ბრიტანულმა ბანკმა მადუროსთვის $1,2 მილიარდის ღირებულების ოქროს გაცემაზე უარი თქვა

ბრიტანულმა ბანკმა მადუროსთვის $1,2 მილიარდის ღირებულების ოქროს გაცემაზე უარი თქვა

ინგლისურმა ბანკმა ნიკოლას მადუროს უარი უთხრა $1,2 მილიარდის ღირებულების ოქროს მიცემაზე. ამის შესახებ Bloomberg-ი წყაროზე დაყრდნობით წერს.

გასული წლის დეკემბერში მადურომ განაცხადა, რომ აშშ-ის სანქციების ფონზე მის ქვეყანას თავისი ოქროს დიდი ბრიტანეთიდან დაბრუნების და გაყიდვის უფლება აქვს.

წყაროს ცნობით, მოთხოვნაზე უარის თქმა ამერიკელი მაღალჩინოსნების - მაიკ პომპეოსა და ჯონ ბოლტონის ჩარევის შემდეგ გადაწყდა. ისინი დიდ ბრიტანეთში საკუთარ კოლეგებს დაუკავშირდნენ და დაარწმუნეს, რომ მადუროსთვის საკუთარ აქტივებზე წვდომა საზღვარგარეთ უნდა გადაეკეტათ.

სააგენტოს ცნობით, ისინი ამჯერად ცდილობენ, რომ ეს აქტივები ხუან გუაიდოსთან აღმოჩნდეს, რომელმაც თავი ვენესუელის დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა.

თავად გუაიდომ ბანკის გადაწყვეტილება ვენესუელის აქტივების დაცვად შეაფასა. ამის შესახებ მან Twitter-ზეც დაწერა.

კარაკასში გამართულ მრავალრიცხოვან აქციაზე ოპოზიციის ლიდერმა, ხუან გუაიდომ საკუთარი თავი ვენესუელის პრეზიდენტად 23 იანვარს გამოაცხადა. ხუან გუაიდო ვენესუელის დროებით პრეზიდენტად უკვე აღიარეს: არგენტინამ, ბრაზილიამ,  გვატემალამ, ჰონდურასმა, საქართველომ, კანადამ, კოლუმბიამ, კოსტა-რიკამ, პანამამ, პარაგვაიმ,  პერუმ, აშშ-მ, ჩილემ, ეკვადორმა.

ნიკოლას მადუროს კი მხარდაჭერა გამოუცხადა რუსეთმა, თურქეთმა, ბოლივიამ, კუბამ,  მექსიკამ და ურუგვაიმ.