ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 5-წლიანი სტრატეგიული გეგმა შეიმუშავა, რომელიც 2019 წელს დაიწყება და 2023 წლის ბოლომდე გაგრძელდება. გეგმის მიზანი შემდეგი 5 წლის განმავლობაში მილიარდი ადამიანის ჯანმრთელობისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება, ასევე მთთვის საყოველთაო ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომის გაზრდაა. ინფორმაციას "ამერიკის ხმა" ავრცელებს.
2019 წელს, გლობალური ჯანდაცვის წამყვან პრობლემებს შორის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია 10 მთავარ საფრთხეს გამოყოფს და მათკენ მსოფლიოს ქვეყნების ჯანდაცვის სისტემების ყურადღების მიპყრობას ითხოვს.
2019 წლის მთავარ საფრთხეებად კი დასახელდა:
გარემოს დაბინძურება და კლიმატური ცვლილებები;
არაგადამდები დაავადებები - მაგალითად დიაბეტი, კიბო და გულ-სისხლძარღვთა დაავადებები. ექსპერტების აზრით, გადამწყვეტ როლს 5 ფაქტორი თამაშობს: თამბაქოს მოწევა, ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება, არაჯანსაღი კვება, ჰაერის დაბინძურება;
ვირუსული გრიპის (ინფლუენზა) გლობალური პანდემია;
სუსტი და მგრძნობიარე გარემო - მსოფლიოს მოსახლეობის 22% ისეთ ადგილებში სახლობს, სადაც ბუნებრივი პირობები და სუსტი ჯანდაცვა მათ სიცოცხლეს მაღალი რისკის ქვეშ ამყოფებს. საუბარია 1.6 მილიარდ ადამიანზე;
ანტიმიკრობული რეზისტენტობა - წამლების მიმართ რეზისტენტობის (მდგრადობის) გამომუშავებას ხელს უწყობს ანტიმიკრობული პრეპარატების საჭიროების გარეშე, ჭარბად, ან არადანიშნულებისამებრ (წამლის დროზე ადრე შეწყვეტა, არასაკმარისი დოზა, სიხშირე) გამოყენება. პრობლემას აღრმავებს მეფრინველეობაში, მეცხოველეობაში და თევზეულში ანტიბიოტიკების გამოყენებაც, რაც საბოლოო ჯამში, საკვების სახით, ისევ ადამიანის ორგანიზმში ხვდება;
ებოლა და სხვა საშიში პათოგენები;
სუსტი პირველადი ჯანდაცვა;
აცრებისთვის წინააღმდეგობის გაწევა - დღეს აცრების საშუალებით, ყოველწლიურად 2-3 მილიონი სიცოცხლის გადარჩენა ხდება. ადამიანები ნებაყოფლობით რომ არ ამბობდნენ უარს აცრებზე და იმუნიზაცია ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს, დაღუპვას დამატებით 1.5 მილიონი ადამიანი გადარჩებოდა;
დენგეს ცხელება - დენგეს ინფექცია კოღოს საშუალებით გადადის. ის ცხელების მაგვარი სიმპტომებით ხასიათდება და დაავადებულთა 20 პროცენტს კლავს. 2018 წელს დენგეს ცხელების დაახლოებით 390 მილიონი შემთხვევა დაფიქსირდა;
აივ-ინფექცია - დღეს აივ-ინფექციით დაავადებული 22 მილიონი ადამიანი მკურნალობს მსოფლიოში.
თუმცა, აივ-ინფექციით/შიდსით დაავადებულთა შორის, წელიწადში მაინც მილიონამდე ადამიანი იღუპება.