საქართველოში საპარლამენტო არჩევნების კამპანიის ბოლო კვირა დაიწყო, არჩევნებისა, რომელიც ქვეყნის მომავლისთვის გადამწყვეტი იქნება. რამდენად გადამწყვეტი? ერთმა ჩემმა აქაურმა მეგობარმა თქვა: „აპოკალიფსური კრიზისი, რომელსაც თითოეული ადამიანის გულის სიღრმიდან ყველაზე დაფარული ამოაქვს“.
ეს გაზვიადება არ არის. ბრძოლის ემოციურმა ტემპერატურამ გასული სამშაბათის ღამეს თერმომეტრი გატეხა, როდესაც ოპოზიციურმა ტელევიზიამ ბელგიაში გაქცეული ციხის თანამშრომლის მიერ მიწოდებული ვიდეომასალა გაავრცელა. კადრებში ჩანს მცველებისა და მათი უფროსების მიერ პატიმრების რიგრიგობით წამება, დაცინვა, მათზე სექსულური ძალადობა და ცოცხის ტარით გაუპატიურება.
ბრაზიანი დემონსტრაციები დედაქალაქ თბილისის ექვს სხვადასხვა ნაწილში იმართება, მიუხედავად პატრიარქ ილია II-სა და მილიარდერი ოპოზიციონერი ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის მხრიდან მათი ჩაცხრობის მცდელობისა.
პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ შეუპოვრად იმედოვნებს, რომ ამ კადრებს არჩევნების დღემდე (1 ოქტომბრისთვის) ეკრანებიდან გააქრობს და ხალხი არჩევნებზე წავა წარსულის შიშით ივანიშვილის, რუსეთისა და ზოგადად გაურკვევლობის მიმართ.
რამდენიმე ინტელექტუალი კვლავ ცდილობს მთავრობის დაცვას და ამტკიცებს, რომ ციხის სისასტიკე ყველგან ხდება, ამის აღმოფხვრა რთულია და მიღებულია შესაბამისი ზომები იმისთვის, რომ ციხეს ბოლოდროინდელ ძალადობაზე პასუხიმგებელი „ავადმყოფი“ თანამშრომლები ჩამოაშორონ. კარგი არგუმენტებია, თუ მხოლოდ ამ ვიდეოებით ნაჩვენები ინციდენტებით შემოვიფარგლებით.
მაგრამ იყო თუ არა უფრო მეტი რამ ამ კრიმინალის უკან?
ვფიქრობ ქართველებმა რეაქცია ასე მწვავედ იმიტომ გამოხატეს, რომ ვიდეოები ქვეყანაში არსებული რეალობის სიმბოლოა. ის, რაც ხალხმა ტელევიზიით ნახა ცალკეული შემთხვევა არ არის, არამედ სასტიკი სისტემაა, რომლითაც ბიუროკრატიული ძალადობის სპეციფიკური პროგრამა იმართება: პატიმრებს მწყობრში, ბიუროკრატიულ რიგში აყენებენ, ხელში მათი საქმეები უჭირავთ და სცემენ და ამცირებენ.
რა შეიძლება ყოფილიყო ამ სისტემის მიზანი?
ამის წარმოდგენა რთული ნამდვილად არ არის: ის არაფრით განსხვავდება შეურაცხყოფისა და დაცინვის იმ რიტუალებისგან, რომელსაც დასავლეთშიც ვიცნობთ: მიზანი ადამიანების კონტროლი და იმის დემონსტრირებაა, რომ მათ არანაირი უფლებები და ძალა არ აქვთ, და ისინი მთლიანად მათ ხელში არიან. ციხის ქართველი თანამშრომლები ამით პატიმრებს აშინებენ, ამცირებენ და ღირსებას ულახავენ. (გაუპატიურება, რა თქმა უნდა, ძალადობის ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ფორმაა. კულტურაში, სადაც ჯერ კიდევ ღრმაა შიში ჰომოსექსუალიზმის მიმართ, ასეთი სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი კიდევ უფრო შეურაცხყოფილებად და ცხოვრებიდან გარიყულებად გრძნობენ თავს)
ამგვარი ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ფონზე, იოლი წარმოსადგენია თუ რა მდგომარეობაში არიან ქართველი ბიზნესმენები: მათ უეცრად საგადასახადო პოლიცია, ან ჩვეულებრივი პოლიცია სტუმრობს, ეუბნება რომ მათ დაარღვიეს კანონი (ნამდვილი ან გამოგონილი), რისი გამოსყიდვაც შეიძლება დიდძალი თანხის ანონიმებისთვის გადაცემით, ასევე ავტომობილების დათმობით, უსასყიდლო მუშაობით სამთავრობო პროექტებზე ან მათი კომპანიების აქციების დიდი ნაწილის გაჩუქებით.
