სიახლეებმა, რომლებიც ჩარლზ შვაბმა ფინანსურ ბაზრებზე დანერგა, მსოფლიო შეცვალა. მათი მნიშვნელობა იმდენად დიდია, რომ ისეთ რევოლუციურ მიგნებებს შეიძლება შევადაროთ, როგორებიც ლაზერის, პერსონალური კომპიუტერის, ან ინტერნეტის გამოგონებაა. შვაბმა შემოიღო საბროკერო მომსახურებზე ფასდაკლება, შექმნა დისკაუნტური საბროკერო კომპანია, მომსახურება საყოველთაოდ ხელმისაწვდომი და ამერიკული საფონდო ბირჟა ჭეშმარიტად მასობრივი გახადა. ამ გენიოსმა ფინანსისტმა თავისი იდეები მთელს მსოფლიოში გაავრცელა და მრავალწლიანი მოღვაწეობის მანძილზე 4,7 მილიარდი დოლარის ოდენობის კაპიტალი დააგროვა.
დისკლექსიიანი ეკონომისტი
1937 წელს დაბადებული ჩარლზ შვაბი ბავშვობაში, ისევე როგორც მისი უამრავი თანატოლი ამერიკელი, არა მარტო თამაშობდა, არამედ ფულსაც შოულობდა. დოლარის ფასი მიხაკებისა და კვერცხის გაყიდვით, გოლფის მოედანზე ბურთის მიმწოდებლად მუშაობით გაიგო. თავდაპირველად სკოლაში ძალიან ცუდად სწავლობდა, რისი მიზეზიც, როგორც მოგვიანებით გაირკვა, საკმაოდ გავრცელებული თანდაყოლილი დაავადება დისლექსია (ნაბეჭდი ტექსტის გაძნელებული აღქმა) ყოფილა. მაგრამ ერთობ მუყაითმა და ნიჭიერმა ბიჭმა ამ ნაკლის დაძლევა შეუპოვარი შრომით შეძლო.
სკოლის დამთავრების შემდეგ ჩარლიმ სტენფორდის უნივერსიტეტში ჩააბარა. მართალია, დაავადება კვლავ ხელს უშლიდა, მაგრამ არავის ჩამოუვარდებოდა, ციფრების აღქმა შედარებით უადვილდებოდა და მისი საყვარელი საგანი ეკონომიკა გახდა. სწავლასთან ერთად, ცოტაოდენი ფული რომ ეშოვნა, ტრაქტორისტად, მეისრედ, ბოლოს კი კლერკად მუშაობდა. სწორედ მაშინ მიხვდა ჩარლი, რომ თანამშრომლებთან და კლიენტებთან კეთილმოსურნე დამოკიდებულება ბიზნესში წარმატების მთავარი საფუძველია. ერთობ კონტაქტურ შვაბს მშვენივრად შეეძლო ადამიანში ენთუზიაზმის აღძვრა და მისი საუკეთესო თვისებების წარმოჩენა.
უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ შვაბი ინვესტირების საკითხებისადმი მიძღვნილი ყოველთვიური ბიულეტენის Investment Indicator-ის გამოცემაში მონაწილეობდა, 1971 წელს კი ერთობ საპასუხისმგებლო ნაბიჯი გადადგა, თავისი მდიდარი ბიძისაგან 100 ათასი დოლარი ისესხა და საკუთარი საქმე წამოიწყო, კერძოდ, რამდენიმე მეგობართან ერთად საბროკერო კანტორა First Commander Corp დააარსა.
მაგრამ შვაბის პრინციპები და სტრატეგია კომპანიონების ხედვას ყოველთვის როდი ემთხვეოდა. ამიტომაც, 1973 წელს ჩარლზმა მათი წილი გამოისყიდა, კომპანიის ერთპიროვნული მეპატრონე გახდა, მას Charles Schwab & Co უწოდა და განვითარების თავისი კონცეფცია განავითარა.
