გვიან ღამით, სოციალური ქსელის მომხმარებლებმა შეტყობინების სახით ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების კადრები მიიღეს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დეპუტატი „ქართულ ოცნებას“ მიმართავს და მასთან დაპირისპირებული თანაგუნდელების წინააღმდეგ ბრძოლის დაწყებას აანონსებს და წერს, რომ აღნიშნული კადრების გავრცელება „ქართული ოცნების“ მასთან დაპირისპირებული წევრების ინტერესში შედიოდა.
ფარული ჩანაწერებით ომი ეკა ბესელიას წინააღმდეგ სწორედ მაშინ დაიწყო, როდესაც მან კრიტიკული განცხადებები გააკეთა, როგორც „ქართული ოცნების“, ასევე კონკრეტული მოსამართლეების მისამართით.
„კოლექტიური მოძალადე ფრაგმენტულად, მაგრამ დიდი დოზით შემოვიდა ჩვენს “გუნდში“... შიგნიდან დაგვიწყო რყევა და ჯაყჯაყი... არ მიიღო ჩვენმა საზოგადოებამ ეს გადმონაცვლებული მოძალადე მეოცნების როლში... ეს ჯგუფი საკმაოდ ფესვებგადმულია და იბრძვის ყველა ფორმით! ეს მორალური ტერორიც ამის ნაწილი მგონია! არ ვაპირებდი პოლიტიკური დღის წესრიგით ცხოვრებას, მაგრამ ისევ მათ მაიძულეს და ახლა მიფრთხილდით. საჯაროდ ვამბობ ს ა კ მ ა რ ი ს ი ა ! სახელი დავარქვათ ყველაფერს!“, – წერს ეკა ბესელია.
ეკა ბესელიამ რეაგირება მისივე თანაგუნდელებისგან მოითხოვა და შინაგან საქმეთა მინისტრს, მთავარ პროკურორს და სუს–ის უფროსს მიმართა. დეპუტატი დარწმუნებულია, რომ მისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაც და მისი კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობის შესახებ სტატიებიც ერთი კამპანიის ნაწილია.
„ახლა კი მივმართავ საჯაროდ შალვა თადუმაძეს, გიორგი გახარიას და ვახტანგ გომელაურს! სასწრაფოდ და უმოკლეს ვადაში დაადგინეთ ვინ განახორციელა და ვინ დგას ამ მორალური ტერორის უკან? ვითხოვ ყველა ფაქტზე რეაგირებას დაწყებული აბაშიძის შეკვეთილი პოსტიდან, ბოლო ინფორმაციის ჩათვლით. საჯაროდ გამოავლინეთ. მე მგონი კარგად ესმის ყველას რას ნიშნავს წითელი ხაზების გადაკვეთა“, – წერს ეკა ბესელია.
ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების საქმეზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დაიწყო. პროცესში ჩაერთო პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი და ინფორმაცია დეპუტატისგან უკვე გამოითხოვა. გამოძიების დაწყების საფუძველი დეპუტატ დავით ჭიჭინაძის საჯარო განცხადება გახდა, რომლის მიხედვით, ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალა მისმა რძალმა შეტყობინების სახით მიიღო. დეპუტატის რძალმა ჩვენება უკვე მისცა გამოძიებას, მათ შორის თავად დავით ჭიჭინაძემ.
როგორც დეპუტატი ჭიჭინაძე აცხადებს, მან ნახა ვიდეომასალა, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა და რომელიც ეკა ბესელიას პირად ცხოვრებას ეხება. მისი თქმით, კლანს, რომელიც მოსამართლეთა სიას ლობირებდა, საკმაოდ დიდი მოტივი ჰქონდა, რომ ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გაევრცელებინა.
„საიდან შეიძლებოდა გავრცელებულიყო ეს კადრები? ის აპროტესტებდა, როგორ თვითონ დაწერა პოსტი, რომ არ წასულიყო სასამართლოში... იცის, რომ ეს ფირი არის სასამართლოში დალუქული ფირი და აქედან გამომდინარე - ინტერესიც. ასე პირდაპირ, კონკრეტულად ვერავის ვერ დაადებ ხელს, მაგრამ მოტივი და მიზანი, ვის ამოძრავდებდა? ეს არის ერთი კლანი - ის ხალხი, ვინც ლობირებდა სიას, საჯაროდ ვერ ახერხებდნენ, მაგრამ შიგნით ხომ ყველამ იცის, რომ ლობირებდნენ და ზოგადად, თქვენც იცით, რომ ხდებოდა გარკვეული დეპუტატების მხრიდან ამ კლანის ლობირება და ეს ერთი ჯგუფი მოიაზრება. მათაც, რა თქმა უნდა, საკმაოდ დიდი მოტივი ჰქონდათ“, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ კადრების გავრცელების უკან „ქართული ოცნება“ არ დგას. ვიცე–სპიკერი გიორგი ვოლსკი უშვებს შესაძლებლობას, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის გავრცელება მიზნად ისახავდეს მმართველ გუნდში ახალი სკანდალის გამოწვევას.
