ერთი კვირა გავიდა პატიმართა წამების ამსახველი კადრების გამოქვეყნებიდან, თუმცა საზოგადოების აღშფოთება არ ნელდება. ხელისუფლება პირველი შოკიდან გამოვიდა და ცდილობს, სიტუაცია სათავისოდ შემოაბრუნოს, იყენებს ყველა მეთოდსა და საშუალებას, რასაც კი მისი ფანტაზია სწვდება. ბრალს სდებს ოპოზიციას, რომელმაც თითქოს წამების ამსახველი კადრები შეუკვეთა, აპატიმრებს სტუდენტებსა და ოპოზიციის აქტივისტებს, მათ წევრებს, ლაპარაკობს რაღაც შეთქმულებაზე და კვლავ იმუქრება, რომ ამ ქვეყანას არავის არ დაუთმობს. ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შეფასება for.ge-მ ფილოსოფოს ზაზა ფირალიშვილს სთხოვა.
მაშინ, როდესაც მთელი საზოგადოებს დათრგუნულია ერთი მხრივ, პატიმართა წამების ამსახველი კადრების ნახვით, მეორე მხრივ, მომხდარზე ხელისუფლების რეაგირების გამო, მიხეილ სააკაშვილი ცდილობს, სიტუაცია შემოაბრუნოს და ამ კადრების გამოქვეყნების გამო ოპოზიციას ადანაშაულებს - „ის, ვინც დღეს ადამიანის უფლებებზე მოსთქვამს, ის ხალხია, ვინც შეკრული იყო კრიმინალთან, ხალხს აუთოებდა და კლავდა“. როგორ შეიძლება, შეფასდეს პრეზიდენტის მოქმედება, რასთან გვაქვს საქმე?
- უნდა დავაზუსტო: სააკაშვილი ქვეყანას უკვე 2007 წლის ნოემბრის შემდეგ მართავს სიტუაციის გამოსწორების რეჟიმში. ამ დღეს მან დაადასტურა, რომ ის და მისი გუნდი უცხო სხეულები არიან ამ ქვეყნისათვის. 2008 წლის აგვისტოს ბონაპარტისტული დემარში სხვა არაფერი იყო, თუ არა ხალხის სიყვარულის დაბრუნების მცდელობა. ცხადია, ეს შეუძლებელი იყო მაშინ და შეუძლებელია ახლაც. 2003 წლის სატელევიზიო-კარნავალური რევოლუციის შემდეგ განხიბვლა უნდა დამდგარიყო და დადგა კიდეც.
სიტყვამ მოიტანა და ასეთი ბედი ელის ნებისმიერ ხელისუფალს, ვინც ზედმეტად მაღალი პროცენტით მოდის ხელისუფლებაში. ერთი წუთით გავიაზროთ, რას ნიშნავს ეს რიცხვი. იგი ნიშნავს, რომ ხელისუფლებას ადამიანები უზომო იმედებს უკავშირებენ, რომ სიტუაციის გააზრება გასულია რაციონალური აზრის ფარგლებიდან და პოლიტიკურ მითოსის, პოლიტიკური უტოპიის სფეროშია გადასული. ამგვარი მდგომარეობა კი იმას ნიშნავს, რომ ბოროტება არ დასრულდება და ერთ ნიღაბს მეორე ჩაანაცვლებს. ასეთი უპირატესობა ძალზე დიდი ტვირთი და დიდი პასუხისმგებლობაა ნებისმიერი პოლიტიკური ძალისათვის. ჩვენს უახლეს ისტორიაში მას ვერავინ გაუძლო. ხატოვნად რომ ვთქვათ, სააკაშვილიც ამ ტვირთის, 2004 წელს მიღებული 98%-ის მსხვერპლად იქცა.
