ამომრჩევლის „გაშიფვრა“ შეუძლებელია

ამომრჩევლის „გაშიფვრა“ შეუძლებელია

მოსახლეობა შიშობს, რომ 1-ელი ოქტომბრის არჩევნებზე სომხური კარუსელი კვლავაც აქტუალური იქნება. ამასთან, ამომრჩეველს იმითაც აშანტაჟებენ, რომ საარჩევნო ბიულეტენს საიდენტიფიკაციო ნომერი აქვს მინიჭებული და მათ მიერ გაკეთებულ პოლიტიკურ არჩევანს „გაშიფრავენ“. კერძოდ, ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს მმართველ გუნდს ხელეწიფება მარტივად გაიგოს, თუ ვინ რომელ კანდიდატს მისცა ხმა.

ექსპერტები აცხადებენ, რომ მმართველი გუნდი მოსახლეობის დაშინებას შეგნებულად ცდილობს, რათა საარჩევნო ურნებთან მისულ ამომრჩეველს ნაცმოძრაობის უძლეველობის შესახებ ეჭვი გაუჩნდეს და ფსიქოლოგიური შიშის ქვეშ გააკეთოს არჩევანი. სინამდვილეში, ამომრჩევლის იდენტიფიცირება შესაძლებელი არ არის.

ექსპერტი პაატა ზაქარეიშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ამომრჩევლის გაშიფვრის არანაირი საიდენტიფიკაციო ნომერი არ არსებობს და ვერავინ გაიგებს, თუ ვინ ვის მისცა ხმა.

„მსოფლიოში დღემდე არ არსებობს მექანიზმი, რომ გაარკვიონ, თუ ვის მისცა ხმა ამომრჩეველმა, თუკი მან ამის შესახებ თავად არ აღნიშნა. ეს არის ნაციონალური მოძრაობის უსუსური ჭორი. ამითაც ადასტურებენ, რომ ძალიან შეშინებულები და სუსტები არიან. ამის გაგების არანაირი ფორმა არ არსებობს. ამიტომ ყველას ვთხოვ, ამ ჭორებს ნუ დაუჯერებენ“.

რაც შეეხება ე.წ. სომხურ კარუსელს, პაატა ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლების მხრიდან მისი დატრიალების უფრო მეტი ალბათობაა.   

მკვლევარი საარჩევნო საკითხებში ნინო ხატისკაცი For.ge-სთან საუბარში გაყალბების სქემას აანალიზებს და აცხადებს, რომ სომხური კარუსელი ყოველთვის გამოყენებოდა და იგი გაყალბების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმა იყო.

- სომხურ კარუსელს ორგვარად იყენებენ. ერთი, როდესაც უკვე შემოხაზულ ბიულეტენს ატანენ შიგნით და, მის სანაცვლოდ, ცარიელი ბიულეტენის გამოტანას სთხოვენ, ან მეორე ვარიანტია, როდესაც კაბინაში შესულ ამომრჩეველს შემოხაზული ბიულეტენისთვის მობილური ტელეფონით ფოტოს გადაღებას სთხოვენ, რითაც იგი დაადასტურებს, რომ ის არჩევანი გააკეთა, რაც მას აიძულეს. რეალურად, ეს სისხლის სამართლის დანაშაულია. აქ ორი ტიპის დანაშაული იკვეთება, როცა ამომრჩევლის ნებაზე გავლენის მოხდენა სურთ და მეორე, - ფარულობის დარღვევა. ორივე მათგანი სისხლის სამართლის დანაშაულია და, მთლიანობაში, სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამის მიუხედავად, ძალიან ხშირად, ადამიანებს ეშინიათ და ღიად არ სურთ წინააღმდეგობის გაწევა. თუმცა ამ შემთხვევაში, მაინც არსებობს გზა, რომ ასეთი უკანონო დავალების მიუხედავად, ამომრჩეველმა მაინც გააკეთოს სასურველი არჩევანი. ეს შემდეგნაირად შეიძლება - როდესაც ის კაბინაში შევა და ბიულეტენის შემოხაზვას დაავალებენ, მას შეუძლია, მართლაც შემოხაზოს ის, რაც დაავალეს, შემდგომში კი გადაუღოს ფოტო. ამით შეასრულებს მათ დავალებას, რის შემდეგაც დამატებით, ამავე ბიულეტენზე შემოხაზავს მისთვის სასურველ ნომერს და გადახაზავს ყველა სხვა საარჩევნო სუბიექტს. მთლიანად ხაზს გადაუსვამს და დატოვებს მხოლოდ ერთს, რომელსაც უნდა, რომ ხმა მისცეს. ანუ რეალურად, უკვე გადახაზულში მოექცევა შემოხაზული ნომერი, რომელიც მას აიძულეს, რომ შემოეხაზა.  

ამ გადახაზვების გამო ბიულეტენი ბათილად ხომ არ ჩაითვლება?

