ქართველებს როგორ ესმით ასტროლოგია? ჩვენი საზოგადოების ნაწილი ამჯერად ღორის წელზე ამყარებს იმედს და ცდილობს, ახალი წლის ღამეს მაინც არ გააკეთოს ის, რაც ღორს არ ეამება. ასეთი ცრურწმენა მეორდება ყოველი ახალი წლის დადგომისას და სიხარული გვიპყრობს, რომ თურმე მამლის წელი კარგ სიახლეს მოგვიტანს, რადგან მამალი მზის მოციქულია, თურმე ძაღლის წელიც კარგია, რადგან ძაღლი ერთგული, შრომისმოყვარე და მებრძოლია, ახლა კი ღორის წელის იმედად ვართ. სინამდვილეში, კონკრეტული წელიწადის ავკარგიანობა რაზეა დამოკიდებული? ამის შესახებ For.ge-ს ასტროლოგი და ეზოთერიკოსი ჯონდო ტუხაშვილი ესაუბრა.
ჯონდო ტუხაშვილი: რომელიმე კონკრეტული წლის დადგომა არ არის მთავარი. არ უნდა გვქონდეს მოლოდინი, რომ რომელიმე წლის დადგომა რაიმეს შეცვლის, მთავარია, ქართული აზროვნება. ასტროლოგია, უპირველეს ყოვლისა, ადამიანს დისციპლინას ასწავლის. ეს არის ღმერთისგან წამოსული მეცნიერება. ყველა ასტროლოგიური მეცნიერებისგან ჩამოყალიბდა რელიგია, ანუ ჯერ იყო ასტროლოგია და შემდეგ ჩამოყალიბდა რელიგია. ასტროლოგია არსებობს 15-20 ათასი წელია, ასტროლოგია არის კოსმიური სიბრძნე, რომელიც შექმნა ღმერთმა. ეს კოსმიური სიბრძნე უნდა გამოვიყენოთ ცხოვრებაში, რადგან ჩვენ კოსმოსში ვცხოვრობთ. ასტროლოგია არის ორი სახის. ერთია ასტროლოგია, ანუ ჩვეულებრივი წინასწარმეტყველება, მეორე ასტროლოგია კი გეუბნება, რა არის კოსმიური კანონზომიერება.
თქვენ იცით, რომ ჩვენი ფიზიკური სხეული კოსმიურ კანონზომიერებაზეა აგებული? ამიტომ უნდა ვიცოდეთ, რა გავაკეთოთ, როგორ მოვიქცეთ, ყველა ადამიანს აქვს თავისი ზოდიაქოს ხასიათი, თავისი ბუნება. სხვადასხვანაირი ტიპის ადამიანები არსებობენ და ერთმანეთს ვერ უგებენ. უპირველეს ყოვლისა, სიყვარული უნდა ჩაისახოს ადამიანთა გულებში და სიყვარული არის ღმერთი. ღმერთი ჩვენს ხალხს სწამს ფანატიკურად, ამაშია მთელი უბედურება. ღმერთი ის კი არ არის, რომ გძულდეს ადამიანი, ღმერთი არის სიყვარული და სიბრძნე. აბა, მითხარით, ვინ არის დღეს ბრძენი და მოყვარული? არც ერთმანეთი უყვართ ადამიანებს და არც სიბრძნე აქვთ. ასეთ პირობებში როგორ შეიძლება დალაგებული ცხოვრება? ღმერთი ის კი არ არის, ახლა რომ რაღაცებს ტუტუნებენ, ადამიანს რომ მორალს ასწავლი, ჯერ თავად შენ უნდა იცოდე, რა არის მორალი და ზნეობა, თავად უნდა დაიცვა მორალი და ზნეობა, თორემ გამოდის, რომ ადამიანებს ასწავლი ფანატიზმს.
ძველ ეკლესიებში განსხვავებული ქართველები შედიოდნენ, იქ კომუნისტი ქართველი, მოწამლული ბოლშევიკი, ჩეკისტი, 37 წელში აღზრდილი ხალხი არ შედიოდა.
