უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ფედერიკა მოგერინი ვენესუელის პრეზიდენტს ნიკოლას მადუროს თავისუფალი და გამჭვირვალე საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებს, რომელსაც საზოგადოების რეალური მხარდაჭერა ექნება. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
"თუ ახალი არჩევნების დანიშვნის შესახებ განცხადება არ გაკეთდება, ევროკავშირი შემდგომი ნაბიჯების განხილვას დაიწყებს, მათ შორის ქვეყნის ხელმძღვანელობის აღიარების საკითხზე, რომელსაც ვენესუელის კონსტიტუციის 233-ე მუხლი ითვალისწინებს", - განაცხადა ფედერიკა მოგერინიმ.
ნიკოლას მადუროს ულტიმატუმი გერმანიამ, ესპანეთმა და საფრანგეთმაც წაუყენეს. სამი ქვეყანა აცხადებს, რომ ვენესუელის დროებით მმართველად ხუან გუაიდოს დაუჭერენ მხარს, თუ ნიკოლას მადურო 8 დღის განმავლობაში ახალი საპრეზიდენტო არჩევნების თარიღს არ დანიშნავს.
კარაკასში გამართულ მრავალრიცხოვან აქციაზე ოპოზიციის ლიდერმა, ხუან გუაიდომ საკუთარი თავი ვენესუელის პრეზიდენტად 23 იანვარს გამოაცხადა. ხუან გუაიდო ვენესუელის დროებით პრეზიდენტად უკვე აღიარეს: არგენტინამ, ბრაზილიამ, გვატემალამ, ჰონდურასმა, საქართველომ, კანადამ, კოლუმბიამ, კოსტა-რიკამ, პანამამ, პარაგვაიმ, პერუმ, აშშ-მ, ჩილემ, ეკვადორმა.
ნიკოლას მადუროს კი მხარდაჭერა გამოუცხადა რუსეთმა, ბელარუსმა, თურქეთმა, ბოლივიამ, კუბამ, მექსიკამ და ურუგვაიმ.