„თუ ფილმებმაც არ უშველა, შეეცდება რომელიმე საზღვარზე დაძაბოს სიტუაცია“

„თუ ფილმებმაც არ უშველა, შეეცდება რომელიმე საზღვარზე დაძაბოს სიტუაცია“

ყველაზე რთულ საარჩევნო რეგიონში, ზუგდიდში კიდევ ერთხელ მოხდა ოპოზიციის არნახული მხარდაჭერის დემონსტრირება. მეორე დღესვე სააკაშვილი შეეცადა, თავისი მაჟორიტარობის კანდიდატისთვის პოზიციები გაემყარებინა და გადაემოწმებინა კიდევ დარჩა თუ არა მხარდამჭერები და ისევ ასოცირდება თუ არა „ნაციონალური მოძრაობის“ სახელი ამჯერად უკვე ცოცხთან. როგორც ჩანს, ნანახით მაინც და მაინც კმაყოფილი არ არის, რადგან სახელმწიფო აპარატმა უკვე დაიწყო მთელი სიმძლავრით ოპოზიციის წინააღმდეგ მუშაობა. აპატიმრებენ ხალხს, თხზავენ ისტორიებს.

ექსპერტი კახა კახიშვილი თვლის, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი თავსატეხი ხელისუფლებისთვის თემის გადაფარვაა, მეტი არაფერი.

„დღეს ვხედავთ, რომ თემის გადაფარვა უფრო აქტუალურია, ვიდრე ის, რატომ ჩამოყალიბდა სახელმწიფოში ასეთი სადამსჯელო სისტემა. თუ ფილმებმაც არ უშველა, უკვე შეეცდება რომელიმე საზღვარზე დაძაბოს სიტუაცია, რომ თემა გადაფაროს“,- მიიჩნევს კახიშვილი.

და მაინც, მოხდა თუ არა საზოგადოებაში ის გარდატეხა, რაზეც პოლიტიკოსებიცა და ექსპერტებიც ბევრს საუბრობდნენ. ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე თვლის, რომ ზუგდიდში მოხდა უბრალოდ, მხარდაჭერის გამოვლინება.

„ის რომ საზოგადოების დიდი ნაწილი მხარს უჭერდა ივანიშვილს, 27 მაისს თბილისში გამართულმა აქციამ ვიზუალურად აჩვენა. ლაპარაკი ყოველთვის იყო იმაზე, რომ სამეგრელოში ახალაიებსა და სხვა კლანებს ძალაუფლება ჰქონდათ ხელში აღებული, ატერორებდნენ მოსახლეობას და ა.შ.

როდესაც ერთ-ერთი გამოკითხვა ჩატარდა (NDI-სგან განსხვავებული), გამოვლინდა, რომ სამეგრელოში თითქოს ორი რაიონი მხარს უჭერდა ივანიშვილს, ანუ ღიად გამოხატავდა ამას. დარწმუნებული ვარ, რომ ზუგდიდშიც იგივე განწყობა იყო, მაგრამ ცდილობდნენ, ხმამაღლა არ გამოეხატათ. ბოლო დღეებში საქართველოში ისეთი რამეები მოხდა, რომ ხელისუფლება სრულიად გაკოტრებულია. უკვე აღარ ვიცი, მას მხარს დაუჭერს თუ არა თავისივე შემადგენელი ნაწილი, რომელსაც სახელისუფლებო რესურსი ჰქვია. მგონია, რომ გარდატეხა მოხდა, მოსახლეობა აღარ ერიდება თავისი შეხედულების და მოსაზრების ღიად გამოხატვას და დაფიქსირებას და ამისი დემონსტრირება იყო ზუგდიდში“, - აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.

კახა კახიშვილი თვლის, რომ იმ კადრებმა, რაც რამდენიმე დღის წინ იყო ნაჩვენები არა მხოლოდ ზუგდიდში, მთელ საქართველოში მოახდინა გარდატეხა.