- კანონი ამბობს, რომ ბიულეტენი ბათილია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ ჩანს ან ნათლად არ ჩანს, ვის მისცა ხმა ამომრჩეველმა. ამ შემთხვევაში, კი ნათლად ჩანს, რომ ერთი შემოხაზული სუბიექტია დარჩენილი და ყველა დანარჩენი გადახაზულია.

ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ ამ არჩევნებზე თითოეული ამომრჩევლის ხმა დაცული იქნება. მაინც გარისკავენ სომხური კარუსელის გამოყენებას?

- ეს იმგვარი მეთოდია, რომ, რეალურად, ორ ადამიანს შორის წყდება შეთანხმების საფუძველზე. ეს არ ხდება უშუალოდ უბანზე, არამედ წინასწარ ხდება ამის დავალება, შემოხაზვა კი ხდება უკვე კაბინაში. რა თქმა უნდა, ამის აცილება შესაძლებელია, თუ დამკვირვებლები ან პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები თითოეული ხმის დაცვით იქნებიან დაინტერესებულნი და ეყოლებათ ადამიანები, რომლებიც ამ ყველაფერს დააკვირდებიან. ადამიანს, რომელიც სომხურ კარუსელში მონაწილეობს, როგორც მინიმუმ, ორჯერ უნდა ჰქონდეს შეხება ერთსა და იმავე პირთან - ერთი, როდესაც მისგან მიიღებს დავალებასა და კონკრეტულ ბიულეტენს, და მეორე, როდესაც უკვე გარეთ გამოვა და მას უნდა მისცეს ცარიელი ბიულეტენი. ყურადღებით დაკვირვების შემთხვევაში, შესაძლოა, ასეთ რამეს მიაგნონ. თუკი დაინახავენ, რომ ადამიანი შემოხაზულ ან ცარიელ ბიულეტენებს სხვა ადამიანს გადასცემს, ეს უკვე დარღვევაა. ერთი რამ მნიშვნელოვანია, საარჩევნო ბიულეტენი სახელმწიფო ქონებაა და მისი გარეთ გამოტანა არ შეიძლება. ასე რომ, თუ დაინახავთ, რომ ბიულეტენი ვინმეს აქვს გარეთ, მან უკვე დაარღვია კანონი და სახელმწიფო ქონება გამოიტანა უბნიდან, საიდანაც გამოტანის უფლება მას არ ჰქონდა.

ხომ შეიძლება, უბნიდან გამოტანილი ბიულეტენი მოქალაქემ .. დავალების მიმცემს უშუალოდ არჩევნებისთანავე არ გადასცეს და სხვა დროს გადასცეს?

- შეიძლება, ყველაფერი გამოეპაროს ადამიანს. შეიძლება, დაკვირვებულმა დამკვირვებელმა ერთი და ორი ფაქტი დაიჭიროს, თუმცა ყველა ფაქტის გამოვლენა ძნელი იქნება. ამიტომ ამომრჩეველმა საკუთარი თავის დაცვის გზა უნდა იცოდეს. საქართველოში ასეთი ფაქტები აღმოუჩენიათ ხოლმე. ერთ-ერთი ნიშანი იმისა, რომ სომხური კარუსელი ტრიალებს, ორი ბიულეტენის დარიგებაა. იმისთვის, რომ სომხური კარუსელი დატრიალდეს, აუცილებლად პირველი ბიულეტენი უნდა მოიპარონ უბნიდან. ძალიან ხშირად ამომრჩეველს ავალებენ, მხოლოდ ერთი ბიულეტენი ჩააგდოს კონვერტში და მეორე გამოიტანოს. თუ კონვერტში ერთი ბიულეტენია, ეს იმის საფუძველია, რომ ვივარაუდოთ, ამ უბანზე სომხური კარუსელი დატრიალდა. ყოფილა შემთხვევები, როცა ადამიანები თვითონვე აღიარებდნენ, რომ მათ დაავალეს, შემოეხაზათ და ტელეფონით გადაეღოთ ნომრისთვის.  

რაც შეეხება საიდენტიფიკაციო ნომერს, რატომ ვრცელდება ინფორმაცია, რომ საარჩევნო ბიულეტენს საიდენტიფიკაციო ნომერი აქვს მინიჭებული?

- ზოგადად, ყველა ბიულეტენს აქვს თავისი რიგითი ნომერი. ის არის დანომრილი თანმიმდევრობის მიხედვით. თუმცა, ასე რომ იყოს და ამომრჩევლის „გაშიფვრა“ შეეძლოთ, მაშინ ეს ნომერი უნდა მიაწერონ ყოველ კონკრეტიულ ამომრჩეველს. მაგრამ შემდგომში, დათვლის დროს, ამის იდენტიფიცირება რომ მოხდეს, თითოეული ბიულეტენის გახსნისას უნდა ნახონ, რა ნომერია და მოძებნონ, თუ ვისზე გასცეს ეს ბიულეტენი. როგორც წესი, ამგვარი რამ არ ხდება.

