მექსიკის ყოფილ პრეზიდენტ ენრიკე პენია ნიეტოს კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებენ. ადგილობრივი მედიის ცნობით, ნიეტომ ნარკობარონ "ელ ჩაპოსგან" ქრთამის სახით 100 მილიონი დოლარი მიიღო.
როგორც გაირკვა, კორუფციული სქემა თავად ნარკობარონმა გაამხილა. მან ჩვენების მიცემის დროს მოსამართლეს უთხრა, რომ მექსიკის ყოფილმა ლიდერმა სოლიდური თანხა 2012 წელს, თანამდებობაზე დანიშვნამდე მიიღო.
„ელ ჩაპოს“ ადვოკატი ამტკიცებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი თანხას მექსიკის ორ ყოფილ პრეზიდენტს, ენრიკე პენია ნიეტოსა და ფილიპე კალდერონს უხდიდა. ორივე ყოფილი ლიდერი ბრალდებას უარყოფს.
"ელ ჩაპო", იგივე ხოაკინ გუსმანი მექსიკური ნარკოკარტელის, „სინალოას“ ლიდერი იყო. აშშ-ში მას ნარკოტიკებით ვაჭრობაში, ფულის გათეთრებაში და ადამიანების გატაცებასა და მკვლელობაში ადანაშაულებენ.
ის პირველად 2014 წელს დააკავეს, თუმცა მექსიკის ციხიდან გაქცევა რამდენიმეკილომეტრიანი მიწისქვეშა გვირაბის საშუალებით შეძლო. ნარკობარონი მეორედ 2015 წელს დააპატიმრეს. 2017 წლის იანვარში, ბარაკ ობამას ადმინისტრაციაში ყოფნის ბოლო დღეს, მექსიკის ხელისუფლებამ ხოაკინ გუსმანი ამერიკის შეერთებულ შტატებს გადასცა. მის წინააღმდეგ ბრალი ერთდროულად რამდენიმე შტატს, კალიფორნიას, ნიუ-მექსიკოს, ტეხასს, ილინოისს და ნიუ-იორკს აქვს წაყენებული.