დიდი ნოვატორი
როცა 1974 წელს აშშ-ს ბირჟებისა და ფასიანი ქაღალდების კომისიამ საბროკერო მომსახურების ფიქსირებული გადასახადი გააუქმა, შვაბი მიხვდა, რომ მოქმედების დრო დადგა. მისი კონკურენტების უმრავლესობამ კომისიის ეს გადაწყვეტილება საკომისიო გადასახადის გასაზრდელად გამოიყენა, ჩარლზის ფირმამ კი პირიქით, საბროკერო მომსახურებისათვის ფასდაკლება დააწესა. ცხადია, კომპანიის თანამშრომელთა ინტერესებიც გათვალისწინებულ იქნა.
ასე რომ, Charles Schwab & Co ბაზარზე ერთ-ერთი გამონაკლისი დისკაუნტ-კომპანია გახდა, რომელიც კლიენტს, მისი გარკვეული მომზადების მიხედვით, მინიმალურ აუცილებელ მომსახურებას სთავაზობდა და ვაჭრობაში მონაწილეობისათვის მინიმალურ გასამრჯელოს იღებდა. მისი კონკურენტები კი მომსახურების სრული პაკეტის სანაცვლოდ გვარიან თანხას ითხოვდნენ.
ამგვარმა მიდგომამ კონკურენტებთან ბრძოლა Charles Schwab & Co-ის სასარგებლოდ გადაწყვიტა. შვაბმა საფონდო ბირჟა მასებთან დააახლოვა და ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობა არცთუ მდიდარი, მაგრამ მომზადებული ინვესტორებისათვის ხელმისაწვდომი გახადა.
80-იან წლებში შვაბის კომპანიამ რამდენიმე რევოლუციური სიახლე დანერგა. კერძოდ, შექმნა სასესხო ფონდების სუპერმარკეტი One Cource, რომელიც ნებისმიერ ადამიანს ყოველდღიურად სასურველი შეკვეთის განხორციელების საშუალებას აძლევდა. გარდა ამისა, 1984 წელს შეიქმნა პროგრამა Schwab Mutual Fund Marketplace, რომლის წყალობითაც, ინდივიდუალურმა ინვესტორებმა რამდენიმე ასეულ სხვადასხვა სასესხო ფონდთან კონტაქტი დაამყარეს. ამ პროგრამის ლოგიკური გაგრძელება გახლდათ 1992 წელს შექმნილი Mutual Fund Source, რომელიც იგივეს ონლაინ რეჟიმში აკეთებს.
გარდა ამისა, Charles Schwab & Co-მ პირველმა შესთავაზა კლიენტებს დღე-ღამის ნებისმიერ დროს მომსახურება, დაიწყო სემინარების ჩატარება და გამოსცა საბირჟო ოპერაციების სახელმძღვანელოები. თავად შვაბის წიგნი «რჩევები ფინანსური დამოუკიდებლობის მისაღწევად» 1998 წლის ბესტსელერი გახდა.
ეს კიდევ ყველაფერი როდია. მოღვაწეობის დაწყების დღიდან Charles Schwab & Co ცდილობდა რაც შეიძლება ეფექტურად გამოეყენებინა ახალი საინფორმაციო ტექნოლოგიები. 1979 წელს ჩარლზმა ნახევარი მილიონი დოლარი არ დაიშურა ინფორმაციის გადასამუშავებელი ახალი სისტემის შესაქმნელად. 1984 წელს კი კომპანია ელექტრონული ტრეიდინგის დანერგვას შეუდგა. შეიმუშავეს
პროგრამა Equalizer, რომელიც ონლაინ-ვაჭრობაში მონაწილეობის საშუალებას იძლეოდა. 1986 წელს გამოუშვეს ხელსაწყო Schwabline, რომელიც საბირზო ინფორმაციის სატელეფონო ხაზით გადაცემის და უმალ ამობეჭვდვის საშუალებას იძლეოდა.
ამ გარდამტეხ პერიოდში კომპანიაში მუშაობა დაიწყო დევიდ პოტრაკმა, რომელიც თავდაპირველად სარეკლამო საქმეს უძღვებოდა, მაგრამ წინ მალე წაიწია და ამჟამად შვაბთან ერთად აღმასრულებელი დირექტორის პოსტს იყოფს. სწორედ მისი მეოხებით შეძლო კომპანიამ ახალი ტექნოლოგიების ეგზომ სწრაფად ათვისება.
