რომანს, როგორც უძველეს ჟანრს, თუ მის საფუძვლებს ანტიკურ ეპოსში მოვიძიებთ, ჯერაც არა აქვს დასრულებული საზღვრები თუ განსაზღვრება, და შეიძლება ითქვას, რომ კვლავ იზრდება თუ მცირდება.
და მაინც, როცა რომანზე ვსაუბრობთ, ვფიქრობ, უმრავლესობა XVIII საუკუნის რომანს ვგულისხმობთ, ამ შემთხვევაში, ტრადიციულ ინგლისურ რომანს, რომელიც ბევრმა დიდმა მწერალმა მოსინჯა იმ საუკუნეში და ჰენრი ფილდინგმა თითქმის სისრულემდეც მიიყვანა, მაგრამ მაინც ვერ დაასრულა, როგორც ჟანრი.
რა ემართება ტრადიციულ რომანს ჩვენს დროში? - ისევ ინგლისურ ლიტერატურას ვგულისხმობ, ჩვენსას მოგვიანებით შევეხები.
ინგლისური რომანი გამუდმებით უტრიალებს ტრადიციულ რომანს, იკვლევს მას, მაგრამ არა ”ტრადიციონალისტური” კუთხით, არამედ იმისათვის, რომ იქ იპოვოს ძალები განახლებისა და გზის გასაგრძელებლად.
ამგვარ უკანმიხედვას თანამედროვე ინგლისელმა რომანისტმა მარტინ ემისმა ”პოსტმოდერნული ხრიკები” უწოდა და, ალბათ, მამამისის, სერ კინგსლი ემისის კვალსაც გულისხმობდა, თავის შემოქმედებაში.
ის რომ თანამედროვე ინგლისური რომანი ტრადიციის გარეშე ვერ ძლებს - და აქ არა მარტო თემებს ვგულისხმობ, არამედ თხრობის მანერასაც და სტილსაც - ალბათ, ყველაზე უკეთ პიტერ აკროიდის შემოქმედებაში მოჩანს.
პიტერ აკროიდი, ერთ ხანს, იელის უნივერსიტეტში სწავლობდა და მუშაობდა, რაც მაშინ დეკონსტრუქტივიზმის ერთ-ერთი ციტადელი გახლდათ და, ალბათ, ახლაც ასეა.
ბრიტანეთში რომ დაბრუნდა, მანაც გაილაშქრა თავისი წინამორბედების წინააღმდეგ (”შენიშვნები ახალი კულტურის გამო”), თავს დაესხა ბრიტანულ ჰუმანიზმსა და ემპირიზმს, გავულგარულებულ ინგლისელობას, რაც, მისი აზრით, მოჩვენებით ესთეტიკურ სუბიექტივიზმსა და რეალიზმის ყალბ კონტექსტს ეყრდნობოდა.
მეოცე საუკუნის ბოლოს აკროიდმა რამდენიმე რომანი დაწერა, სადაც წარმოაჩინა როგორც თხზულის შექმნის მაღალი უნარი, ასევე ისტორიის გადააზრების ნიჭი და არათხზულ რომანებში ბრიტანელობის საკუთარი ვერსია წარმოაჩინა.
ისიც უნდა ითქვას, რომ ინტელექტუალურ მისწრაფებებში, რაშიც ფრანკოფილიაც იგულისხმება და თანამედროვე მეცნიერებაც, პიტერ აკროიდი მარტო არ დარჩენილა ინგლისელ მწერალთა შორის, ამ გზას მრავალი მწერალი მისდევს, თუნდაც ზემოთნახსენები მარტინ ემისიც იკმარებს, და უნდა ვახსენოთ ფილოსოფოსი და მწერალი როჯერ სკრუტონიც.
სტილისტური მრავალფეროვნება და, მეტიც, განურჩევლობა, სხვადასხვა სტილების, ჟანრებისა და კულტურული დონეების შერევა, ინტერტექსტუალური ფენები და ყოველივე ამის ტრადიციული თხრობის მანერით, მაღალი ნარატივით გადმოცემა ჯერაც დამახასიათებელია თანამედროვე ინგლისური რომანისათვის.
ინგლისელი მწერლები ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის ბოლოს დაინტერესდნენ ისტორიის გადააზრებით, გადაიხარნენ ფრაგმენტაციისაკენ, რაც მოდერნიზმის ნოსტალგიად უნდა ჩავთვალოთ და დააპირისპირეს წარსული და გაუსაძლისი, აპოკალიპტური აწმყო.
ამ მხრივ გამოსარჩევია პიტერ აკროიდის, ერთი მხრივ, გვიანმოდერნისტული ჩაღრმავება ისტორიასა და არქეოლოგიაში და, მეორე მხრივ, სტრუქტურალისტური დაინტერესება ისტორიის ფენებითა და დონეებით, და, ამასთან ერთად, ინტერტექსტუალური კოდებით.
აკროიდი არ იკვლევს პიროვნებებსა და მათ ისტორიებს, იგი თანამედროვე მწერალია, ვისაც წინამორბედი ავტორები და ტექსტები აინტერესებს.
მაგალითად, მისი პირველი რომანი ”ლონდონის დიდი ხანძარი” (1982) იმდენად ლონდონსა და მეჩვიდმეტე საუკუნის კატასტროფას არ ეხება, რამდენადაც ჩარლზ დიკენსსა და მის ”პატარა დორიტს” ეხმაურება, თითქოს ამ ტექსტს იკვლევს, იმ ადგილებს მოინახულებს, დიკენსი რომ აღწერს, და გოტიკური განცდები გადმოაქვს თანამედროვე ლონდონში, აღავსებს დიკენსისეული ალუზიებით.
შემდგომაც, აკროიდი ინტელექტუალურსა და ექსპერიმენტულ პატივისცემას გამოხატავს დიკენსისა და სხვა ვიქტორიანელი მწერლებისადმი და ოსტატურად ბაძავს, ეგებ აპაროდიულებს კიდეც, მეცხრამეტე და არა მარტო მეცხრამეტე, საუკუნის მწერალთა სტილებს.
პიტერ აკროიდის თხზული რომანებიდან, მეოცე საუკუნის ოთხმოციან წლებში დაწერილ, ”ჰოკსმურს” მიიჩნევენ საუკეთესოდ, მისი სირთულისა და მრავალფენოვანობის გამო.