მაგრამ ზუსტად 1921-დან 37 წლებში განადგურდნენ ქართული სულისკვეთების მქონე ადამიანები, სამაგიეროდ, უხვად დარჩნენ ჩეკისტების შთამომავლები.
- 37 წელს ქართველი ქართველს აბეზღებდა და უამრავი ქართველი მოუკლავთ. ჩვენ ვისი შთამომავლები ვართ? ჩეკისტების შთამომავლები, რომელთაც არ აქვთ ქართული სული. განა შევარდნაძე ქართველი იყო? ორჯონიკიძე ნომერ პირველი გამყიდველი იყო, საინგილო აზერბაიჯანს გადასცა, რა მნიშვნელობა აქვს, აზერბაიჯანი ჩვენი რესპუბლიკაა, მაინც საბჭოთა კავშირიაო. ან სტალინი იყო ქართველი? არ იყო ქართველი, მაგას აინტერესებდა დიდი რუსეთი. სტალინმა პირდაპირ თქვა სახალხოდ, წარმოშობით ქართველი ვარ, მაგრამ ეროვნებით რუსი ვარო.
პერიოდულად თავს ვიმშვიდებთ, რომ ისეთი ხელისუფლება გვყავს, როგორსაც ვიმსახურებთ. ასეთ ხელისუფლებებს იმსახურებს ქართველი ერი? ეს კანონზომიერია კოსმიური განწყობიდან გამომდინარე, რომ სულ ერთსა და იმავე წრეზე ვტრიალებთ?
- რა თქმა უნდა, როგორი ჩეკისტური გაგებაც ჰქონდა ხალხის მასას 21 წელს, 37 წელს, 41 წელს, 50 წელს, ისეთი ხელისუფლება გვყავდა. როგორი შეგნებაც გვაქვს ქართველებს დღეს, ისეთი არეულ-დარეული სახელმწიფო გვაქვს. ახალი წელი კი არ მოგვიტანს სიახლეებს, ჩვენ თვითონ უნდა განვვითარდეთ და ქვეყნის კეთილდღეობისთვის ვიზრუნოთ. ჩვენ თუ ჩამორჩენილნი ვართ, არც ერთ წელიწადს არ მოქვს სიახლეები, ქვეყანაში არაფერი შეიცვლება, ცვლილებებს ჭკვიანი ხალხი სჭირდება სათავეში.
ისევ ასტროლოგიას დავუბრუნდეთ. ცალკეული ადამიანები იმდენად ემორჩილებიან ვარსკვლავების განლაგებას, რომ ნაწინასწარმეტყველებ ცუდ დღეებში არც გადიან სახლიდან.
- წინასწარმეტყველებას სხვანაირი ლოგიკა აქვს. ადამიანი თამაშობს კოსმოსზე მაღალ როლს, კოსმოსი ემორჩილება ადამიანს, მაგრამ ადამიანი როდესაც ჩამორჩენილია და კოსმოსზე ამყარებს იმედს, თუ როგორი იქნება ახალი წელი, კოსმოსი დაიმორჩილებს ასეთ ადამიანს.
როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ კოსმოსმა არ დაგვიმორჩილოს?
- ჩვენ ვართ გახლეჩილები, გამოსტანდარტებული ტიპის ადამიანები, რომელთაც მჭრელი აზრები გაგვაჩნია. არ გაგვაჩნია შეხედულება იმის შესახებ, თუ რა სჭირდება საქართველოს. სამშობლო არ გვაინტერესებს, ჩვენ გვაინტერესებს პოლიტიკური აზრები. პოლიტიკა საქართველოსთვის არ გამოდგება, რადგან პოლიტიკა არის საერთაშორისო მდგომარეობა. ამ დროს კი საქართველოს სჭირდება ისეთი ადამიანი, რომელიც შეწუხდება თავისი ქვეყნისთვის. მსოფლიო საქართველოს არ დაუწყებს იავნანას სიმღერას, მსოფლიოს ფეხებზე ჰკიდია საქართველო. რაკი ეს ასეა, საქართველომ უნდა იზრუნოს საკუთარ თავზე, ჩვენი ხალხი არ ზრუნავს საკუთარ ერზე, ჩვენი ხალხი უყურებს იმ მსოფლიოს, რომელსაც არ აინტერესებს საქართველო. მსოფლიოს რომ აინტერესებდეს საქართველო, მაშინ საქართველოს მიხედავდა კიდეც.
