„ეჭვი მაქვს, კახა კალაძემდე არც მიდის ჩვენი ამბავი“

„ეჭვი მაქვს, კახა კალაძემდე არც მიდის ჩვენი ამბავი“

„დალუქეთ ეს სახლი და გადააკეთეთ ბაღად, რადგან ბავშვებს სჭირდებათ ბაღი“, - ეს აზდაკის სიტყვებია ბერთოლდ ბრეხტის ლეგენდარული პიესიდან „კავკასიური ცარცის წრე“, როცა აზდაკი მანტიას იხდის და ამბობს, თუ გაგახსენდებით, დაარქვით ამ სახლს აზდაკის ბაღიო.

რეჟისორი ბაჩო გაბრუაშვილი მიიჩნევს, რომ აზდაკის ლიტერატურული ანდერძი შეასრულა, როცა საკუთარ ინტეგრირებულ თეატრალურ დასს „აზდაკის ბაღი“ უწოდა. თეატრის დასახელებამ და შინაარსმა გაამართლა, რადგან ამ „ბაღში“ უამრავი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი და მოზარდი ეზიარება თეატრალურ ცხოვრებას. თუმცა შესაბამისი დაფინანსების მოძიება და ადეკვატური ფართის პოვნა „აზდაკის ბაღის“ სუსტ წერტილად იქცა. ამ კეთილშობილური საქმის ორგანიზატორიბაჩო გაბრუაშვილი დღემდე დაპირებების მოლოდინშია.

ყველაფერი თორმეტი წლის წინ დაიწყო, როცა ბაჩო გაბრუაშვილის საბავშვო თეატრალურ სტუდიაშიმშობელმა შეზღუდული შესაძლებლობის პირი მიიყვანა, ამას მოყვაერთ-ერთ დღის ცენტრიდან შეთავაზება სპექტაკლის დასადგმელად.მას შემდეგ სხვადასხვა სარეაბილიტაციო ცენტრში უწევდა სიარული და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების მონაწილეობით პატარ-პატარა პერფორმანსებს დგამდა.

„სპექტაკლიდან რომელიღაც ნაწყვეტს ვუყურებდი და უცებ ერთ-ერთმა მსახიობმა,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირმა, რომელსაც აუტიზმი ჰქონდა, პროფესიული თვალსაზრისით ისეთი რამ გააკეთა,რომ დავფიქრდი - მე, როგორც არტისტი, ამას გავაკეთებდი?! მივხვდი, რომ ამ ადამიანებს, თუკი ასწავლი, თუკი განავითარებ მათში თეატრალურ მისწრაფებას, უხეშად ვიტყვი, თუკი მათ გაწვრთნი, ისინი ამ ყველაფერს აითვისებენ და, აგერ, სამი წელია, ინტეგრირებული თეატრი „აზდაკის ბაღი“ არსებობს. ყველა სპექტაკლიდან, რეპეტიციიდან რეპეტიციამდე ვხედავთ ზრდა-განვითარებას, ვხედავთ საოცარ შედეგს. ხანდახან ვამბობ, რომ არ არსებობს, იმაზე ძლიერი თერაპია, ვიდრე დრამ-თერაპია-მეთქი“, - ასეთნაირად გადმოსცემს თავის ემოციებს ჩვენთან საუბარში ბაჩო გაბრუაშვილი და შეკითხვის საპასუხოდ - ჩვეულებრივი ადამიანებისაგან რით განსხვავდებიან ისინი? - განმარტავს, რომ მათთან მუშაობა ცოტა რთულია, თუმცა არაფერია შეუძლებელი.

ასე რომ, ვიღაცამ უნდა იმუშაოს ამ ადამიანებთან, ეს ჩვენი ვალია და, როგორც ახალგაზრდა რეჟისორი ამბობს, მისთვის ღმერთი ადამიანების ერთიანობას ნიშნავს. ამდენად, თუკი მრავალფეროვან სამყაროზე გვაქვს პრეტენზია, რატომ არ უნდა არსებობდეს ინტეგრირებული თეატრი?!

