უნდა იჯდეს თუ არა დეკანოზი ციხეში, ეს საკითხი არაერთხელ გამხდარა განსჯის საგანი. ჩვენი პატრიარქის ლმობიერებიდან გამომდინარე, ბევრს ჰქონდა მოლოდინი, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს საახალწლოდ შეიწყალებდნენ. მით უმეტეს, თავის დროზე პატრიარქს უთქვამს, რომ ციხე არ იყო გამოსასწორებელი ადგილი და შეიძლებოდა დამნაშავეები მონასტრებში გაეგზავნათ, სადაც ისინი გამოსწორდებოდნენ.
დმანისისა და აგარაკ-ტაშირის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავარეპისკოპოსი ზენონი მიიჩნევს, რომ გიორგი მამალაძის შეწყალება საზოგადოებაში მშვიდობის განმტკიცებას შეუწყობს ხელს.
„ადრე განვაცხადე და კვლავ მინდა გავიმეორო, არ ვიცნობ დეკანოზ გიორგი მამალაძეს, არც ის ვიცი, რამდენად დამნაშავეა, ან უდანაშაულო. მე მხოლოდ ის ვიცი, რომ საპყრობილეში მისი ყოფნა, მით უმეტეს, „მკვლელობის მცდელობის“ ბრალდებით, ჩვენი სირცხვილია მთლიანობაში. ჩემი სინდისის ხმით ვაცხადებ, ვფიქრობ, დეკანოზ გიორგის შეწყალება ეკლესიაში და, ზოგადად, საზოგადოებაში, ხელს შეუწყობს ღვთივსულიერი მშვიდობის განმტკიცებას“, - წერს მეუფე ზენონი.
მისივე აზრით, ე.წ. ციანიდის საქმე ქვეყნისთვის შავი ლაქაა, რომელმაც მრავალ ადამიანს გაუჩინა უსამართლობის და უნდობლობის განცდა. ზოგს ბრალდებულის უდანაშაულობის სჯერა, ზოგს მის დანაშულში ეჭვი არ ეპარება, ოღონდ წარმოდგენილი „შესაძლო მსხვერპლის“ ვერსია მისთვის არადამაჯერებელია. ჩვენთვის დამახასიათებელი უკიდურესობის გარემოებით კი ზოგიერთისთვის დეკანოზი გიორგი მამალაძე „სიმართლისთვის დევნილია“, ხოლო ზოგიერთისთვის „ცოდვილთა შორის ცოდვილი“.
თეოლოგი გოჩა ბარნოვი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ გიორგი მამალაძის შეწყალება საზოგადოებაში მშვიდობის განმტკიცებას შეუწყობს თუ არა ხელს, ამაზე საუბარი რთულია, მაგრამ მისი შეწყალებით რომ ჩვენი ეკლესიის იმიჯი ზემოთ აიწევს, ესეც ფაქტია.
„ეკლესიის რეიტინგი 98% იყო, ახლა კი, მე მგონი, 30%-იც აღარ არის, ეს კატასტროფაა. ჯერ ერთი, უსამართლობაა, როდესაც ადამიანი შეხვედრას ითხოვს პატრიარქთან და ჩემთვის გაუგებარ მიზეზთა გამო მას არ ხვდებიან. მაშინ, როცა რომის პაპს რომ ესროლეს, პაპი იოანე პავლე მეორე საკანში მივიდა თურქთან, ანუ თავის მკვლელთან და, თუ არ ვცდები, დამნაშავე თურქი მოინათლა და ქრისტიანი გახდა. ეს ქრისტიანული მორალის და ქრისტიანული წესის აღსრულებაა, რაც ყველა ქრისტიანისთვის სავალდებულოა“, - აღნიშნა გოჩა ბარნოვმა, რომლის თქმითაც, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენს პატრიარქს არ სურს ვინმეს შეწყალება, უბრალოდ, მისი გარემოცვა ძალიან რთულია.
