კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი გამორიცხავს, რომ ხელისუფლებას მის წინააღმდეგ „რაიმე სერიოზული კომპრომატი ჰქონდეს“. ამასთან, ის იმასაც ამბობს, რომ ხელისუფლების მცდელობის მიუხედავად, არჩევნების გადატანა არ მოხდება და არჩევნების ნორმალურად ჩატარების შემთხვევაში, „ქართული ოცნება“ 80%-ს მიიღებს, „ნაციონალურ მოძრაობას“ კი, შესაძლოა, ბარიერის გადალახვაც კი გაუჭირდეს.
რის საფუძველზე ამბობს ამას „ქართული ოცნების“ ლიდერი და გააჩნია თუ არა მის პოლიტიკურ ძალას ალტერნატიული სამოქმედო გეგმები იმ შემთხვევისთვის, თუკი ხელისუფლება პროცესების სხვა მიმართულებით წაყვანას შეეცდება, ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge „ქართული ოცნების“ ლიდერს, ბიძინა ივანიშვლს ესაუბრა.
ხელისუფლება ამბობს, რომ ვლადიმერ ბედუკაძისთვის პატიმრების წამების ამსახველი კადრების სანაცვლოდ 2 მილიონი დოლარი გადაუხადეთ. ეს მართალია და რა კონტრ-კომპრომატები შეიძლება გამოაქვეყნოს ხელისუფლებამ უახლოეს მომავალში?
- ეს აბსურდია. საიდან მოგაქვთ ეს ყველაფერი?! აბსოლუტურად უსაფუძვლოა.
კომპრომატების ომს და კომპრომატების წვიმას არ დავარქმევდი მე იმას, რაც აჩვენეს. თქვენ გგონიათ, რომ ჩვენი გამოქვეყნებული იყო? რატომ ეძახით თქვენ ამას კომპრომატების ომს?! ის, რაც ტელევიზიებმა აჩვენეს, სად ნახეთ იქ კოალიციის რომელიმე წევრი?! რა, ამას კომპრომატი ჰქვია? ეს იყო რეალობა. ეს ნახა მთელმა მსოფლიომ და თავი მოგვეჭრა, ჩვენ არაფერ შუაში ვართ, უბრალოდ უნდათ აქცენტი ჩვენზე გადმოვიტანოთ.
თუკი არჩევნები გადაიდება, ასეთი შემთხვევისთვის თქვენ ალტერნატიული გეგმა გაგაჩნიათ?
- არჩევნების გადატანის არავითარი საფუძველი არ არსებობს. ჩვენი ხელისუფლებისგან ყველაფერს უნდა ველოდოთ, ჩვენგან კი ამის მსგავსი მცდელობები არ არსებობს და არც მოხდება. ჩვენ მხოლოდ მაგაზე ვოცნებობთ, რომ არჩევნებამდე როგორმე მივიდეთ. თუმცა ხელისუფლებას შეუძლია, ყველაფერი ჩაიდინოს და პირველი დღიდან ყველაფერს ველოდებით მათგან.
არ ფიქრობთ, რომ ხელისუფლება არჩევნების გაყალბებას შეეცდება? ამისთვის ხელისუფლებას ძალიან ბევრი საშუალება გააჩნია.
- არ არის ადვილი მაგის გამოყენება.
როგორ აპირებთ გაყალბების პრევენციას?
- ამაზე პასუხი არის ძალიან მარტივი - დღეს სხვა რეალობაა შექმნილი. შესაძლოა, თქვენ არ გჯერათ, მაგრამ მინდა, დაგარწმუნოთ, რომ ნამდვილად არ არის ასე. ძალიან ბევრი დამკვირვებელია ჩამოსული და საერთაშორისო საზოგადოება სულ სხვანაირად არის მომართული. განწყობა არის ძალიან მაგარი, რომ საქართველოში პრეცედენტი უნდა შეიქმნას.
თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გაყალბებისა და ძალადობის გარეშე მიიღებს 50%-ს? ეს ხომ წარმოუდგენელია?
თუკი არჩევნები არ გაყალბდება, ხელისუფლების გამარჯვების შემთხვევაში რას აპირებთ?
