ამერიკა სიურპრიზებით ანებივრებს მსოფლიოს. ერთი-მეორის მიყოლებით უცნაურ გადაწყვეტილებებს იღებენ ამერიკულ ისტებლიშმენტში - სირიიდან ჯარების გამოყვანა, ე.წ. ცოფიან ძაღლად ცნობილი ჯეიმს მეტისის გადადგომა...
დიდი ხანია, დასავლურ მედიაში დონალდ ტრამპსა და ჯეიმს მეტისს შორის არსებულ აზრთა სხვადასხვაობაზე საუბრობენ. ცნობილია ისიც, რომ მეტისი ტრამპის მიერ სირიიდან ამერიკელი ჯარისკაცების გამოყვანასაც არ ეთანხმება.
„ძლიერი ალიანსებისა და მათდამი პატივისცემის გამომჟღავნების გარეშე საკუთარ ინტერესებს ვერ დავიცავთ“, - წერს მეტისი და ხაზს უსვამს, რომ აშშ-მა რუსეთისა და ჩინეთის მიმართ მტკიცე და აშკარა პოზიცია უნდა დააფიქსიროს, რადგან ეს ქვეყნები შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების ინტერესებს ეწინააღმდეგებიან.
რა პროცესები განვითარდება მსოფლიოსა და საქართველოში 2019 წლისთვის, ამის შესახებ For.ge-ს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ესაუბრა.
ამერიკელები მიიჩნევენ, რომ შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალები მსოფლიო პოლიციელის როლს არ უნდა ასრულებდეს, მაგრამ, თუკი ეს როლი არ ექნებათ აშშ-ის სამხედროებს, მაშინ ვინ უნდა დაიცვას მსოფლიო? ზოგადად, რა პროცესები განვითარდება მსოფლიოსა და საქართველოში?
- გასულ წელს მსოფლიოში მოულოდნელი რამ მოხდა, როცა ტრამპმა გადაწყვეტილება მიიღო სირიიდან ჯარების გაყვანის თაობაზე. ამას ემატება მეტისის გადადგომა და მეტისის წერილი, რომელსაც საქართველოში არავინ მიაქცია ყურადღება. მართალია, ტრამპი სიამტკბილობით დაშორდა თავის თავდაცვის მდივანს, სულ აქო და ადიდა იგი, ერთად ვიქნებითო, მაგრამ მეტისმა ღიად თქვა, მე მივდივარ იმიტომ, რომ ტრამპმა, უხეშად რომ ვთქვათ, გადააგდო თავისი მოკავშირეები, მე მივდივარ იმიტომ, რომ ტრამპს არ ესმის მოკავშირეების ფასი, მივდივარ იმიტომ, რომ ამერიკა აღარ არის სანდო პარტნიორი თავისი მოკავშირეებისთვის. ასეთ მწარე განაჩენს უოტერგეიტის სკანდალის შემდეგ ნიქსონიც არ მოსწრებია. რა მოხდა ელემენტარულად? ტრამპმა თავისი ბიზნესმენობა გაიხსენა, გაურიგდა ერდოღანს, მე ჯარებს გავიყვან სირიიდან, შენ იდლიბში გაუსწორდები ქურთებს, რაც გინდა, ის გააკეთე, ოღონდ მეფე სალმანის მემკვიდრის, საუდის არაბეთის პრინცის კრიტიკას თავი დაანებე. ამ ყველაფერს შესწირეს ქურთები. ტრამპი ახლა გაიყვანს ჯარებს, ერდოღანი წუთი-წუთზე ელოდება, შევარდება სირიაში და ქურთებს ბოლოს მოუღებს. ეს ყველაფერი მოხდა იმიტომ, რომ სალმანი მეგობრობს ტრამპის სიძესთან-კუშნერთან. ჩვენთვის ეს უნდა იყოს თუ არა გაკვეთილი? ევროპისთვის ეს უკვე იქცა გაკვეთილად. მაკრონი გაცოფებულია. ის აქამდეც ითხოვდა ევროპული არმიის შექმნას, მაგრამ ახლა „ყვითელი ჟილეტების“ მოძრაობა ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევს, ჩვენთან კი არაფრად მიაჩნიათ, რომ ამერიკის დღევანდელი პრეზიდენტი როგორც ხელთათმანებს, ისე იცვლის მოკავშირეებს. თუ დასჭირდა, ნებისმიერ მოკავშირეს გადააგდებს. 10-15 წელია, ამერიკის პრეზიდენტები მფარველობდნენ ქურთებს, ტრამპმა კი ქურთები შესწირა, რათა სალმანის კრიტიკას თავი დაანებოს ერდოღანმა.
