იჩქერიის რესპუბლიკის დევნილობაში მყოფი პრემიერ-მინისტრი ახმედ ზაკაევი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ლოპოტას სპეცოპერაცია საკუთარი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გაითამაშა. ზაკაევის შეფასებით, სააკაშვილის ხელისუფლება ლოპოტას ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით სიმართლეს მალავს.
ამის შესახებ ახმედ ზაკაევმა „ამერიკის ხმის“ ქართულ სამსახურთან ინტერვიუში განაცხადა. როგორც ცნობილია, ლოპოტას ხეობაში მომხდარის გამოძიება ახმედ ზაკაევმა საკუთარ თავზე აიღო და ამ ინცინდენტის გამოსაძიებლად იჩქერიის სახელმწიფო კომისიაც შექმნა. თუმცა უკვე გამოძიების ჩატარებამდე იგი აღიარებს, რომ მისი ყოფილი პირადი მცველის დუკვახა დუშუევის მიმართ საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულება ცილისმწამებლურია. კერძოდ, დაღუპული დუშუევი ლონდონიდან თბილისში რამდენიმე თვის წინ ჩამოფრინდა და, შეუძლებელია, იგი რუსეთში ყოფილიყო და რუსეთიდან შემოსულიყო, როგორც ამას ქართული მხარე ამტკიცებს.
„რა თქმა უნდა, ერთი რამ აბსოლუტურად ცხადია, საქართველოს ხელისუფლება მალავს, რა მოხდა სინამდვილეში და ეს ძალიან სამწუხაროა. ის განცხადებები, რომლის დეკლარირებასაც ახდენდა და ახდენს საქართველოს ხელისუფლება, მათივე ქმედებებისგან ძალიან განსხვავდება. ამ ეტაპზე ყოველგვარი გამოძიების გარეშეც შემიძლია ვთქვა, რომ ერთი ადამიანი, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ მოკლულია ამ ჯგუფში - ეს არის დუკვახა დუშუევი. იგი ცხოვრობდა დიდ ბრიტანეთში, ჰქონდა პოლიტიკური თავშესაფარი. იგი, ვერავითარ შემთხვევაში, ვერანაირ სიტუაციაში, ვერ იქნებოდა რუსეთში და შესაბამისად, ვერც გადმოლახავდა საზღვარს რუსეთიდან საქართველოში“, -აღნიშნავს ჩეჩნეთის დევნილობაში მყოფი პრემიერ-მინისტრი.
ახმედ ზაკაევის ინფორმაციით, დუკვახა დუშუევი ლონდონიდან გადაფრინდა საქართველოში და აქ რამდენიმე თვის განმავლობაში იმყოფებოდა. ამ ინცინდენტის შემდეგ კი საქართველოს ხელისუფლებამ გამოაცხადა, თითქოს ეს ადამიანი იმყოფებოდა რუსი დივერსანტების იმ ჯგუფს შორის, რომელმაც რაღაც მიზნებით საზღვარი გადმოლახა.
„ეს არის სრული სიცრუე. პირველ რიგში, ჩვენ სწორედ ამ მომენტმა გვაფიქრებინა, რომ საქართველოს ხელისუფლება რაღაცას მალავს, მათ ეს ფაქტი საკუთარი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გაითამაშეს“, - აცხადებს ზაკაევი და დასძენს, რომ ეს არ არის ერთადერთი ტყუილი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა, უშიშროების საბჭოს მდივანმა და შინაგან საქმეთა სამინისტრომ ლაფანყურის სპეცოპერაციის შესახებ გაავრცელეს.
ზაკაევი იმ ფაქტსაც იხსენებს, რომ საქართველოს ხელისუფლება თავიდან კატეგორიულად ამტკიცებდა, თითქოს დივერსანტთა ჯგუფი დაღესტნიდან შემოიჭრა და მათ შორის საქართველოს მოქალაქეები არ იყვნენ. მოგვიანებით, როცა პანკისის ხეობაში გლოვა დაიწყო და საფლავები გაითხარა, ხელისუფლება იძულებული გახდა, ეღიარებინა, რომ ჯგუფში საქართველოს მოქალაქეებიც ერივნენ. რამდენიმე დღიანი ვაჭრობის შემდეგ კი, პოლიციამ ქისტებს ადრე დაპირებული შვიდი ცხედრის ნაცვლად, სამის - ასლან მარგოშვილის, ბაჰაუდი ბაღაკაშვილისა და ბაჰაუდი ალდამოვის (ქართარაშვილის) ცხედრები გადასცა. მათგან ორი საქართველოს მოქალაქე იყო.