ჰოკსმური ანუ ნიკოლას ჰოკსმური (1661-1736) ისტორიული პიროვნება გახლდათ. იგი იყო არქიტექტორი და მუშაობდა ლონდონის მთავარ არქიტექტორ, სერ ქრისტოფერ ვრენთან, ვინც მრავალი ტაძარი ააშენა ლონდონში, მათ შორის წმ. პავლეს ტაძარიც. პიტერ აკროიდის რომანში არქიტექტორი ჰოკსმური გარდაიქმნება ნიკოლას დაიერად, პერსონაჟად, მეთვრამეტე სუკუნის არქიტექტორად, ვისაც სწამს სატანური ძალებისა და ტაძრების შენებისას მსხვერპლშეწირვის რიტუალს ასრულებს, ადამიანებს ხოცავს.
მისი სატანური მისტიციზმი უპირისპირდება სერ ქრისტოფერ ვრენის რაციონალიზმს, ვინც ეჭვით უყურებს თავისი ერთ-ერთი არქიტექტორის საქმიანობას.
აკროიდის ხრიკი ისაა, რომ რომანში, სახელ ჰოკსმურით, გამოყვანილია მეოცე საუკუნეში მცხოვრები დეტექტივი, ვინც იძიებს საიდუმლოებით მოცულ მკვლელობებს, რაც დაიერის მიერ (რეალობაში ისტორიული ჰოკსმურის მიერ) აშენებულ ტაძრებში ხდება, უკვე ჩვენს დროში.
სწორედ აქ აღწევს აკროიდისეული სტილური გაპიროვნება ძალზე მაღალ დონეს; როცა დაიერის გარემოშია, იგი წერს მეთვრამეტე საუკუნის სტილით, ბაძავს განსწავლულსა და ოკულტურ მეტყველებასა, ხოლო ჰოკსმურის მეოცე საუკუნის ამბები თანამდროვე სტილითაა გადმოცემული. და ორი ამბავი, ორი განსხვავებული სტილი და მეტყველება მოხერხებულადაა შერწყმული ერთმანეთში.
მოდით ახლა ჩვენი ავტორის ოცდამეერთე საუკუნეში დაწერილ რომანზე ვისაუბროთ. ”ჰოკსმური” ისტორიული რომანი არააო, დაიჟინებს პიტერ აკროიდი. ნეტა ”კლერკენველური მოთხრობები” თუა ისტორიული რომანი?
ისევ დიკენსი უნდა ვახსენო, რადგან, ჩემი აზრით, იგი ყველაზე უფრო მეტადაა აკროიდის წინამორბედი და ყველაზე მეტად მას ეყრდნობა პიტერ აკროიდი.
დიკენსიც ლონდონზე წერს და აკროიდიც, მაგრამ დიკენსი თავისი დროის ლონდონზე წერს, აკროიდი კი გარდასული წლების ლონდონზე. მას უყვარს კავშირი ისტორიასა და თანამედროვეობას შორის, უყვარს ლეგენდები და ხშირად თვითონ იგონებს მათ.
დიკენსი აღწერდა უსამართლობას, სიღატაკეს, ჩაგვრას, რათა უკმაყოფილება გამოეწვია მკითხველში არსებული მდგომარეობის გამო და შთაეგონებინა არსებული ვითარების შეცვლის საჭიროება. აკროიდი უფრო წიგნიერია, უყვარს საუბარი გარდასულ ფაქტებზე, ეძიებს და წარმოაჩენს ქალაქის მრავალფეროვნებას.
დიკენსი სენტიმენტალური იყო, აკროიდი კი ინტელექტუალურია!
ჯეფრი ჩოსერის ”კენტერბერიული მოთხრობებიდან” გვახსოვს, რომ აპრილი ის დროა, როცა ადამიანები საპილიგრიმოდ ემზადებიან.
აკროიდის გმირები არსად მიდიან, ისინი ლონდონში რჩებიან და მოქმედება აქ თებერვალში იწყება.
პიტერ აკროიდის მკითხველმა იცის, რომ ლონდონური ამბები განგრძობადი წყებაა თხზულებებისა, რომლებიც ერთ მთლიანობად უნდა წარმოვიდგინოთ. ”კლერკენველური მოთხრობები” ”კენტერბერიული მოთხრობების” გარდაქმნაა, ოღონდ, ორიგინალურ თხზულად, და სწორედ ამ წყებაში უნდა მივუჩინოთ ადგილი.
ეს რომანი შეიძლება ჩოსერისადმი პატივისცემადაც ჩავთვალოთ და თავხედურ ლიტერატურულ ძარცვადაც. აკროიდმა აიღო ჩოსერის პერსონაჟების სახელები და სულ სხვა პოლიტიკური ამბის გადმოსაცემად მოიმარჯვა. საქმე ისაა, რომ ეს რომანი, მასში მოთხრობილი ამბები, ქრონოლოგიურად, შექსპირის ”რიჩარდ მეორესთან” უფრო ახლოსაა, ვიდრე ჩოსერის ”კენტერბერიულ მოთხრობებთან.”
როცა აკროიდი წარსულით ინტერესდება ანუ იძირება მასში, მისი მიზანია გადმოსცეს ახალი, არაორთოდოქსულად რელიგიური ინგლისის ახალი ეპოქა, ახალი მიმართულებანი, სულიერი გამოძახილი, ახალი გამოცდილებანი და ამას შორეული წარსულში მცხოვრები ადამიანების გაცოცხლებით ახერხებს.
სწორედ ამაზეა მისი რომანები, დაწერილი ბლეიკზე, ოსკარ უაილდზე, ტ.ს. ელიოტზე, ჩატერტონზე, ჰოკსმურზე, დიკენსზე, ტომას მორზე და სხვა.
რომანი კლერკენველის ღვთისმშობლის მონასტრის წინამძღვრის, აგნეს დე მორდონტის ამბით იწყება; ვერაა საქმე კარგად მის მონსტერში: კლარისა, ერთი უკანონოდ შობილი მონაზონი, სახადის მოხდის მერე, ქადაგად დაცემულა და მომავალს წინასწარმეტყველებს.
