„კაროჩე“, ერთ იარაღს ვაბარებდი და ორი ჯიბეში მედო“

„კაროჩე“, ერთ იარაღს ვაბარებდი და ორი ჯიბეში მედო“

წინა წერილებში ქართველი პარლამენტარების ურთიერთდაპირისპირების რამდენიმე „ხმაურიანი“ საქმე გავიხსენეთ. ამ თემას კვლავ ვაგრძელებთ და  თანამემამულე პოლიტიკოსების გახმაურებულ სხვა სკანდალურ შემთხვევებს მოგიყვებით.

საქართველოს პარლამენტის არსებობის ისტორიაში დეპუტატის დაკავების პირველი ოფიციალური ფაქტი 1995 წლის 30 სექტემბერს დაფიქსირდა. ამ დღეს სამგორის რაიონის პოლიციამ ქალაქის პოლიციის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებთან ერთად დააკავა პარლამენტის წევრი, „კონსერვატიულ-მონარქისტული პარტიის“ ლიდერი თეიმურაზ ჟორჟოლიანი. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-ცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჟორჟოლიანს დაკავების მომენტში პოლიციამ აღმოუჩინა 4 ამპულა მორფინი, 14 ტაბლეტი კოდეინი, 5-გრამი შპრიცი, ე. წ. „პეპელა“, ხოლო მისი ბინიდან ამოიღო 2 ცალი უნომრო ავტომატი, 2 მჭიდითა და 60 საბრძოლო ვაზნით, რ-36 სისტემის პისტოლეტი 8 საბრძოლო ვაზნით, სხვადასხვა ცეცხლსასროლი იარაღების საბრძოლო ვაზნები, მათ შორის ტტ-ს სისტემის სადისტანციო რაცია, ცედუქსინის ამპულა, ასაფეთქებელი პაკეტი. იმდროინდელი ქართული მასმედიის მტკიცებით სამედიცინო შემოწმების შედეგად ჟორჟოლიანს ალკოლოიდის ჯგუფის ოპიუმის მიღებაც დაუმტკიცდა.

ჟორჟოლიანი დაიჭირეს. ანალოგიური ბედი მის რამდენიმე კოლეგასაც ელოდა. 2003 წლის ივნისში პროკურატურამ დავით გამყრელიძის, ზურაბ ჟვანიასა და გიორგი ბარამიძის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ზემოთჩამოთვლილი პიროვნებები „კმარას“ ერთ-ერთ აქციაზე იმყოფებოდნენ, ამ ორგანიზაციის აქტივისტებს გზის გადაკეტვაში ეხმარებოდნენ და პოლიციასთან შეხლა-შემოხლაც მოუვიდათ. რასაკვირველია „კონსერვატიულ-მონარქისტული პარტიის“ ლიდერის საქმიდან განსხვავებით ეს კრიმინალური შემთხვევა ბოლომდე არ გამოიკვლიეს და ზემოთჩამოთვლილი პოლიტიკოსებიც ციხის კედლებში დიდი ხნით სტუმრობას გადაურჩნენ.

რადგან სიტყვამ „დაჭერა“ მოიტანა, მიკვირს თავის დროზე სათანადო ორგანოებმა რატომ არ დააკავეს დეპუტატი კობა ამირხანაშვილი. ხალხის ეს „რჩეული“ საპარლამენტო სხდომებზე იარაღით დადიოდა. ამას თავად ბატონი კობაც არ მალავდა და ერთხელ შემდეგი ისტორიაც გაიხსენა:

„ხომ გახსოვთ ინციდენტი, რჩეულიშვილს თავი რომ გაუტეხეს? შემოიღეს ძალიან მკაცრი რეჟიმი. ბურჯანაძის დაცვასაც კი ანიარაღებდნენ. მაგრამ მე მაინც შემოვდიოდი იარაღით. ძალიან მთხოვეს და რომ არ ჩამეგდო უხერხულობაში ჩემი მეგობრები, „კაროჩე“, ერთ იარაღს ვაბარებდი და ორი ჯიბეში მედო. მერე ჟურნალისტებმა „ჩამიშვეს“, მაგრამ მანდ მოხდა კიდევ სხვა რამე საინტერესო. ვიცოდი, რომ ერთ დეპუტატს ჰქონდა გართულება, ახლა გვარს და სახელს არ ვიტყვი. მოკლედ, სპეციალურად მოვიტანე ის პისტოლეტი, კაფსულებს რომ ისვრის, ნაღდისგან ვერ განასხვავებ. ერთი სიტყვით, ნაღდი იარაღი ქვემოთ დავტოვე, ვიცი ახლა, რომ ჩემზე უნდა მოხდეს „თავდასხმა“. დაცვასთან გაწევ-გამოწევაა, იარაღი გვაჩვენეო, მეც დავაძრე და მივუშვირე: გაგინგრევთ შუბლს-მეთქი. კინაღამ ჩაისვარეს ერთ მომენტში, როცა „ტკაც“ გავადინე და ბურთულა დაბლა გავარდა. მე ვუთხარი, თქვე გოიმებო, ყველაფრის როგორ გეშინიათ-მეთქი“.