„მოდით ვთქვათ, რომ გარდატეხა მოახდინა ამ კადრებმა, რომელიც პირდაპირ არის მიბმული ზუგდიდის აქციასთან. ის კადრები რომ არ ყოფილიყო ნაჩვენები, შეიძლება, ზუგდიდის აქცია ასე ხალხმრავალი არც ყოფილიყო. ისიც ვთქვათ, რომ აქციაზე გამოსვლით ხალხმა ის არაადამიანური მოპყრობაც გააპროტესტა, რაც ჩვენ ვიხილეთ რამდენიმე დღის წინ. ვიხილეთ ჯაჭვური რეაქციაც, „ნაციონალური მოძრაობის“ კოორდინატორებმაც დატოვეს „ნაციონალური მოძრაობა“ და ზუგდიდში სააკაშვილის მომხრეებიც პარალიზებულები იყვნენ. ამანაც შეუწყო ხელი ხალხმრავლობას, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყველაფერი წინ არის. მოვისმინეთ უკვე საკმაოდ გამკაცრებული რიტორიკა საქართველოს პრეზიდენტისა, რომელსაც მოჰყვა ფაცაციას, შემდეგ რამდენიმე სტუდენტის და დაჩი ცაგურიას დაპატიმრება. ამიტომ ვფიქრობ, რომ ხელისუფლებას ასეთი განწყობით ამომრჩეველს არჩევნებამდე არ მიიყვანს, გადაფარვა მოხდება“, -ამბობს კახიშვილი.

მისივე შეფასებით, შეიძლება, ვიღაცამ თქვას, რომ ვის სჯერა ხელისუფლების ფილმების, მაგრამ ხელისუფლება ამ ფილმებს თუ აჩვენებს, არ აჩვენებს ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლისთვის, ის იქნება განკუთვნილი საკუთარი მხარდამჭერების მობილიზაციისთვის.

„ბოლო პერიოდში ვნახეთ, რომ ხელისუფლებამ არა მხოლოდ მისთვის ისედაც დაკარგული ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველი დაკარგა, არამედ საკუთარი ამომრჩევლის ნაწილიც, ნაწილი კი დემორალიზებულია. ვხედავთ, რომ ზოგი პროტესტის, ზოგი შიშის გამო აღარ იცვამს „ნაციონალური მოძრაობის“ მაისურებს და სამარშრუტო ტაქსებსაც და ავტობუსებსაც „ნაციონალური მოძრაობის“ აგიტაციის რეკლამაც კი ჩამოხსნეს“,- მიიჩნევს კახიშვილი.

გამოვიდოდა თუ არა ზუგდიდში ამდენი ხალხი, ეს კადრები რომ არ გამოქვეყნებულიყო, ვახტანგ ძაბირაძე თვლის, რომ საქართველოში არჩევნებამდე ბოლო ორი კვირის განმავლობაში ხდება ხოლმე გარდატეხა და ეს უკვე ტრადიციასავით იქცა.

„ეს ის დროა, როდესაც ყველა ადამიანი ქვეცნობიერად ფიქრობს, რომ ვეღარ მოასწრებენ მის დასჯას, რეაგირებას მის ქმედებაზე. ბოლო ორი კვირის განმავლობაში საზოგადოება უფრო ღია გახსნილი და თამამია ხოლმე, ამიტომ ვერ ვიტყვი, რომ ეს კადრები რომ არ ყოფილიყო, ზუგდიდში ამდენი ხალხი არ გამოვიდოდა. საზოგადოება ყველგან ერთნაირია. თუმცა ძალზე დიდი როლი ითამაშა იმ კადრების გამოქვეყნებამ, ასევე იმ ფაქტმა, როლანდ ახალაიასთან ინტერვიუზე რომ მივიდნენ და ინციდენტი მოხდა, - ამ ყველაფერმა იმუშავა. მთელ საქართველოში მოხდა გარდატეხა და წამების ფაქტები კიდევ უფრო იმუშავებს, არჩევნების შემდეგაც, ტყუილია, რომ  ასეთი რამ ყველგან ხდება, არ გამიგია, მსგავსი რამ სხვაგან მომხდარიყო“,- ამბობს ძაბირაძე.

