ევროკავშირის დელეგაციის ერთ-ერთი მთავარი მომლაპარაკებელი დიდ ბრიტანეთთან Brexit-ის საკითხებში საბინე ვეიანდი განმარტავს, რომ მაღალი რისკია იმისა, რომ დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი შეთანხმების გარეშე დატოვოს. ამის შესახებ BBC წერს.
ბრიტანელი კანონმდებლები ევროკავშირიდან გასვლის ნებისმიერ შეთანხმებას კენჭს 29 იანვარს უყრიან.
Brexit-ის შეთანხმების ვერ მიღწევის შემთხვევაში ხელისუფლებაში განიხილავენ საგანგებო მდგომარეობის შესახებ 2004 წლის აქტის ამუშავებას, რომელიც კომენდანტის საათის, ქონების დაყადაღების, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვისა და არეულობების თავიდან ასარიდებლად შეიარაღებული ძალების გამოყენების შესაძლებლობას ითვალისწინებს.
შეთანხმებული პროექტი, რომელიც ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლას ეხებოდა თემთა პალატამ ხმათა უმრავლესობით ჩააგდო. ამის გამო საპარლამენტო ოპოზიციამ მთავრობის უნდობლობის საკითხი კენჭისყრაზე დააყენა, თუმცა ტერეზა მეის მთავრობა უნდობლობის გამოცხადებას გადაურჩა.
ოფიციალურ ლონდონსა და ბრიუსელს შორის Brexit-ის პირობების შესახებ ოფიციალური მოლაპარაკებები 2017 წლის 19 ივნისს დაიწყო. დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ტერეზა მეიმ ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის პროცედურის შესახებ დოკუმენტს ხელი 2018 წლის 29 მარტს მოაწერა.
დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი 2019 წლის 29 მარტს უნდა დატოვოს.