დაჭერა-არ დაჭერის თემის შემდეგ ნება მომეცით მიხეილ სააკაშვილი გავიხსენო. წინა საუკუნის 90-იანი წლების მეორე ნახევარში „მიშა მაგარია“ პერსპექტიული პოლიტიკოსის იმიჯით სარგებლობდა და მავანი და მავანი მას საქართველოს მომავალ გადამრჩენელადაც გვისახავდა.

1996 წელს საქართველოს მომავალი პრეზიდენტი პირველ შარში გაეხვია. იმ მოვლენებიდან დაახლოებით ათი წლის შემდეგ ქართველ ჟურნალისტებს ხელში ერთი უცნაური და საყურადღებო წერილი ჩაუვარდათ. ამ „დოკუმენტის“ დამწერი მიხეილ სააკაშვილი ბრძანდებოდა და მას ქვემოთ უცვლელად გთავაზობთ.

„ქალაქ თბილისის პოლიციის აეროპორტის განყოფილებას განყ. უფროსს პოლკოვნიკ თუთბერიძეს

მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის მცხოვრები გ. ახვლედიანის 21 ტელ 931084

განცხადება

მოგახსენებთ, რომ 1996 წლის 5 ოქტომბერს „ეარ ჯორჯიის“ რეისით ფრანკფურტიდან დილის 11 საათზე ჩამოვედი. ტრაპის პირველ საფეხურზე ჩამოსვლისას გამახსენდა, რომ თვითმფრინავის სალონში დამრჩა საფულე. როცა მივბრუნდი უკნიდან ვიღაცა ხელით მწვდა და მკითხა „სად მიდიხარ“, მე ავუხსენი თუ სად მივდიოდი. მანაც მომიგო „ახლავე უკან ჩამოეთრიეო“. მეც მივუგე, რომ მას უფლება არ ჰქონდა ასეთი ტონით ელაპარაკა, თანაც დავძინე, რომ ვიყავი პარლამენტის წევრი. ამ პირმა, რომელსაც არც ფორმა ეცვა და არ ჰქონდა რაიმე სხვა ნიშანი ხელი ჩამავლო პერანგში და ორჯერ მიბიძგა. მე ხელიდან დავუძვერი და ზემოთ ავედი. უკან ჩამოსვლისას ისევ ჩამავლო ხელი მხარში და მითხრა, რომ „ფეხებზე ჰკიდია პარლამენტი“, „შემიძლია სადაც მინდა იქ ვუჩივლო“, მომმართავდა სხვადასხვა უხეში გამოთქმებით. („რო შე ჩემის გადანგრეულო“ და ა.შ.) იძულებული ვარ სიზუსტისთვის ყველა გამოთქმა ზუსტად დავაფიქსირო. მე მოვთხოვე თავი წარედგინა და მითხრა, რომ მისი სახელია გობეხაშვილი და ფეხებზე ჰკიდია პარლამენტი და თვითონ ხომ არ მივარდება პარლამენტში და ა.შ..

მუდმივად ხელს მკრავდა. ჩემი მოადგილეს თენგიზ შარმანაშვილის და მისი მეგობრების მცდელობა ხელი გაეშვებინათ უშედეგოდ დამთავრდა. იქვე იდგა ფორმიანი პიროვნება, რომელმაც მოგვიანებით თავი წარგვიდგინა როგორც საავიაციო უშიშროების უფროსმა. მან გაამართლა გობეხაშვილის მოქმედება და განგვიცხადა, რომ იგი მთლიანად სწორი იყო. მთავრობის დარბაზში გამოსვლისას გამოვიძახე პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც დაუყოვნებლივ მოვიდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ ჩემზე ფიზიკური ზემოქმედება  არ ატარებდა მძიმე ხასიათს და არანაირი დაზიანება არ მიმიღია, თვითონ მოქმედება იყო შეურაცმყოფელი და მოვითხოვ მიღებული იქნას სათანადო ზომები საჯარო შეურაცხყოფისთვის“.

