ლიბერალიზმის ფარისევლობას რომ მიმოიხილავს, ჯორჯ სანტაიანა აღნიშნავს ერთ გამორჩეულ ნიშანს ლიბერალური თავისუფლებისა; რომ თუ მსხვერპლს არ შესწირავ ამგვარი თავისუფლების საკურთხეველზე და ლოიალობას არ გამოუცხადებ, სამოქალაქო სიკვდილი გარანტირებული გაქვს: არ დაგიჭერენ, არ გადაგასახლებენ და არ დაგხვრეტენ, მაგრამ არსად შეგიშვებენ, არსად გახსენებენ, არსად გაგაკარებენ და თან გამუდმებით გაყვედრებენ, შენი უფლებები კანონით დაცულიაო.
თბილისში ფეხით სიარული ყოველთვის მიყვარდა, გასაკუთრებით ძველ თბილისში. ძველ თბილისს ვუწოდებთ ქალაქის ცენტრში შემორჩენილ, მეთვრამეტე საუკუნის დროინდელ რამდენიმე შენობას, შუა საუკუნეებიდან შემორჩენილ რამდენიმე ტაძარსა თუ ისტორიულ ძეგლს, თორემ სადღაა ძველი თბილისი?
ძველი თბილისის არქიტექტურა სპარსულის, არაბულის, თურქულისა (ესენი იპყრობდნენ ძირითადად თბილისს) და ქართულის ნაზავი უნდა ყოფილიყო.
მეცხრამეტე საუკუნის დროინდელი შენობები და ქუჩებიც ძველია, რუსების ნებითაა გადაწყვეტილი და მოწვეული არქიტექტორების მიერ დაგეგმილ-ნაშენები. რუსებმავე (თუ არ ვცდები, ვორონცოვმა) მოანგრიეს და დააქციეს ქალაქ თბილისის გალავანი და სახე დაუკარგეს უძველეს ქალაქს.
მერე ბოლშევიკები მოვიდნენ და ახლა იმათ დაიწყეს ნგრევა-შენება და დიდხანს აშენეს, სანამ სულ არ გაუქრეს იერი და მთლად არ დაამახინჯეს.
ახლა - გასული საუკუნის ოთხმოცდაათიანი წლებიდან - ქალაქის მერები და დეველოპერები შეუდგნენ თბილისის შენებას და აჰა, ინებეთ! მოგწონთ რასაც აშენებენ და როგორც აშენებენ?
თუ ძველი თბილისის რუკას დაიჭერ ხელში და ნარიყალაზე ან მამადავითზე, ან მეტეხის ნაციხარზე ახვალ, შეიძლება წარმოიდგინო როგორი იყო ქალაქი და როგორ უნდა განვითარებულიყო.
დღეს, როცა ისეთ ადგილზე მოვხვდები, საიდანაც ქალაქის ხედი გადაიშლება, გაოცებული, შიშით შევყურებ ქალაქში წამომართულ ახალ ორიენტირებს. მათგან მთავარი რუსთაველის პროსპექტზე წამოჭიმული სასტუმრო ”ბილტმორის” უსახური სვეტია. გონებამახვილმა თბილისელებმა წაიქილიკეს, თქვენთან უკაცრავად ვარ, - ეგ უნდა იჩუტებოდეს და...! - ჰო, უხამსი ხუმრობაა, ძველთბილისური, მაგრამ ამ მახინჯ ადრეკილაზე ზედგამოჭრილია!
გაბატონდა ეს გაუგებრობა თბილისის მთავარ გამზირზე, გარს შემოირტყა შორიახლოს მდგარი, მასავით უსახური შენობები და აღარ არის თბილისი თბილისი, გადასხვაფერდა, აღარც მშვენიერ ბუნებრივ გარემოს ერგება და არგებს რამეს და აღარც კაცის თვალს ეამება.
ამ თბილისურ ცათამბჯენს, მამადავითს რომ ეჯიბრება და მის მსგავს უსახურობათ, ერთი რამაც აქვთ საერთო, ისინი შუშისანი არიან. ესაა ე.წ. შუშის არქიტექტურა.
