მოახლოებული არჩევნები სიტუაციას ბევრი მიმართულებით შეცვლის. ადამიანებსაც მრავალი რამის ეიმედებათ. მათი სურვილია, რომ სამომავლო ცვლილებები მხოლოდ ზოგადი ხასიათისა არ იყოს და პირადად მათ შეეხოს. მაგალითად, სესხებით და კრედიტებით შეჭირვებული მოქალაქეების დიდი სურვილია, რომ მათ გარკვეული შვება იგრძნონ და საკრედიტო ტვითრი შეუმსუბუქდეთ. ამიტომ, გავრცელებული ინფორმაციით, მსესხებელთა ნაწილი, კრედიტის რესტრუქტურიზაციის იმედით, არჩევნებამდე სესხს არ იხდის.
ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებულ „პირველ საკრედიტო კავშირში“ საუბრობენ და ბოლო დროს ვადაგადაცილებული სესხების პრობლემის არსებობასაც ადასტურებენ. „პირველი საკრედიტო კავშირის“ ორგანიზაციის ხელმძღვანელის გივი კორინთელის განცხადებით, უკვე რამდენიმე ათეული შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც მსესხებელი კრედიტის რესტრუქტურიზაციის ან სრულად ჩამოწერის იმედით არჩევნებამდე სესხის დაფარვას წყვეტს.
კორინთელი მიიჩნევს, რომ ეს პარადოქსული შემთხვევაა, რადგან ნებისმიერ შემთხვევაში კრეტიდორებს მისი დაფარვა აუცილებლად მოუწევს. ხელისუფლება რომც შეიცვალოს, ეს ბანკების საქმიანობაზე ასახვას არ ჰპოვებს.
ილიაუნის ბიზნეს რევიუს მკვლევარი გიორგი აბაშიშვილი კი ამბობს, რომ ბევრი მაგალითი არსებობს იმისა, როდესაც მოქალაქეები არჩევნების შემდეგ სასურველი შედეგის დადგომის შემთხვევაში ვარაუდობენ, რომ თავს აარიდებენ სესხის სრულად დაფარვას. ამიტომ გავრცელებული ინფორმაცია საფუძველს მოკლებული სულაც არ არის.
ბოლო თვეების განმავლობაში, ფინანსურ ინსტიტუტებში ვადაგადაცილებული სესხების ოდენობამ მოიმატა. არსებული ინფორმაციით, საუბარი ძირითადად ფიზიკურ პირებზეა. მაგალითად, საქართველოს ეროვნული ბანკის ბოლო მონაცემებით, 2012 წლის ივლისში ვადაგადაცილებული სესხების ზრდა დაფიქსირდა. ივნისთან შედარებით, ამ მაჩვენებელმა 1 0926 000 ლარით იმატა და 203 082000 ლარი შეადგინა.
შესაბამისად, წინა თვესთან შედარებით, ივლისში 9 116 000 ლარით (568 835 000 ლარამდე) გაიზარდა სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვებიც.
ექსპერტის საბანკო საკითხებში ლია ელიავას პრობლემას სხვაგრვარად იხილავს. იგი თვლის, რომ შესაძლოა მსესხებელს სესხის დაფარვის საშუალება არ აქვს, თორემ არჩევნების იმედით კრედიტის დაუბრუნებლობა რეალობას მოკლებულია. ექსპერტის თქმით, მსოფლიოში ჯერ არ დაფიქსირებულა პრეცედენტი კომერციულ ბანკებს სესხების რესტრუქტურიზაცია განეხორციელებინათ.
„ის, რასაც „პირველი საკრედიტო ინსტიტუტი“ ამბობს დაუჯერებელია. შეიძლება ადამიანს არ ჰქონდეს კრედიტის გადახდის საშუალება, ეს სხვა ამბავია, მაგრამ ის, რომ არჩევნების შემდეგ მოვა სხვა ხელისუფლება და ჩამოაწერს მას კომერციული ბანკებიდან აღებულ ვალს, ცოტა ფანტასტიკის სფეროდანაა“, - განმარტავს ლია ელიავა.