პატიმრების წამების ამსახველი ცნობილი კადრების გავრცელების შემდეგ ქვეყანაში დიდი საპროტესტო ტალღა აგორდა და დროის გასვლასთან ერთად, პროტესტი არათუ ცხრება, არამედ უფრო მწვავდება. უკანასკნელი დღეების განმავლობაში არაერთმა საჯარო მოხელემ თანამდებობა დატოვა და „ქართული ოცნების“ მიმართ მხარდაჭერა გამოხატა. პროტესტის ნიშნად რამდენიმე ადამიანმა „ნაციონალური მოძრაობაც“ დატოვა და ეს ყველაფერი სტუდენტების მასობრივი აქციების ფონზე მიმდინარეობს.
ამის საპასუხოდ, ხელისუფლება ბოლო სამი-ოთხი დღის განმავლობაში შეთითხნილი ბრალდებებით მასიურად აკავებს „ქართული ოცნების“ აქტივისტებს. ასევე დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც კოალიციის მხარდამჭერებს ზოგს სახლში მიუვარდნენ, ზოგს ქუჩაში დახვდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამის პარალელურად კი შინაგან საქმეთა სამინისტრო ვიდეო-მასალას ავრცელებს, რომლის თანახმადაც, თითქოს „ქართული ოცნების“ წევრები პოლიციის თანამშრომლების მოსყიდვას ცდილობენ.
კოალიციის წევრებმა ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ განაცხადეს, რომ ამგვარი მოვლენები იყო მოსალოდნელი და ახლაც ამბობენ, რომ ამგვარ მასალებს ხელისუფლება არჩევნებამდე დარჩენილ ერთ კვირაში კიდევ მრავლად შემოგვთავაზებს.
ქართული საზოგადოება არაერთხელ გამხდარა ხელისუფლების მიერ ასეთი ფილმების ჩვენების მომსწრე და მმართველი გუნდის ამ ხრიკების უკვე აღარავის სჯერა. ამიტომ ბუნებრივია, ჩნდება კითხვა, კიდევ რას მოიმოქმედებს ხელისუფლება წინასაარჩევნოდ და რეალურად აქვს თუ არა მას რესურსი, რომ ვინმე თავის სიმართლეში დაარწმუნოს, თუ უბრალოდ უკან დასახევი გზა არ აქვს და კუთხეში მიმწყვდეული გაუაზრებელ ქმედებებს სჩადის.
ამ კითხვებზე for.ge-ს პოლიტიკური ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი პასუხობს.
სოსო ცისკარიშვილი: „პრაქტიკულად, ჩვენ ნაციონალურ-სადისტური მოძრაობის თვითლუსტრაციის მოწმენი ვართ. ორი-სამი დღე ამბობდნენ, „ჩვენ არ ვიცოდით, ჩვენ არ გვეგონა“, და თავადვე გადავიდნენ იმ მდგომარეობაზე, როდესაც ანგარიში არის ბევრით ნოლი „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ. უკვე აღარ დარჩა საქართველოსთან რაიმე ურთიერთობის მქონე დიპლომატი, პოლიტიკოსი, თუ ჟურნალისტი, რომელიც იტყვის, რომ ამას ნაციონალ-სადისტები არ იკადრებდნენ. ფაქტია, რომ კადრულობენ და როგორი ვერაგი მეთოდებითაც არ უნდა წარმოჩნდეს ნაციონალურ-სადისტური მოძრაობა პირველ ოქტომბერს, არც ერთი დამკვირვებელი არ იტყვის, რომ ისინი ამას არ იკადრებდნენ.
ცხადია, რომ იქნება მძიმე კვირა და აღვირახსნილი სადიზმი. ეს პერიოდი იმავე ვიდეო-რგოლების სახით შევა საქართველოს ისტორიაში და შესაბამისი ეპითეტებით შეფასდება. ნათქვამია, განსაკურნებელი დროზე უნდა განიკურნოს. ჯინის, რომელიც ბოთლიდან ამოვა, ავადმყოფობის ისტორიის შედგენა მერე უკვე გვიანი იქნება. ტოტალური სიცრუე და ცილისწამება, არის ერთადერთი იარაღი, რაც ნაციონალ-სადისტებს დარჩათ, მაგრამ არის პერსპექტივა იმისა, რომ მეორე მხარე, რომელიც „ქართული ოცნების“ სახით არის წარმოდგენილი, სადისტების ნაცვლად მებაღეებს გამოიყვანს და ასე დააბალანსებს სიტუაციას.
