რუსეთს ვენესუელაში კერძო, დაქირავებული სამხედროები არ გაუგზავნია. ამის შესახებ განცხადება დიმიტრი პესკოვმა გააკეთა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის თქმით, მედიაში გავრცელებული ცნობა სიმართლეს არ შეესაბამება.
25 იანვარს სააგენტო Reuters-მა საკუთარ წყაროზე დაყრდნობით დაწერა, რომ რუსეთმა ნიკოლას მადუროს დასახმარებლად ვენესუელაში დაქირავებული სამხედროები გაგზავნა.
სააგენტოს ცნობით, ეს სამხედროები სავარაუდოდ დაკავშირებულები არიან ე.წ. ვაგნერის ჯგუფთან. ამ ჯგუფის წევრები რუსეთის არმიის ყოფილი მებრძოლები არიან. რუსეთის ოფიცერთა ასამბლეის თავმჯდომარის ცნობით, ვენესუელაში ჩასულ რუს კოტრაქტორთა რიცხვი დაახლოებით 400 ადამიანს შეადგენს.
23 იანვარს კარაკასში გამართულ მრავალრიცხოვან აქციაზე ოპოზიციის ლიდერმა, ხუან გუაიდომ საკუთარი თავი ვენესუელის პრეზიდენტად გამოაცხადა. ხუან გუაიდო ვენესუელის დროებით პრეზიდენტად უკვე აღიარეს: არგენტინამ, ბრაზილიამ, გვატემალამ, ჰონდურასმა, საქართველომ, კანადამ, კოლუმბიამ, კოსტა-რიკამ, პანამამ, პარაგვაიმ, პერუმ, აშშ-მ, ჩილემ, ეკვადორმა.
ნიკოლას მადუროს კი მხარდაჭერა გამოუცხადა რუსეთმა, თურქეთმა, ბოლივიამ, კუბამ, მექსიკამ და ურუგვაიმ.