აქ შეხვდებით დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს, აუტისტურ სპექტრს, ასევე, მარტყოფის მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლიდან, კაზრეთიდან, თელავიდან ჩამოსულ მოზარდებს. ყველა მათგანს თეატრის სიყვარული აერთიანებს და რეპეტიციებისთვის კვირაში 4-5-ჯერ ჩამოსვლასაც არაფრად დაგიდევენ. „აზდაკის ბაღში“ მოსულ პატარებს ავიწყდებათ თავიანთი პრობლემები და გაბრწყინებული სახეებით ბრუნდებიან სახლში, ზოგი  ეტლით, ზოგი საკუთარი ფეხით.  

სამაგიეროდ, რეჟისორი ბაჩო გაბრუაშვილი ცდილობს, ყოფითი პრობლემები მათ თავზე არ მოახვიოს. ეს იმის მიუხედავად, რომ სამი წელია, მათ თეატრს დაფინანსება არ აქვს. ერთადერთი გამონათება იყო, როცა მთავრობიდან მათ სპექტაკლზე დასასწრებად ერთ-ერთი მაღალჩინოსანი მივიდა, თითქოს დაპირებებიც გაიცა...

მაშინ „აზდაკის ბაღი“ უზნაძის ქუჩაზე ფლობდა ფართს და  საკუთარი თეატრიც გააჩნდა. პრეზიდენტის სარეზერვო ფონდმა რვა თვით უქირავა ფართი, სადაც „აზდაკელებმა“ საკუთარი სახსრებით ააშენეს სცენა, დაამონტაჟეს განათება, რვა თვის შემდეგ კი მათ ქირის გადახდა მოუწიათ. შემდეგ ქ. თბილისის მერიის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა შესთავაზეს,  ნუღარ გადაიხდით ქირას, გაძლევთ შენობასაც და ბიუჯეტშიც ჩაგსვამთო. „აზდაკის ბაღის“ დასის წევრებს ეგონათ, მათი ჩანაფიქრი ასრულდა, რადგან სწორედ ეს იყო აზდაკის ბაღის იდეა, რომ ამ ადამიანებს თავიანთი საყვარელი საქმის კეთებით პირადი შემოსავალი ჰქონოდათ, დასაქმებულიყვნენ, თუმცა მოტყუვდნენ.

„პარლამენტში დაგვიბარეს, მუნიციპალური უნდა გამხდარიყო ეს თეატრი, მაგრამ მერე მოხდა რაღაც და არ ვიცი, კონკრეტულად რა მოხდა... ეჭვი მაქვს, კახა კალაძემდე არც მიდის ჩვენი ამბავი.  რამდენჯერმე შევხვდით სოფიო ხუნწარიას და მის მოადგილე ირაკლი გვილავას. თავიდან გვპირდებოდნენ, დაგეხმარებით, ოღონდ ცოტა გვაცალეთო. არადა, უკვე მარტში უნდა შევსულიყავით ახმეტელის თეატრის მეორე ფლიგელში. წაგვიყვანეს და დაგვათვალიერებინეს შენობა, შესაბამისი ფოტოებიც გვაქვს. თუმცა მოგვიანებით ირაკლი გვილავამ გვითხრა, თითქოს ახმეტელის თეატრის დირექტორი ჩვენს შესვლას ეწინააღმდეგებოდა. ამის მიუხედავად, დაგვამშვიდეს, ნუ გეშინიათ, სოფიო ხუნწარია ერთ კვირაში მიხედავს ამ ამბავსო. მას მერე ერთი კვირაც გავიდა და ერთი თვეც... დავწერეთ განცხადება, ისევ შევხვდით გვილავას და პირდაპირ გვითხრეს უარი, თქვენნაირი თეატრი საქართველოში ოციაო, რაც რეალურად ძალიან დიდი ტყუილია, თუკი კარგად განვსაზღვრათ თეატრის ფუნქციას. მოკლედ, კვლავაც მოლოდინის რეჟიმში ვართ, ჩვენამდე არავინ მოსულა და არ უთქვამს, რომ ბიუჯეტით ჩვენი დაფინანსებაა განსაზღვრული. რომ არა თეატრალური საზოგადოება და ბატონი გოგი გეგეჭკორის პირადი ნება, ჩვენ, ალბათ, ახლა ჭერიც არ გვექნებოდა ხორავას სახელობის თეატრში და ეს პირადად მერიის მაღალჩინოსნის ბრალეულობა იქნებოდა. თუკი არ გვეხმარებიან, ხელი მაინც არ  შეგვიშალონ, მთავრობა იქნება ეს, თუ მუნიციპალიტეტი“, - აცხადებს რეჟისორი.

