ევროკავშირი რუსეთისა და სირიის წინააღმდეგ სანქციების გაფართოებას გეგმავს. საქმე ეხება სკრიპალების მოწამვლასა და სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენებას. ამის შესახდებ რუსული მედია წერს.
სანქციების სიას 15 ფიზიკური პირი და კომპანია დაემატება. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ასევე განიხილავენ ევროგაერთიანებაში და მის საზღვრებს გარეთ დეზინფორმაციასთან ბრძოლის გეგმას. ბრიუსელი დეზინფორმაციის მთავარ წყაროდ რუსეთს მიიჩნევს.
რუსეთის „გრუ"-ს ყოფილი თანამშრომელი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი იულია სოლსბერიში ნერვული აგენტი "ნოვიჩოკით" მოწამლეს. სკრიპალები სიკვდილს გადაურჩნენ, თუმცა, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩებიან. სკრიპალის მოწამვლას თანამედროვე პოლიტიკის ისტორიაში ყველაზე დიდი დიპლომატიური დაპირისპირება მოჰყვა.
5 სექტემბერს დიდი ბრიტანეთის პროკურატურამ და სკოტლენდ იარდმა სერგეი სკრიპალისა და მისი შვილის მოწამვლაში ეჭვმიტანილების ვინაობა დაასახელა. დიდი ბრიტანეთის პრემიერის განცხადებით, ისინი რუსეთის სამხედრო დაზვერვაში მუშაობენ.