ანუ ეს პროცედურა შრომატევადია?

- შრომატევადიც არა, პრაქტიკულად, არარეალიზებადია. შეუძლებელია, თითოეულ ამომრჩეველს მიაწერონ, რომელი ბიულეტენი მისცეს და, კონკრეტულად, რომელი სერიული ნომრით, შემდგომში კი, დათვლისას, თითოეული ამ ბიულეტენის ნომერი უნდა მოძებნონ. ასეთი რამ ნამდვილად ვერ მოხდება, რადგან დათვლა ძალიან სწრაფად მიმდინარეობს. ამის მერე ბიულეტენები ილუქება და იგზავნება საოლქოში. აქედან გამომდინარე, ბიულეტენებზე წვდომა არ არის. საბოლოოდ, ეს ბიულეტენები ინახება.

წინა არჩევნებში არაერთი შემთხვევა ყოფილა, როცა კაბინაში შესვლამდე ამომრჩეველს ბიულეტენის საიდენტიფიკაციო ნომრის თქმა მოსთხოვეს და მისი გვარისა და მონაცემების გასწვრივ დაწერეს. ამან მაშინვე ეჭვი გააჩინა.

- პასპორტის ნომერს თავისთავად სთხოვენ, თუმცა ბიულეტენის ნომრის მოთხოვნა?! როგორც წესი, ამგვარი ჩანაწერი არ კეთდება.

ანუ, შეკითხვა - რა ნომრის ბიულეტენი აიღე - უკანონოა?

- რა თქმა უნდა, ასეთი კითხვა საარჩევნო უბანზე არ უნდა დაისვას. ამომრჩეველმა უნდა იცოდეს, რომ ბიულეტენის ნომერს არ ინიშნავენ. ეს უკვე თვითნებობაა, ამას კანონი არ ითვალისწინებს და მოგვიანებით ამის გადამოწმება, პრაქტიკულად, წარმოუდგენელია. თქვენ წარმოიდგინეთ, როცა დათვლა მიმდინარეობს, სათითაოდ იღებენ ბიულეტენს და კითხულობენ, თუ ვის მისცა ხმა ამომრჩეველმა. ამის შემდეგ უნდა ნახონ მისი საიდენტიფიკაციო ნომერი, უნდა მონიშნონ და სიას უნდა შეუდარონ, და ასეთი რამ უნდა გააკეთონ თითოეულ ბიულეტენზე, რაც, პრაქტიკულად, წარმოუდგენელია.

იმ შემთხვევაში, თუ უბნებზე საარჩევნო ბიულეტენის ნომერს მაინც გვკითხავენ, რათა ჩვენი გვარის გასწვრივ ბიულეტენის ნომერი მიაწერონ, უნდა გავაპროტესტოთ?

- ამის მიწერა ნამდვილად არ ხდება. არც დასჭირდებათ ამის კითხვა, რადგან თითოეულ ბლოკნოტში არის 50 ცალი ბიულეტენი და ბლოკნოტები პირველიდან 50-მდე დანომრილია. ამიტომ, როდესაც ფურცელს მოხევს რეგისტრატორი, მან ისედაც იცის, ის ბიულეტენი რა ნომერია. ვფიქრობ, ამას უფრო ფსიქოლოგიური ზეწოლისთვის ეკითხებიან, რადგან ამის აღნუსხვა წარმოუდგენელია. მაშინ უნდა იჯდეს რეგისტრატორი და სხვა საქმე არ უნდა ჰქონდეს, გარდა იმისა, რომ ამოწეროს თითოეული ნომერი. რაც მთავარია, ამ ნომერს გვარს ვერ მიაწერს და ამომრჩეველთა სიაში ვერ დაარეგისტრირებს. მაშინ მას უნდა ჰქონდეს ცალკე დოკუმენტი და იქ უნდა შეჰქონდეს ეს მონაცემი და, ამ ცალკე დოკუმენტის მიხედვით, დათვლისას თითოეული ბიულეტენის გადამოწმება უნდა მოახდინოს. ეს კი წარმოუდგენელია. ასე რომ იყოს, მაშინ დათვლა რამდენიმე დღეს გაგრძელდებოდა? თანაც, როგორც მინიმუმ, უბანზე შვიდი სხვადასხვა პარტიაა. ამას ემატებიან პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და დამკვირვებლები. ასე რომ, უბანზე ერთი ადამიანი მაინც იქნება ისეთი, რომელიც არ დაუშვებს ამას და წარმოუდგენელიცაა, უბანზე თვლა მიმდინარეობდეს. როგორც წესი, ორი საათიდან სამი-ოთხი საათის მანძილზე დათვლა დასრულებულია.