თეოლოგი ლევან აბაშიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ საინტერესოა, რას ნიშნავს თვითონ შეწყალების აქტი? შეწყალება ნიშნავს იმას, რომ პრეზიდენტი იწყალებს პიროვნებას, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პიროვნება უდანაშაულო და უმწკივლოა. ამდენად, ჩვენ შეგვიძლია, ვთხოვოთ პრეზიდენტს, შეიწყალოს დეკანოზი გიორგი მამალაძე, მაგრამ ეს აქტი არ უნდა გავიგოთ ისე, როგორც მიტროპოლიტი პეტრე ამბობს, რომ „აუცილებლად უნდა შეიწყალონ დეკანოზი გიორგი მამალაძე, რადგან ის უდანაშაულოა“.
„კი ბატონო, შესაძლოა, მიტროპოლიტ პეტრეს მიაჩნია, რომ დეკანოზი უდანაშაულოა, შეიძლება, იგი უდანაშაულოდ მიაჩნდეს პრეზიდენტსაც, მაგრამ ჩვენმა საპატრიარქომაც განაცხადა, რომ ენდობა გამოძიებასა და სასამართლოს. თავისთავად, არასწორია ასეთი მიდგომა, რომ დეკანოზი უდანაშაულოა, რომ გამოძიება თურმე კორუმპირებულია, ან შეცდომაშია შეყვანილი. არც ის მგონია სწორი, რომ თურმე სირცხვილია მღვდლის ციხეში ყოფნა. გამოდის, ვინც არ არის მღვდელი, ის უნდა იჯდეს ციხეში? ჩემი აზრით, პირიქითაა, თვითონ იესო ქრისტე დაიჭირეს, შეურაცხყოფა მიაყენეს და თავად იესო ქრისტემ თქვა, რომ მოსწავლე არ არის მასწავლებელზე უფრო მეტი. ასეთი სიტყვებია სახარებაში, ანუ მე ეს გამიკეთეს და თქვენც ამას გაგიკეთებენო. მღვდელი სწორედ ის არის, ვინც ქრისტეს უნდა ემსგავსებოდეს და მოითმინოს თუნდაც უსამართლო მსჯავრი.
იესო ქრისტე ნამდვილად უსამართლოდ დაიჭირეს. თუნდაც უსამართლოდ იყოს დეკანოზი გიორგი დაჭერილი, მოთმინება მართებს ქრისტიანს და, მით უმეტეს, მღვდელს. ამიტომ რას ნიშნავს, რომ მღვდლის დაჭერა სირცხვილია? იესო ქრისტე დაიჭირეს და დეკანოზი გიორგის დაჭერა ვინმეს გაუკვირდება?“-აცხადებს ლევან აბაშიძე და რომის პაპის მიერ მისი მკვლელობის მოსურნის შეწყალების ფაქტსაც ეხმაურება.
თეოლოგის განმარტებით, რომის პაპი ვატიკანის აბსოლუტური მონარქია და მან შეიძლება, პიროვნულად შეიწყალა დამნაშავე, როგორც აბსოლუტურმა მონარქმა, მაგრამ ეს სრულიად სხვა რამეა. თუ ჩვენ ვამბობთ, რომ დეკანოზ გიორგის უნდოდა შორენას ან სხვა ვინმეს მოწამვლა, შორენას შეუძლია თქვას, რომ მას პიროვნულად აპატია, მაგრამ ჩვენ აქ ვლაპარაკობთ იურიდიულ საკითხებზე. ეს ნიშნავს, რომ საპატრიარქომ კი არ ჩასვა დეკანოზი ციხეში, არამედ სახელმწიფომ. კი ბატონო, ჩვენ მას ვაპატიებთ ქრისტიანულად, მაგრამ აქ ლაპარაკია მართლმსაჯულებაზე.
„გამოდის, ნებისმიერი მღვდელი უნდა გამოვუშვათ ციხიდან, რაც არ უნდა ჩაიდინოს, რახან ის მღვდელია? ისტორიიდანაც და თანამედროვეობიდანაც ხომ ვიცით, რომ მღვდელმაც შეიძლება ჩაიდინოს დანაშაული. ამიტომ არ უნდა ავურიოთ ერთმანეთში კანონი და შეწყალების აქტი. სახელმწიფო არ არსებობს, თუკი კანონის წინაშე ყველა თანაბარი არ არის, მათ შორის, მღვდელმსახურიც. სრულიად სხვა საკითხია, მე ვის ვაპატიებ ჩემს მიმართ ჩადენილ დანაშაულს. ეს პირადი საკითხია“.