ერთ მაგალითს მოვიყვან, რომლის ზოგიერთ დეტალს შევცლი, რომ პოლიციამ წყარო ვერ ამოიცნოს: ჩემს მეგობარს უეცრად საგადასახო პოლიცია ესტუმრა, რომელმაც უთხრა, რომ მისმა კომპანიამ გარკვეული უკანონობა ჩაიდინა, რაც მისი თქმით, გამოგონილი იყო, და რომ პრობლემა შეიძლება 125 000 ლარის ($77 000) გადაცემით მოგვარდეს. ის უმტკიცებდა, რომ არ იყო დამნაშავე და ამ ოდენობის თანხა არ ჰქონდა. მათ უპასუხეს: „შეგიძლია ისესხო შენი ნათესავებისგან,“ და დაუსახელეს კონკრეტული ნათესავები და ის, თუ რა ოდენობის თანხა უნდა ეთხოვა თითოეული მათგანისგან. ისინი განაგრძობდნენ: „ოჯახის გარდა არავის უთხრა ამის შესახებ, და არც იფიქრო მედიაში ან უცხოელ დიპლომატებთან მისვლა. ჩვენ ვიცით შენი ყველა შემოსავლის წყარო, შენი მშობლების ვინაობა, ის, თუ სად ცხოვრობენ ისინი, ვიცით ვინ არის შენი ბებია და მისი სოფელი, რომელ სკოლაში დადიან შენი შვილები და სად თამაშობენ… იფიქრე მათზე.“ არავის უხსენებია სასამართლოში წასვლა. (თბილისის სასამართლოებში სისხლის სამართლის საქმეებზე ნებისმიერ გარემოებებში გამამართლებელი განაჩენების მაჩვენებელი 1%). მან გადაიხადა. ეს ფინანსური ტერორის სისტემაა, რომელიც ამბობს: „შენ არარაობა ხარ. არ გაქვს ძალა. გააკეთებ იმას, რასაც გეტყვიან ისინი, ვისაც ძალაუფლება აქვს.“
ტერორი მხოლოდ ბიზნესით არ შემოიფარგლება. მე მაქვს უშუალოდ მასწავლებლებისგან მიღებული ცნობები. ისინი ამბობენ, რომ დაკარგავენ სამსახურებს თუ „ნაციონალურ მოძრაობას“ არ მისცემენ ხმას ან თუ არ ჩასხდებიან ავტობუსებში 8 სექტემბერს და არ გაემგზავრებიან სპორტის სასახლეში სააკაშვილის ტრიუმფალურ დემონსტრაციაზე დასასწრებად. ნაციონალურმა მოძრაობამ დაამკვიდრა შიშით მართვა.
საქართველოს საბჭოთა პერიოდიდან ვსტუმრობ, და დღეს საზოგადოებაში შიში უფრო დიდია, ვიდრე დაბერებული პოლიტბიუროს პირობებში 1980-იანი წლების შუა ხანებში. მე ამერიკის მოქალაქე ვარ, ახლოს ვარ აეროპორტთან, მაგრამ გულწრფელად მეშინია იმის, თუ რა შეიძლება მოჰყვეს ჩემს მიერ დაწერილ სიტყვებს. ქართულ პოლიტიკას დიდი ხანია ვაკვირდები და ჩემი შთაბეჭდილებით, მთავარი ელემენტი, რომელსაც მთავრობა არჩევნების მოსაგებად ეყრდნობა, შიშია.
