გერმანია, საფრანგეთი და ესპანეთი ვენესუელის პრეზიდენტ ნიკოლას მადუროზე ზეწოლას ზრდიან. სამი ქვეყანა აცხადებს, რომ ვენესუელის დროებით მმართველად ხუან გუაიდოს დაუჭერენ მხარს, თუ ნიკოლას მადურო 8 დღის განმავლობაში ახალი საპრეზიდენტო არჩევნების თარიღს არ დანიშნავს. ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარტინა ფიტცმა Twitter-ზე დაწერა, რომ ვენესუელელ ხალხს უფლება აქვს თავისუფლად და უსაფრთხოდ განსაზღვროს საკუთარი მომავალი.
"თუ შემდეგი 8 დღის განმავლობაში ახალი არჩევნები არ გამოცხადდება, მაშინ ჩვენ მზად ვართ ვენესუელის დროებით პრეზიდენტად ხუან გუაიდო ვაღიაროთ, რომელიც ასეთ პოლიტიკურ პროცესს დაიწყებს", - წერს მარტინა ფიტცი Twitter-ზე.
ესპანეთის პრემიერმინისტრის პედრო სანჩესის განცხადებით, მან ასეთი ქმედებისკენ ევროკავშირსაც მოუწოდა. სანჩესის მსგავსი განცხადება ჰქონდა Twitter-ზე საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსაც.
კარაკასში გამართულ მრავალრიცხოვან აქციაზე ოპოზიციის ლიდერმა, ხუან გუაიდომ საკუთარი თავი ვენესუელის პრეზიდენტად 23 იანვარს გამოაცხადა. ხუან გუაიდო ვენესუელის დროებით პრეზიდენტად უკვე აღიარეს: არგენტინამ, ბრაზილიამ, გვატემალამ, ჰონდურასმა, საქართველომ, კანადამ, კოლუმბიამ, კოსტა-რიკამ, პანამამ, პარაგვაიმ, პერუმ, აშშ-მ, ჩილემ, ეკვადორმა.
ნიკოლას მადუროს კი მხარდაჭერა გამოუცხადა რუსეთმა, ბელარუსმა, თურქეთმა, ბოლივიამ, კუბამ, მექსიკამ და ურუგვაიმ.