უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხმა საქართველოს ეკლესიის სინოდში არსებული აზრთა სხვადასხვაობა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა. უკრაინის ავტოკეფალიის მომხრეები არიან ქორეპისკოპოსი იაკობი, დმანისისა და აგარაკ-ტაშირის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავრეპისკოპოსი ზენონი, ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე, ცურტაველი მიტროპოლიტი ვახტანგი, ფოთის მიტროპოლიტი გრიგოლი და სხვები. უფრო მეტიც, ზოგიერთმა სასულიერო პირმა გადალახა რუსეთისგან შექმნილი სახიფათო ზონა და ტელეეთერიდან მიულოცა კიდეც უკრიანელებს ავტოკეფალია.
რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი ქართველები უკრაინელებს ავტოკეფალიას ოფიციალურად მიულოცავენ? ამის შესახებ For.ge-ს თეოლოგი გოჩა ბარნოვი ესაუბრა.
აფხაზეთის ეპარქიის დე ფაქტოდ მიერთება რუსეთის ეკლესიის მხრიდან ისედაც აშკარაა, რადგან რუსები არ ცნობენ ილია მეორის ტიტულს „ცხუმ-აფხაზეთის მიტროლოპოლიტი“. ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ აფხაზეთში ისედაც არავინ გვიშვებს, უნდა გვაფრთხობდეს თუ არა ის ფაქტი, რომ რუსები აფხაზეთის ეპარქიას მიიერთებენ და უნდა ვიყოთ თუ არა თავშეკავებულნი?
- თავშეკავებას არანაირი გამართლება არ აქვს. ჯერ ერთი, საქართველო სეკულარული სახელმწიფოა და ეკლესია და სახელმწიფო გაყოფილია. ამიტომ ჩვენმა ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა მიულოცოს უკრაინის ხელისუფლებას ავტოკეფალია. ზოგიერთი სასულიერო პირი აცხადებს, რომ ეს არის მხოლოდ საეკლესიო თემა. სინამდვილეში, ეს არ არის მარტო რელიგიური აქტი. ნებისმიერ დამოუკიდებელ სახელმწიფოს აქვს უფლება, ჰქონდეს თავისი დამოუკიდებელი ეკლესია, რასაც მიაღწია საქართველომ, მანამდე მიაღწიეს სხვა სახელმწიფოებმა: ბულგარეთმა, რუმინეთმა და სხვა. აქედან გამომდინარე, ევროპის ერთ-ერთ უდიდეს სახელმწიფოს-უკრაინასაც აქვს უფლება, ჰქონდეს ავტოკეფალური ეკლესია. არაფერი არაბუნებრივი და კანონსაწინააღმდეგო აქ არ არის. ყველაფერი მოხდა კანონით. კონსტანტინოპოლის საპატრიარქო არ დგამს ისეთ ნაბიჯებს, რომელიც გამოიწვევს კანონის დარღვევას.
რაც შეეხება ჩვენი ეკლესიის მხრიდან დამოკიდებულებას, რამდენიმე ჩვენმა მიტროპოლიტმა გამოთქვა თავისი პოზიცია და მიულოცეს კიდეც უკრაინელებს ავტოკეფალიის მინიჭება სიტყვიერად, ტელევიზიის მეშვეობით. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს ეკლესიის სინოდში არ არის თანხმობა ამ საკითხთან დაკავშირებით და ის მღვდელმთავრები, რომლებიც თავს იკავებენ ამ თემასთან მიმართებით, არ დგანან სწორ პოზიციაზე. მეუფე სპირიდონის ამას წინანდელი გამოსვლა აცდენილია ისტორიულ რეალობას, საეკლესიო სამართლებივ ჩარჩოებს, მისი მიმართვა მეუფე პეტრესადმი უკიდურესად დამამცირებელია, „ერისკაცივით ნული იქნებიო“. გამოდის, ჩვენ, ერისკაცები ნულები ვართ?! ერისკაცები რომ არ ვიყოთ, თავისთავად ცხადია, სასულიერო პირებიც აღარ იქნებიან, ისინი ხომ ჩვენი მსახურებისთვის არიან დადგენილნი.
უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიამ ბევრი რამ შეცვალა ჩვენს სინოდში და მათ განსხვავებული პოზიციების გამოთქმა დაიწყეს?
- რა თქმა უნდა, თუნდაც ერთი წლის წინ ბევრი ეპისკოპოსი ვერ გაბედავდა იმის თქმას, რასაც ახლა ბედავს. ეს ჯანმრთელი პროცესია, რადგან ეკლესია უნდა იმართებოდეს სინოდის და არა პატრიარქის მიერ. პატრიარქი ვერანაირ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს სინოდის წევრთა თანხმობის გარეშე ისევე, როგორც სინოდის წევრები ვერაფერს გადაწყვეტენ პატრიარქის თანხმობის გარეშე. რაც შეეხება აფხაზეთს, საეკლესიო წესით, რუსეთის ეკლესიას არ აქვს არანაირი უფლება, ვინმეს ავტოკეფალია მიანიჭოს. ამის უფლება ექსკლუზიურად აქვს მხოლოდ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს, რადგან ის არის პირველი პატივის უპირატესობის მიხედვით მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის და მას ეს უფლება აქვს მეოთხე მსოფლიო საეკლესიო კრების მე-9 და მე-17 კანონების შესაბამისად.
