„დაპირისპირება უმრავლესობაში, მოსამართლეების თემით არ დაწყებულა და სავარაუდოდ, არც დამთავრდება“

„დაპირისპირება უმრავლესობაში, მოსამართლეების თემით არ დაწყებულა და სავარაუდოდ, არც დამთავრდება“

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ დაპირისპირება უმრავლესობაში, რომელსაც ახლა ვხედავთ,  მოსამართლეების თემით არ დაწყებულა და სავარაუდოდ, არც მოსამართლეების თემით დამთავრდება. მისი თქმით, თუ პროცესები ასე გაგრძელდება, უკვე ახლი სფეროები და ახალი დაპირისპირება გაჩნდება. ამდენად, საყვარელიძეს შეფასებით, ამ შემთხვევაში პრობლემის გადავადება გამართლებული ნაბიჯი არ არის.

for.ge რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.

მოსამართლეთა სიამ უმრავლესობა გაყო, თანამდებოდა დატოვა იურიდული კომიტეტის თავმჯდომარემ, პოლიტიკური ვითარება არის რთული, პარალელურად, არსებობს ბიძინა ივანიშვილი განცხადება, რომ ყველა მიმართულებით იქნება ცვლილება. როგორ ფიქრობთ, შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი არის საკადრო ცვლილებები?

რამაზ საყვარელიძე: იმდენად, რამდენადაც სხვანაირი ათვლა შეჩერებულია, გამოსავალზე საუბარი წარმოუდგენელიც არის და თუ რაიმე ცვლილება არ მოხდა, ძალიან ცუდი რეაქცია იქნება საზოგადოებაში. თუმცა, ვერ იტყვი ცვლილებები მოსალოდნელიაო, მაგრამ, თუკი და ვვარაუდობ, რომ ასე იქნება, მოსამართლეების პრობლემა გადაგორდა, შეიძლება ცვლილებებს უკვე შემდგომში ველოდოთ.

დაპირისპირება უმრავლესობაში რომელსაც ახლა ვხედავთ, მოსამართლეების თემით არ დაწყებულა და სავარაუდოდ, არც მოსამართლეების თემით დამთავრდება. ასე თუ გაგრძელდება, უკვე ახლი სფეროები და ახალი დაპირისპირება გაჩნდება. ამდენად, ამ შემთხვევაში, პრობლემის გადავადება არ მგონია გამართლებული ნაბიჯი იყოს. ამიტომ მგონია, რომ ის, ვისზედაც დამოკიდებული არის ცვლილებები, ალბათ, დაინახავს, რომ ხანდახან ცვლილებები უმეზეზოდაც კი აუცილებელია.

ხანდახან ცვლილება ცვლილებისთვის კეთდება ხოლმე, რომ შეიცვალოს სიტუაცია და განიმუხტოს დაძაბულობა და დღევანდელი მდგომარეობაც ამას მაგონებს. რა მიმართულებით მოხდება ცვლილება, ისეთი მნიშვნელოვანი არ არის, რამდენადაც იმის ჩვენება, რომ ამ ჯგუფს ცვლილება შეუძლია.

ეს ჯგუფი მზად არის ცვლილებისთვის და არსებული პოლიტიკური დაპირისპირების ფონზე, ცვლილება ცვლილებისთვის საკმარისია? ახალი სახეები გვყავს როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელ ხელისუფლებაში, მაგრამ პოლიტიკური შედეგი ვერ დადეს. ამიტომ, დღეს ცვლილება რა მიმართულებით არის მნიშვნელოვანი?

– გუნდში არის ახალი სახეები და ამ ახალმა სახეებმა შექმნეს ეს პრობლემა. იავნიშვილმა თქვა, რომ ცვლილება იქნება ნებისმიერი მიმართულებითო. ამიტომ, სასურველია ცვლილებები მოხდეს. იცით რას ვგულისხობ, ქალებს სჩვევიათ, როდესაც ნერვიულობენ, ბინაში იწყებენ ავეჯის შეცვლას, ანუ დაძაბულობას ადამიანში ცვლილება ხსნის. ამიტომ, ბინებს რომ არ ვეცეთ, ეს ქვეყანა არის ჩვენი ბინა. ცვლილებების მოსინჯვა ცალკე მოსახლეობისთვის დაძაბულობის შემცირება იქნება და ცალკე იქნებ ახალი და პერსპექტიული სახეები გამოჩნდნენ.

