მთავრობამ იცოდა წამების შესახებ

მთავრობამ იცოდა წამების შესახებ

არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე ორი მინისტრი გადადგა

პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, როდესაც საქართველოს მთავრობას წლების განმავლობაში პირველად გამოუჩნდა სერიოზული მოწინააღმდეგე, ქვეყანა წამების ამსახველი ვიდეომასალით გამოწვეულმა სკანდალმა შეძრა. ოპოზიციასთან დაახლოებულმა არხებმა, მათ შორის „მე-9 არხმა” აჩვენა ვიდეომასალა, რომლის ნახვაასევე YouTube-ზეც არის შესაძლებელი: ამ ვიდეოებზე, როგორც ჩანს, ასახული არიან ციხის თანამშრომლები, რომლებიც თბილისის ერთ-ერთ უბანში, გლდანში მდებარე ციხეში უაიარაღო მამაკაცებს ურტყამენ. კიდევ ერთ ვიდეო მასალაში ჩანს, როგორ აუპატიურებენ ხელკეტით პატიმარს. ამის შემდეგ თბილისში არც დღისით და არც ღამით ძალადობის წინააღმდეგ მიმართული პროტესტი არ წყდება.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პირველი რეაქცია “თხუნელას” ძებნას გავდა. თითქოს სკანდალს ხელმძღვანელობდა ოპოზიციის მომხრე და პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი ოფიცერი, თამაზ თამაზაშვილი, რომელიც ამ ციხეში იარაღის უკანონო ტარებისათვის იხდის სასჯელს. ამასობაში დაჭერილი ციხის ერთ-ერთი თანამშრომლის ბინაში 17 000 დოლარი და ვიდეომასალა იპოვეს.

ამასთან სწრაფად იქცა განხილვის თემად ის, რომ საქართველოში მართლაც აქვს ადგილი პატიმრების წამებას. სასჯელაღსრულების მინისტრმა, ხათუნა კალმახელიძემ ვებგვერდ civil.ge-ს უთხრა “რამდენი ადამიანიც არ უნდა იყოს გარეული ამ საქმეში, ყველა მკაცრად დაისჯება”. ის მალევე გადადგა.

ხუთშაბათს კი შინაგან საქმეთა მინისტრი, ბაჩო ახალაია გადადგა. მას მიაჩნია, რომ „მორალურად და პოლიტიკურად პასუხისმგებელია, რადგან მათ ვერ მოახერხეს ამ საშინელი პრაქტიკის აღმოფხვრა”. მანამდე კი ევროსაბჭოს საპარლამენტო სხდომამ მოითხოვა, რომ პასუხისმგებელი პირები დასჯილიყვნენ. სხდომის თავმჯდომარე ჟან-კლოდ მინიონის თქმით, ის “შოკირებული და გაოგნებულია”. ევროკავშირის კომისარი საერთაშორისო საკითხებში კეტრინ ეშტონი “შეძრწუნებულია”.

სახელმწიფოს მეთაური „ადამიანის ღირსების წინააღმდეგ ამ დარტყმის გამო” გაბრაზებული იყო და რეაქციამაც არ დააყოვნა: მან გამოსცა განკარგულება, რომლის თანახმად ციხეებში კონტროლი პოლიციას დაევალა. ასევე 25000 პატიმრის ოჯახის წევრებს მათთან დაუყოვნებლივ შეხვედრის შესაძლებლობა მიეცათ. პროკურატურამ ციხის 11 თანამშრომელი დააკავა, 1 იძებნება. გლდანის ციხე ჟურნალისტებისთვისაც გაიხსნა.

სააკაშვილმა ყოფილი სახალხო დამცველი, გიორგი ტუღუში სასჯელაღსრულების სისტემის ახალ შეფად დაასახელა. ტელევიზიით გამოსვლისას სააკაშვილმა თქვა: ”ტუღუში არის სასჯელაღსრულების სისტემის მწვავე კრიტიკოსი და მე სისტემის ყველაზე მწვავე კრიტიკოსს ვასახელებ მის შეფად”.

ტუღუშის თქმით “მისი პრიორიტეტი სისტემის სრული გადამოწმება იქნება”. ტუღუშმა მართლაც მრავალჯერ მიუთითა დარღვევებზე. „საკმარისია ჩაიხედოთ ჩვენს 2011 და 2012 წლების მოხსენებებში”, თქვა მან ვიდეომასალის საჯაროდ ჩვენების შემდეგ. „მათში აღწერილია სამართალდარღვევების მრავალი შემთხვევა და პატიმრების მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტები”. მოხსენებებში ციხის დადანაშულებული თანამშრომლები სახელებით არიან მოხსენებული.

პირველი ოქტომბრის არჩევნებში პრეზიდენტ სააკაშვილის ნაციონალურ მოძრაობას მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის პარტიული კოალიცია “ქართული ოცნება” უპირისპირდება. სააკაშვილი 2003 წლის მშვიდობიანი რევოლუციის შედეგად მოვიდა ხელისუფლებაში. წარმატებულად მიიჩნევა მისი რეფორმები ეკონომიკასა და ადმინისტრირებაში, ასევე კორუფციასთან ბრძოლა. მისი დასავლური ორიენტაცია რუსეთს ეკალივით ერჭობა თვალში. მეზობელ ქვეყანაში საარჩევნო ბრძოლის ფეხდაფეხ, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა თავის მოკავშირეებთან ერთად ამ კვირაში სამხედრო წვრთნები “კავკასია 2012” გამართა. ეს პრაქტიკა არასაკმარისი გამჭვირვალობის გამო ნატოს გენერალური მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა გააკრიტიკა.
foreignpress.ge