1995 წლის ბოლოს Charles Schwab & Co-ის სპეციალისტებმა შეიმუშავეს ონლაინ-ვაჭრობის ახალი პროგრამა e.Schwab, რომელმაც ნამდვილი ფურორი მოახდინა და პირველი კვირის შემდეგ უკვე 10 ათასამდე კლიენტი გაუჩნდა.
მსოფლიო ლიდერი
ახალი ტექნოლოგიების ეგზომ მაღალი ტემპით დანერგვამ Charles Schwab & Co-ს ბევრი ისეთი კლიენტი გაუნაწყენა, რომლებსაც რაიმე მიზეზის გამო ამ სიახლეებით სარგებლობა არ შეეძლოთ. ისინი ხომ მომსახურების სანაცვლოდ თითქმის ორჯერ მეტს იხდიდნენ, ვიდრე e.Schwab-ის მომხმარებლები. ცხადია, კლიენტების დაკარგვა არაფრის დიდებით არ შეიძლებოდა და კომპანიამ უპრეცედენტო ნაბიჯი გადადგა - შვაბმა გადაწყვიტა, მათი მომსახურების გადასახადი შეემცირებინა და e.Schwab-ის მომხმარებლებისათვის გაეთანაბრებინა.
ასე რომ, 1997 წლის ბოლოდან მოყოლებული, კომპანიის ნებისმიერი კლიენტი განხორციელებული გარიგებისათვის 29,95 დოლარს იხდის. მართალია, ამის გამო 1998 წელს Charles Schwab & Co-მ 125 მილიონით ნაკლები შემოსავალი მიიღო, მაგრამ, შემდეგ წლებში კლიენტების რაოდენობამ იმატა და, მას შემდეგ, მოგება
გამუდმებით მატულობს.
ცხადია, კონკურენტებს არ ეძინათ. ზოგიერთი კლიენტების მოხიბვლას მომსახურების სოლიდური პაკეტის შეთავაზებითა და ინდივიდუალური მიდგომით ცდილობდა, ზოგიც მათ გადაბირებას უფრო დაბალი ტარიფებით ლამობდა. ლიდერობის შენარჩუნებისათვის შვაბმა Charles Schwab & Co-ს სტრუქტურის გადახედვა გადაწყვიტა და 2000 წელს ძალზე მდიდარ კლიენტებთან მუშაობის ნახევარსაუკუნოვანი ისტორის მქონე კომპანია U.S.Trust 2,9 მილიარდ დოლარად შეიძინა. ხოლო კიდევ უფრო დაბალი ტარიფებით სამუშაოდ ახალგაზრდა კომპანია Cyber Corp, რომელსაც უმალ სახელი გადაარქვა და Cyber Trader უწოდა, იყიდა.
შვაბის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ იგი კომპანიის სტრატეგიას მეტად მოქნილად ცვლიდა. 2000 წლიდან Charles Schwab & Co-მ კონსალტინგური მომსახურების სტრუქტურაც დაამკვიდრა, თუმცა იგი 70-იან წლებში კომპანიის მიერ დეკლარირებულ პრინციპებს აშკარად ეწინააღმდეგებოდა. ახალი ათასწრეულის დადგომის შემდეგ კლიენტს შეუძლია 400 დოლარი გადაიხადოს და
ნებისმიერი კონსულტაცია და თავისი ბიზნესის ანალიზი მიიღოს. განსაკუთრებით მდიდარი კლიენტებისათვის კი მომსახურების კიდევ უფრო მსხვილი პაკეტები შემოიღეს.
თავისთავად ცხადია, ეგზომ წარმატებული ბიზნესმენი მხოლოდ სამშობლოში პირველობით არ დაკმაყოფილდებოდა. 1997 წლიდან შვაბი უცხოური ბაზრების ათვისებას შეუდგა და ქვეგანყოფილებები ევროპაში, ჰონკონგსა და კაიმანის კუნძულებზე შექმნა. მას შემდეგ Charles Schwab & Co-ს წარმომადგენლობები სულ უფრო და უფრო მეტ ქვეყნებს მოედო და დღეს მსოფლიოს ყველა კუთხეში
მცხოვრებ ადამიანს შეუძლია შვაბის ნოვაციებით ისარგებლოს.