ქვეყანა ისედაც არეულია. ქიშპობენ მეფე რიჩარდ მეორე და ჰენრი ბოლინგბროკი (მომავალი მეფე ჰენრი მეოთხე). ხალხში ხმები ვრცელდება შფოთისა და აჯანყების შესახებ. ქალაქის მამებს ვერ გადაუწყვეტიათ ვისი მხარე დაიჭირონ. შეშლილი მონაზვნის წინასწარმეტყველებანი ხელს უწობს შფოთის გაღვივებას.
აკროიდი ოცდაორ ამბავს მოგვითხრობს, თვითეული დასახელებულია ჩოსერის შესაბამისი პერსონაჟის მიხედვით, (წინამძღვარი, ბერი, ვაჭარი, კლერკი, იომენი, ფრანკლინი, რაინდი, მოურავი, ექიმი, მნე, აღმასრულებელი, მეწისქვილე, ბათელი ქალი, და სხვა) მაგრამ თვითონ ისინი კი არ მოგვითხრობენ, არამედ მათზე მოგვითხრობენ. რომანი მოზაიკურად ეწყობა და საიდუმლოს მხოლოდ მაშინ შევიტყობთ, როცა მწერალი მოინდომებს, რომანის ბოლოში.
მონაზონ კლარისას წინასწარმეტყველებანი, ინგლისის ყველა ტაძარი დაინგრევა და გაცამტვერდებაო, ზუსტად ჯდება მიმდინარე პოლიტიკური და თეოლოგიური მოვლენების აურზაურში. მაგრამ იგი ზუსტად იწინასწარმეტყველებს ტერორისტულ აქტების ადგილსა და დროს, რაც უნდობლად განწყობილებსაც გაუძლიერებს ეჭვებს და იმათაც დააეჭვებს, ვისაც სჯერათ მისი.
მონაზონის შავბნელი მკითხაობა ბოლინგბროკის მეგობრების მზაკვრული გეგმების წისქვილზე ასხამს წყალს.
აქვეა ბერი უილიამ ექსმიუ თავისი ბოროტი ზრახვებით, ვინც კლარისას წინასწარმეტყველებას თავისი გეგმებისათვის იყენებს. იგი საიდუმლო ჯგუფს მეთაურობს (ლოლარდების სექტას?), რომელიც ინგლისის ეკლესიის განწმენდას ისახავს მიზნად. ისინი ”სიმართლეს ემსახურებიან”, ”წინასწარმცნობი” და ”რჩეული” კაცები არიან.
ეკლესიის გასაწმენდად, ტერორისტულ საქმიანობას გააჩაღებენ ლონდონში. უარჰყოფენ ეკლესიას, საეკლესიო რიტუალებს, საეკლესიო იერარქიას და, როგორც ქრისტეს ჭეშმარიტ მიმდევრებს, ყველა ცოდვა მიეტევებათ, მკვლელობაც, ხანძრის გაჩაღებაც, აფეთქებაც - ყველაფერი ღვთის ნებაა. ვინც გადაგვეღობება ღმერთი დაწყევლისო, ასწავლის ექსმიუ, მკვლელობა გათავისუფლებააო. მკვლელიცა და მოკლულიც საწყისს უბრუნდებიანო და სიკვდილიც არაა საშიში, რადგან ხსნა ახლოსააო.
ძალაუდატანებლად გაგვახსენდება თანამედროვე ტერორისტული ორგანიზაციების საქმიანობა და ის გულუბრყვილო ხალხიც, ვინც ძალაუფლების მაძიებლებისა და მპყრობელების სურვილებს ეწირებიან. აშკარაა თანამედროვე საგიჟეთის ანალოგია, ”დიადი” მიზნისათვის ყველაფერი დასაშვებია, წინააღმდეგობის გაწვა დაუშვებელია.
მხოლოდ ერთ კაცს, ექიმს, სურს წინ აღუდგეს ამ სიგიჟეს, მაგრამ ვერ აცნობიერებს თუ რა ძალას უნდა შეებრძოლოს . . .
”კლერკენვილის მოთხრობების” გარემო სისატიკითაა მოცული და სისხლის სუნი ტრიალებს, პოლიტიკურად არამდგრად ქალაქში შიში დაბუდებულა. თითქოს დიკენსისებური პირქუშ გარემოს მოგვაგონებს, მაგრამ აქ სოციალური უთანასწორობა კი არა რელიგიური და თეოლოგიური ბრძოლა მძვინვარებს. მეთოთხმეტე საუკუნის პოლიტიკური წინააღმდეგობანი ცოდვის საკითხს უტრიალებს, მაგრამ, „ჰოკსმურისაგან“ განსხვავებით, დემონურ საკითხებზე მეტად ძალაუფლებისათვის ბრძოლის მაკიაველურ შეთქმულებებს ვხვდებით.
შეთქმულთა მიზანია დაამხონ პაპისა და ეპისკოპოსების ძალუფლება; ამიტომ თესავენ შფოთსა და შიშს ლონდონის მოქალაქეებში. იმედი აქვთ, რომ რიჩარდ მეორეს ჩამოაგდებენ და ბოლინგბროკს დასვამენ ტახტზე.
აკროიდის დამოკიდებულება რეფორმაციისადმი გაურკვეველი და როგორღაც დაბრკოლებულიც არის. მან იცის რომ ჩოსერისდროინდელი, კათოლიკური ეკლესია განწირული იყო დასაღუპავად და არავითარი წინასწარმეტყველებანი არ უშველდა, მაგრამ ეს უკვე მოხდა და აკროიდის მსჯელობა ამ მხრივ ერთგვარი ანაქრონიზმია.
ჩოსერს ეჭვი არ ეპარებოდა კათოლიციზმის აუცილებლობასა და საყოველთაობაში. ამიტომაა, რომ მისეული სატირა და მხილება, ინდულგენციების გამყიდველისა თუ ეკლესიის სხვა მსახურთა, ღვთისგმობისა და ურწმონოების ნიმუშად კი არ უნდა განვიხილოთ, არამედ მის რწმენად, რომ ქრისტიანობას ვერაფერი შეარყევდა და ვერც შიგნიდან კრიტიკა თუ მხილება დაუშავებდა რამეს.
რა შეგვიძლია ვთქვათ თანამედროვე რომანზე აკროიდის თხზულების გადმოსახედიდან?
