სოსო ჯაჭვლიანი: „ინგა გრიგოლია გონიერი ქალია“

სოსო ჯაჭვლიანი: „ინგა გრიგოლია გონიერი ქალია“

ქრის­ტი­ან-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მოძ­რა­ო­ბის ერთ-ერ­თმა ლიდერ­მა ინ­გა გრი­გო­ლი­ამ გლდანის მაჟორიტარულ ოლქში საკუთარი კან­დი­და­ტუ­რა მოხ­სნა. თავიდანვე ცხადი იყო, რომ ინგა გრიგოლიას სოსო ჯაჭვლიანის წინააღმდეგ გლდანელების ხმის მოსაპოვებლად საარჩევნო ბრძოლა გაუჭირდებოდა, რადგან ცნობილ მსახიობსა და რეჟისორს იგი ბავშვობიდანვე პატივს სცემდა. ამ საარჩევნო მარათონის მსვლელობისას ინგა გრიგოლია არც მალავდა, რომ გლდანში მისი ერთადერთი კონკურენტი ნაციონალი ნიკო ხაჩირაშვილი იყო. ამიტომაც კონკურენტ სოსო ჯაჭვლიანს კანდიდატურის მოხსნას ურჩევდა.

პოლიტიკური ოპონენტის მიმართ თავშეკავებულ დამოკიდებულებას ავლენდა სოსო ჯაჭვლიანი. იგი მზად იყო, საკუთარი კანდიდატურა მოეხსნა, თუკი ინგა გრიგოლია „ქართულ ოცნებას“ შეუერთდებოდა. ამის საპასუხოდ ჯერ კიდევ აგვისტოს მიწურულს ინგა გრიგოლიამ დაუკრეკა სოსო ჯაჭვლიანს და, უბრალოდ, ელაპარაკა.

„ველაპარაკე იმიტომ, რომ ძალიან მიყვარს. ის იყო ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო რესპონდენტი წლების განმავლობაში და ვუთხარი, რომ ძალიან მიყვარს და მისგანაც ანალოგიური პასუხი იყო. რაც შეეხება შემოთავაზების პასუხს, მე ვიტყოდი, რომ ყველაზე მეტად ვერ ვიტანდი იმ ადამიანებს, ვინც პარტიიდან პარტიაში დასეირნობდნენ, რომლებიც განსაკუთრებით არჩევნების წინ ერთი გუნდიდან მეორე გუნდში გადასკუპდებოდნენ ხოლმე. ასე რომ, “ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობაში” შევედი და ეს იქნება ჩემი პირველი და უკანასკნელი პარტია”, – აცხადებდა ინგა გრიგოლია.

ინგა გრიგოლიას გადაწყვეტილებისა და ქვეყანაში შექმნილი ვითარების შესახებ For.ge კოალიცია „ქართული ოცნების“ გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს სოსო ჯაჭვლიანს ესაუბრა. 

 

ინგა გრიგოლიამ გლდანის მაჟორიტარულ ოლქში საკუთარი კან­დი­და­ტუ­რა იმ მიზეზით მოხ­სნა, რომ მისმა თანაგუნდელებმა მხარი დაუჭირეს ინიციატივას, რაც საარჩევნო უბნებზე ვიდეო და ფოტო გადაღების ნაწილობრივ შეზღუდვას გულისხმობს. თქვენ, როგორც „ქართული ოცნების“ ამავე რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, როგორ შეაფასეთ მისი გადაწყვეტილება? 

- ინგა ხომ ისედაც მიყვარდა და პატივს ვცემდი, ახლა ძალიან შემიყვარდა.  

ამ ფაქტის შეფასებისას თქვენ აღნიშნეთ - ინგა მიხვდა, რომ გარს ეშმაკები ახვევია და ახლა ამ ეშმაკებისგან გათავისუფლება სურსო.

- საერთოდ, როგორაა, იცით? საქართველო გადაარჩინეს ქალებმა. ამ ოცი წლის განმავლობაში ქალებმა აჯობეს კაცებს, ყველაფერში, ახლა როგორც გინდათ, ისე გაიგეთ. ქალები მაგალითს გვაძლევენ, ნინო ბურჯანაძის მიერ ბოლო დროს გადადგმული ნაბიჯი ყველას გვახსოვს. ახლა ინგა გრიგოლია ადგა და მანაც ასეთი ნაბიჯი გადადგა, რადგან მან ყველაფერი გაიაზრა. ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ ინგა გრიგოლია ასე მოიქცეოდა, ის გონიერი ქალია.

როგორ გგონიათ, აქამდე რატომ არ მოხსნა თავისი კანდიდატურა?