ესაა გამჭვირვალობის ნიმუშიო, გვარწმუნებდა ექსპრეზიდენტი მიშა სააკაშვილი. პოლიციის შუშის შენობები გამჭვირვალეა როგორც გარედან ისე შიგნიდანო; აქ აღარ მოხდება ისეთი რამ ხალხმა რომ არ იცოდესო.
ღმერთო დიდებულო! თურმე შიგნით ისეთი რამ ხდებოდა, რომ ნეტავ არც გაგვეგო არასოდეს!
ათიოდე წლის წინ, ამ ტიპის არქიტექტურის არსმა დამაინტერესა და ბატონ ვახტანგ დავითაიას ვთხოვე აეხსნა, განემარტა. . . მცირე ლექცია რომ წამიკითხა, მერე მითხრა, შუშის შენობების არსი ჩაკეტილობააო, გარეგნული გამჭვირვალობა მის შინაგან, ჩაკეტილ არსს ფარავსო! - რას ამბობთ, გავიკვირვე, ეს თუ ჩაკეტილობაა, ღიაობა რაღაა-მეთქი?! - ღიაობა ძველი თბილისის არქიტექტურა, აივნებიანი სახლებიაო, მითხრა.
აი, თურმე რა გაბატონდა ჩვენს ქალაქსა და ჩვენს ცნობიერებაზე - ჩაკეტილობა და შეუღწევადობა!
არასამთავრობო ორგანიზაცია იქადნება, საერთაშორისო გამჭვრივალობა ვარო. სკანდალურ ინფორმაციას გამოაქვეყნებს, ქალაქ-ქვეყანას შეძრავს და აამტუტებს, შეხეთ ხალხო რა კანონდარღვევა ხდებაო და როცა შეევედრებიან ეგ ინფორმაცია ვინ მოგცა, ეგებ გაგვიმხილო, რომ გამოვიძიოთ და დამნაშავე დავსაჯოთო, უპასუხებს, არაო ინფორმატორს ვერ გავამხელო და ისეთი ქუში სახით და შუშის თვალებით იმზირებიან, აი, ძველ პარტმუშაკებსა და კომკავშირლებს რომ სჩვეოდათ. ყველაფერი აინტერესებთ ყველასა და ყველაფრის შესახებ, მაგრამ საკუთარ თავზე არაფერს გეტყვიან. აბა ჰკითხე, რითი არსებობ ან ადრე რას საქმიანობდიო, - არ გეტყვის, დაგიმალავს. სად განისწავლეო, რომ ჰკითხავ, - დასავლეთშიო გიპასუხებს. დასავლეთში ხელფასის ოდენობით დაინტერესება ცუდი ტონია, მაგრამ ის თუ რა გიკეთებია, რით ცხოვრობ ანუ პურს რითი ჭამ, არ უნდა დამალო.
ჩაკეტილია საერთაშორისო გამჭვირვალობა!
საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ, პარლამენტის უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე, წარმოგვიდგა ტელეეკრანიდან და იხტიბარგატეხილმა გვამცნო, შევცდითო, შრომა დავაკელითო, ეხლა გავალთ და ხალხს შევხვდებით, მოვუსმენთო. მის ერთ-ერთ ამომრჩეველს, ხანში შესულ პოლიტიკოსს ესიამოვნა, გონზე მოსულანო იფიქრა და დაურეკა. თანაშემეწემ უპასუხა. ამან უთხრა, ესა და ეს კაცი ვარ, ამა და ამ მოწვევის დეპუტატი, ამა და ამ თანამდებობებზე მიმუშავია, მინდა მხარში ამოგიდგეთ და სად მოვიდე, რომ ბატონ მამუკას შევხვდე, ჩემი აზრები გავუზიარო, ეგებ გამოადგესო. თანაშემწემ უპასუხა, ბატონი მამუკა შეხვედრებზეა, მერე ხალხი უნდა მიიღოს, ორმოცდაათი კაცი მაინც იქნება დღეში, ასე რომ, უკაცრავად, ვერ შეგხვდებათ, მე მითხარით და გადავცემო. სახტად დარჩენილმა კაცმა მადლობა გადაუხადა, ტელეფონი გამორთო და იმ საღამოს სულ იმას ფიქრობდა, ნეტა სად ხვდება ხალხს ეს დალოცვილი, მე რატომ ვერ ვიგებ, ამ უბნის დეპუტატია და მეც ხომ აქ ვცხოვრობო ან ის ორმოცდაათი კაცი ვინ არის, ან რა სტატუსის ხალხია, ან რა წარსულისა, ან რა ღვაწლი გაუღიათ, რომ მე მათ შორის ვერ მოვხვდებიო.