მაგრამ თავის დროზე, 1970 წელს, რუსეთმა თვითნებურად ავტოკეფალია მიანიჭა ამერიკის ეკლესიას, რაც კონსტანტინოპოლმა არ აღიარა, მაგრამ რუსეთმა ეს ნაბიჯი მაინც გადადგა.
- ეს ძალიან მძიმე ცოდვაა, რუსეთმა როგორც ეროვნულ ეკლესიას მისცა ამერიკის ეკლესიას ავტოკეფალია, რადგან ამერიკის ეკლესიას წარმოადგენდნენ რუსები. დღეს უკვე იქ ამერიკული მსახურებაა, მაგრამ თვითონ პრინციპი, რის საფუძველზეც რუსეთმა ამერიკის ეკლესიას ავტოკეფალია მიანიჭა, კანონდარღვევა იყო. სწორედ ეს არის ეთნოფილეტიზმის ერესი, რომელიც დაგმობილია 1872 წლის კონსტანტინოპოლის დიდ კრებაზე. მაგრამ ყველა ეკლესია ამერიკის ეკლესიის ავტოკეფალიას არ აღიარებს. სამწუხაროდ, საქართველოს ეკლესია აღიარებს. რუსეთის პრინციპია, სადაც რუსი ცხოვრობს, იქ არის მისი ეკლესიის იურისდიქცია. ეს ყოვლად დაუშვებელია.
ეს „მესამე რომის“ კონცეფციაა, რომელიც იმის წარმოჩენას ცდილობს, თითქოს რუსეთი ქრისტიანობის ბურჯია მთელ მსოფლიოში. თუმცა „მესამე რომის“ კონცეფცია უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიამ დაამსხვრია.
- დიახ, ეს არის რუსეთის საუკუნეობრივი ოცნება, გამხდარიყო მესამე რომი, მაგრამ მან ვერ მიაღწია ამ მიზანს და ახლა ცდილობს, გახდეს მესამე რომი და მეორე ალტერნატივა შექმნას ეკლესიაში თავისი მეთაურობით, წაიყვანოს თავისი სატელიტები. ამიტომაც რუსეთი მიმართავს ალექსანდრიის პატრიარქს, რომელიც დიპტიხით მეორეა კონსტანტინოპოლის შემდგომ, რომ კონსტანტინოპოლი წავიდა ერესში, სქიზმაში, ამიტომ ალექსანდრიის პატრიარქს შეუძლია თურმე მოიწვიოს კრება. ესეც საეკლესიო კანონის დარღვევაა, როდესაც რუსეთს არავინ ეკითხება, რომ კრების მოწვევამდე რაიმე განცხადება გააკეთოს. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ კონსტანტინოპოლის პატრიარქის პრეროგატივა, მან უნდა მოითხოვოს კრების მოწვევა. რუსეთი კი ცდილობს, მეორე ორბიტა შექმნას მართლმადიდებლურ სამყაროში, თავისი მეთაურობით და თან გაიყოლოს მასზე ჩამოკიდებული ეკლესიები. სამწუხაროდ, საქართველოს ეკლესია ჯერჯერობით ამ პოზიციაზეა, რადგან კრეტის კრებაზე ჩვენმა ეკლესიამ რუსეთს დაუჭირა მხარი და ჩვენები არ წავიდნენ ამ კრებაზე. ეს ძალიან ცუდი იყო და აშკარად გამოჩნდა, რომ ის ეკლესიები, რომლებიც არ წავიდნენ კრეტის კრებაზე, რუსული ეკლესიის გავლენის ქვეშ იყვნენ.
საქართველოს ეკლესიის თავშეკავებული პოზიცია რუსულ ეკლესიასთან მიმართებით იმითაც ხომ არ აიხსნება, რომ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გამო სიტუაციის მძევლები ვართ?
- აფხაზეთსა და სამაჩაბლოში მაინც ვერ შევდივართ, წართმეული არ არის? ახლა რუსეთი ავტოკეფალიას არც ერთ ვარიანტში არ მისცემს აფხაზეთს, რადგან ამით ქართველებს სამუდამოდ გადაიმტერებს. რაში სჭირდება რუსეთს ქართველების გადამტერება? მას სჭირდება, საქართველო იყოს მისი ვასალური ქვეყანა. ამიტომ არ მისცემს ავტოკეფალიას აფხაზეთს, მაგრამ არ შეგვაყოფინებს ცხვირს ამ ტერიტორიაზე.
