რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის შექმნას პოლიტიკური პროექტი უწოდა. ამის შესახებ რუსული მედია წერს.
"უკრაინის ხელისუფლებამ, რომელსაც მხარს აქტიურად უჭერენ აშშ და კონსტანტინოპოლის საპატრიარქო, ჩაატარა ე.წ. გამაერთიანებელი კრება, მასზე გამოცხადდა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის შექმნა და 2019 წლის 6 იანვარს, პატრიარქმა ბართლომემ ხელი მოაწერა ტომოსს ავტოკეფალიის შესახებ“ - განაცხადა პუტინმა სერბულ გამოცემებთან ინტერვიუში.
რუსეთის პრეზიდენტის შეფასებით, მომხდარი მართლმადიდებლური კანონების უხეში დარღვევაა.
"თუმცა, ეს ნაკლებად აღელვებთ უკრაინის ხელისუფლებას და აშშ-ს, რადგან ახალი საეკლესიო სტრუქტურა მხოლოდ პოლიტიკური, საერო პროექტია და მისი მთავარი მიზანია რუსი და უკრაინელი ხალხის გაყოფა და არა მხოლოდ ეროვნული, არამედ რელიგიური შუღლის გაღვივება“ - განაცხადა პუტინმა. მისივე თქმით, შემთხვევითი არ იყო კიევის განცხადება მოსკოვისგან საბოლოო დამოუკიდებლობის მოპოვების შესახებ.
პუტინის მტკიცებით, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდლებს და მრევლს დევნიან და ტაძრებს ართმევენ, რაც დაძაბულობას ზრდის და უკრაინის საზოგადოება მიჰყავს კიდევ უფრო დიდ განხეთქილებამდე.
"რა თქმა უნდა, რუსეთი არ აპირებს საეკლესიო პროცესებში ჩარევას, მით უმეტეს მეზობელი სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე, მაგრამ ჩვენ ვხედავთ რას საფრთხეს ქმნის, მათ შორის მსოფლიო მართლმადიდებლობისთვის, მსგავსი ექსპერიმენტები და რელიგიურ საქმიანობაში სახელმწიფოს უხეში ჩარევა“ - განაცხადა პუტინმა.
უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის დამადასტურებელ ტომოსს მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოსმა ხელი 5 იანვარს მოაწერა. მანვე მართლმადიდებელ ეკლესიებს უკრაინის ავტოკეფალიის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.