ქვეყანაში მიმდნარე მოვლენების ფონზე ექსპერტები ეკონომიკურ რყევებზე ალაპარაკდნენ. მთავრობაში კი ჯერჯერობით მოჩვენებით სიმშვიდეს ინარჩუნებენ. რა იქნება მომავალში ამას მხოლოდ სამართლიანი არჩევნები და მისი შედეგები განსაზღვარს.
„მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ ლიდერი ზურაბ ტყემალაძე ამბობს, რომ ქვეყანაში არსებული სიტუაცია სახელმწიფო იმიჯზე ცუდად იმოქმედებს.
„დღეს ძალიან ბევრს ლაპარაკობენ ნატოს და ევროკავშირის სტანდარტებზე, როგორ შეიძლება გინდაც ნატოს წევრმა, ან გინდაც ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ჩვენს ქვეყანას როგორც ცივილურ ქვეყანას ისე შეხედონ? ამისთანა ძველი ტრადიციების და კულტურის ქვეყანას რა დღევანდელობა და რა აწმყო აქვს? ამან როგორ შეიძლება უარყოფითად არ იმოქმედოს.
ამასთან, ეკონომიკის კუთხით ძალიან რთულ სიტუაციაში ვართ. ეს მოვლენები საერთაშორისო საზოგადოებაზე ძალიან ცუდად იმოქმედებს. ეს ხომ რისკ ფაქტორია ტურისტისთვის? ტურიზმის განვითარებას, რითაც ასე ამაყობდა ჩვენი ხელისუფლება, ამას შეაფერხებს, რომ აღარაფერი ვთქვათ ინვესტორებზე, რომლებიც მილიონობით და მილიარდობით თანხის ჩადებას გეგმავენ“, - აცხადებს ტყემალაძე.
მისივე თქმით, არეული სიტუაცია იმოქმედებს უცხოურ ინვესტიციებზეც. „როგორ შეიძლება აქ განვითარებული მოვლენები არ იყოს ინვესტორისათვის ერთგვარი მუხრუჭი. თან ამას დაუმატეთ ის, რომ ორი ებრაელი ინვესტორი დაკავებული ჰყავდათ, ამყოფებდნენ ცუდ მდგომარეობაში. აქედან გამომდინარე, ყველა ინვესტორი გარკვეულ პარალელს გაავლებს.
ხომ შეიძლება ჩვენც რაღაც მოგვიხდეს და ისეთივე მდგომარეობაში აღმოვჩნდეთ როგორც ისინი და ა.შ. უდიდესი რისკის ფაქტორი არსებობს. სადაც მაღალი რისკია, ბუნებრივია იქ კაპიტალ დაბანდების საშუალება ნაკლებია“, - დასძინა ტყემალაძემ.
მთავრობაში კი, პირიქით, ირწმუნებიან, რომ საქართველოში მიმდინარე მოვლენების გამო, ქვეყანაში მოქმედ ბიზნესს საფრთხე არ ემუქრება და საინვესტიციო პროექტებიც არ გადაიდება.
ვერა ქობალიას უწყებაში ამტკიცებენ, რომ ყველა პროექტი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და ინვესტორებს პროექტების გადადების ან შეჩერების თაობაზე არ განუცხადებიათ. მინისტრის მოადგილე ირაკლი მატკავა ასევე ამტკიცებს, რომ მიმდინარე მოვლენების მიუხედავად, საქართველოსა და ევროკავშირს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკებები დანიშნულ დროს 25-26 სექტემბერს გაიმართება.
მატკავას ცნობით, ახლახანს მოეწერა ხელი ეკონომიკურ შეთანხმებას იორდანიასთან და სხვა დანარჩენი ქვეყნების ეკონომიკური გეგმებიც ჯერჯერობით ჩანიშნული განრიგით ხორციელდება.
დაახლოებით იგივე აზრს ავითარებს საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკის კორპორაციის გენერალური დირექტორის ნათია თურნავაც. იგი თვლის, რომ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო ბიზნეს საფრთხე არ ელოდება, რადგან ამ დრომდე საზოგადოების ქმედება კონსტიტუციის ჩარჩოებს არ სცდება. კორპორაციის დირექტორის განცხადებით, საფრთხეზე იმ შემთხვევაში შეიძლება ვისაუბროთ, თუკი ქვეყანაში დესტაბილიზაცია დაიწყება.
„დიდი იმედი მაქვს, რომ მსგავსი არაფერი მოხდება, ქვეყანაში სტაბილური სიტუაცია აუცილებელია. წინასაარჩევნო პერიოდში, როგორ წესი, ბიზნესაქტივობა იკლებს, განსაკუთრებით კი უძრავი ქონების ბაზარზე და მომხმარებელი შენაძენის გაკეთებისგან თავის იკავებს, ხოლო ინვესტორები მოლოდინის რეჟიმში არიან და ქვეყანაში სტაბილური გარემოს შექმნას ელოდებიან“, - აცხადებს თურნავა „კომერსანტთან“ საუბრისას.
სრულიად სხვა მოსაზრების არიან ეკონომიკის ექსპერტები. დავით ნარმანიას განმარტებით, ძალიან რთულია შეფასების გაკეთება იმ მოვლენების შემდეგ, რაც საქართველოში დაფიქსირდა. მისი აზრით, გლდანის ციხეში მომხდარი შემზარავი ფაქტი დესტაბილიზაციის საფრთხეს გაზრდის. ეს რომ არ დამატებოდა, არჩევნები, შედარებით მშვიდად ჩაივლიდა, თუმცა წინასაარჩევნო დაძაბულობა ისედაც იქნებოდა მოსალოდნელი.
„რაც შეეხება უშუალოდ ეკონომიკურ აქტივობებზე გავლენას, წინასაარჩევნოდ ხელისუფლებამ ბევრი ვალდებულება აიღო და არჩევნების შემდეგ მათ გასასტუმრებლად, თუ ნაციონალები გაიმარჯვებენ, დიდი რესურსების ხარჯვა მოუწევთ. არსებობს ბიზნესზე ზეწოლის რისკიც, რომელიც ისედაც ხორციელდება.
ცხადია, წლევანდელი არჩევნების გავლენა ეკონომიკურ პროცესებზე განსაკუთრებით ძლიერი იქნება, რადგან ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება დაძაბულია. წელს მთავრობამ ბევრი საკანონმდებლო ცვლილება მოახდინა, რითაც ბიზნესს კიდევ უფრო გაუძლიერა წნეხი.
არჩევნების შემდეგ გაიზრდება ინფლაციის რისკიც. წინასაარჩევნოდ ხელისუფლებამ დააანონსა სოციალური აქტივობების შესახებ, რაც ფასების დონეზე საგრძნობლად იმოქმედებს”, - განმარტავს დავით ნარმანია.