ფიქრობთ, რომ აფხაზეთის ეკლესია ფაქტობრივად მიერთებული აქვს რუსეთის ეკლესიას?
- ფაქტობრივად ეს ასეა. უბრალოდ, იურიდიულად არ არის ეს გაფორმებული.
თქვენ ამბობთ, რომ რუსეთს საეკლესიო მეორე ცენტრის შექმნა სურს. ალექსანდრიის პატრიარქი რუსეთის მხარეს დაიჭერს?
- არა მგონია, ალექსანდრიის პატრიარქმა რუსეთის მხარე დაიჭიროს. რამდენად ზუსტი ინფორმაცია მაქვს, არ ვიცი, მაგრამ ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ საბერძნეთის (ელადის) ეკლესიამ უკვე ცნო უკრაინის ავტოკეფალია და უკვე მოიხსენია ევქარისტული მსახურების დროს. ეს ნიშნავს, რომ ელადის ეკლესია უკრაინის ავტოკეფალიას უკვე აღიარებს. ყოველ შემთხვევაში, უკრაინულ საიტზე გამოჩნდა ასეთი ინფორმაცია. ახლა დროის მომენტია. მე ვფიქრობ, ყველა შემთხვევაში, ალექსანდრია დაიჭერს კონსტანტინოპოლის მხარს, რადგან ალექსანდრია არის უძველესი საპატრიარქო და არა მგონია, რუსეთის ქვემდებარე ვასალურ ეკლესიად იქცეს. ეს ძალიან დიდი სირცხვილი იქნება ალექსანდრიისთვის.
თუ არის იმის საშიშროება, რომ ოდესმე კონსტანტინოპოლმა აფხაზეთის ეპარქიის ავტოკეფალია ცნოს?
- გამორიცხულია. მართლმადიდებლობაში ასეთი პრინციპი არსებობს, თუკი ერთ სახელმწიფოში, ეროვნულ სახელმწიფოში არსებობს ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესია და ამავე სახელმწიფოში არის პატარა ეთნოსი, რომელსაც ასევე სურს ავტოკეფალურობა, ეს შეუძლებელია, რადგან არ შეიძლება ერთ სახელმწიფოში ორი ავტოკეფალური ეკლესია იყოს. თუკი აფხაზეთი გახდება დამოუკიდებელი სახელმწიფო და მას მთელი მსოფლიო თანამეგობრობა აღიარებს (შეერთებული შტატები, ევროპა და ა.შ.) რა თქმა უნდა, მას შემდგომ უფლება ექნება, მოითხოვოს ავტოკეფალია და მისცემენ კიდეც ავტოკეფალიას. მე ძალიან ხშირად ვხვდები ხოლმე კონსტანტინოპოლელ პატრიარქს და მას ჩემთვის პირადად აქვს ნათქვამი, რომ მართლმადიდებელი ეკლესიების კანონიკური სამართლის მიხედვით, აფხაზეთის ავტოკეფალია გამორიცხულია.
2012 წელს ახალი ჩამოსული ვიყავი საბერძნეთიდან, როდესაც სადავო საკითხი იყო, შეეშვათ თუ არა კონსტანტინოპოლი, ან რომელიმე სხვა ეკლესია აფხაზეთში. სასულიერო აკადემიაში ვკითხულობდი ლექციებს და მაშინ რექტორმა მკითხა ამის შესახებ და მას ვუთხარი, რომ კანონიკურად სულიერი ძალაუფლების, ხელმწიფების უფლება უნდა მივცეთ კონსტანტინოპოლს, მაგრამ რამდენადაც შემდგომ გახდა ცნობილი, საპატრიარქო ამის წინააღმდეგ წავიდა, მათ არ ეყოთ ვაჟკაცობა, გადაედგათ ეს ნაბიჯი და კონსტანტინოპოლისთვის მიეცათ დროებით იკონომიით სულიერი მმართველობა აფხაზეთში, რაც უკეთეს შედეგებს მოიტანდა, ვიდრე დღეს არის აფხაზეთში შექმნილი.
ანუ რუსული ეკლესია ასე აქტიურად აღარ შევიდოდა აფხაზეთში?
- კონსტანტინოპოლი გამოიყენებდა ყველანაირ ბერკეტს, რომ რუსეთი იქიდან გაეშვა. შეიძლება, რუსეთი მაინც არ წასულიყო, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, კონსტანტინოპოლი საამისო ბერკეტებს გამოიყენებდა და ეს საკითხი ყოველდღიურ დღის წესრიგში დადგებოდა. იმის გამო, რომ ჩვენ გამოსულები ვართ ეკლესიათა მსოფლიო საბჭოდან, ჩვენ დავკარგეთ გაეროს ეკვივალენტი ტრიბუნა ეკლესიაში. ჩვენ ვერავისთან ამას ვერ ვაპროტესტებთ. თქვენ გინახავთ, საქართველოს ეკლესიის სინოდის პროტესტი რუსეთის ეკლესიის მიმართ აფხაზეთთან მიმართებით?