არის ასეთი საკადრო რესურსი ქვეყანაში და მეორე - რამდენად ექნებათ სურვილი პერსპექტიულ სახეებს იყვნენ ამ ხელისუფლების ნაწილი? სამი ახალი სახე გვყავს ხელისუფლებაში - განათლების, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრები. ძალიან მოკლე პერიოდში ეკონომიკის მინისტრმა მისივე განცხადებით დაიმსახურა საზოგადოების გაღიზიანება...

– გააჩნია პირობებს, რომელიც იქნება შეთავაზებული და იმ ხასიათს, რომელიც ექნება ამ ადამიანებს. ამბიციურ ადამიანებს ყოველთვის ექნება უფრო დიდი პრობლემისთვის ხელის მოკიდების სურვილი. ასეთი უნდა მოიძებნოს. წესით, არა ამბიციური ადამინები ხელისუფლებაში არ უნდა იყვნენ. საინტერესოა, როგორია ძიების პროცესი, რამდენად ძლიერია ეს სისტემა, რომელიც ძიებით არის დაკავებული, რაც ქართულ პოლიტიკაში ოდითგანვე პრობლემა იყო.

ახალი სახეები უფრო ახალგაზრდულ ფრთაში უნდა ვეძებოთ, რომლებსაც ნაკლები გამოცდილება აქვთ, თუ იმ ნაწილში, რომელსაც ქვეყნის მართვის გამოცდილება აქვს? მაგალითად, ვნახეთ, რომ ახალგაზრდა ფრთამ პარლამენტის შემთხვევაში აჩვენა ხარვეზები, მაგრამ არის დავით სერგეენკო, რომელიც 2012 წლიდან არის ხელისუფლებაში და რომელიც დღემდე მაღალი რეიტინგით სარგებლობს.

– აუცილებელია ახალი გუნდი, მაგრამ ვთვლი, რომ ახალგაზრდობის გუნდი სახიფათო მოვლენაა. საქართველოში გამოცდილებას ყველგან აქვს ფასი პოლიტიკის გარდა. როდესაც ასეთი სიტუაცია იქმნება, ეს არის ცუდი. ახალგაზდობა ყოველთვის საჭიროა, ოღონდ გამოცდილება არის მნიშვნელოვანი. ამ სიტყვის მკაცრი გაგებით, ამ სიტუაციას კრიზისი ჰქვია, რადგან, როდესაც ქმედუნარიანობას კარგავს საკანონმდებლო ორგანო, ანუ გადაწყვეტილებას ვეღარ იღებს, შეიძლება კრიზისი დაერქვას.

უკვე აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პარლამენტის თავმჯდომარე საკონსტიტუციო სასამართლოში გადაინაცვლებს და ეს უშუალოდ ივანიშვილის გადაწყვეტილება არის. შეიძლება ითქვას, რომ კობახიძე შეეწირება მოსამართლეთა სიას?

– პრობლემები არის კობახიძის ფიგურასთან დაკავშირებით, სწორედ ამ ახალგაზრდობის და გამოუცდელობის გამო. აი, ამ ფაქტორის გამო, კობახიძე პრობლემას უქმნის ივანიშვილს. ყველა ფიგურის შეცდომა ხომ ივანიშვილს ბრალდება და მით უმეტს წამყვანი ფიგურების. ასე რომ, ცვლილება ამ მიმართულებით, ალბათ, გასაკვირი არ იქნება, ცოტა დაგვიანებულიც არის. ივანიშვილს თუ უნდა, რომ სიტუაცია დაბალანსებული ჰქონდეს, მაშინ დაბალანსებელი და ბალანსის შემტანი ადამიანი უნდა იყოს სათავეში, რასაც ვერ ვიტყვით კობახიძის შემთხვევაში. კობახიძე ძალიან რადიკალურია.