ამას წინათ მსოფლიო ბანკის თავკაცმა რობერტ ზელიკმა სენსაციური და ერთგვარად დაუჯერებელი განცხადება გააკეთა. მისი თქმით, უახლოეს წლებში მსოფლიოს ეკონომიკა უნდა გადავიდეს სავალუტო სისტემაზე, რომელიც დაფუძნებული იქნება ოქროზე, როგორც ღირებულების ერთეულზე და რომელიც შეცვლის დოლარს და სხვა ვალუტებს. მართალია, ზელიკმა ისიც დაამატა, რომ ოქროს სტანდარტის მთლიანად აღდგენა არ უგულისხმია, მაგრამ მისმა სიტყვებმა ოქროს ფასის ზრდას ხელი გვარიანად შეუწყო.
ქაღალდის ფული პირველად ჩინეთში მეათე საუკუნეში გამოჩნდა, ევროპაში კი მეჩვიდმეტე საუკუნეში შვედეთში შემოვიდა. იგი ყოველთვის მოსახერხებელი იყო, მაგრამ დიდი ნდობით არ სარგებლობდა და ამიტომ მეოცე საუკუნის შუამდე ემიტენტი ქვეყნები მის ღირებულებას ძვირფას ლითონებთან, ძირითადად ოქროსთან აკავშირებდნენ. ამგვარად, ინფლაცია თითქმის გამორიცხული იყო, რადგან ფულის მასის სწრაფად გაზრდა შეუძლებელი იყო. თუმცა, ამასთან, ამავე მიზეზით არსებობდა ეკონომიკური განვითარებისა და ეკონომიკაზე სახელმწიფოს ზემოქმედების სერიოზული ბარიერები.
ოქროს სტანდარტის შიდაფინანსურ სისტემაში გამოყენებაზე ბევრმა ქვეყანამ უარი ჯერ კიდევ გასული საუკუნის 20-30-იან წლებში თქვა, საერთაშორისო დონეზე კი იგი კარგა ხანს შენარჩუნდა. 1944 წელს დასავლეთის ქვეყნებმა აშშ-ს საკურორტო ქალაქ ბრეტონ-ვუდსში ახალი სავალუტო სისტემის გამოყენების შესახებ მოილაპარაკეს, რომლის მიხედვითაც ოქრო და ამერიკული დოლარი ფაქტობრივად თანაბარუფლებიანი გახდა.
კერძოდ, დოლარის კურსი ოქროსთან მიმართებაში დაფიქსირდა, ყველა სხვა ვალუტა კი დოლარს დაუკავშირდა. მაშინ აშშ-ს წილი მსოფლიოს შიდა პროდუქტში 50 პროცენტს აღწევდა და იგი ისეთი ეკონომიკური კოლოსი იყო, რომ მისი ვალუტა ისეთივე საიმედო რეზერვად ჩათვალეს, როგორადაც ოქრო.
60-იანი წლებიდან სიტუაცია შეიცვალა. აშშ-ში ინფლაცია დაიწყო, თანაც განვითარდა სხვა, აზიური და ევროპული ქვეყნების ეკონომიკები. ჰოდა, სხვადასხვა ქვეყანამ გადაწყვიტა დოლარები ოქროზე გადაეცვალათ. პირველად ამგვარი ნაბიჯი საფრანგეთის პრეზიდენტმა შარლ დე გოლმა გადადგა. 1971 წელს კი რიჩარდ ნიქსონმა დოლარის ოქროზე გადაცვლა აკრძალა, რითაც ბრეტონ-ვუდსის სისტემის არსებობა დასრულდა და ყველა ძირითადი ვალუტის კურსი სრულიად თავისუფალი გახდა. თუმცა, დოლარი მაინც ძირითად ვალუტად რჩებოდა.
ახალი სისტემის სისწორეში გლობალურ კრიზისამდე ეჭვი არავის შეუტანია. მაგრამ როცა ამა თუ იმ ვალუტის კურსის სერიოზული რყევა დაიწყო, ქვეყნებს აღიარებული რეზერვების მიმართ ნდობა დაეკარგათ. ბოლო დროს კი ყველა კარგად მიხვდა, რომ კრიზისიდან იოლად გამოსვლა არ ხერხდება, დაიწყო საუბარი „სავალუტო ომებზე“, ქვეყნებმა ხელოვნურ დევალვაციას მიმართეს, რასაც, შესაძლოა, უმართავი ინფლაცია მოჰყვეს.
ოქროს ფასი კი ამგვარი პროცესების მშვენიერი ინდიკატორია, რადგან გაჭირვების დროს სწორედ იგია ინვესტორთა თავშესაფარი. ამიტომაც არის, რომ უკონკურენტოდ დარჩენილი ოქრო საოცრად გაძვირდა.
მტკიცე აქტივებზე დაფუძნებულ სისტემაზე დაბრუნების შესახებ ადრეც საუბრობდნენ, მაგრამ ძირითადად მედიის საშუალებებით რომელიმე ექსპერტისაგან თუ გაიგონებდით. ამიტომაც, მით უფრო გასაკვირია, რომ ამაზე ისეთი მნიშვნელოვანი პერსონა ალაპარაკდა, როგორიც ზელიკია.
ცხადია, ზელიკს არ უთქვამს, რომ ვალუტების კურსები ფიქსირებული უნდა გახდეს, როგორც ეს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იყო. მაგრამ მან აღნიშნა, რომ ოქრო, რომელიც კარგა ხანია ინვესტორთა მხსნელია, უნდა შევიდეს სარეზერვო ვალუტათა სიაში და მთავარი საყრდენი გახდეს. ოქროს გარდა ამ სიაში მოიაზრება დოლარი, ევრო, იუანი და იენა. ანუ, დოლარი მთავარი სარეზერვო ვალუტის სტატუსს კარგავს.
სულ ეს იყო. სხვა განმარტება, ან დაზუსტება ზელიკს არ გაუკეთებია. როგორც ჩანს, მსოფლიოს საფინანსო სისტემის შეცვლის ჩამოყალიბებული გეგმა ჯერ არ არსებობს. მაგრამ არსებობს იდეა, რომელიც ამჟამინდელი სიტუაციიდან გამოწვეულმა შიშმა დაბადა. ტყუილად როდი გვაფრთხილებენ, რომ, შესაძლოა, ისეთი სავალუტო კრიზისი დაიწყოს, რომ 2008-2009 წლების კრიზისი სანატრელი გახდება.