გარდა ამისა, ახმედ ზაკაევი ამბობს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ვანო მერაბიშვილს ერთობლივი საგამოძიებო კომისიის შექმნა შესთავაზა, თუმცა, პასუხი ამ დრომდე არ მიუღია.
ამასთან, ზაკაევი სამწუხაროდ მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ გავრცელებული ინფორმაცია მათი ინფორმაციისგან ძალიან განსხვავდება. უფრო მეტიც, ახმედ ზაკაევი შეშფოთებას გამოთაქვამს, რომ ქართულ მხარეს არა მარტო მათთან ერთად გამოძიების ჩატარება არ სურს, არამედ არც იმ ინფორმაციის გაცნობა აინტერესებს, რომელსაც ჩეჩნები ფლობენ.
იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან კონტაქტი ვერ შედგა, იჩქერიის წარმომადგენლები ამ ფაქტის გამოძიებას ცალმხრივად აპირებენ. ზაკაევის ხალხი უკვე ჩამოსულია საქართველოში და ისინი ხვდებიან ამ მოვლენების უშუალო თვითმხილველებს. მეტიც, ისინი უკვე იმყოფებოდნენ ლოპოტისა და პანკისის ხეობებში.
გარდა ამისა, როგორც ჩანს, ჩეჩნები საქართველოს ხელისუფლებისთვის დიდი ავტორიტეტის - აშშ დეპარტამენტის საქმის კურსში ჩაყენებასაც გეგმავენ. ამ მიზნით იჩქერიის საგარეო საქმეთა მინისტრმა წერილი მისწერა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს, რომ ისინი თავად იძიებენ ამ ინცინდენტს. ასეთივე წერილი გაგზავნეს ნატოს გენერალური მდივნის სახელზე და ევროპის საბჭოში.
ახმედ ზაკაევის განცხადების შესახებ For.ge ექსპერტებს დაუკავშირდა.
„კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის“ თავმჯდომარის ზაალ კასრელიშვილი გადაჭრით ვერ ამტკიცებს, გაითამაშა თუ არა სააკაშვილის ხელისუფლებამ ლოპოტას სპეცოპერაცია, მაგრამ ადასტურებს, რომ მომხდარი ჩვენმა ხელისუფლებამ ძალიან კარგად გამოიყენა წინასაარჩევნო კამპანიისთვის. კასრელიშვილის თქმით, კავკასიის საკითხებში ექსპერტებმა ამის შესახებ არაერთი კომენტარი გააკეთეს და დაადასტურეს ის ფაქტი, რომ სააკაშვილმა დასავლეთს თავი აჩვენა, როგორც ტერორიზმის წინააღმდეგ მებრძოლმა რაინდმა, ხოლო რუსეთს ამ ფსევდო სპეცოოპერაციით ერთობლივი ანტიტერორისტული ცენტრის შექმნა და ერთობლივი ძალისხმევით ტერორის წინააღმდეგ ბრძოლა შესთავაზა.
„ვანო მერაბიშვილი და ეს ხელისუფლება არასდროს დაეხმარება ზაკაევის კომისიას ამ საქმის გამოძიების საქმეში, რადგან სააკაშვილმა და მისმა ხელისუფლებამ ფიზიკურად გაანადგურეს მოწმეები, რათა მათ არაფერი ეთქვათ ისეთი, რაც საქართველოს მოსახლეობამ და დასავლეთმა არ იცის. ესენი რომელ გამოძიებას დაეხმარებიან? იჩქერიის წარმომადგენლებს არ აქვთ ჩვენი ხელისუფლების მიმართ ნდობა. ამიტომაც არა მარტო ნატოს გენერალურ მდივანს, ევროკავშირს გაუგზავნეს ამის შესახებ წერილები, არამედ - რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციასაც“.
