ვენესუელის ოპოზიციის ლიდერი, რომელმაც თავი ქვეყნის დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა, მოსახლეობას ახალი საპროტესტო აქციების დაწყებისკენ მოუწოდებს. "პრეზიდენტ ნიკოლას მადუროსა და მისი ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული აქციები აუცილებელია 30 იანვარს, მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართოს,"- აცხადებს ხუან გუაიდო. ამ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.
გარდა ამისა, ვენესუელის ოპოზიციის ლიდერმა მოუწოდა ოფიციალურ ლონდონს, მადუროს რეჟიმს ქვეყნის ოქროს რეზერვზე წვდომის უფლება არ მისცეს. "მადუროს ხელისუფლება აპირებს გაყიდოს ოქრო და მიღებული თანხა ვენესუელის ცენტრალურ ბანკში გადარიცხოს,"- ამტკიცებს ხუან გუაიდო ინგლისის ბანკის მმართველ მარკ კერნისა და დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრ ტერეზა მეისადმი მიწერილ წერილში.
იქამდე კი ინგლისის ბანკმა ნიკოლას მადუროს დაახლოებით 1,3 მილიარდი ამერიკული დოლარის ღირებულების ოქროს გაცემაზე უარი უთხრა.
23 იანვარს კარაკასში გამართულ მრავალრიცხოვან აქციაზე ოპოზიციის ლიდერმა, ხუან გუაიდომ საკუთარი თავი ვენესუელის პრეზიდენტად გამოაცხადა. ხუან გუაიდო ვენესუელის დროებით პრეზიდენტად უკვე აღიარეს: არგენტინამ, ბრაზილიამ, გვატემალამ, ჰონდურასმა, საქართველომ, კანადამ, კოლუმბიამ, კოსტა-რიკამ, პანამამ, პარაგვაიმ, პერუმ, აშშ-მ, ჩილემ, ეკვადორმა, ისრაელმა.
ნიკოლას მადუროს კი მხარდაჭერა გამოუცხადა რუსეთმა, თურქეთმა, ბოლივიამ, კუბამ, მექსიკამ და ურუგვაიმ.