რომ რომანი აღარ არის მხოლოდ შეთხზული ერთი ტექსტი, არამედ სხვა ტექსტებთანაა კავშირში!
- ადრინდელი ანუ ჯორჯიანული თუ ვიქტორიანული რომანიც ხომ ასე იყო, ისიც კავშირში იყო წინამორბედ ტექსტებთან, ოღონდ იქ გრძნობებსა და თხზულს მთლიანად ჰქონდა დაპყრობილი სამოქმედო სივრცე, აქ კი ალუზიები და ინტელექტი, მეცნიერება და დაკვირვება დომინირებს, რაც მოდერნიზმის ეპოქაში იწყება და აგერ აქამდე მოდის.
აკროიდი ისტორიაში იქექება და თანამედროვეობას უპარალელებს; - კლასიკური რომანიც ასე იქცეოდა, ამბავი ტყუილად არ ითხზვებოდა, რაღაცა ჰქონდა მიზნად ავტორს.
და როცა აკროიდმა ჩოსერი და შექსპირი „გაქურდა,“ იცოდა, რომ მისი „ქურდობა“ გამართლებული იქნებოდა, რადგან წარმოსახვა შეაძლებინებდა სრულიად ახალი და მაღალი რანგის რომანის შექმნას. და მხოლოდ ის, ვისაც ”კლერკენველური მოთხრობები” ყურადღებით აქვს წაკითხული, დამეთანხმება, რომ ეს სრულიად ახალი თხზულია, ახლებურად გააზრებული ფაბულით, ორიგინალურად განვითარებული სიუჟეტითა და ავტორის ფანტაზიით შექმნილი პერსონაჟებით.
სიუჟეტი დეტექტივის ჩახლართულობით ვითარდება და უკვე წიგნის შუაგულში ვგრძნობთ, რომ ოცდამეერთე საუკუნის ლონდონში, ან სხვა ევროპულ ქალაქში ვართ და თანამედროვე პროცესების მოწმენი ვხდებით. და, როგორც სხვა რომანებში, აკროიდის ხილვები, ჭვრეტები და ისტორია ერთმანეთს შეერწყმის და იქმნება უცხო, დიდი წარმოსახვის ნაყოფი. და თუნდაც არ გვჯეროდეს სულიერებისა და ჯადოსნობისა ისე, როგორც აკროიდს სჯერა, ძნელია არ მოგვეწონოს მისი თამამი მცდელობა შუა საუკუნეების გათანამედროვეობისა.
ორიოდე სიტყვა იმის შესახებაც ვთქვათ, თუ რა აწუხებთ ინგლისელ მწერლებს ბრეკსითამდე და მის დროს.
მარტინ ემისმა დაწერა ერთგან, მუსლიმების საკითხი მაშინ მოგვარდება, როცა ისინი საკუთარ სახლს მოაწესრიგებენო, მანამდე კი მოგზაურობა უნდა შევუზღუდოთ და ინგლისიდან გავასახლოთო. ამას გამოეხმაურა ლიტერატურათმცოდნე ტერი იგლტონი და დაგმო მარტინ ემისის აზრი, როგორც ქსენოფობიური და მის გარდაცვლილ მამასაც გადაწვდა მსგავსი კრიტიკით.
ამავე საკითხს ჩაღრმავებია ფილოსოფოსი როჯერ სკრუტონიც, ვინც სულ სამი რომანის ავტორია და მათში სოციალურსა და პოლიტიკურ თემებს ამუშავებს; მას ქსენოფობიაზე მეტად ოიკოფობია (საკუთარის სიძულვილი) ადარდებს და ინგლისელთა ბედ-იღბალის გამო უფრო წუხს ვიდრე სხვებისა. რომანში, ”გამქრალი”, იგი აღწერს ადამიანის მოტაცებისა და სქესობრივი შევიწროვების ამბებს და, აქვე, პოლიციის მდგომარეობას, რომელსაც სურს აქტიურად იმოქმედოს, მაგრამ ეშინია, რომ რასიზმსა და ისლამოფობიას დააბრალებენ. სხვათა შორის ამ და სხვა მსგავს საკითხებზე არაერთხელ უკამათიათ როჯერ სკრუტონსა და ტერი იგლტონს.
მაგრამ რაკი როჯერ სკრუტონი ფილოსოფოსი და ესეისტი უფროა, მოდით რომანისტ მარტინ ემისს დავუბრუნდეთ.
მარტინ ემისის ყველაზე ცნობილი და, ალბათ, საუკეთესო რომანი, „ფული, თვითმკვლელის ბარათი,“ ძველ, ფუნდამენტურ ტრადიციას მისდევს. რომანის ფაბულა ბანალურია, კაცს გააცურებენ და მშრალზე დატოვებენ. დაიღუპა კაცი, ეგებ კიდეც გადარჩეს, მაგრამ სრულიად განადგურებულია. ამ წიგნის ღირსება სწორედ ისაა, რომ მასში გაცოცხლებულია ტრადიცია რომანისა და წიგნში მოთხრობილი დრამატული ამბები და მძაფრი, წინამორბედთა, დიდ ინგლისელ მწერალთა, ბადალი სატირა, ბოლოს ერთ უბრალო საკითხამდე მიდის, ჩვენ რაღას ვაკეთებთ ყველანი, როცა მოწმენი ვხდებით, რომ კაცი გაცურებულია და მშრალზე დატოვებულიო.
ეს წიგნი ერთგვარი აღსარებაა მწერლისა, ტყუილად არ ჰქვია პროტაგონისტს სახელად ჯონ სელფი (თვითონ), მაგრამ ეს მაინც არაა ავტორი, იმიტომ, რომ მარტინ ემისიც ერთ-ერთი პერსონაჟია რომანისა; ალბათ ამ „პოსტმოდერნისტული ხრიკის“ გარეშე არაფერი გამოვიდოდა და მთავარი საიდუმლო იმაშია, რომ ჯონ სელფს (პროტაგონისტსა და ნარატორს) არ დაუწერია „თვითმკვლელის ბარათი,“ იგი საკუთარ ხელწერას ვერ ცნობს და არც მისტერ ემისს ახსოვს რომ დაეწეროს; ისე გამოდის თითქოსდა ვიღაცამ გონდაკარგულმა დაწერა და მედიუმის საშუალებით გადმოეცათ სავსებით იმპერსონალური ამბავი.