მისივე განმარტებით, კარგია, რომ მთაწმინდის პარკმა მათ გამოუყო ტერიტორია, თუმცა მათ იმის შესაძლებლობა არ აქვთ, ამ მიწაზე შენობა საკუთარი სახსრებით ააშენონ. ასე რომ, „აზდაკის ბაღის“ კოლექტივი ითხოვს ფართს და საარსებო მინიმუმს, სადაც ადამიანებს ხელფასი ექნებათ და რეჟისორსაც ექნება საშუალება, აიყვანოს თანამშრომელი. მანამდე კი „აზდაკის ბაღის“ თეატრში წარმოუდგენელი რამ ხდება. ფაქტობრივად, თეატრის ბედი ორ ადამიანზეა აწყობილი, ისინი არიან რეჟისორებიც, გრიმიორებიც, გამნათებლებიც და ასე დაუსრულებლად. რაც შეეხება სამომავლო პერსპექტივას, ბაჩო გაბრუაშვილი მიიჩნევს, რომ ამ თეატრის ფუნქციონირებით სახელმწიფო მიიღებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 35 პირის სამუშაო ადგილს. ესენი არ იქნებიან მხოლოდ სცენაზე მდგომი ადამიანები, არამედ ეს იქნება მოლარე, გამნათებელი და სხვადასხვა პროფესიის ადამიანი, რადგან ყველა რესურსი ასათვისებელია.

„ორი არასრულწლოვანის გარდა გვყავს 18 წლის ზემოთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 18 მსახიობი. დანარჩენები არიან გამნათებლები, მუსიკალური გამფორმებელი და სხვა პროფესიის მქონე შეზღუდული შესაძლებელობის მქონე ადამიანები. რთული პირობების არ გვეშინია, 35 კვ. მეტრ სარდაფში დავიწყეთ ფუნქციონირება და სარდაფში დავდგით ორი სპექტაკლი. აქედან დაიწყო „აზდაკის ბაღის“ ისტორია. მას შემდეგ 8 პრემიერა გვქონდა, გასტროლები ყოველ წელს გვაქვს, დავდივართ მთლიანად საქართველოს მასშტაბით.საზღვრებს ჯერ ვერ გავცდით, მაგრამ თითოეული გასტროლი ჩვენს მხრებზე გადადის.მშობლებს არ ვაწუხებთ, პირიქით, ყველა სპექტაკლში ვცდილობთ მსახიობებს თავიანთი მინიმალური ანაზღაურებაჰქონდეთ“, - აცხადებს „აზდაკის ბაღის“ ხელმძღვანელი.

და ბოლოს, არავინ იცის, „აზდაკის ბაღი“ 14 იანვარს, ანუ თეატრის დღეს საკუთარ შენობაში შეხვდება, თუ ისევ კეთილი ადამიანების იმედად განაგრძობს არსებობას და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დრამ-თერაპიას.