სანამ ხუან გუაიდო თავს ვენესუელის პრეზიდენტად გამოაცხადებდა, ის საიდუმლო ვიზიტით აშშ-ში, კოლუმბიასა და ბრაზილიაში იმყოფებოდა, რათა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთათვის ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ ოპოზიციის სტრატეგია გაეცნო - ამ ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.
როგორც საინფორმაციო სააგენტო იუწყება, ხუან გუაიდოს მომხრეები ბოლომდე ასაიდუმლოებდნენ თავიანთ გეგმებს, რათა ინფორმაციის გაჟონვა, ან სხვა რისკები თავიდან აერიდებინათ. ოპოზიციის ლიდერის ერთ-ერთმა მომხრემ, კარაკასის ყოფილმა მერმა ანტონიო ლედესმა განაცხადა, რომ დეკემბრის შუა რიცხვებში ვენესეულის პარლამენტის სპიკერი საიდუმლო ვიზიტით იმყოფებოდა ვაშინგტონში, კოლუმბიასა და ბრაზილიაში, რათა მათთვის ეცნობებინა, რომ ოპოზიცია ვენესუელაში მასობრივი საპროტესო აქციების დაწყებას 10 იანვარს, ნიკოლას მადუროს ინაუგურაციის დღეს დაამთხვევდა.
"კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტაში გუაიდომ პირადად განაცხადა, რომ თავს პრეზიდენტად 23 იანვარს გამოცხადებდა, რადგან ამ დღეს ვენესუელაში 1958 წლის ამბოხების შედეგად სამხედრო დიქტატურის დამხობა აღინიშნება,"- უამბო Associated Press-ს ანონიმურმა წყარომ, რომელიც ლათინური ამერიკის ქვეყნების გაერთიანების წევრი ერთ-ერთი სახელმწიფოს დიპლომატია. ვენესუელის ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა კი განაცხადა, რომ გუაიდომ ვენესუელა კოლუმბიასთან არაკონტროლირებადი საზღვრის მონაკვეთის გადაკვეთით დატოვა, რამდენადაც მესაზღვრეები ხანდახან ოპოზიციონერებს ქვეყნიდან გასვლას უკრძალავენ.
ოპოზიციის იგივე წარმომადგენელი Associated Press-ს მოუყვა, რომ ვენესუელის ანტისამთავრობო მოძრაობის წევრები სპეცსამსახურებისთვის თვალის ასახვევად ერთმანეთს დაშიფრული შეტყობინებებითა და შუამავლებით ეკონტაქტებოდნენ. "ეს არის მინიმუმ ბოლო 5 წლის განმავლობაში პირველი შემთხვევა, როდესაც ვენესუელის ოპოზიციამ სერიოზული გაერთიანების უნარი გამოავლინა,"- განაცხადა ერთ-ერთმა კანადელმა დიპლომატმა.
როგორც Associated Press-ი იუწყება, გუაიდოს გადაწყვეტილება, ღიად გამოეწვია ვენესუელის ხელისუფლება, შესაძლებელი გახდა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ძლიერი მხარდაჭერის შედეგად. აშშ-მა კი თავის მხრივ უზრუნველყო ლათინური ამერიკის ქვეყნების კონსერვატორი მმართველების მხარდაჭერა, რომელთაც ხუან გუაიდო ვენესუელის დროებით პრეზიდენტად მალევე აღიარეს.