შეერთებული შტატების მთავრობა, ევროკავშირი, UNICEF-ი და სხვები, რომელთაგანაც ქართველ პატიმრებზე ძალადობის დაგმობას ველოდით, ასეც მოიქცნენ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ყველა მათგანმა მოწოდება გააკეთა, რომ საქართველოს მთავრობამ და სასამართლოებმა გამოძიება უნდა ჩაატარონ. ოთხშაბათს პრეზიდენტ სააკაშვილი სატელევიზიო ინსტრუქციების მისაცემად შეხვდა ახალ პრემიერმინისტრ ვანო მერაბიშვილს, იუსტიციის მინისტრ ზურაბ ადეიშვილს, მთავარ პროკურორს მურთაზ ზოდელავას და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს გიორგი ლორთქიფანიძეს – ყველა მათგანი ახლადდანიშნულ მაგრამ უკვე გადამდგარ შინაგან საქმეთა მინისტრთან ბაჩო ახალაიასთან ერთად ეჭვმიტანილია იმაში, რომ ბიზნესმენების, პატიმრებისა და სხვების მიმართ წარმოებულ ტერორში მთავარი მოქმედი ფიგურები იყვნენ.
ის, ვინც პასუხისმგებელი პირების გამოვლენას შეეცდება, ისინი ზემოთ, ქართულ მთავრობაში უნდა ეძებოს. მათ შორის პატიმრების წამებისას უშუალოდ გადაღებულნი არიან პენიტენციური სისტემის უფროსის მოადგილე, გლდანის ციხის უფროსი და მისი მოადგილე. ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციებისა და მთავრობის მიერ დანიშნული სახალხო დამცველის ანგარიშებში წლების მანძილზე აღინიშნებოდა ციხეში არსებული სისასტიკე. მერაბიშვილი, რომელიც ზაფხულამდე შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, უშუალოდ ხელმძღვანელობდა ციხეებს 2008 წლამდე. დიმიტრი შაშკინი, რომელიც თავდაცვის მინისტრად დაინიშნა (ყველა ეს ადამიანი ბოლო ზაფხულის განმავლობაში დააწინაურეს) 2008 წლამდე სასჯელაღსრულების მინისტრი იყო.
ამდენად პრეზიდენტ სააკაშვილის მოწოდება ჩატარდეს გამოძიება შეიძლება მივამსგავსოთ 1938 წელს ამხანაგ სტალინის მიერ ლავრენტი ბერიასადმი გაცემულ განკარგულებას, რომლის თანხმადაც, შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატს (დისკრედიტირებული „სახელმწიფოს უსაფრთხოების კომიტეტის“ წინამორბედი) უნდა დაედგინა სიმართლე სოციალისტური კანონების დარღვევების შესახებ.
უნდა ყოფილიყო თუ არა ვარდების რევოლუციონერი სააკაშვილი პირველი ვისაც უნდა ემხილა ჩინოვნიკების სამსახურეობრივი დანაშაული, წამება და გამოესწორებინა სიტუაცია? რა მოუვიდა ახალგაზრდა მამაც მიშას, რომელიც არჩევნების გაყალბებას ვარდებით დაუპირისპირდა, ფეოდალური კორუფცია აღმოფხვრა, მაფია დაამარცხა, არშემდგარი სახელმწიფო ფეხზე დააყენა და რუსულ ტანკებს მტკიცედ აღუდგა წინ?
დიახ ეს ყველაფერი სააკაშვილმა და მისმა ამხანაგებმა გააკეთეს, რამაც თავბრუ დაახვია მათ და საკუთარ სისწორეში, შესაძლებლობებსა და ძალაუფლებაში დაარწმუნა.
მათ სწამდათ, რომ ბნელ სარდაფში, რომელიც 70 წლის განმავლობაში დალუქული იყო, პარაზიტებს ანადგურებდნენ და ამით ასუფთავებდნენ მას.
დასაწყისშივე ვარდების რევოლუციას სადამსჯელო სულისკვეთება ჰქონდა, შესაბამისად, დასაწყისშივე სააკაშვილის პროექტი წინააღმდეგობრივი იყო; სინათლის სახით მას ლიბერალური დემოკრატია უნდა მოეტანა; მაგრამ ისეთ ბნელ და დასნეულებულ ადგილას, როგორიც საქართველო იყო, სააკაშვილის აზრით, ეს ხისტ ზომებს მოითხოვდა.
არშემდგარ სახელმწიფოსთან გამკლავებისთვის, რომელიც მათი მტკიცებით მემკვიდრეობით ერგოთ, რევოლუციონერები რესურსს ედუარდ შევარდნაძის კორუმპირებული ჩინოვნიკებისგან ფულის წართმევით აგროვებდნენ ისე, რომ მსგავს საქმეებზე სასამართლო პროცესებიც არ იმართებოდა. ამ და სხვა იმპროვიზაციების საშუალებით მათ სწრაფად ააშენეს ძლიერი სახელმწიფო. ახლა მათ გააჩნდათ ეფექტური ინსტრუმენტი ნებისმიერი იმ ამოცანის შესასრულებლად, რომელიც სჭირდებოდათ – ან უბრალოდ სურდათ. ასე დაიწყეს მათ, თავიანთი კეთილშობილური მიზნებისთვის, ფულის გამოძალვა ნორმალური ბიზნესმენებისგან როგორც კი ფული შემოაკლდებოდათ.