აქ მარტო კრიტიკაზეა საუბარი, თუ სხვა ინტერესებზეც, ანუ გარიგებებზეც? საუდის არაბეთზე რომ არაფერი ვთქვათ, თავის დროზე სარკოზიც იყო შემჩნეული მუამარ კადაფის ფულების მითვისებაში. კადაფის ვაჟი ამბობდა, სარკოზის ფინანსური ინტერესი ჰქონდა, მამაჩემს 50 მილიონ ევრომდე გამოართვა წინასაარჩევნო კამპანიისას და ამის შემდეგ გადააგდო მუამარ კადაფი, არც კი დაიცვეს ფრანგებმა მუამარ კადაფიო.
- ყოველთვის არსებობს ინტერესი. როგორ შეიძლება, რომ თუნდაც იგივე კუშნერი, რომელიც მორწმუნე ებრაელია (ქაშერის ებრაელებს ეძახიან მაგათ), საუდის არაბეთის პრინცს თავის ახლობლად მიიჩნევდეს?! რასაკვირველია, აქ ინტერესებიცაა. ელემენტარულად, 100 მილიარდი დოლარის ღირებულების ხელშეკრულებები აქვს გაფორმებული დონალდ ტრამპს საუდის არაბეთთან იარაღის შესყიდვის თაობაზე, მაგრამ აქ არის ზნეობრივი საკითხიც. ორი მუჭა ოსები ცხოვრობენ ე.წ. სამხრეთ ოსეთში, აფხაზების რაოდენობაც 90 ათასი იყო, დღეს შეიძლება 60 ათასიც აღარ არის, განახევრებულია და კიდევ პრეტენზიები აქვთ დამოუკიდებელი სახელმწიფოს თაობაზე. ამ დროს კი 18 მილიონი ქურთი ცხოვრობს მსოფლიოში დღეს (თურქეთში, სირიასა და ერაყში) და სად არის მაშინ მსოფლიო სამართლიანობა? ქურთებს არ უნდა ჰქონდეთ თავიანთი სახელმწიფო და ოსებსა და აფხაზებს უნდა ჰქონდეთ? თუმცა ეს არის სამყარო, რომელშიც ვცხოვრობთ.
ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ამერიკა, რომელიც წინათ მსოფლიო წესრიგს განაპირობებდა, ამჯერად ამ მისიაზე ხელს იღებს? ამ კონტექსტში ხომ არ ჯდება ჯეიმს მეტისის გადადგომა, რომელსაც თავდაცვის სფეროში „ცოფიან ძაღლს“ უწოდებდნენ და, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ მოიაზრებოდა? ამ ლეგენდარულ გენერალს შეიარაღებულ ძალებში დიდ პატივს სცემდნენ თუნდაც იმის გამო, რომ პირადად იღებდა მონაწილეობას ერაყ-ავღანეთის სამხედრო მისიებში.