ჰიპნოტური ხიბლის მდგომარეობა დიდხანს ვერ გაგრძელდება და აუცილებლად დადგება გამოფხიზლებისა და განჯადოების მომენტი. დღეს საბოლოოდ დადასტურდა ის, რაც, ალბათ, თავიდანვე აშკარა იყო. ადამიანები განიხიბლენ. ახალგაზრდა რეფორმატორის ნაცვლად მათ წინაშე ჭირვეული, ჰედონისტური მიდრეკილებების მქონე, ჩვენი კულტურის, ადამიანის სიცოცხლის არაფრად ჩამგდები და საკუთარი საზოგადოების წინააღმდეგ შეთქმული პოლიტიკური გუნდი წარსდგა. თითქოს გულმა მიგრძნოო და სექტემბრის დასაწყისში კიდევ ერთხელ გადავხედე დოსტოევსკის „ავსულებს“. 2007 წლის შემდეგ სააკაშვილი გამუდმებით ცდილობს კვლავ პოლიტიკური თრობის მდგომარეობაში დაგვაბრუნოს, ცდილობს, მასთან ნებისმიერი დაპირისპირება ბოროტისა და კეთილის საბოლოო შეტაკებად დაგვიხატოს, მაგრამ 2007 წლის ნოემბრის შემდეგ ეს შეუძლებელია.
ციხის კადრებმა საბოლოოდ დაგვანახა მისი არაცნობიერი. ადრეც მითქვამს: ციხე ხელისუფლების არაცნობიერი სურვილებისა და ვნებების ასპარეზია. სწორედ ციხეში აკეთებს ხელისუფლება იმას, რაც გარეთ ვერ ან ჯერ ვერ გაუკეთებია. სწორედ ეს იგრძნეს უბრალო ადამიანებმა. საბოლოოდ დარწმუნდნენ, რომ ის, რაც გასულ წლებში ხდებოდა, არ ყოფილა გამონაკლისი. შემთხვევით არ დაურბევიათ მიტინგი 2007 წელს, შემთხვევით არ დაუხოცავთ ბიჭები ქუჩაში, შემთხვევით არ ექცეოდნენ დევნილებსა და პრობაციონერებს სრულიად არაადამიანურად, შემთხვევით არ დაუტოვებიათ ელემენტარული შემოსავლის გარეშე ასიათასობით ადამიანი, შემთხვევით არ უქცევიათ არჩევნები სიცრუისა და ძალადობის ასპარეზად. ყველაფერ ამას სისტემური ხასიათი ჰქონია. ჰოდა ამ რამდენიმე დღის წინ ჩვენ ყველამ ვიხილეთ ყველაფერი ამის ფარული კონტექსტი - ციხის კადრები.
2007 წლის შვიდმა ნოემბერმა ლოგიკურად დაასრულა ეს ხელისუფლება, როგორც ხალხის რჩეული ძალისა. ამ დღის შემდეგ მისი მორალური კვდომა დაიწყო. ამის შემდეგ იგი თანდათან ყალიბდება ქვეყნის მმართველ უცხო ძალად, რაც იგივეა - ავტორიტარულ მმართველობად. მოძალადე ავტორიტარიზმი, საკუთარი საზოგადოებისაგან გაუცხოვების მიზეზით, მუდმივად აღსასრულის მოლოდინშია, საკუთარ დანაშაულებათა გამო ანგარიშგების მოლოდინშია და სასოწარკვეთილი იბრძვის გადასარჩენად. ჩვენს შემთხვევაში გაჭიანურდა და სწორედ მის პროდუქტებს ვხედავთ ახლა.
ის, რაც ამ დროს იბადება, არ შეიძლება იყოს ადექვატური და ჩვენ მრავალი ასეთი არაადექვატური რამ ვნახეთ: ინფანტილური სიხარულით წამოეგენ რუსულ პროვოკაციაზე, აპატიმრებენ ოპოზიციონერებს, პროტესტის გამომთქმელებს აბრალებენ, რომ ისინი ოდესღაც აუთოვებდნენ და კლავდნენ ადამიანებს. არადა პროტესტს ძირითადად 18-20 წლის ახალგაზრდები გამოთქვამენ. სერიოზულად მაფიქრებს, რომ ეს აგონია მის კიდევ ერთ პროდუქტს - ციხეში გათამაშებულ ისტორიათა გარეთ გამოტანას მოგვიტანს. ამის ნიშნებიც უკვე არის.