დარწმუნებული ვარ, საერთაშორისო თანამეგობრობა მიმდინარე პროცესებს ჯანსაღად შეაფასებს და მოწმენი გავხდებით ერთიანი პოზიციისა ნაციონალ-სადისტების მიმართ, გამოხატულს ფრაზით, - რაც არ გერგება, არ შეგერგება.
გარდა იმ ვიდეო-ჩანაწერებისა და ფილმებისა, ასევე გარდა ოპოზიციის აქტივისტების დაკავებისა, სადამდე შეიძლება მივიდეს ხელისუფლება თავის თავხედურ ქმედებებში?
- მათ აქვთ უკანასკნელი კვირა, როდესაც უფრო მაღალი მიზნის მისაღწევად გამოყენებული ასეთი ვერაგული ქმედება უპასუხოდ რჩება. ნათქვამია, სადაც არა სჯობს, გაცლა სჯობსო. ასე რომ, გავეცალოთ კიდევ ერთი კვირა, ხელისუფლების მხრიდან კიდევ არაერთი ასეთი ვერაგული ქმედება იქნება ჩადენილი და პირველი ოქტომბრის შემდეგ, როდესაც ასეთი ძალადობის პირობებში ჩატარებული არჩევნები არ იქნება აღიარებული არც ქართული და არც საერთაშორისო საზოგადოების მიერ, იზოლირებული ხელისუფლება თავად დაიწყებს ერთმანეთის ჭამას. მათში შიში იმდენად დიდია, რომ ორი ოქტომბრისთვის თვითმფრინავის ბილეთებს უკვე კარგა ხანია ვერ იშოვით. შეგიძლიათ თავად ნახოთ გაყიდული ბილეთების სიები „ლუფთანზაზე“, „თურქეთის ავიახაზებზე“, იტალიის და პოლონეთის ავიახაზებზე და ა.შ. განსაკუთრებით დიდი დატვირთვაა უკრაინის მიმართულებით. დარწმუნებული ვარ, „მეოცნებე“ ადამიანების ოცნება არ არის, რომ 2 ოქტომბერს თავს უშველონ. ამიტომ, ამ ბაქიბუქში და სიცრუის მორევში საკუთარი თავის ჩათრევით დაკავებულ პოლიტიკურ ძალაში, არ არის სიმყარე იმ აზრისა, რომ გაიმარჯვებენ მიუხედავად ყველანაირი უმსგავსობის მომზადებისა.
რაც უფრო ვუახლოვდებით პირველ ოქტომბერს, მით უფრო ნაკლები კითხვა ჩნდება, თუ ვინ ვინ არის. ამიტომ, ჯობია, ორ ოქტომბერს ამ ქვეყანაში აღარ დარჩეს კითხვა, ვინ რისი მაქნისია, ვის რა უდევს გულში და ვინ რისი მკადრებელია. ეს სწორედ ის შემთხვევა იქნება, როდესაც თეთრი და შავი კარგად გამოჩნდება.
ბატონო სოსო, ბოლო დღეებში მიხეილ სააკაშვილი მოსახლეობასთან შევხედრებს მართავს და აღფრთოვანებით აღნიშნავს, რომ ამ შეხვედრებზე უამრავი ადამიანი მიდის. როგორ ფიქრობთ, რეალურად ხელისუფლებას კიდევ აქვს იმის რესურსი, რომ სიტუაცია სათავისოდ შეატრიალოს, თუ მათ უბრალოდ უკან დასახევი გზა არ აქვთ და იძულებულები არიან, ასეთი რაღაცეებით თავი მოიტყუონ?