- რა ვიცი, ალბათ, ახლა მიხვდა.

ქრისტიან-დემოკრატები, რომლებსაც თქვენ, სხვათა შორის, ეშმაკები უწოდეთ, აცხადებენ, რომ ინგა გადაწყვეტილებას შეცვლის.

- ამ საკითხს ინდივიდუალურად წყვეტს ადამიანი. ინგამ რაც თქვა, ჩანს, რომ გააზრებულად აკეთებს ყველაფერს. ახლა მისი ნებაა, თუ გადათქვამს ამას. ხომ იცით, ადამიანს არჩევანის უფლებას ვერ ჩამოართმევ, არჩევანს ადამიანი თავად აკეთებს. ეს მისი ნებაა, მაგრამ ასეთი ნაბიჯი რომ გადადგა, ეს ტყუილად კი არ გააკეთა?! ეს არის საინტერესო, რატომ მოიქცა ასე?!

ლევან ვეფხვაძემ ეს გამიზნულ ფსიქოლოგიურ ზეწოლას დაუკავშირა.

- ახლა ვეფხვაძე გამოდის და ფსიქოლოგიური ზეწოლაო, - აცხადებს. რა, ხაჩირაშვილი ადგა თავზე „პულიმიოტით“ და ჯაჭვლიანი - ჯიხვის რქით?!   

ანუ სვანურად არ დაგიშინებიათ?

- კარგით, რა… იუმორით ვუყურებ ამ ყველაფერს.

თვითონ ქდმ-ელები წინმსწრებად, ინგა გრიგოლიასთან საუბრის გარეშე, აცხადებენ, რომ ინგა საკუთარ გადაწყვეტილებას გადახედავს და მათთან დაბრუნდება.

- მე მინდა, მოვისმინო მათი განცხადებაც და ინგას შეხედულება. მაინტერესებს, რას იტყვიან ისინი და აქედან გამომდინარე, შემეძლება რამის თქმა.

თავიდანვე, როდესაც არჩევნებისთვის ინგა გრიგოლიას კანდიდატურაზე შეჩერდა ქდმ-ს არჩევანი, მაშინვე იგრძნობოდა ინგა გრიგოლიას სიმპათია თქვენს მიმართ. როგორ გგონიათ, მაშინვე ხომ არ ფიქრობდა იგი, რომ საკუთარ კანდიდატურას არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე მოხსნიდა და არ დაგიპირისპირდებოდათ?

- არ ვიცი, მაგრამ ჩემი მხრიდან გეტყვით, რა არის აქ გასაკვირი? როცა პატივისცემა გაქვს ადამიანის მიმართ, როგორც პიროვნული, ისე პროფესიონალიზმის თვალსაზრისით, ეს გასაგებია, მაგრამ, როგორც პოლიტიკოსზე, მაშინვე ვთქვი, შეცდომაში არ შეიყვანონ-მეთქი. ახლა, ეტყობა, მიხვდა რაღაცას და, პირიქით, ეს მოსაწონია.

თქვენ აღნიშნეთ, ინგა გროგოლია ახლა უნდა გამოვიდეს და ყველა მათგანი ამხილოსო. რა იგულისხმეთ?

- ადამიანი როცა ნაბიჯს დგამს, მაშინ ბოლომდე უნდა თქვას ყველაფერი. ხომ მართალი ვარ?

თქვენი ერთადერთი რეალური კონკურენტი ახლა ნაციონალების კანდიდატი ნიკო ხაჩირაშვილია.

- როგორც ხაჩირაშვილმა განაცხადა, ჩემი კონკურენტი არის გლდანის პრობლემები. მთელ საქართველოს ნამუსი რომ დავუბრუნოთ, ეგ არის ჩვენი პრობლემები. გლდანის პრობლემები და საქართველოს ღირსება,- ეგ არის ჩემი ყველაზე დიდი კონკურენტი.

გლდანის ციხეში გავრცელებულ კადრებს როგორ შეაფასებთ?

- ასეთი რამ, ალბათ, ფაშისტებს არ გაუკეთებიათ. შოკის მომგვრელი კადრები იყო, ეს იყო აღვირახსნილობა, ამათი მიბრეცილი, მობრეცილი და მოგრეხილი ტვინის ფანტაზია. ეგ არის ყველაზე დიდი პრობლემა. რა დროს კონკურენტებზეა საუბარი, როცა ესენი ახლა ბოდიშს უნდა იხდიდნენ და იძახდნენ, რომ ჩვენ საერთოდ მივდივართ პოლიტიკიდან. რაზეა ლაპარაკი?

