაედო მისი აქციები „მაგთიში“ და ტელეკომპანია „იმედი“ და ხელისუფლების მოთხოვნა იყო, რომ ეს ჰოლდინგი ერთად ემართათ. ბადრი პატარკაციშვილმა ამაზე უარი თქვა ამ ცნობილი ფრაზით, რომ „იმედი“ არ იყიდება და ამის შემდეგ ხელისუფლების მხრიდან მის წინააღმდეგ წამოვიდა აგრესია“, - აღნიშნავს ხუხაშვილი.
მისი თქმით, ეს იყო ბადრი პატარკაციშვილის პოლიტიკაში აღმოჩენის ერთადერთი მიზეზი. გია ხუხაშვილი ამბობს, რომ დღემდე ეს ჩანაწერები ნანახი არ ჰქონდა. მან არ იცის, ვისი გაკეთებულია ეს ჩანაწერები, მაგრამ ამბობს, რომ შეხვედრები ბადრი პატარკაციშვილის სახლში მიმდინარეობდა. ამასთანავე, ხუხაშვილი დარწმუნებულია, რომ პატარკაციშვილსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის ბევრად უფრო „გაშიშვლებული“ საუბრებიც გამართულა, რის შესახებაც სწორედ პატარკაციშვილისგან აქვს ინფორმაცია. გია ხუხაშვილს უჭირს იმის თქმა, თუ ვის აწყობდა დღეს ამ ჩანაწერების გამოქვეყნება, მაგრამ თუკი ხელისუფლებიდან ვინმე ასეთი მეთოდებით თავის გადარჩენას ცდილობს, მათ გასაგონად ხუხაშვილი ამბობს:
„თუკი ვინმე ფიქრობს, რომ მიუხედევად დანაშაულის ჩადენისა ამგვარი მეთოდებით ვინმესთან რაღაც გარიგებაში შევლენ, ძალიან ცდებიან. ხოლო პოლიტიკურ დევნას ხელისუფლებისას არც არავინ აპირებს. არიან ადამიანები, რომლებიც ძალიან არ მომწონს და პოლიტიკურ დანაშაულს სჩადიან, მაგრამ მათ დევნას არავინ აპირებს. რაც შეეხება სისხლის სამართლის დამნაშავეებს, ვერც ერთი მათგანი მართლმსაჯულებას ვერ გადაურჩება. კომპრომატებით თავის გადარჩენის მცდელობა კი სისულელეა“.
გია ხუხაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლებისგან ყველანაირი პროვოკაციებია მოსალოდნელი. თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ მასალებში ამდენი უზუსტობა (რომ ერთი ვითომ კანონიერი ქურდი „ნაციონალური მოძრაობის“ კოორდინატორი აღმოჩნდა, ხოლო ჩანაწერში ნახსენები კიდევ ერთი ადამიანი გარდაცვლილია) იმაზე მეტყველებს, რომ ხელისუფლებას უკვე ამ ფაბრიკაციების კარგად „შეკერვაც“ კი აღარ შეუძლია. ხუხაშვილი ყურადღებას ამახვილებს იმ ინფორმაციაზე, რომელიც რამდენიმე დღის წინ „ქართული ოცნების“ წევრებმა გაავრცელეს. კერძოდ, კოალიციაში აცხადებდნენ, რომ ბაჩო ახალაიამ თბილისში ოცამდე ბინა შეიძინა, რომლებშიც მან და კიდევ რამდენიმე პირმა იარაღი შეიტანეს. ხუხაშვილი ამბობს, რომ როგორც ჩანს, ხელისუფლება რაღაც პროვოკაციის მოწყობას და შემდეგ ამის „ქართული ოცნებისთვის“ დაბრალებას აპირებდა.
„ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენს წარმომადგენლებს ხან სცემენ, ხან მანქანებს ქვებს ესვრიან და ამისთვის არვინ ისჯება მაშინ, როდესაც ჩვენს აქტივისტებს მანქანაში ღვედის არ გაკეთებას ედავებიან და ამისთვის 40 დღიან პატიმრობებს უსჯიან. ეს არის ამ ხელისუფლების სახე და მათგან ჩვენ ყველაფერს უნდა ველოდოთ, მაგრამ აქვე გეტყვით, რომ მათ სიტყვას უკვე აღარანაირი ფასი არ აქვს. ამ ხელისუფლებას მოსახლეობამ უკვე ვერდიქტი გამოუტანა და ჩვენი მიზანი მხოლოდ ის არის, რომ მშვიდობით მივიდეთ არჩევნებამდე, რათა ხალხმა თავისი არჩევანი დააფიქსიროს“, - აცხადებს გია ხუხაშვილი.