- თეორიულად თუკი დავუშვებთ, რომ გაიმარჯვებენ, რა უნდა ვქნათ? ჩვენ კანონმორჩილი ხალხი ვართ და კულტურულად მოვიქცევით. მაგრამ ამით რომ არ შევაშინოთ ჩვენი ამომრჩეველი, გეტყვით, რომ რეალობა სულ სხვაა და ასეთი რამ გამორიცხულია. ამის საშიშროება საერთოდ არ არსებობს. უფრო ადვილი წარმოსადგენია, რომ ყველაფერი ჩატარდეს სწორად და მათ ბარიერი ვერ გადალახონ, ვიდრე ის, რომ მათ უმრავლესობა მიიღონ.
ნებისმიერ სტრუქტურაში, გინდათ კუდი აიღეთ, გინდათ პოლიცია, არავის აღარ უნდა ეს ხელისუფლება. არავის აღარ უნდა ამათი გაგონება. მე პირველივე პრესკონფერენციაზე ვთქვი, რომ საააკაშვილს საკუთარი დედაც აღარ მისცემს მეთქი ხმას და მერე ამერიკელებმა მითხრეს, ეს აღარ გაიმეოროო.
აღარავის აღარ უნდა ეს კაცი და დამოკიდებულია მხოლოდ რამდენიმე ისეთ კაცზე, რომელთაც სისხლის სამართლის დანაშაული აქვთ ჩადენილი და ასეთი რამდენი შეიძლება იყოს? მაქსიმუმ ათასი კაცი, მეტი ხომ არა და ეს ათასი კაცი ამომრჩევლის რამდენი პროცენტია? სხვას აღარავის აღარ აინტერესებს.
ეს ინფორმაცია საიდან გაქვთ, რამე კვლევას ეყრდნობით?
- თავისით მოდის ეს ინფორმაცია ჩვენთან. ისინი აღარც ბიზნესმენებისთვის არიან საინტერესონი, აღარც პოლიციისთვის, აღარც კუდისთვის, აღარც სოდისთვის და საერთოდ არავისთვის, გარდა იმისა, ვისაც კონკრეტული სისხლის სამართლის დანაშაული აქვს ჩადენილი და პირდაპირ სახელისუფლებო ვერტიკალში არიან. ასეთი ხალხი კი არც ისეთი ბევრია.
ვისთვის უნდა იყოს ეს ხალხო საინტერესო, რატომ უნდა სჭირდებოდეთ? ჩემთვის ახლა ყველაზე დიდი პრობლემა, რასაც გამარჯვების შემდეგ ველოდები, არის ბიუჯეტი. სულ მოვუწოდებ, რომ პროგრამებით კი ნუ საუბრობენ, არამედ ხელისუფლება ქვიათ და ბიუჯეტით ილაპარაკონ. სექტემბერში კი არა, აგვისტოში უნდა ჰქონდეთ ბიუჯეტი და გვაჩვენონ, რა მდგომარეობაში იქნება ბიუჯეტი. მაგრამ როგორ უნდა გვაჩვენონ, რომ დანგრეულია და ეს ყველა საჯარო მოხელემ იცის. იციან, რომ ამათ პირობებში სამსახურებს ვეღარ შეინარჩუნებენ.
თქვენ ახლა როგორი რეიტინგი გაქვთ, რამდენი პროცენტის აღებას ვარაუდობთ?
- მე ვფიქრობ, რომ 80%-ს გადავცილდებით. თუ ყველაფერი იდეალურად ჩატარდება, შესაძლოა, ბარიერიც კი ვერ გადალახონ და პარლამენტში ვერც კი შევიდნენ.
ხელისუფლება აპელირებს იმაზე, რომ თქვენ ქურდებთან გაქვთ კავშირი და მათი დახმარებით ცდილობთ პოლიტიკაში ყოფნას...
- ამაზე რა უნდა ვთქვა? გასაგებია, რომ ისინი ავრცელებენ ასეთ რაღაცეებს, მაგრამ, როდესაც ჟურნალისტი ასეთ კითხვას მისვამს, ხომ უნდა ჰქონდეს რაღაცა საფუძველი?
თქვენი პასუხი გვაინტერესებს ამაზე.
- სისულელეა და როგორ შეიძლება, ამაზე სერიოზული პასუხი გავცე? ჩემი ცხოვრების წესით ნახეთ, როგორ ვიბრძოდი მე რუსეთში კანონიერების დასაცავად ქართველი კაცი. წაიკითხეთ ჩემი ერთადერთი ინტერვიუ, რაც რუსეთში მივეცი და, რომელსაც „ვედემოსტი“ ერთი თვის განმავლობაში არ ბეჭდავდა, რომ ფაქტები გადაემოწმებინათ. წაიკითხეთ ეს ქართველმა ჟურნალისტებმა.