ამ რომანების განხილვა დაგვარწმუნებს, რომ დაშორებისა და მრავლფეროვანი ექსპერიმენტების მიუხედავად ინგლისელი რომანისტები ტრადიციულ ფესვებს არ ეშვებიან და ვიქტორიანელ მწერალთა მსგავსად, კვლავ ინგლისის მდგომარეობაზე (Condition of England) წერენ, მეტიც ვიქტორიანული რომანის ხმები ისმის მათ რომანებში და უფრო შორსაც მიდიან მეთვრამეტე საუკუნისაკენ, როცა ფილდინგი რომანის ფორმას აყალიბებდა.
ამას გარდა, უფრო პოპულარულ მწერლობას, „ფენტეზის“ რომ მივმართოთ და ჩავუკვირდეთ, კ. ს. ლუისისა და ჯ.რ.რ. ტოლკეინისაკენ მიბრუნებას კი არ დავინახავთ მხოლოდ, სკოტისა და უოლპოლისაკენ გაკვალულ ბილიკებსაც აღმოვაჩენთ.
************
თანამედროვე ქართული მწერლობის საუკეთესო ნაწილიც ტრადიციას უბრუნდება, საქართველოს მდგომარეობაზე წერას ცდილობს.
საქართველოში რომანის განვითარება მაშინ იწყება, როცა დაპყრობილ ქვეყანაში საშუალო კლასი გაჩნდა და, ავად თუ კარგად, საზოგადოებრივი ცხოვრება დაიწყო. პარადოქსულია, სახლმწიფო აღარ გვქონდა და რომანი კი შევქმენით. ეს ინგლისთან შედარებით საუკუნენახევრისა თუ მეტის შემდეგ მოხდა. მეცხრამეტე საუკუნის პირველი ნახევრიდანვე ქართული პროზის ნიმუშები ჩნდება, მაგრამ ქართული რომანი, ეპიური გაშლილობით, ალექსანდრე ყაზბეგთან წარმოდგება მთელი სისავსით და მერე კი ვასილ ბარნოვი მოჰყვება. ისინი წერენ ისტორიასა და თანამედროვეობაზე და მათ ნაწარმოებებში აირეკლება საქართველოს მარადიული ყოფაცა და კონკრეტული ვითარებაც მეცხრამეტე-მეოცე საუკუნეებში.
მეოცე საუკუნის ოციან წლებში ასპარეზზე მოდერნისტი რომანისტები გამოდიან. მოდერნისტულ რომანში პიროვნების ხასიათში წვდომა ხდება წარმმართველი და თავგადასავალი ადგილს უთმობს ფსიქოლოგიურ წიაღსვლებს. ამ გზით მიდიან მიხეილ ჯავახიშვილი, კონსტანტინე გამსახურდია და გრიგოლ რობაქიძე.
მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში ოთარ ჩხეიძე ოცდაოთხი რომანისაგან შემდგარ, ვრცელ ეპეპეას წერს, ”მატიანე ქართლისაი.” აქ პროტაგონისტი საქართველოა, მაგრამ თვითეულ რომანს თავისი რთული სიუჟეტი აქვს და მრავალფეროვანი ხასიათები.
ამ ხაზს სხვა მწერლებიც მიჰყვებიან, თუმცა გვხვდება გადახვევებიც, როცა მწერლის თავგადასავალი და პიროვნული ხასიათი გამოდის წინა პლანზე, ოთარ ჭილაძე, „აველუმი“), მაგრამ ასეთი რომანი მაინც თხზულია და არა ავტობიოგრაფია. სამაგიეროდ, ჯემალ ქარჩხაძისა და გურამ დოჩანაშვილის თხზულ რომანებში იშლება ფანტაზია და წარმოსახვა.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და სამოციან-სამოცდაათიან წლებში ასპარეზზე გამოსული მწერლები საქართველოში არსებულ ვითარებაზე მოგვითხრობენ, საქართველოს აღწერენ და ამას ტოტალიტარულ რეჟიმის ცენზურის პირობებში ახერხებებენ. ამ მწერლებმა შეძლეს ქართულ ლიტერატურაში ადგილი თავისი სტილითა და სათქმელით დაემკვიდრებინათ.
დღეს ქართული რომანის მთავარი ნაკადი, არსით, მეოცე საუკუნის დინებას მიჰყვება, თუმცა მას გამოეყო ერთი მიმართულება, რაც სხვა გზით წასვლას ცდილობს. ამაზე მოგვიანებით.
ნაირა გელაშვილისა და გურამ გეგეშიძის ბოლოდროინდელ რომანებში, პოსტმოდერნისათვის დამახასიათებელი ინტერტექსტუალური და სუბიექტივისტური ნაკადი შემოდის; ეს უფრო მეტად ნაირა გელაშვილის რომანზე,”ჩემი ჩიტი, ჩემი თოკი, ჩემი მდინარე . . .,” ითქმის, სადაც თხზულს ხშირად ენაცვლება არათხზული, პროზას კი - პოეზია.
გურამ გეგეშიძის რომანი, „ნათლისქრობა,“ მთლიანი თხზულია და ავტობიოგრაფიული ელემენტების გამოცნობა მხოლოდ მწერლის ცხოვრებისა და თავგადასავალის, მისი დროის თბილისისა და მთლიანად საქართველოს ამბების მეტ-ნაკლებად მცოდნეთათვისაა შესაძლებელი.
დღეს ხშირად გავიგონებთ მათგან, ვისაც ქართული ლიტერატურის კითხვა ეზარებათ, - ეს რამხელა წიგნი დაუწერიაო! ვერ გამიგია რა უნდათ? დიდი, ვრცელი წიგნების წერა ევროპული რომანისტიკის ტრადიციაა და პოსტმოდერნიც არ გასულა ამ ტრადიციიდან.
ნაირა გელაშვილისა და გურამ გეგეშიძის რომანები სწორედ ასეთია.
ნაირა გელაშვილის რომანს პროტაგონისტი არა ჰყავს, უფრო სწორად, რომანის პროტაგონისტია ხევის ქუჩა, სადაც ცხოვრობენ და მოქმედებენ რომანის გმირები. ხევის ქუჩა, ხევი, მდინარე და მკერჩამოხერხილი მთა თითქოს ფონად უნდა გაჰყოლოდა რომანის განვითარებას და გასდევს კიდეც, მაგრამ რომანის მთავარ გმირადაც გვევლინება.