როგორც ჩანს, ზუგდიდმა კიდევ ერთხელ დაარწმუნა საქართველოს პრეზიდენტი, რომ ის მართლაც  დიდ გასაჭირშია და ცდილობს როგორმე ეს ყველაფერი „ქართულ ოცნებას“ დააბრალოს. აცხადებს, რომ მან დაუკვეთა ამ კადრების გადაღება. იმუშავებს თუ არა სააკაშვილის ეს პოლიტიკა და ირწმუნებს თუ არა საზოგადოება ამას, უახლოეს დღეებში გამოვლინდება, მაგრამ ექსპერტები ფიქრობენ, რომ სააკაშვილს არსენალში სხვა გეგმებიც აქვს.

ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, რომ ეს პროპაგანდაა და რაღაც დოზით პროპაგანდა ყოველთვის მუშაობს, მაგრამ როდესაც გარკვეულ დონეს მიაღწევს, საზოგადოება შემდეგ სიმართლესაც აღარ ღებულობს.

„არ მგონია ამით ხელისუფლებამ სიტუაციის შეცვლა ან თავისი მდგომარეობის გაუმჯობესება შეძლოს. ვისაც არ უნდა დაეკვეთა და როგორც არ უნდა დაეკვეთა, ჯერ ერთი, რომ ეს იმ დროს გადაღებული კადრებია, როდესაც ივანიშვილი პოლიტიკაში არ იყო. გარდა ამისა, თუ ხელისუფლება ვერ ახერხებს პენიტენციალური სისტემა დაიცვას ივანიშვილის მოსყიდვისგან, როგორც თვითონ ამბობს, მაშინ რაზეა ლაპარაკი, ეს ყველაფერი ყოფილა ბლეფი და ბლეფიც არის. ეს ხომ ერთეული ფაქტები არ ყოფილა, ეს იყო მიზანმიმაერთული პოლიტიკა პატიმართა მიმართ. ეს არ ყოფილა მხოლოდ გლდანში, ვიცით, რომ მარტო 700-მა პატიმარმა ქსნის კოლონიაში მოაწერა ხელი. თუ ყველა იყიდა ივანიშვილმა, მაშინ რაღას ვერჩით დავანებოთ თავი, ყველა უყიდია და ეს არის. გამორიცხულია, რომ ამ პროპაგანდამ რაღაც შედეგი მოუტანოს ხელისუფლებას“, - აცხადებს ძაბირაძე.

მაშინ, როდესაც საზოგადოების განწყობა ნათელია, შეგვიძლია თუ არა ზუსტად ერთი კვირით ადრე, ვთქვათ, რომ არჩევნების ბედი არის გადაწყვეტილი, ვახტანგ ძაბირაძე თვლის, რომ ხელისუფლებას თანდათან ეცლება ბოლო კოზირები იმისათვის, რომ მან არჩევნების გაყალბება გაბედოს, თუმცა კახა კახიშვილი თვლის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ასე მარტივად არ დათმობს. კახიშვილის აზრით,ხელისუფლება შეეცდება, ისეთი თემით გადაფაროს ეს მოვლენები, რომ საკუთარი მხარდამჭერების მობილიზაცია მაინც მოახდინოს.