გირგვლიანის შემდეგ ეს კადრები თითქოს არ უნდა გაგკვირვებოდა.

- ამის შესახებ რომ ვიცოდი, ამიტომაც ვლაპარაკობდი მთელი ამ წლების განმავლობაში. ესენი ყველაფრის მკისრებლები არიან და მაინცდამაინც ახლა კადრები უნდა ეჩვენებინათ?! აჩვენეს კადრები და ამის მერე რომელმა ჭკუათმყოფელმა უნდა შემოხაზოს ხუთიანი?! კიდევ კარგი, ესენი ერთი მუჭა ნაძირლები არიან და ამით მთელი ერის ზნეობას ვერ განვსაზღვრავთ. ესენი არიან ჩვეულებრივი ჩამოყალიბებული ნაძირლები, თანაც, როგორ გვანან ერთმანეთს?! ერის ზნეობა გამოჩნდება 1-ელ ოქტომბერს. ამათ ახლა არ უნდათ 1-ელი ოქტომბრის დადგომა, ამიტომაც გამოწვევაზე არიან, რომ ხალხი გააგიჟონ. ამიტომ მშვიდად უნდა ვიყოთ, რომ არჩევნებამდე მივიდეთ.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ 2 ოქტომბრისთვის ხელისუფლებამ უკვე  თვითმფრინავის ბილეთები დაჯავშნა.

- პრეზიდენტმა ასეთი რამ უნდა თქვას, მაპატიეთ, მე წავედიო.

ჯერჯერობით ასეთი რამ არ უთქვამს.

- ხოდა, არ აპირებს ამას და განაჩენი 1-ე ოქტომბერს იქნება. ამათ ერთი ხმა არ უნდა მიიღონ. მერე კი ყველამ უნდა აგოს პასუხი კანონის მიხედვით.

სვანეთში არსებობდა უხუცესთა სასამართლო. როდესაც ქვეყანაში სასამართლო სისტემა ასე მოიკოჭლებს, ხომ არ ფიქრობთ, რომ ხალხია ყველაზე უკეთესი განმსჯელი? ამ ფაქტების გამომზიურების შემდეგ სახალხო სასამართლოს იდეაზე ბევრი საუბრობს.

- საერთოდ, სამართლის სვანური და ძველქართული გარჩევა ნებისმიერ იურისპრუდენციას უკან ჩამოიტოვებდა თავისი მორალით. რაც გლდანის ციხეებში ხდება, სვანურად რომ გაარჩიო, ნიშნავს დაღუპვას. ამ ადამიანის მოკვეთას, ასეთი ადამიანი შენს ირგვლივ არ უნდა დადიოდეს. ხელი არავინ უნდა ჩამოართვას, წყალი არავინ უნდა მიაწოდოს. სალამი არავინ უნდა მისცეს. ეს ნიშნავს, რომ ეს ადამიანი ფურთხის ღირსია. ამაზე დიდი დასჯა გაგიგიათ?! ამას სჯობს, თავი მოიკლას. თორემ ცოცხალი ადამიანისთვის ეს ყველაზე დიდი სასჯელია. თანაც, ნაცმოძრაობას ეს ჯალათები ფულს რომ ურიცხავდნენ, ეს როგორი იყო?! ამ ჯალათების შვილებმა და მეუღლეებმა, თუ მათ სულიერი გადარჩენა უნდათ, რათა საზოგადოების სრულუფლებიანი და ღირსეული წევრები გახდნენ, ასეთი მამები და მეუღლეები სახლში არ უნდა შეუშვან. მათ ეს უნდა აღიარონ და ასეთი აღიარების შემდეგ ძალიან ამაყები დარჩებიან. არ უნდა დაიცვან ეს ადამიანები, პირიქით, სახლში არ უნდა შეუშვან.

ასეთი შემზარავი ფაქტები 26 მაისსაც ხდებოდა რუსთაველის კინოთეატრში. უნდა გამომჟღავნდეს თუ არა ეს კადრები, რომელიც აქამდე არავის უხილავს? 

- ეს კადრები, ალბათ, ისევ იმ ავადმყოფებს, იმ ჯალათებს ექნებათ სეიფებში ჩაკეტილი. ამათი შემხედვარე, რაღაც ახალი სექსუალური მიმართულება, სექსუალური მიმდინარეობა ყალიბდება და ეს სახელმწიფო პოლიტიკასთანაა შეზრდილი. სწორედ სახელმწიფო პოლიტიკასთანაა სექსუალური სიბილწე  შერწყმული. შეიძლება, ამ ჯალათებმა ახალი იდეებიც მიაწოდონ სექსინდუსტრიას.