რომანი დღევანდელობაზეა, დღევანდელი თბილისი და საქართველოა დახატული, დახატულია ექვსი წლის წინ დასრულებული, ის ცხრა წელიწადი; ესაა რომანი წინასწარმეტყველება, რადგან მასში 2011-2012 წელს მომხდარი და დახატული ამბები 2015 წელს აღსრულდა მდინარე ვერეს ადიდებითა და ტრაგიკული შედეგებით.
რომანი დღევანდელობაზეა, რადგან ის ცხრა წელიწადი უკვალოდ არ ჩავლილა, არ გარდასულა, თავს გვახსენებს ყოველდღიურად. დავივიწყოთო, ჩაგვჩიჩინებენ იმ ცხრა წლის არქიტექტორები, ასე სურთ, რადგან ”წინ წასვლას” ანუ უკან მობრუნებას, ახალი ცხრა წლის მოტანას გეგმავენ. წარსულის დავიწყება არ შეიძლება, არც საქართველოს მთელი წარსულისა და არც იმ ცხრა წელიწადისა და არც განვლილი ექვსი წლისა, რადგან თუ დავივიწყებთ, დემაგოგების მიერ გაბრუებულ, დაბნეულ, ელექტორალურ ბრბოდ გადავიქცევით.
სიტყვა ”დახატული” რამდენჯერმე ვახსენე და შემთხვევით სულაც არ წამომისვრია, რადგან ნაირა გელაშვილი არა ოდენ მთხრობელია, არამედ მხატვარიცაა. ამ რომანში, ისევე როგორც სხვა თხზულებებში, მხატვარი მთხრობელს დაჰყვება გვერდით და ხატავს, ხატავს ხევის ქუჩას, მის ბინადრებს, ხევს, მდინარეს, მკერდჩამოხერხილ მთას, ჩიტს, ტყვეობასა და გათავისუფლებას.
პოსტმოდერნული ნაკადი მძლავრია ნაირა გელაშვილის თხზულში. მხოლოდ დოკუმენტურ ჩანართებსა და პოემას არ ვგულისხმობ; რომანი პერსონაჟთა პორტრეტებისა და თავგადასავლების ალბომადაა დალაგებული; მოჩანს თანამიმდევრულობა, როგორც საოჯახო ალბომში, მაგრამ თანამიმდევრულობა პორტრეტთა ასაკს კი არ მიჰყვება, არამედ - რომანის განვითარების გზას; და ისიც აღსანიშნავია, რომ პორტრეტებისა და თავგადასავლების მხატვრული თუ ემოციური სიძლიერე და სილამაზე სიუჟეტისა განვითარებას კი არ ეხმარება, არამედ ასუსტებს კიდეც და კინაღამ ხელიდან დაუსხლტეს მკითხველს, მაგრამ ბოლოს, მაინც ხევის ქუჩაზე ბრუნდება.
საზოგადოებრივი ცხოვრება ანუ აღწერა თანამედროვე საზოგადოებისა, რა თქმა უნდა, წარმმართველი იდეაა რომანისა, მაგრამ სიუჟეტი და ხასიათებიც არსებითი ნაწილებია და როცა რომელიმეს გაუჭირდება, მეორემ ან მესამემ უნდა იტვირთოს გამაერთიანებლის როლი.
გურამ გეგეშიძის რომანში ეს ფუნქცია მთავარ გმირს აკისრია, ნაირა გელაშვილთან - კოლაჟის მრავალფეროვნებასა და ერთიანობას. და უნდა ითქვას, რომ ორივე შემთხვევაში დაღავდება თხრობა და ავტორები მძიმედ შრომობენ, თუმცა, არა ამაოდ, თხრობის ჯაჭვის შესაკრებად.
გურამ გეგეშიძის რომანი ვრცელი თხზულია და მასში აღწერილია მეოცე საუკუნის მეორე ნახევარი. რომანის ფაბულა ”ოდისეასეულია” ოღონდ შეცვლილი ფინალით. რომანის გმირის ოდისეა საქართველოს ორ საბედისწერო ბრძოლას, 9 მარტსა და 9 აპრილს შორის ვითარდება და დახატულია მძიმე ოცდაცამეტი წელი. მთავარი გმირი, გიორგი უნდილაძე - ეს გვარსახელიც არაა შემთხვევით შერჩეული - მთელ იმდროინდელ საბჭოთა კავშირს შემოივლის და საქართველოში ბრუნდება. 9 აპრილის ტრაგიკული დღის მხილველი და მონაწილე, მიხვდება, რომ ქართველთა მარადიული ურჩობასა და დამოუკიდებლობისაკენ სწრაფვას უგუნურებაცა და თავქარიანობაც ერთვის და, თუ არა ღვთის მოწყალება, ჩვენ ვერაფერი გადაგვარჩენდა.
იგივე ფაბულას იყენებს თემურ ბაბლუანი თავის რომანში ”მზე, მთვარე და პურის ყანა, (მანუშაკა მელოდება).” ეს რომანი ერთი ამოსუნთქვით იკითხება, ავტორი პირველ პირში მოგვითხრობს, სიუჟეტს ლინეარულად ავითარებს და თითქოს არც უნდა ველოდეთ მრავალფეროვან და მრავალწახნაგიან ეპიურ თხრობას, მაგრამ ნარატივი სწორედ ეპიურია; თბილისში იწყება მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში და აქვე ბოლოვდება, ჩვენს დროში. რომანი ”ჰეფი ენდით” მთავრდება, თუმცა კი ამბავი ტრაგიკულია, ფათერაკიანი, დაუჯერებელი, მძიმე და ხანდახან დამთრგუნველიც. თემურ ბაბლუანი თავის ფილმებშიც მთხრობელია, მაგრამ იქ ხატვაც არის, ფსიქოლოგიაც, სოციალური ფონიც; სოციალური ფონი აქაცააა, მაგრამ მაინც მთხრობელი დომინანტობს; პროტაგონისტი ამბავს გვიყვება მოკლე წინადადებებით, ჩქარობს გვიამბოს ნახევარი საუკუნის ამბავი და აგვიყოლიებს და ესწრაფვი დაასრულო, გაიგო რა მოხდება. მე მაინც მგონია, რომ რომანი იქ უნდა დასრულებულიყო, სადაც მთავარ გმირს, სიკეთის სანაცვლოდ, ციხიდან თავდაღწევის შანსი ეძლევა, საბუთს გადასცემენ, მატარებელში უნდა ჩაჯდეს და თბილისისაკენ წამოვიდეს, სადაც მანუშაკა ელოდება. თხუთმეტი წელი ცნობიერების დაკარგვა და ოდამეერთე საუკუნეში გაღწევა ისეთი ბუნებრივი აღარაა, როგორც რომანის ძირითადი ნაწილი, თუმცა ამ, მეორე ნაწილის დეტექტური ქარგაც თავისთავად საგულისხმოა, მაგრამ ”ჰეფი ენდი” და სეკულარული ესქატოლოგიით გაჯერებული ფინალი უტოპიურ ოცნებას ჰგავს.