ხელისუფლებამ უკვე დაიწყო „ქართული ოცნებისა“ და მისი ლიდერის მაკომპრომენტირებელი მასალების გამოქვეყნება, მეორე მხრივ აპატიმრებს „ქართული ოცნების“ წევრებს, მომიტინგე სტუდენტებს, ცდილობს ისევ დააშინოს საზოგადოება, როგორ ფიქრობთ, დაძლევს სააკაშვილის მეთოდები საზოგადოების აღშფოთებას?
- ძნელი წარმოსადგენია. ხელისუფლებას დღეს უკვე თავადაც არ გააჩნია სიმართლის გრძნობა და მით უფრო ძნელია, ჩვენ დავუჯეროთ მას. პირველი სერიოზული ნიშანი სიმართლის გრძნობის დაკარგვისა არის ის, რომ მის ფასადზე გამოყვანილი პირები მექანიკური თოჯინებივით იმეორებენ ერთსა და იმავე ფრაზებს, მიუხედავად იმისა, რას ეკითხებიან. იმპროვიზაციის უნარი აქვთ დაკარგული, თუმცა, კი ჯერ კიდევ იმედი აქვთ, რომ შეძლებენ ხალხის გონებაში მათთვის საჭირო წარმოდგენები ჩაჭედონ.
ციხის ვიდეოჩანაწერებმა ძალზე ძლიერი შფოთი შემოიტანა ქართულ საზოგადოებაში. მისი გადაფარვა მხოლოდ კიდევ უფრო დიდი შფოთით შეიძლება. არსებულ რეალურ სიტუაციაში ასეთი შფოთი, ალბათ, ორი შეიძლება იყოს: რუსული აგრესია ან საპროტესტო მოძრაობის ძალადობაში გადაზრდა. დარწმუნებული ვარ, ორივეს შექმნაზე იზრუნებენ. პაველ ფელგენგაუერის წინასწარმეტყველება, რომ არჩევნების შემდეგ ორ-სამ კვირაში საქართველოში რუსული ჯარი შემოიჭრება, ჩემთვის იმის ნიშანია, რომ ვიღაცას მართლაც, მოუვიდა აზრად რუსული ფაქტორის შემოტანის შესაძლებლობა. გამოქვეყნებული მასალები, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, მხოლოდ პრელუდიაა.
ხელისუფლება გულმოდგინედ ხუჭავს თვალს იმაზე, რომ სტუდენტების პროტესტი ახალი თაობის სამოქალაქო პროტესტია და იგი არ არის დაკავშირებული რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან, კრიმინალურ სამყაროსთან თუ რეტროგრადებთან. ეს არის სრულიად გულწრფელი და გულახსილი განცხადება იმისა, რომ ჩვენს საზოგადოებას აღარ სურს იცხოვროს ვიღაცის უკეთურ უტოპიაში, როგორც საბჭოთა ეპოქაში იტყოდნენ, ვიღაცის კოშმარულ სიზმარში.
ხელისუფლება შეეცადა, სტუდენტების მღელვარების ჩასაცხრობად საპატრიარქო გამოეყენებინა, შედეგად მივიღეთ ის, რომ ეკლესიის ერთი ნაწილი სტუდენტებს დაშლისკენ მოუწოდებს, მეორე ნაწილი დღევანდელ ხელისუფლებას ბოროტებას უწოდებს. იკვეთება ისიც, რომ ხელისუფლება ყველაფერზე წამსვლელია, როგორ ხედავთ ამ შემთხვევაში ეკლესიის როლს?