ჩაკეტილია პარლამენტის წევრი, უმრავლესობის ლიდერი!
მოქალაქე მიდის მერიაში და ჩივის, ათი წელიწადია ჩვენი კორპუსის დასრულებასა და ჩაბარებას ვერ ვეღირსეთ. დაგვეხმარეთ, ანტისანიტარიაში ვცხოვრობთ, ეზოში წუმპე და ტალახია, ან ქალაქის მერს შემახვედრეთ ან მის მოადგილეს, ეგება გვიშველოსო. მერიის დაბალი რანგის ჩინოვნიკი პასუხობს, ჩვენ ვერაფრით დაგეხმარებით, მაგ კორპუსში ბინა არ უნდა გეყიდათო!
ჩაკეტილია მერია!
მოქალაქეს ჩამოართვეს ქონება, მუქარით აჩუქებინეს სახელმწიფოსათვის, 2006 წელს. მოქალაქე სამართალს ელის, ანუ სამართლიანობის აღდგენას. დგას სამართლის კართან, ანუ სამართლიანობის აღდგენის კომისიის კართან. კარი ღიააო, ირწმუნებიან, მაგრამ პასუხი არ არის, არ არის პასუხი! ის ვისი ბრძანებითაც ქონება ჩამოართვეს, ირაკლი ოქრუაშვილი, ქართული ტელევიზიების ერთ-ერთი სასურველი სახეა, ზის და ტელეეკრანებიდან სახელმწიფო საქმეებზე საუბრობს, სამართალზე და ზნეობაზე მსჯელობს! დრო გადის, მოქალაქე იღლება, იმედს კარგავს; არჩევნების დროს ცოტა აქტიურდება ხელისუფლება, დაიქადნება სამართლიანობას აღვადგენო, მერე კი ისევ ივიწყებს დანაპირებს, ყრუვდება . . . და მრავალი უსამართლოდ დარბეული დაავადდა და გარდაიცვალა სამართლის მოლოდინში; ამას კაფკას სინდრომი ჰქვია! გერმანიაში ყრუ ბიუროკრატიას რომ წააწყდებიან, - ეს რა კაფკააო, იტყვიან! ათასობით კაცი ელის სამართლის აღდგენას, მაგრამ კარი ჩაკეტილია. მოქალაქე ითხოვს, პასუხი მაღირსეთ, თუნდაც უარყოფითი იყოსო! კარი ჩაკეტილია.
ჩაკეტილია სამართლის კარი!
სამართლის კარის ჩაკეტილობა უსამართლობას იწვევს. მოქალაქეს შვილი მოუკლეს და სამართალმა ვერ იმუშავა, პასუხი არ აგებინა დამაშავეებს. მოქალაქე გადის ქალაქის ცენტრში, მხარში ამოიყენებს თანამოაზრეებს, იშოვის დაფინანსებას და დასცემს კარვებს. უხარიათ დემაგოგებსა და ხელისუფლების დამხობის მსურველებს, სამიტინგი ადგილი დაიბევეს. აბა სცადე და მიდი ეხლა იმ კაცთან, დაელაპარაკე, შეასმინე რამე. არ მოგისმენს, მხოლოდ იმას გაიგებს და მიიღებს, რაც მას უნდა. მადა ჭამაში მოდისო და გამრავლდა კარვები რუსთაველზე. არადა, იმ ადგილზე დაცემული კარვები და გამოთქმული პროტესტი ცუდად გვაქვს დაცდილი. იმ ადგილზე ტაძარი იდგა და კოჯორ-ტაბახმელას გმირების საფლავები იყო. იმ ადგილზე გაიმართა სისხლისმღვრელი ბრძოლა ქართველთა შორის. იმ ადგილას დაარბიეს და დახოცეს მომიტინგეები. მოკლედ ნაძრახი, ნავსი ადგილია. კაცსა და მის მხარდამჭერებს არაფრის გაგონება არ სურთ.