სწორედ ასე აბოლოვებს სხვა ქარგაზე აგებულ, მეტად საგულისხმო რომანს, ”ერთიც გაგვიცინე გუინპლენ”, ლაშა თაბუკაშვილი და ამაგვარ თანხვედრაში ვხედავ ერთი თაობის ქართველ მწერალთა მოთხოვნილებას ძალა მოაკრებინონ ქართველებს და საქმეები მოაწესრიგებინონ; და მოჩანს სამოც-სამოცდაათიან წლებში დავაჟკაცებული თბილისელების ნოსტალგია, ჯორჯიანულ-ვიქტორიანული ინგლისური რომანისა და ამერიკული ფილმების ჰეფი ენდისადმი.
თანამედროვე ქართულ პროზაში გამოირჩევა როსტომ ჩხეიძე, ოცდაოთხი (მეტი) არათხზული რომანითა და მრავალი მცირე თხზულებით, რომელნიც ქართველთა ცხოვრებაზეა დაწერილი. ეს ეპოპეა ქართველი მწერლებისა და მოღვაწეების ცხოვრებას გამოამზეურებს და ახლებურად/ძველებურად, არასაბჭოურად დაალაგებს.
აქ მისი რომელიმე რომანის განხილვას არ ვაპირებ, ხსენება იმისათვის დამჭირდა, რომ აღმენიშნა, მკითხველი მის ნაწერს სხვისაში ვერ აურევს და პირველი წინადადებიდანვე იცნობს ავტორს, რადგან ამ მწერალს თავისი სტილი აქვს.
ნაყოფიერებით აკა მორჩილაძეც გამოირჩევა, მასთანაც ნიშანდობლივია სტილის ძიება, მაგრამ ვერ იტყვი, რომ ერთი, დადგენილი სტილი ჰქონდეს, იგი უფრო თამაშობს სტილებით, და თუ ერთ თხზულში თუ a’ la დოჩანაშვილის ლექსიკით წარმოგვიდგება, მეორეში იმერული კილოკავით ჩაივლის მთელ ნაწარმოებს და ა. შ. ამით იგი დასავლური მწელობის (ვთქვათ, აკროიდისეულ) ერთ-ერთ ტენდენციას ეხმაურება თუ უერთდება.
მწერალი სტილით უნდა გამოირჩეოდეს! უსტილო მწერალი მწერალი არაა!
ნაირა გელაშვილის სტილი აჩქარებულია, ნერვიული და ზიგზაგიანი. აქ თეზისს მისდევს ანტითეზისი, ხშირია შინაგანი მსჯელობა, კამათი და შეხლა-შემოხლა; ხშირად ყოველი ახალი თეზისი ანუ აბზაცი იწყება სიტყვებით: მაგალითად, მაგრამ, და საერთოდ, თუმცა, რაც შეეხება. . . და მერე მოდის რიტმული, დინამიური თხრობა, ხან აჩქარებული და ხანაც შენელებული, ხან სულაც შეგუბებული, მაშინ, როცა ავტორი ხატვას იწყებს.
გურამ გეგეშიძე სიტუაციას აღწერს თხრობის დაწყებამდე და არც გარემოს ხატვა ავიწყდება; მისი სტილი მდორედ მოედინება და ზოგჯერ მძიმდება კიდეც, გუბდება, მაგრამ მუდამ პოულობს გამოსავალს და გზას გაიკვალავს მოკლე წინადადებებით, სანამ გაივაკებდეს და კვლავ წამოვა რთული, გრძელი წინადადებები. გურამ გეგეშიძის სტილი მკითხველის მოთმინებას მოითხოვს, სანამ მწერლის საინტერესო სამყაროში შეუძღვება.
ლაშა თაბუკაშვილის სტილი უფრო სადაა, მაგრამ გამოსარჩევი ნიშნებით აღბეჭდილი, მასში იცნობა უხამსობისაგან გასუფთავებული ურბანული კოლოკავი.
უსტილობა პროლეტარული მწერლობიდან წამოსული მძიმე დაავადებაა; მაშინ სტილი არ შეიძლებოდა, მაშინ ყველას ერთნაირად, გასაგებად, სოცრეალისტურად უნდა ეწერათ. და ეს დაავადება დღემდე გამოგვყვა და ახალი, საყმაწვილო სნეულებაც შეუერთდა, ქართული ტრანსგრესიული მწერლობის სახით.
ტრანსგრესიული მწერლობა იმ მწერლებსა და მათ პერსონაჟებს წარმოაჩენს, რომელთაც არ სურთ შეიზღუდონ საზოგადოებრივი წესებითა თუ ნორმებით და გაურბიან, ეწინააღმდეგებიან საზოგადოებას არაბუნებრივი, კანონგარეშე ქცევით.
ტრანსგრესია ლიტერატურული მინიმალიზმით კმაყოფილდება, ანუ, კი არ კმაყოფილდება, არამედ ქადაგებს. ტრანსგერსიელი მწერლები მოკლე წინადადებებით წერენ და ჩირად არ აგდებენ სტილისტურ ძიებებს.