ამათ ჭორების გავრცელებისთვის სპეციალური ჯგუფები ყავთ შექმნილი და ისინი ავრცელებენ ამას. 21 წელია ჩემს ქვეყანას მონასავით ვემსახურები და რა საფუძველი აქვთ ამისა, რომ ასეთ რაღაცას მაბრალებენ? პირველი 30 ათასი დოლარი რომ ვიშოვე, მას შემდეგ ვეხმარები ჩემს ქვეყანას და ამ ყველაფრის საბუთები გამაჩნია. პირველად ფული ჩემი ებრაელი პარტნიორისგან ვისესხე და რომ ნახა, რისთვისაც მინდოდა, მერე უკან აღარ აიღო. ასეთი ფაქტები არსებობს და ასეთი რამ როგორ უნდა დამაბრალონ?
როგორ შეიძლება ასეთი აბსურდული კითხვები დამისვათ კაცს, რომელსაც პრეტენზია მაქვს, რომ მთელ ჩემს ცხოვრებაში ერთი წერტილი არ არსებობს კანონის საწინააღმდეგო.
ახლა რაც ხდება, რაც ხდებოდა ჩვენს ციხეებში, სააკაშვილმა როგორ შემოატრიალა? აი, ესენი მალავდნენ და საარჩევნოდ ინახავდნენო და ჩემზე აქვს მინიშნება. საიდან უნდა მცოდნოდა? სააკაშვილმა ჩვენზე გადმოიტანა აქცენტი, რომ ისინი მალავდნენო. მერაბიშვილმა კი საერთოდ ის თქვა ამ ხალხის, ვინც პატიმრებს აწამებდა, ხელისუფლებაში მოყვანა უნდათო. ამ კაცს მარტო ლაპარაკი კი არა, სისულელეების ლაპარაკიც ასწავლეს.
თქვენ ამის შესახებ როდის გაიგეთ?
- როდესაც გამოაქვეყნეს. მე საიდან უნდა მცოდნოდა, მაგ მასალებთან რა საქმე მაქვს? სააკაშვილმა აქცენტი ჩვენზე გადმოიტანა. რეგიონებში გასვლა რომ დავიწყეთ, ვიღაცეებს გვახვედრებდნენ და გვაძახებდნენ, რუსეთი არ გვინდაო. რუსეთი სააკაშვილმა შემოიყვანა. შემოუძღვა რუსის ჯარს და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია მოახდინა. აი, ამას, რაც თვითონ ჩაიდინა, რასაც თვითონ აკეთებს, ამას ოსტატურად ატრიალებენ და უნდათ, რომ ჩვენ მოგვაწერონ. ჩემზე ამბობს, აბაშიძე და ვიღაცეები არ შემოიყვანოს და საბჭოთა კავშირში არ დაგვაბრუნოსო და თვითონ არის მენტალობით საბჭოთა კავშირში კი არა, საბჭოთა კავშირის უკან. ფეოდალიზმის ეპოქაშია ჩარჩენილი. ჩადით რეგიონებში და ნახეთ, რა ხდება. თითოეულ რეგიონში ფეოდალი ყავს დანიშნული და უნდა, რომ ხალხი მონობაში ყავდეს. ჩვენ ამას აუცილებლად შევცვლით. ბიზნესს არ შევეხებით, მაგრამ მონოპოლიას აუცილებლად მოვსპობთ.
როგორ შეცვლით?
- ძალიან მარტივად. ამას მხოლოდ პოლიტიკური ნება სჭირდება და ყველაზე კარგად ეს მესმის. ჩვენ მთლიანად შევცვლით ამ მენტალობას.
რა დრო დასჭირდება მენტალობის შეცვლას?
- ძალიან ცოტა.
არის მოლოდინი, რომ ხელისუფლება გამოაქვეყნებს რაიმე ჩანაწერებს, სადაც თქვენი კოალიციის წევრები რუსეთის მაღალჩინოსნებს ურიგდებიან რაღაცეებზე...
- რა სისულელეა.
გამორიცხავთ ამის შესაძლებლობას?
- რა თქმა უნდა, გამოვრიცხავ. რაც აქამდე გამოაქვეყნეს, ასეთივე ექნებათ სხვებიც.