„საქმე იმაშია, რომ არავის არ უნახავს თვითონ ეს კადრები. მაგრამ თვითონ ეს თემა კადრების გავრცელების, მნიშვნელოვნად უკავშირდება გარკვეული ადამიანების და შეიძლება, თუნდაც პოლიტიკური ჯგუფის ინტერესს, რომ კიდევ, დამატებითი სკანდალური ურთიერთობების თემაზე გადაიყვანოს უმრავლესობის გუნდი“, –აცხადებს გიორგი ვოლსკი.
პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც დაპირისპირებულია ეკა ბესელიასთან აცხადებს, რომ პირადად ჩაყვებაამ საქმეს ბოლომდე იმისთვის, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა ზედმიწევნით გამოიკვლიონ ვინ დგას კადრების გავრცელების უკან.
„პირადი კომუნიკაცია მქონდა სამართალდამცავი ორგანოების ხელმძღვანელებთან და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, რომ მაქსიმალურად ჩაყვნენ ამ საქმეს და გამოიკვლიონ, თუ რასთან გვაქვს რეალურად შეხება. უნდა გაირკვეს, არიან თუ არა სხვა მოწმეები და ვინ არიან ისინი, ჩაეძიონ და დადგინდეს ზედმიწევნით ზუსტად ის, თუ რასთან გაქვს საქმე. მით უმეტეს, საქმე ეხება პარლამენტის წევრს. აქედან გამომდინარე ბოლომდე მე პირადად ჩავყვები ამ საქმეს იმისთვის, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა ზედმიწევნით გამოიკვლიონ ყველაფერი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მმართველი გუნდის ბრალეულობაზე და ინტერესებზე საუბრობს უმცირესობა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე ამბობს, რომ ეს არის პირდაპირი ტერორი „ქართული ოცნების“ ნებისმიერი პირისადმი, რომელიც გაბედავს და ექნება განსხვავებული აზრი.
„არც ერთი პოლიტიკურად რეზონანსული შემთხვევა ამ 6 წლის განმავლობაში არ გამოძიებულა, როდესაც ეს ხდება, ეს ნიშნავს, რომ ამას აკეთებს ხელისუფლება. თუ დღემდე განვითარებული მოვლენები შეიძლება შეგვეფასებინა, როგორც რაღაც ასე ვთქვათ, სპეცოპერაცია ჭირვეულის მოსარჯულებლად, დღეს უკვე ეს გასცდა ამ ფარგლებს და ეს არის პირდაპირი ტერორი „ქართული ოცნების“ ნებისმიერი პირისადმი, რომელიც გაბედავს და მას ექნება განსხვავებული აზრი“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაში ხელისუფლების კვალს ხედავს „ევროპული საქართველოს“ წევრი, დეპუტატი ელენე ხოშტარია, რომლის განცხადებით, „ქართული ოცნება“ ასეთი ბინძური მეთოდით ებრძვის ოპონენტებს.
„ეს ხელისუფლება არასასურველ ადამიანებს მსგავსი მეთოდებით ებრძვის. აქ მთელი უბედურება იმაშია, რომ წლების განმავლობაში მსგავსი შემთხვევების დროს იქნებოდა ეს გვარამიას შანტაჟი, სხვა ჟურნალისტების შანტაჟი თუ ახლა ბესელიას საქმე, ჩვენ არასდროს სახელმწიფოსგან პასუხი არ მიგვიღია, იმიტომ, რომ ეს არის ის ბინძური მეთოდი, რითიც ებრძვიან ისინი ოპონენტებს. ეს არის კატასტროფული საფრთხე ქვეყნისთვის, პირადი კადრების გამოყენება ოპონენტების მიმართ უფსკრულში მიათრევს ამ ქვეყანას“, – აცხადებს ელენე ხოშტარია.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე, რომელმაც პირველად გამოაქვეყნა სტატუსი ბესელიას კორუფციულ გარიგებასთან დაკავშირებით, დღეს ამბობს, რომ მმართველ გუნდში კომპრომატების ომი დაწყებულია, თუმცა მიიჩნევს, რომ ამ ომში პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება არის წითელი ხაზების გადაკვეთა. რაც შეეხება მის სკანდალურ ფესიბუქ–პოსტს, აბაშიძე ამბობს, რომ ეს განცხადება არ იყო შეკვეთილი, როგორც ამას ბესელია აბრალებს.
„ქალბატონ ბესელიასთან იურიდიულ კაზიუსტიკაში ვერ შევალ – რას გულისხმობდა შეკვეთილ–დაკვეთილში. თუმცა, ვიმეორებ, გარკვეულ ინფორმაციას ეფუძნებოდა ის ვარაუდი, რომელიც ჩემმა სანდო წყარომ მომაწოდა. კომპრომატებით ომი დაიწყო, მაგრამ კომპრომატებით ომი არ გულისხმობს, იმ წითელ ხაზს, იმ შეუვალ ნაწილს, რასაც ჰქვია პირადი ცხოვრება. არსებობს წითელი ხაზი, რომლის გადაბიჯებასაც არავის ვუსურვებდი არც ამ და არც სხვა ქვეყანაში.