იგი პოზიტიურად აფასებს უკანასკნელ დღეებში ქვეყანაში მიმდინარე სტუდენტურ საპროტესტო აქციებს, მაგრამ აქვე ამბობს, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ არჩევნებს არ უნდა დავუკავშიროთ, არამედ სტუდენტები მომავალი ხელისუფლების მიმართაც კრიტიკულები უნდა იყვნენ, რათა ახალი ხელისუფლება ხიბლში არ ჩავარდეს.
„სტუდენტებმა ფაქტობრივად გაიღვიძეს და მე გეტყვით, რომ ეს სტუდენტური მოძრაობა ბევრად უფრო ფასეულია, ვიდრე ნებისმიერი პოლიტიკური პროცესი. იმედი მაქვს, რომ ისინი ასეთივე აქტიურები შემდეგი ხელისუფლების დროსაც იქნებიან. როდესაც ბიძინა ივანიშვილი და მისი გუნდი მოვლენ ხელისუფლების სათავეში, ვისურვებდი სტუდენტები მაშინაც ასეთი აქტიურები იყვნენ. თუ საზოგადოებრივი მოძრობა და მედია არ გაძლიერდა, ნებისმიერი ხელისუფლება შეიძლება ჩავარდეს ხიბლში და გახდეს სისტემის მძევალი. ამიტომ მე არ მინდა სტუდენტური მოძრაობა არჩევნებს დავუკავშირო“, - აღნიშნავს ხუხაშვილი.
მან კომენტარი გააკეთა უკანასკნელ დღეებში გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც ხელისუფლებას დასავლეთ საქართველოდან თბილისში სპეც-რაზმელები ჩამოჰყავს. ხუხაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლება პრაქტიკულად ამ ადამიანებზეც ძალადობს, როდესაც აზომბირებს მათ და საშინელი ქცევისკენ უბიძგებს. გია ხუხაშვილი იხსენებს რამდენიმე დღის წინ მესტიაში მომხდარ ინციდენტს, როდესაც ხელისუფლებას სურდა საპროტესტოდ გამოსულ მოსახლეობისთვის სამხედროები დაეპირისპირებინა. მაშინ ჯარისკაცები სამხედრო ფორმაზე დატანილ მათ სახელსა და გვარს ხელს აფარებდნენ და პროტესტის გამომხატველების წინაშე დარცხვენილები იდგნენ.
„როდესაც სამხედრო პირი, რომელიც წესით უნდა ამაყობდეს თავის ფარაჯით, თავის მაიდენტიფიცირებელ წარწერას ხელით ფარავს და თავჩაღუნული დგას, ეს იმას ნიშნავს, რომ მას ართმევენ ღირსებას და ხელისუფლება პრაქტიკულად ამ სამხედროებსაც აუპატიურებს. დამიჯერეთ, ეს არ არის იმაზე ნაკლებად მწარე, ვიდრე ის, რაც ჩვენ ციხეში ვიხილეთ“, - ამბობს ხუხაშვილი.
იგი გამოეხმაურა ქართულ მედიაში გავრცელებულ ცნობას, რომ გიგა ბოკერია რუსეთში იყო ჩასული და იქაური ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა. ხუხაშვილი ამბობს, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, ბოკერია რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს ევროპაში შეხვდა და აქვე ექსპერტი ხაზს უსვამს იმას, რომ უკანასკნელ დღეებში საქართველოს ხელისუფლება რუსეთის მხრიდან საფრთხეზე საერთოდ აღარ საუბრობს.
„ბოლო დღეებში ხელისუფლებამ საერთოდ შეწყვიტა რუსულ საფრთხეზე საუბარი და მხოლოდ ქურდებზე გვესაუბრება. მე ვსვამ კითხვას, რას უკავშირდება ეს? ეს მოხდა იმის შემდეგ, რაც ბოკერია რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა. დანარჩენთან დაკავშირებით დასკვნები თქვენ თვითნ გააკეთეთ“, - აღნიშნავს ხუხაშვილი.