ვენესუელის ოპოზიციის ლიდერმა ხუან გუაიდომ განაცხადა, რომ ამნისტიის საკითხს განიხილავს, თუ პრეზიდენტი ნიკოლას მადურო პოზიციებს დათმობს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გუაიდოს თქმით, ის მიმართავს ყველა სექტორს, მათ შორის სამხედროს, რათა დაასრულოს ქვეყანაში შექმნილი კრიზისი. ეს ყველაფერი აშშ-ის მიერ მადუროს შემოსავლების არხების ბლოკირების ფონზე ხდება. მადურომ ვაშინგტონთან ურთიერთობა გაწყვიტა, ხოლო ქვეყანაში მას მხარს სამხედროები უჭერენ.
23 იანვარს კარაკასში გამართულ მრავალრიცხოვან აქციაზე ოპოზიციის ლიდერმა, ხუან გუაიდომ საკუთარი თავი ვენესუელის პრეზიდენტად გამოაცხადა. ხუან გუაიდო ვენესუელის დროებით პრეზიდენტად ამ დროისთვის უკვე აღიარეს: არგენტინამ, ბრაზილიამ, გვატემალამ, ჰონდურასმა, საქართველომ, კანადამ, კოლუმბიამ, კოსტა-რიკამ, პანამამ, პარაგვაიმ, პერუმ, აშშ-მ, ჩილემ, ეკვადორმა.
ნიკოლას მადუროს კი მხარდაჭერა გამოუცხადა რუსეთმა, თურქეთმა, ბოლივიამ, კუბამ, მექსიკამ და ურუგვაიმ.