კატეგორიულად მიუღებელია, პოლიტიკური ბრძოლისთვის გამოიყენო შანტაჟის მეთოდები პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით. კარგი იქნება, ერთხელ და სამუდამოდ, სამაგალითოდ დაისაჯონ ამის ჩამდენები, გამავრცელებლები თუ მომფიქრებლები, რომ მეორე ადამიანს ამის სურვილი აღარ გაუჩნდეს. აქ უნდა ვიაქტიუროთ საზოგადოებამ. საზოგადოებამ ვიაქტიურეთ მოსამართლეთა სიის კრიტერიუმებზე და ეს თემა „უცხელესი“ გახდა. ასევე უნდა გახდეს ესეც. როცა ვინმე პოლიტიკურ ბრძოლაში ასეთ ხერხს, ადამიანის პირადი ცხოვრებით შანტაჟის მცდელობას იყენებს, ის უკვე დამარცხებულია, ვინც არ უნდა იყოს“, – აცხადებს გია აბაშიძე.
ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ხათუნა ლაგაზიძე განმარტავს, რომ ამ შემთხვევაში ნეგატივი წავიდა არა ბესელიასკენ, არამედ „ქართული ოცნებისკენ“, საუბარი დაიწყო სწორედ „ოცნების“ მორალურ–ეთიკურ მხარეზე, როგორც ამ ჩანაწერის სავარაუდო გამავრცელებელზე და ხელისუფლებაში მყოფ ძალაზე.
„რას შეიძლება ველოდოთ საზოგადოება იმ პოლიტიკური ძალისგან ან პირთა ჯგუფისგან, რომელიც საკუთარ ოპონენტებს ამ ამაზრზენი ფორმით ებრძვის და ვერ ნახულობს სხვა ვერც მორალურ და ვერც ინტელექტუალურ უპირატესობას მოწინააღმდეგე მხარზე? რა მიიღო შემკვეთმა შედეგად ეკა ბესელიაზე „ვადაგასული“ კომპრომატის გამოქვეყნებით?
ნეგატივი წავიდა არა ბესელიასკენ, არამედ „ქართული ოცნებისკენ“, საუბარი დაიწყო სწორედ „ოცნების“ მორალურ–ეთიკურ მხარეზე, როგორც ამ ჩანაწერის სავარაუდო გამავრცელებელზე და ხელისუფლებაში მყოფ ძალაზე. დღემდე „ოცნების“ უპირატესობა ადამიანებისთვის ის მორალური და ფიზიკური დაცულობის განცდა იყო, რომელიც „ოცნებას“ „ნაციონალებისგან“ გამოარჩევდა“, – აცხადებს ლაგაზიძე.
მისი თქმით, ამ ჩანაწერის გარშემო შექმნილი უმძიმესი ფონი ხელს უწყობს „ოცნებაში“ არსებული დაპირისპირების გაღრმავებასაც. ამიტომაც, ლაგაზიძე თვლის, რომ ეს ამაზრზენი ჩანაფიქრი პირადი ცხოვრების კადრების გამოყენებით ეკა ბესელიაზე მეტად ან მასთან ერთად „ოცნებაზე“ დარტყმას ემსგავსება.
„ვინ შეიძლება იდგეს ამის უკან? მოსამართლეები, რომლებმაც ამ ნაბიჯით ეკა ბესელიას მორალური უპირატესობის შექმნაზე იზრუნეს?! „ოცნება“ ან მისი ცალკეული ჯგუფები, რომელსაც თვითგანადგურების სენმა ან უკურნებელმა სიბრიყვემ დარია ხელი?! „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც თავის დროზე ქმნიდა ამ ჩანაწერებს პოლიტიკურ ოპონენტების წინააღმდეგ და შეიძლება იყენებდეს მას დღესაც?!
ფაქტი ერთია, რომ ამ ჩანაწერის გამავრცელებლების ლოკალურ მიზანს გაცილებით მძიმე გრძელვადიანი შედეგები მოსდევს: არავინ და არაფერი დარჩეს ქვეყანაში გაუსვრელი, მოისპოს ავტორიტეტები და საფუძველი გამოეცალოს სტაბილურობას. ამიტომ, ამ ამაზრზენი ხერხებით ბრძოლას ერთხელ და სამუდამოდ წერტილი უნდა დაესვას – ხელისუფლებამ უნდა გასცეს პასუხი კითხვას: Cui Prodest!“, – წერს ხათუნა ლაგაზიძე.
ისე მე ამას ვბალეშიკო ----ოცნება აუცილელად უნდა დაიშალოს...გვეყო ერთხმაში სიმღერა......... ამათ რეზო ლაღიძის მხოლოდ ერთი სიმღერა იციან ---- ისიც ,,დიად პარტიაზე და სიტყვა -სამშობლოს--- მნიშვნელობა არც კი გაუგიათ
მოკლედ ეს კამსამოლები აუცილებლად,, აუცილებლად უნდა მოშოდნენ ხელისულებას.....