შემდეგ მათ დაიწყეს იმის გაცნობიერება, რომ ძლიერ სახელმწიფოს შეიძლება არამხოლოდ ფული, არამედ დაშინებით და გაყალბების გზით ხმებიც მოეტანა. ეს მათ 2007 წელს გამოადგათ, როდესაც სააკაშვილი, ისევე როგორც ბევრი გმირი, რომელიც ხელისუფლებაში მანამდე მოსულა, არაპოპულარული გახდა. მას შეეძლო მაშინ თანამდებობის დატოვება, ისევე როგორც მიმდინარე სკანდალის დროს და ეს რომ გაეკეთებინა შეიძლება ერთ დღეს ტრიუმფით დაბრუნებულიყო. მაგრამ რა მოუვიდოდა მას ამავე დროს? ამდენი არალეგალური ქმედების ჩადენისა და ამდენი ადამიანისთვის ღირსების შელახვის ფონზე, ის და მისი მეგობრები ყველაფერს დაკარგავდნენ. სააკაშვილი დღეს ხაფანგში გაბმული, ტრაგიკული ფიგურაა.
არც იმის უარყოფა შეიძლება, რომ სააკაშვილს გამორჩეული ადგილი უჭირავს საქართველოს ისტორიაში როგორც ნამდვილი ქართული სახელმწიფოს შემქნელს მეტად არახელსაყრელ პირობებში. არც მისი რუსული იმპერიალიზმისადმი მტკიცე წინააღმდეგობა უნდა უგულებელვყოთ. არც ის უნდა ვიფიქროთ, რომ ივანიშვილი თეთრ ცხენზე ამხედრებული მხსნელია. მისი კამპანია ძალიან ტოლერანტული და კვალიფიციურიც კი არ იყო. მაგრამ ივანიშვილს ეყო გამბედაობა, რომ სისტემაში, სადაც საზოგადოებისთვის ”შავი ფულის” გამოძალვით, ყველაფერი ერთ ჯგუფს აქვს მონოპოლიზირებული, თავისი უზარმაზარი ქონების ნაწილი ნამდვილი ოპოზიციური მოძრაობის შესაქმნელად გაეღო; და ეს მან პირადი, ძალიან დიდი რისკის, ფასად გააკეთა.
ზოგიერთმა ამერიკელმა პოლიტიკურმა ლიდერმა, მათ შორის, ჯონ მაკკეინმა, საქართველოს საარჩევნო ბრძოლას სააკაშვილის გასაჭირის ჟამს, მისთვის დახმარების სულგრძელი ინსტიქტით უპასუხა. მაგრამ ინსტიქტი ყოველთვის როდია საუკეთესო გზამკვლევი რთულ საერთაშორისო გარემოებებში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სააკაშვილის მმართველობის საოცრად ბნელ მხარეს უნდა შევეგუოთ. დავაკვირდეთ მომავალი კვირის გადამწყვეტ არჩევნებს და საღად განვსაჯოთ, რომ გასულ კვირაში გამომზეურებული მეთოდური წამება და გაუპატიურება არ არის ცალკეული არაცივილიზებული შემთხვევები საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში; ეს გაცილებით ღრმა კრიზისის სიმპტომებია, რომლითაც დღეს საქართველოს მთელი პოლიტიკური სისტემაა გაჟღენთილი.
ჩარლზ ფეარბენქსი უმცროსი – ჰადსონის უნივერსიტეტის უფროსი მკვლევარი. მანამდე ჯონ ჰოფკინსის პოლ ნიცეს საერთაშორისო კვლევების სკოლის საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორი და ცენტრალური აზიისა და კავკასიის ინსტიტუტის დირექტორი იყო. ფეარბენქსი შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში მდივნის თანაშემწის მოადგილე იყო და პოლიტიკური დაგეგმვის დეპარტამენტში მუშაობდა. ფეარბენქსი მუშაობდა ასევე იელის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტზე და ტორონტოს უნივერსიტეტში.
foreignpress.ge