- რასაკვირველია, ტრამპმა საერთოდ არია მსოფლიოში თამაშის წესები. მას არანაირი ახალი თამაშის წესები არ შემოუღია, უბრალოდ, ბოდიში თქვენთან, ძველ წესებს ფეხებზე იკიდებს, იგნორირებას უკეთებს ყველაფერს. ახალი წესები რომ შემოიღოს, ამას ბჟეზინსკები და კისინჯერები სჭირდება. ტრამპს ასეთი ხალხი არ ჰყავს.
თუკი ქურთებს ასეთი განაჩენი გამოუტანა ამერიკამ, ეს ნიშნავს, რომ საქართველოც დაუცველია? რუსების პირისპირ გვტოვებენ და პუტინი კიდევ უფრო გაძლიერდება კავკასიაში?
- ჩვენში რომ იყვნენ ნამდვილი ანალიტიკოსები და ჩვენთან საგარეო პოლიტიკის საკითხებისადმი ინტერესი რომ იყოს, ჩვენი ტელე-თოქ-შოუები მართლაც შოუ არ იყოს და მასში ანალიზის ნამცეცები მაინც იყოს, მაშინ საკამათო და სადისკუსიო თემა იქნებოდა, რა ელის საქართველოს ასეთი მთავარი მოკავშირის რეალობაში, როგორიც დღევანდელი ამერიკაა. ჩემთვის მანიშნებელია ის, რომ პუტინი ძალზე მშვიდად არის კავკასიასთან მიმართებით და არც აგრესიული გამოხტომები არ აქვს. პუტინი ასეთ პოზაშია, ჩვენ არ გაგვიწყვეტია ქართველებთან ურთიერთობა, თუკი ქართველებს უნდათ, ჩვენ მზად ვართ, აღვადგინოთ ეს ურთიერთობა, მაგრამ არის ახალი რეალობა, ქართველებმა ეს რეალობაც უნდა გაითვალისწინონ.
ნამდვილი დიპლომატისათვის მთავარი ის კი არ იქნებოდა, რასაც პუტინი ამბობს, რომ დღეს სხვაგვარი რეალობაა და ეს რეალობა უნდა გაითვალისწინონ ქართველებმა, არამედ მთავარი იქნებოდა პუტინის მზადყოფნა დისკუსიისთვის. რა, პუტინმა არ იცის, რომ, თუკი იგი დისკუსიისთვის მზად იქნება, გვერდს ვერ აუვლის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას?! მაგრამ პუტინმა ასე უნდა თქვას დღეს, აფხაზებსა და ოსებს ხომ არ მოიმდურებს ავანსად?! ცხადია, პუტინმა უნდა თქვას, თითქოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონი არ არის სადისკუსიო თემა, მაგრამ მოლაპარაკებები თუ დაიწყება, დღეს ჩვენ რუსეთთან ისეთ ღრმა ჩიხში ვართ შესული, რომ კლასიკური მოლაპარაკება, ღია მოლაპარაკება, დელეგაციების ჩასვლა, ჟურნალისტების თანხლება, გადაცემების მოწყობა, ეს ეტაპი აღარ იქნება. ახლა, როცა უკიდურესი დაძაბული მდგომარეობაა და სიტუაცია ფეთქებადია, დიპლომატიას აქვს სარეზერვო გეგმა „ბე“, სარეზერვო არხები, როგორიც იყო, თუ გნებავთ, შიმონ პერესისა და იასირ არაფატის მოლაპარაკებები ოსლოში. 6 თვე მიმდინარეობდა ეს მოლაპარაკებები და კაციშვილმა ვერ გაიგო, უცებ გამოვიდნენ შიმონ პერესი და იასირ არაფატი, ზავი დაიდო და ორივე ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა. ასევე, ჩუმ მოლაპარაკებას აწარმოებდა კისინჯერი ჩინეთთან, მერე მოყვა ამას ტონკინის ყურის რეზოლუცია, ესეც კაციშვილმა არ იცოდა, რადგან ეს იყო საიდუმლო არხებით მოლაპარაკება. ასეთივე მოლაპარაკება შედგა 1970 წელს რაკეტების თაობაზე.