- სასულიერო პირები ისევე გამოიყვანა მდგომარეობიდან ბოლო მოვლენებმა, როგორც - ნებისმიერი სხვა. ამ სიტუაციაში ძნელია წონასწორობის შენარჩუნება, არადა, ეკლესია ყოველგვარ პოლიტიკურ ბრძოლაზე მაღლა უნდა იდგეს. ჩვენს სიტუაციაში და ჩვენი ემოციურობის პირობებში იბრძოლო სიკეთისათვის ისე, რომ არ აღმოჩნდე პოლიტიკურ დაპირისპირებაში ჩართული, ძნელია. პატრიარქი სწორედ წონასწორობისა და ეკლესიის როლის შენარჩუნებას ცდილობს უკვე 25 წელია, მას შემდეგ, რაც საქართველო პოლიტიკურ დაპირისპირებათა ასპარეზად იქცა. ერთია ვინმეს მხილება, თუ იგი ბოროტებას სჩადის და მეორე - ვინმეს პოლიტიკური მხარდაჭერა. არადა, ხელისუფლებასთან ერთად, ამ ქვეყანაში ძალიან ბევრს სურს, რომ ეკლესია პოლიტიკურ ბრძოლაში ჩართული იხილოს. ბევრს აქვს იმედი, რომ მისი ავტორიტეტის ტალღაზე შეინარჩუნებს ან მოიპოვებს ხელისუფლებას და ვერ გრძნობენ, რომ მიუხედავად რიტორიკისა, ამით ეკლესიის მნიშვნელობას აკნინებენ.
ამ საქმეში წამყვანი როლი დღევანდელ ხელისუფლებას აქვს. უკვე ცხრა წელია, მისი წარმომადგენლები ცდილობენ დაგვიმტკიცონ, რომ ჭეშმარიტი მართლმადიდებლები არიან და, რომ აზრადაც არ მოსვლიათ ეკლესიასთან დაპირისპირება. ცოტა არ იყოს გვიან აღმოაჩინეს, თუ რა ძალაა ეკლესია. ამიტომაც არის, რომ ერთის მხრივ, მის გამოყენებას ცდილობენ, ხოლო როგორც კი სიტუაცია განიმუხტება, კვლავ მისი ავტორიტეტის დაკნინებაზე იწყებენ ზრუნვას.
რაც შეეხება სასულიერო პირების გამოყენებას, საპატრიარქო არ არის ერთგვაროვანი და, სამწუხაროდ, იქ მოიძებნებიან ისეთებიც, ვინც სიხარულით ჩაერთვება პოლიტიკურ დაპირისპირებაში ან ხელისუფლებას პოლიტიკური შინაარსის თხოვნას შეუსრულებს. მოცემულ სიტუაციაში ხელისუფლების მხრიდან მათი გამოყენება უპერსპექტივოა და ისევ ეკლესიას თუ ავნებს.
ამქვეყნად არ არსებობს სასულიერო პირი, ხელისუფლების პირის მოწმენდა რომ შეეძლოს. ამით საკუთარ თავს და ეკლესიას ჩააყენებს უხერხულ მდგომარეობაში.
ამასთან, ნუ დავივიწყებთ, რომ სასულიერო პირებს შორის არიან ისეთებიც, ვისაც გულწრფელად აწუხებს პროცესების რადიკალური განვითარება და ისინი მართლებიც არიან. ამ ადამიანების წმინდა ქრისტიანულ პათოსს თავი რომ დავანებოთ, ხელისუფლებას დღეს სწორედ პროცესების კანონის ფარგლებს გარეთ გასვლა თუ გადაარჩენს. ნებისმიერმა ძალადობამ პროტესტის გამომთქმელთა მხრიდან მთელი მოძრაობის დისკრედიტაცია და, საბოლოოდ, პარალიზება შეიძლება გამოიწვიოს. არ არის გამორიცხული, რომ ამგვარი ძალადობის პროვოცირება ხელოვნურად მოხდეს. სხვა რითი უნდა ავხსნათ სანდრო ცაგარელისა და სხვათა დაპატიმრება? ხომ არ არის ეს მცდელობა, რომ სტუდენტურ პროტესტს ირაციონალური ხასიათი მიეცეს?
არსებობს კიდევ ერთი ფაქტორი, რომელმაც არასასურველი პროცესები შეიძლება გამოიწვიოს. მესმის, რომ პატიმრების ახლობლებს და თავად პატიმრებსაც ახლა შურისძიების გრძნობა ამოძრავებთ, მაგრამ ისიც უნდა გავიგოთ, რომ თუ პროცესი კანონისა და სამართლიანობის ფარგლებში არ მოექცა, შეიძლება უნებურად ან ძველი სიავე გადავარჩინოთ, ან ახალი უბედურება ვშვათ.