ამ წერილის წამკითხავ ადამიანს ალბათ თავდაპირველად ერთი აზრი გაუჩნდება - ქართული წერა-კითხვის ასეთმა „მცოდნე“ პიროვნებამ „ადგილობრივი მასშტაბის“ უმაღლეს სახელისუფლებო მწვერვალს როგორ მიაღწია. სხვათა შორის, საქართველოს პრეზიდენტი ვალდებულია, წერტილსა და მძიმეს სწორედ სვამდეს, დანარჩენ სასვენ ნიშნებზე აღარაფერს ვამბობთ. რაც შეეხება განცხადების ტიპურ ფორმას, ეს რომ მეოთხე კლასში ესწავლა, მაშინ აღარ დაგვიწერდა „მანაც მომიგო ახლავე უკან ჩამოეთრიეო. მეც მივუგე, რომ მას უფლება არ ჰქონდა ასეთი ტონით ელაპარაკა, თანაც დავძინე, რომ ვიყავი პარლამენტის წევრი“.

1999 წლის 10 დეკემბერს სააკაშვილს მეორე „უბედურება“ შეემთხვა. ადამიანის უფლებათა დაცვის დღეს, თავად საპარლამენტო უმრავლესობის იმდროინდელი ლიდერი უფლებაშელახული და ნაცემი აღმოჩნდა.

როგორც „დაზარალებული“ აცხადებდა, დაახლოებით 19 საათზე, სახლთან მისულს (ახალშენის ქუჩა) რამდენიმე შეიარაღებული უცნობი დაესხა თავს, რომელთაც იარაღის გამოყენება ვერ მოასწრეს, მაგრამ გაწევ-გამოწევას მისი პიჯაკი შეეწირა.

სააკაშვილზე თავდასხმის შემდგომ, პოლიციამ შესაშური ოპერატიულობით იმუშავა და რამდენიმე საათში მოიძებნა მანქანა, რომლითაც თავდამსხმელები მიიმალნენ. როგორც გაირკვა, იგი ედპ-ის წევრს გია დალაქიშვილს ეკუთვნოდა.

2003 წლის 26 სექტემბერს არჩევნებამდე 37 დღით ადრე სააკაშვილი კვლავ გაილახა, ამჯერად მომხრეებთან ერთად. ბოლნისში „ნაციონალებისა“ და ლევან მამალაძის მხარდამჭერები ერთმანეთს დაერივნენ. ამ რაიონში „ნაციონალი“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ჯემალ მურადხანოვის წარსადგენად ბოლნისში ჩასულ სააკაშვილსა და მის გუნდს ბოლნისის შესასვლელთან მამალაძის მხარდამჭერები დახვდნენ. სტუმარ-მასპინძლებმა ერთმანეთს ქვები და ხელკეტები დაუშინეს. ათეულობით ადამიანი დაშავდა, მათ შორის ბოლნისის რაიონის გამგებელი ზურაბ ჯაფარიძე და საკრებულოს თავმჯდომარე აბას აბასოვი. ეს უკანასკნელი საავადმყოფოში გადაიყვანეს...

ერთხელ თავი საქართველოს პარლამენტის წევრმა ბეჟან ხურციძემაც „გამოიჩინა“. ამ უკანასკნელმა 2003 წლის 31 აგვისტოს სოფელ სალხინოში 28 წლისმ ვინმე გურამ ხარბეიშვილი სცემა. ფიზიკური შეურაცხყოფის შედეგად ხარბეიშვილს ქალა-ტვინის ტრავმა და სხეულის ზოგადი დაჟეჟილობა ჰქონდა მიღებული. როგორც პოლიციაში აცხადებდნენ, ბეჟან ხურციძე ხარბეიშვილისგან ვალის სახით 500 დოლარს ითხოვდა.

დასასრულს ერთ „კოლორიტულ“ პარლამენტარს (წინა წერილებში გამომრჩა) და მის „საგმირო საქმეს“ გავიხსენებ. საუბარი ბატონ აკაკი ბობოხიძეზე მაქვს, რომელიც თავის დროზე პარლამენტარმა გიორგი თარგამაძემ „უზრდელი დეპუტატის“ სახელით მონათლა.

2011 წლის 26 სექტემბერს პარლამენტის სხდომაზე აკაკი ბობოხიძე პეტრე მამრაძეს ფიზიკურად დაუპირისპირდა. დაპირისპირება პლენარულ სხდომაზე პეტრე მამრაძის სიტყვით გამოსვლას მოჰყვა. მან 2008 წლის აგვისტოს მოვლენებს "ქართული პროვოკაცია" უწოდა, რასაც აკაკი ბობოხიძის აღშფოთება მოჰყვა. მან მამრაძეს "ახვარი" უწოდა და სახეში ჩაარტყა...