- უკვე მრავალი წელია შევეჩვიეთ, რომ კარნავალებს, ფესტივალებს და კონცერტებს ხელისუფლება მხოლოდ და მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის გასართობად აწყობს. ცხადია, ახლა პრეზიდენტის აღგზნების კოეფიციენტი წინა წლებთან შედარებით გაცილებით მაღალია. ამიტომ, მისი გარემოცვის შიში არის ის, რაც კრებს ამ ხალხს, ზოგს მუქარით, ზოგს დაპირებებით, ზოგს ხვეწნა-მუდარით, მაგრამ უნდა ვივარაუდოთ, რომ ასეთ აქციაზე მისვლა და პირველ ოქტომბერს ხმის მიცემა სხვადასხვა მსოფლმხედველობის და ღირებულების გამოვლენასთან იქნება დაკავშირებული.
პრეზიდენტმა სააკაშვილმა გურჯაანში სიტყვით გამოსვლისას ოპოზიციურ პარტიებს მთავარ პრინციპებზე შეთანხმება კიდევ ერთხელ შესთავაზა. მან განაცხადა, რომ ქუჩაში კრიმინალი აღარ ხდება და ოპოზიციას მოუწოდა, „მოდით მთავარ თემებზე შევთანხმდეთ და ნუ ვცდილობთ ისეთი თემებით თამაშს, რომლებიც ხვალ და ზეგ უკან მოგვიბრუნდება“ და აღნიშნა, ვინც ამას არ დაეთანხმება, თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდებაო. თქვენი აზრით, რას ნიშნავს მისი ეს განცხადება?
- ეს მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავს. კერძოდ, რომ ჩვენმა პრეზიდენტმა დემაგოგიის კლასი კიდევ უფრო აიმაღლა. აგვისხნას ბატონმა სააკაშვილმა, რას ნიშნავს, როდესაც ადამიანს თვალებში მჟავას ასხამენ და საპატრულო პოლიციის არც ერთი მანქანა გამოძახებაზე არ მოდის? ასევე რას ნიშნავს, როდესაც ერთი ჯგუფი მეორეს თავს ესხმის, ნაცემებს იჭერენ, ხოლო თავდამსხმელების ვინაობას არც კი კითხულობენ? ჯერ ამ კითხვებზე გაგვცეს პასუხი, ხოლო შემდეგ ეს იაფფასიანი დემაგოგია გაავრცელოს ყველა იმ სტრუქტურაში, რომელსაც საკუთრად თვლის.
დაბოლოს, ბატონო სოსო ხელისუფლება მუდმივად გვესაუბრება რუსეთი საფრთხეზე, მის სამხედრო წვრთნებზე, ციხეში მომხდარ მოვლენებზე საუბრის დროსაც აცხადებს, რომ ეს ყველაფერი ქვეყნის გარეთ დაიგეგმა და ა.შ. როგორ ფიქრობთ, შეიძლება, რომ არჩევნებამდე პერიოდში ხელისუფლებამ ამ ხრივ რაიმე პროვოკაცია მოაწყოს?
- რუსეთს, ჩვენი ხელისუფლებისგან განსხვავებით, საკუთარი ქვეყნის მასშტაბებიც და შესაძლებლობებიც კარგად ახსოვს და აღარ მოისურვებს, რომ რაიმე მიზეზით საერთაშორისო საზოგადოების გაკიცხვის საგანი გახდეს. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ კიდევ უფრო მეტი საერთაშორისო ორგანიზაცია და პოლიტიკოსი უცხოეთში დაარწმუნა იმაში, რომ ნაციონალ-სადისტების მმართველობაში ადექვატურობა მიუღწეველი ფუფუნებაა. ამიტომ, რაც არ უნდა გეგმოს, იმაზე უკეთეს შედეგს ვერ მიაღწევს, რაც ლოპოტას ხეობაში ჩატარებული გაუგებარი ქმედებების შემდეგ მიიღო. ისინი რაღაცას იწყებენ, თვითონვე არ იციან, როგორ უნდა დაამთავრონ ეს ამბავი და არ თაკილობენ, როდესაც იდიოტურ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან ხოლმე. ამიტომ, ხალხი კი ნუ ჰგონიათ ჭკუასუსტი, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი გონებრივი შესაძლებლობები შეაფასონ, ვიდრე უსუსური სიცრუის გავრცელებით დაკავდებოდეს ჩვენი ნაციონალ-სადისტური ბანდა.“