მოლაპარაკებების კვალდაკვალ, ალბათ, არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ პუტინი ყოველთვის ნეგატიურ ტონში ახსენებდა გორბაჩოვს, რომელმაც დაშალა საბჭოთა კავშირი. ამდენად, პუტინი მზად იქნება საქართველოს წინაშე დათმობისთვის? და, თუკი მზად იქნება, მაშინ საინტერესოა, რას მოითხოვს სანაცვლოდ?
- პირველ რიგში, პუტინი არის პრაგმატიკოსი. გორბაჩოვს პუტინი აგინებს იმიტომ, რომ გორბაჩოვს აგინებს მთელი რუსეთი. პუტინს კიდევ სურს პოლიტიკაში დარჩენა, ის უკვე მიეჩვია 60-70%-იან რეიტინგებს. მისი რეიტინგი დაბლა მიდის და პუტინი ყველაფერს გააკეთებს, ეს რეიტინგი ისევ ასწიოს. როგორ ფიქრობთ, პუტინი სადმე წამსვლელია? ტყუილად ხომ არ არის, რომ მისი ჯანმრთელობის შესახებ კრემლის პროპაგანდა უკვე მითოლოგიამდე ავიდა. ამიტომ რასაც პუტინი საჯაროდ ლაპარაკობს, დიპლომატია ამას არასდროს აქცევს ყურადღებას, რადგან ეს განსაზღვრულია რუსი მოსახლეობისთვის. ახლა ჟირინოვსკი ზოგიერთი ჩვენი იდიოტისთვის გიჟია, მაგრამ ამ დროს ჟირინოვსკი უჭკვიანესი და უეშმაკესი პოლიტიკოსია. უბრალოდ, მას 6 მილიონი რუსი გიჟი ამომრჩეველი ჰყავს და მათთვის გიჟობს. ამიტომაც 20 წელზე მეტია, ჟირინოვსკი დუმაშია და უდიდესი ფრაქცია აქვს.
მოლაპარაკებების წყალობით შეიძლება რაიმეს მივაღწიოთ პუტინთან?
- ეს უნდა იყოს ხანგრძლივი და პროფესიონალური მოლაპარაკებები. არა ისეთი, როგორსაც აწარმოებენ „პატრიოტები“. ამას სჯობს, საერთოდ არ აწარმოო მოლაპარაკება დილეტანტურ დონეზე. ისიც შეიძლება ვიფიქროთ, რომ „პატრიოტები“ შირმად არიან და ხელისუფლება საიდუმლო არხებით აწარმოებს რეალურ ხანგრძლივ მოლაპარაკებას რუს პოლიტიკოსებთან. დიპლომატია არ არის სწრაფი რეაგირების პროფესია. ტყუილად კი არ არის, რომ ნამდვილი დიპლომატი ბუნებით ზარმაცია, დიპლომატებს არ უყვართ დილით ადრე ადგომა, აჩქარება, ისინი 12 საათზე დგებიან, ყავას დალევენ, მერე შხაპს მიიღებენ, ყველაფერს აუჩქარებლად აკეთებენ, რადგან თვითონ პროფესიაა ასეთი. ამ დროს ჩვენებს უნდათ, ვთქვათ, დილით ნინო ბურჯანაძე შეხვდეს პუტინს და მეორე დღესვე მოიხსნას მავთულხლართები. ეს არ არის დიპლომატია.
უკვე პროგნოზირებენ, რომ ცხელი გაზაფხული გველის. 2019 წლისთვის ქვეყნის შიგნით რაიმე ძვრას ელით?