სანიმუშოდ ვიტყვი, რომ ლაშა ბუღაძის ვრცელ არათხზულში, ”პატარა ქვეყანა”, ჩვენი დროის ბოლო ოცდაათი წლის ამბებია მოთხრობილი; აქ არც რთული ნარატივია და არც ხატვა, არც სტილი; მხოლოდ ხანგრძლივი, სუბიექტივიზმით გაჯერებული ჩამონათვალია მეოცე საუკუნის ოთხმოცდაათიან წლებსა და მას შემდეგ მომხდარი ამბებისა და მოვლენებისა, რომელთა ცენტრშიც ავტორი დგას. ესაა ერთგვარი შეუჯამებელი სია საკუთარი ”თავგადასავლისა”, საკუთარი მე-ს პრეზენტაცია, რაც დღევანდელი შოულიტერატურის ნიშანდობლივი თვისებაა და რაზეც მიუთითებს წიგნის ყდა, დიდი ასოებით გამოკვეთილი ლაშა, წვრილად მიწერილი გვარი და გვირგვინი, რომელსაც თამარი და ლაშა-გიორგი არა, მაგრამ თანამედროვე ხელოვანნი ნეტარებით მოირგებდნენ; ჩვენს ინტელექტუალებს ხომ ფარულად ენატრებათ მათ მიერვე მასხარად აგდებული სამეფო ტახტი.
რაკი ტრანსგრესიულმა თხზულმა ლიტერატურულ ჟანრზე პრეტენზია განაცხადა, საკუთარი წარმოშობის ძიება დაიწყო და კარგა შორსაც წავიდა დასავლური ლიტერატურის ისტორიაში, მაგრამ სათავე მაინც ამერიკულ ბიტთაობასა და უილიამ ბეროუზთანაა დასაძებნი, ხოლო სუფთა ტრანსგრესიული თხზული კი, მაინც, მეოცე საუკუნის სამოცდაათიან-ოთხმოციან წლებში აყვავდა და მაშინ იყო სწორედ გაოცებულნი რომ კითხულობდნენ ამერიკელი კრიტიკოსები, ნეტა რა უნდა ამ ხალხსო?!
ტრანსგრესიული მწერლობა პოსტმოდერნის ღვიძლი შვილია და ყველაზე უფრო მეტად ახასიათებს სუბიექტივიზმი და რელატივიზმი. ქართული ტრანსგრესიისათვისაც, რომელიც საგრძნობლად ჩამორჩება ბეროუზუსა და კერუაკის დონეს, საზოგადოების ტრადიციულ წეს-რიგისა და ავტორიტული ინსტიტუტების წინააღმდეგ გალაშქრებაა დამახასიათებელი. ერთი ნიმუში უკვე ვახსენე ლაშა ბუღაძის არათხზულის სახით და დანარჩენებიც მას მიჰყვებიან.
აღსანიშნავია ერთი საერთო ნიშანი ტრანსგრესიელი ქართველებისა. უმრავლესობა ტრადიციულ ღირებულებებსა და ქართულ ეკლესიას ესხმიან თავს, გააფთრებით.
ამის მიზეზი, ჩემის აზრით, არც სუბიექტივისტურია და არც მოდური, უფრო მერკანტილური მიზნები ამოძრავებთ. ქართული მწერლობა ევროპული წიგნის ბაზარზე მიიკვლევს გზას და სურთ ისეთი თემები შეარჩიონ, რაც ევროპაში გაიყიდება: პედოფილია, გენდერი, ტრანსგენდერი, ჰომოსექსუალიზმი, უმცირესობათა ჩაგვრის მხილება და ა.შ. მართლებიც არიან, ეს პრიორიტეტული თემებია დასავლური დემოკრატიის საზოგადოებრივ ყოფაში, მაგრამ ერთი რამ მაინც ავიწყდებათ, თავისთავად თემა არაფერს ნიშნავს თუ მხატვრული ღირებულებაც არ ახლავს თან. წერე რამდენიც გინდა მღვდლების ვერცხლისმოყვარეობაზე, ან ქალთა უფლებებზე, თუ რომანი არ გამოგდის, ამაოდ დაშვრები.
ახალი თაობის ქართველ მწერლებში ორი სახელი გამოირჩევა: ლუკა ბაქანიძე და ბექა ქურხული. ორივე შესანიშნავი მთხრობელია, მათ რომანებში ჰაერი მოძრაობს და ემოცია მოდის მათი ნარატივიდან.
ლუკა ბაქანიძის „მესამე ნაპირი“ ტრანსგრესიული თხზულია, მაგრამ გამორჩეულია იმით, რომ ავტორი ამ მიმართულებას ეპატაჟისათვის არ იყენებს; აშკარად ჩანს, რომ იგი კარგად იცნობს „გამოღმელების“ ცხოვრებას და საკუთარი გამოცდილებიდან, ნაცხოვრებიდან და ნაფიქრიდან თხზავს.
ბექა ქურხულის „სამოთხიდან გაქცეულები“ ურბანული რომანია, მასში ჩართულია საქართველოს ოთხმოცდაათიანი წლების ისტორიული ფაქტები, რაც ინტერტექსტუალურობა კია, მაგრამ გრჩება განცდა, რომ ავტორმა არ იზრუნა ფორმაზე და მოუხერხებლად ჩასვა არათხზული თხზულში.
ფორმის არადჩაგდება, ასოციაციებისა და ალუზიების გამდიდრებაზე ხელის ჩაქნევა დამახასიათებელია ახალი თაობის პროზისათვის და ამ ნიჭიერ მწერლებშიც სახეზეა ისევე, როგორც ხაზგასმული სკაბრეზი ანუ უხამსობა და სტილური სტერილურობა.
გული მწყდება როგორც მკითხველს, რომ სტილზე თითქმის აღარავინ ზრუნავს და თითქოს თავიც მოსწონთ რომ, სტილს არ ეძებენ; ისევე როგორც არ აფართოებენ წარმოსახვას და მხოლოდ გამოცდილებასა და ნანახს წრმოაჩენენ, არადა ეს ყველაფერი საჭიროა ქართული რომანისათვის.
რომანში მთავარ ღირებულებად სტილი, წარმოსახვა, ფორმა, სიუჟეტი, ხასიათები, თხრობა და ხატვა რჩება. ამით მიიღწევა მაღალმხატვრულობა.
და, რა თქმა უნდა, წერა საქართველოს მდგომარეობაზე!