მოკლედ, კაცი მართალია და უსამართლოდ იქცევა!
ჩაკეტილია კაცის გონება!
როცა თელავში საზეიმოდ მიმდინარეობდა ახლადარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია, საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილები პროკურატურასთან საშიმშილოდ დასხდნენ და ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმის ძიების გახანგრძლივება მოითხოვეს. საქართველოს პირველი პრეზიდენტის მკვლელობის საქმე ჯერაც გამოუძიებელია. და არათუ გამოუძიებელია, შეიძლებოდა ხანდაზმულობის გამო სულაც დაეხურათ.
მოდით ისიც გავიხსენოთ, რომ არც 1991-92 წლების პუტჩია სამართლებრივად შეფასებული და არც 2013 წლის ე.წ. ვარდების რევოლუცია. არც ერთზე სასამართლო არ გამართულა, იმიტომ, რომ არამიზანშეწონილია! როგორ უნდა შევქმნათ სამართლებრივი სახელმწიფო, როცა მიზანშეწონილობა სამართალზე მაღლა დგას?
მეტი უსამართლობა წარმოუდგენელია!
ცნობილი ექსპერტი, გია ხუხაშვილი, ამბობს, თელავში პრეზიდენტის ინაუგურაცია არ უნდა დაენიშნათ, თელავი საქართველოს მონარქიის ანუ სახელმწიფოებრიობის დასრულებასთან ასოცირდებაო. საიდან მოიტანა? ვის უთქვამს? სად დაწერილა? ვის დაუწერია? ექსპერტმა რომ საქართველოს ისტორია არ იცის, გასაკვირი არ არის, მაგრამ პრეზიდენტის მრჩევლებმაც რომ არ იციან! საინაუგურაციო სიტყვებშიც იგივე რომ ისმის?! თელავი ასოცირებულია ქართლ-კახეთის სამეფოების გაერთიანებასთან! აქედან გაერთიანდა ქართლი და კახეთი და იმერეთსაც შემოიერთებდა რომ დასცლოდა ერეკლე II-ს. საქართველოს მონარქიის დასრულებასთან ასოცირებულია თბილისი. აქ მომზადდა გიორგიევსკის ტრაქტატი, აქ გარდაიცვალა საქართველოს ბოლო მეფე, აქ, სიონის ტაძარში, შერეკეს რუსებმა ქართველი თავად-აზნაურობა და ზარბაზნების ქვეშ დააფიცეს რუსეთის ერთგულებაზე. მაშ აღარაფერი ვიდღესასწაულოთ თბილისში?! მხოლოდ იმიტომ, რომ ერეკლე მეორე თელავში დაიბადა, თელავს საყვედური ვუთხრათ?! სტალინი გორში დაიბადა და საზეიმო ღონისძიებები აღარ ჩავატაროთ?! . . .
ასე ჩავკეტავთ ჩვენს ისტორიას და ჩაკეტვიდან დავიწყებამდე ერთი ნაბიჯია.
ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა, საინაუგურაციო სიტყვაში, ზვიად გამსახურდია და დამოუკიდებლობისათვის გამართული რეფერენდუმი ახსენა. რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე, საქართველოს უზენაესმა საბჭომ დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მიიღო. ჰო, იყო უზენაესი საბჭო ახალი საქართველოს ისტორიაში, მაგრამ აღარ ახსოვთ. 1918 წელი და დამოუკიდებლობის აქტი ახსოვთ, სათანადო პატივს მიაგებენ. მაგრამ არავინ ახსენებს 1991 წლის დამოუკიდებლობის აქტს. იმდროინდელ პარლამენტს, მის წევრებს, არავინ ზრუნავს მათზე, მარგინალებს უწოდებენ, დასცინიან. მათი რაოდენობა ყოველწლიურად იკლებს. რამდენიმე წელიწადში ორიოდეღა რომ დარჩება, მერე გაახსენდებათ და ეგებ გამოაჩინონ კიდეც, როგორც საზეიმო ნიმუშები, როგორც დინოზავრები. არა მგონია რომელიმე მათგანი ინაუგურაციაზე მიწვეული ყოფილიყო, როგორც საქართველოს დამოუკიდებლის აქტზე ხელისმომწერი. შოუ ბიზნესის ვარსკვლავები ხომ არ დავიწყებიათ! იტყვიან, ნაწყენია ინაუგურაციაზე რომ არ მიიწვიესო. ჰო, ნაწყენი ვარ მაგრამ იმიტომ კი არა, რომ მე არ მიმწვიეს, იმიტომ რომ არავინ მიიწვიეს. უზენაესი საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე და მისი მოადგილე მაინც დაეპატიჟათ. ამით კავშირს გააბამდნენ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტთან, აჩვენებდნენ, რომ ისტორია იციან და პატივს მიაგებენ. ისტორია იციან, განა არ იციან, მაგრამ პოსტმოდერნულად იციან, იყენებენ როგორც სურთ, მიზანშეწონილობისდა მიხედვით.
გასული წლის ბოლო სკანდალი იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და ეპისკოპოსებისა გახლდათ.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლეების უტიფარ სახეებსა და გაყინულ მზერაში მოჩანს შუშის არქიტექტურის ჩაკეტილობა და შეუღწევადობა, აი, კაფკა თუ გნებავთ ესაა!!!
ეპისკოპოსები (მიტროპოლიტები) კი იმის ნაცვლად, რომ მონასტერში დღე და ღამ ლოცვაზე იდგნენ, ღმერთს განსაცდელის წინაშე მდგარი ერის გადარჩენას ევედრებოდნენ ან ამბიონიდან მრევლს შერიგებისა და სიყვარულისაკენ მოუწოდებდნენ, ვერცხლისმოყვარეობაში შთაფლულნი, ტელევიზიების ეკრანებიდან შხამსა და ბალღამს ანთხევენ და გახეთქილებას ამძაფრებენ, შურსა და მტრობას თესავენ, და ხარობს შუშის ეკრანიდან, შუშის თვალებით მომზირალი ჟურნალისტი, - აირია მონასტერიო!
შუშის სტრუქტურები იმატებს საქართველოში ანუ იმატებს ჩაკეტილობა, გათიშულობა, იმატებს უნდობლობა და მტრობა, იმატებს სუბიექტივიზმი, ისტორიის არცოდნა და დავიწყება იმატებს, იმატებს ლიბერალური ახირებულება, - ხარ, მაგრამ არა ხარ! გამჭვირვალეა, მაგრამ ვერ დაინახავ! ღიაა, მაგრამ ვერ შეხვალ!
წინა პუბლიკაციაში ვისურვე 2019 წელი უარჩევნებოდ ჩატარდეს, ეგებ შუღლისაგან დავისვენოთ-მეთქი. ვერ გამოდგება საახალწლო სურვილად, ამ ქვეყანაში ყველას შუღლი და აყალ-მაყალი სურს.
ბევრი ამისთანა სტატიები დაწერილ--დაბეჭდილა .... მაგრამ რაააა მერე? .....წერე და იკითხე ...
სამაგიეროდ ტელევიზიებში ამ ცხოვრებით კმაყოფილები ყირაზე გადადიან. ნაცვლად იმისა რომ ტელევიზიებმა( უფრო სწორად მათმა მესვეურებმა) ჭკვიან, საინტერესო პიროვნებებს დაუთმონ დრო, ერის ზნეობის გაჯანსაღებაზე იფიქრონ--ფიქრობდნენ, სამართლის დამკვიდრებას უწყობდნენ ხელს .....მაქსიმალურად საპირისპირო საქმეს აკეთებენ.
და ეს ვითომ მავანმა არ იციის??
იცის მაგრამ ......... ...ეს ლავუაზიეს წრეა, ჩაკეტილი,.... თანაც ეს წრე დღითი დღე სულ უფრო და უფრო პატარავდება
ვაგონი კი.... მიჰქრის და მიჰქრის