- არც რევოლუცია მოხდება და არც არაფერი. რადიკალურ ცვლილებებს საქართველოში არ ველი. ეს გამორიცხულია. აქციებს არ ველი, მაქსიმუმი, რისი გაკეთებაც შეეძლო ქართულ პროტესტს, მან ყველა რესურსი გამოავლინა მეორე ტურის არჩევნებში და ეს პიკია. არ მინდა ამაზე ლაპარაკი, მაგრამ ჩემი ყველა პროგნოზი ასეთია, რომ ტეხილი ქვემოთ წავა, უკმაყოფილება გაიზრდება. თქვენ წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა სომხეთში, ეკონომიკის მინისტრს რომ ეთქვა, თქვენ კარგად ცხოვრობთ, მაგრამ შეგრძნება გაქვთ, თითქოს გიჭირთო. სხვათა შორის, ინგლისურმა ერთ-ერთმა გაზეთმა გაშიფრა ნოსტრადამუსის 1555 წლის პროგნოზი 2019 წლის შესახებ და იქ ბევრ სხვა ინფორმაციას შორის საინტერესო რამ არის ნათქვამი, მედიცინა ისე განვითარდება, 200 წლამდე იცოცხლებს ადამიანიო. ასეთ შემთხვევაში, ღმერთმა ყველა დაიფაროს და, თუ ვინმე გარდაიცვლება, ჩვენი ეკონომიკის მინისტრი შეიძლება გამოვიდეს და თქვას, არა, მაგას შეგრძნება აქვს ისეთი, თორემ ის ცოცხალიაო.
გიორგი ქობულიას ქონება 40 მილიონს აჭარბებს. ამ გადასახედიდან, ალბათ, სამყარო სხვა ფერებში ჩანს.
- ეგ ასეა, მაძღარს ყველა მაძღარი ეგონა. სხვათა შორის, „ოცნების“ წევრებისგანაც დაიმსახურა ქობულიამ საპირისპირო შეფასებები, თუმცა ეგენიც კლასიკური მედროვეები არიან. ეს არ არის პროტესტი, ეს არის ფრონდა. რომელი რევოლუცია, ვინ არის რევოლუციონერი?! მაგათ უნდათ, რამე რომ მოხდეს, მერე თავი წაგვჭამონ იმის ძახილით, ჩვენ მაშინაც ოპოზიციაში ვედექით „ქართულ ოცნებასო“. ეს ჩვეული ამბავია, „ნაციონალების“ დროსაც მიშასთან შემძვრალები რომ იყვნენ, დღეს სწორედ ისინი ამბობენ, მე მაშინვე ოპოზიციაში ვიყავიო. სხვათა შორის, 2018-ში ქვეყნის შიგნით ორი მოვლენა იყო ძალზე მნიშვნელოვანი, რაზეც ხელისუფლებამ უკან დაიხია და ეს არ ყოფილა დიპლომატიური უკანდახევა, ეს არ ყოფილა ელასტიურობა. მხედველობაში მაქვს მოსამართლეების საკითხის გადადება, რომელთაც უკვე ახალი მანტიები აქვთ ნაყიდი. მათი ასაკი 36-დან 40 წლამდეა, ე.ი. ისინი აპირებენ 30-40 წელი იყვნენ კიდევ უზენაეს სასამართლოში. მეორე საკითხი მარიხუანას მოყვანას უკავშირდება. ორივე შემთხვევაში, ხელისუფლება იძულებული გახდა, უკან დაეხია. ეს იყო ბრძოლაში უკანდახევა, დამარცხების შედეგად უკან დახევა. ამას დაემატა არჩევნები, რომელმაც უკვე განსაზღვრა საქართველოს პოლიტიკური პასიანსი მინიმუმ ამ ხელისუფლების არსებობის პერიოდისთვის. არ ვიცი, „ოცნება“ 5 წელი იქნება ხელისუფლებაში, თუ 15 წელი, მაგრამ სალომე ზურაბიშვილის არჩევნები იქნება მუდმივი თანმხლები მოუშუშებელი იარა. ავთვისებიან სიმსივნედ იქცევა ეს არჩევნები „ოცნებისთვის“, რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს.