დანია- გერმანიის საზღვარზე 70 -კილომეტრიანი ღობის გავლება დაიწყო. ამ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
დანიის მთავრობა გერმანიიდან ველური ღორების მიგრაციის არიდებას ცდილობს. ქვეყნის მთავრობა შიშობს, რომ აფრიკული ჭირი, რომელიც ბელგიაში ორ გარდაცვლილ ტახზე დაფიქსირდა, შესაძლოა, დანიაში მეღორეობის უზარმაზარ ინდუსტრიასაც დაემუქროს.
დაავადების გავრცელების შემთხვევაში დანიას 1,7 მილიარდი ამერიკული დოლარის ოდენობის ზარალი მიადგება. თუმცა ზოგიერთი ოპონენტი 12 მილიონი დოლარის ღირებულების ღობის ეფექტიანობას ეჭვქვეშ აყენებს.
აფრიკული ღორის ჭირი საშიში არ არის ადამიანისთვის, მაგრამ ამ დაავადებით შესაძლოა ინფიცირდეს როგორც შინაური, ასევე გარეული ღორი. მას, როგორც წესი, რამდენიმე დღეში ლეტალური შედეგი მოჰყვება, რადგან არც მისი საწინააღმდეგო ვაქცინა და არც მკურნალობის მეთოდი არსებობს.
"ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ დანიაში ღორის აფრიკული ჭირის მოხვედრა თავიდან ავირიდოთ. ბოლოს და ბოლოს, ახლა უკვე შეგვიძლია ველური ღორებისთვის ღობის გავლება დავიწყოთ,"- განაცხადა დანიის გარემოს დაცვისა და სურსათის მინისტრმა იაკობ ელემან-იენსენმა.
დანია ყოველწლიურად 4,6 მილიარდი ამერიკული დოლარის ღირებულების ღორის ხორცს აწარმოებს.