ზაალ კასრელიშვილის თქმით, ჩეჩნებმა ეს ავტორიტეტული ორგანიზაციები წინასწარვე ჩააყენეს საქმის კურსში, რომ, როცა მომხდარის შესახებ ისინი დასკვნებს დადებენ, ეს მათთვის უცხო არ უნდა იყოს. „კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის“ თავმჯდომარის თქმით, ეს საქართველოს ხელისუფლების მიმართ უნდობლობას ნიშნავს.
„არა მარტო აშშ დეპარტამენტი, არამედ ყველა მიხვდა, რომ ჩრდილო კავკასიელებს ლაფანყურის სპეცოპერაციის შემდეგ საქართველოს ხელისუფლების მიმართ ნდობა აღარ აქვთ. რატომ არ ენდობიან? რადგან თვლიან, რომ სააკაშვილმა რუსეთთან შეთანხმებულად მოაწყო ყველაფერი“, - აცხადებს კასრელიშვილი.
იგი აბსოლუტურად იზიარებს დუკვახა დუშუევთან დაკავშირებით გამოთქმულ მოსაზრებას. მისი თქმით, ეს იყო კაცი, რომლის ჩვენებების საფუძველზეც ახმედ ზაკაევმა მიიღო პოლიტიკური თავშესაფარი ლონდონში და დუკვახაც ლონდონში ცხოვრობდა. ასე რომ, ის რუსეთიდან აქ ვერ შემოვიდოდა. დუკვახა საქართველოში იყო და უკვე მოგვიანებით აღმოჩნდა ტყეში.
კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ სააკაშვილმა ეს სპეცოპერაცია სპეციალურად საარჩევნო კამპანიის წინ ჩაატარა. მისი აზრით, პროცესები მას არ დაუგეგმავს და თავისით დაიწყო. უფრო ზუსტად, ტერაქტი მოხდა დაღესტანში და დაღესტნის ტერაქტის გამო დაიძრა ეს ხალხი იქითა მხარეს. თუმცა ფაქტია, რომ მომხდარი სააკაშვილმა წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოყენა.
„მას ეს ოპერაცია არ დაუგეგმავს წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, არამედ უკვე არსებული ოპერაცია გამოიყენა. პროცესი, რომელიც მის გარეშე დაიწყო, საარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენა. მან დამარცხებული ომი გამარჯვებად გამოაცხადა და ეს ჩვეულებრივი ამბავია“.
რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ ერთობლივი საგამოძიებო კომისიის შექმნაზე არ მიდის მერაბიშვილი, პაატა ზაქარეიშვილს ეს გამართლებულად მიაჩნია.
„ზაკაევი ვინაა? სახელმწიფო, როგორც ლეგიტიმური ძალა, რატომ უნდა წავიდეს არალეგიტიმულ ძალებთან ერთობლივ კომისიაზე სათანამშრომლოდ? სახელმწიფოს ზაკაევთან არანაირი საერთო არ აქვს. ზაკაევი მსოფლიოს მიერ ტერორისტად არის აღიარებული და, შესაბამისად, ტერორისტებთან ერთობლივი კომისიის შექმნა არ შეიძლება. სააკაშვილი ამ ფაქტს ვერ გამოიძიებს, ამას გამოიძიებს უკვე ივანიშვილი, როცა მოვა ხელისუფლებაში. არალეგიტიმურია იჩქერიის წარმომადგენელი და, ვისაც უნდა, იმას მისწეროს წერილი, ვინ წაიკითხავს მის წერილს?! საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, არანაირი საერთო არ უნდა ჰქონდეს არც ზაკაევთან, არც სააკაშვილთან. ამ წამებების ამსახველი კადრების შემდეგ სააკაშვილიც ისეთივე არალეგიტიმურია, როგორც ზაკაევი“, - აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი.
მისი თქმით, მნიშვნელობა აქვს, რომ ზაკაევს ლონდონმა თავშესაფარი მისცა, რადგან ზაკაევს, როგორც მოქალაქეს, ისე მისცეს თავშესაფარი, და არა როგორც სახელმწიფოს წევრს.
„პიროვნებას მისცეს თავშესაფარი და ამის გამო მათთან ერთად გამოძიება უნდა დაიწყოს?! სტრუქტურაა თავად უკანონო, თორემ ადამიანი კი არ არის უკანონო?!“ - აღნიშნავს პაატა ზაქარეიშვილი.