„ოპოზიციის მხრიდან პოლიტიკური ტემპერტატურის შენელება არასწორი ნაბიჯი იქნებოდა, ერთია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ შეეცდება გადაფაროს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ასეთი კადრები კიდევ იქნება. თუმცა არ მესმის პოლიტიკოსების მხრიდან მოწოდება, რომ ახლა არ გვინდა აქციები და დაველოდოთ პირველ ოქტომბერს. პროტესტის უფლება ყველა ადამიანს აქვს, შეიძლება ქუჩები არ გადაკეტო, მაგრამ ამ კადრების შემდეგ როგორ უნდა მიგითითოს რომელიმე პოლიტიკოსმა, მითუმეტეს ოპოზიციამ, რომ აქციები არ გინდათ. ჩვენ ვნახეთ პროკურატურის მოთხოვნა, რომ ახლავე გამოაქვეყნონ თუ რამე აქვთ, მათ სურთ, შემდგომში აიცილონ მსგავსი კადრების ჩვენება“, - ამბობს კახიშვილი, რომელიც თვლის, რომ „ქართული ოცნების“ გვირგვინი იქნება 29 სექტემბერი და დარწმუნებულია, რომ ეს იქნება მრავალათასიანი აქცია თბილისში, მაგრამ ამით „ნაციონალური მოძრაობა“ შეეცდება ეს ყველაფერი კიდევ რაღაცით გადაფაროს.

„ასე რომ, ყველაფერი წინ გვაქვს, რაც უფრო მივუახლოვდებით არჩევნების დღეს, ყველაფერი უფრო გამწვავდება. ჩვენი პრეზიდენტის ხასიათიდან გამომდინარე, მისი რიტორიკა მხოლოდ მაშინ მკაცრდება, როდესაც ხელისუფლების გადარჩენის რაღაც მონახაზები აქვს. მისი რიტორიკა უკვე აჩვენებს, რომ რაღაც უკვე გაკვალეს. არც ისეა, რომ ყველაფერი, მორჩა. ეს ის ხელისუფლება არ არის, რომელიც ასე მარტივად დათმობს ძალაუფლებას“,- ამბობს კახიშვილი.

შოკიდან გამოსული სააკაშვილი სიტუაციის შემობრუნებას ცდილობს, მოახერხებს თუ არა ის ამას, დაიჯერებს თუ არა საზოგადოება, რომ შეცდომების მიუხედავად ის დემოკრატიულ ქვეყანას აშენებს და ხალხმა მანდატი უნდა გაუგრძელოს.

კახიშვილი ამბობს, რომ ხელისუფლების ფილმების ბევრს აღარ სჯერა, ამიტომ დილემის წინაშე არიან, რა ტიპის ინფორმაციით გადაფარონ არსებული ვითარება.

„შეიძლება წამოატივტივონ ისევ რუსეთის ფაქტორი, ივანიშვილის კომპრომენტირება მოახდინონ, რომ რუსეთთან ერთად ძალისმიერი მეთოდებით ცდილობს ამ ხელისუფლების შეცვლას. შორს ყოფნა სტუდენტების აქციებისგან ივანიშვილისა, სწორია. ის რომ ყოფილიყო ორგანიზატორი, უკვე იტყოდნენ, რომ ეს ერთიანი გეგმის ნაწილი იყო.

ხელისუფლება იმაზე კი არ საუბრობს, რა ამაზრზენია ეს კადრები და როგორ შეიქმნა ეს სისტემა, არამედ იმაზე საუბრობს, როგორ გადაიღეს და რატომ აჩვენეს ახლა. იმაზე ლაპარაკობენ, რომ 2 მილიონია გადახდილი. რომ მქონოდა, ორს კი არა 25 მილიონს გადავიხდიდი, რომ შემეწყვიტა ეს ძალადობა.

ხომ ხედავთ ხელისუფლების მიდგომას, ცდილობენ ყველაფერი იმ 11 ადამიანზე გადატეხონ, თითქოს სხვა არავინ არ იყო დამნაშავე. დარწმუნებული ვარ ამათაც პირდებიან, რომ როგორმე არჩევნებმა ჩაიაროს და მერე მიხედავენ, ასე რომ არ იყოს, ამ 11 ადამიანს პასტას ვერ გააგდებინებდი ხელიდან, ყველაფერს დეტალურად ჩამოწერდნენ,  რა ხდებოდა და როგორ“,- მიიჩნევს კახიშვილი.