სამაგიეროდ, რუსეთს „აინტერესებს“ საქართველო.
- რუსეთს აინტერესებს საქართველო სათავისოდ, რუსეთი ჩვენზე უარეს მდგომარეობაშია.
თქვენ ერთგან ამბობდით, რომ გენეტიკა ჩვენი ბედისწერაა, მაგრამ ქრისტიანები ამარცხებენ ბედისწერას. ჩვენც, დღევანდელ ადამიანებს, მოგვყვება ჩვენი გენეტიკა, რომელიც შესაძლოა, იყოს უარყოფითიც და დადებითიც, წინაპრების მადლისა და ცოდვის გამო. გენეტიკა ჩვენს ბედს რამდენად განსაზღვრავს?
- საერთოდ, სამყარო ცვალებადია, წინაპარს უნდა დავუჯეროთ იმაში, რომ გვქონდეს ქართული ტრადიცია, ჩვენ ქართული ტრადიცია დაკარგული გვაქვს. ქართული ტრადიცია რას ნიშნავს? ადამიანი, რომელსაც ტრადიცია არ აქვს, ბრბოს წარმომადგენელია, ნახირია, მით უმეტეს, პატარა ერისთვის ეს აუცილებელია. 3-მილიონიანი საქართველო წარმოადგენს ისეთ ქვეყანას, რომელსაც უნდა ჰქონდეს საკუთარი კრედო, ტაბუ, თავისი ეროვნული გეგმა, შეხედულება. არავითარ შემთხვევაში, არ უნდა ვუყუროთ მსოფლიოს. მსოფლიოს მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა ვუყუროთ, როდესაც საგარეო პოლიტიკას ავაწყობთ ადაპტაციაზე მსოფლიოს მიხედვით. რატომღაც ჩვენ სახლში ვიქცევით ისე, თითქოს საგარეო საქმეებს ვაკეთებდეთ და გვავიწყდება, რომ ჩვენი სახლი არ არის საგარეო ადგილი. ჩვენ საშინაო საქმეები დაულაგებელი გვაქვს.
თქვენ ამბობთ, რომ ჩვენი ხალხი არ ზრუნავს საკუთარ ერზე, მაგრამ გლობალიზაციის პირობებში რამდენად რთულია ქართველობაზე ვიფიქროთ, როცა ქართველების უმეტესობა საქართველოდან გაქცევას ცდილობს?
- ეს ნიშნავს, რომ ჩვენ არც 2019 წელი გვიშველის, არც 2020 და არც 2021, ასეთი აზრები როცა გვექნება. ხალხს არ ესმის თავისთვის სასარგებლო უბრალო ანბანური ჭეშმარიტება, რომ საქართველოს უნდა მიხედოს. ყოველ შემთხვევაში, ჩვენი საზოგადოების 30%-ს ასეთი ერთი აზრი უნდა ჰქონდეს. 30%-ს კი არა, 5%-საც არ აქვს ერთი აზრი. ერთი ამერიკას გაიძახის, მეორე რუსეთს. ვისაც არ აინტერესებს საქართველო, ზუსტად იმათ სახელებს გავიძახით. საქართველო უნდა იყოს ეროვნული და ეროვნული საქმე უნდა გაკეთდეს.
როდის გაწყდა ჩვენი კავშირი წარსულთან?
- ჩვენ არ გვქონია წარსული, ჩვენ არშემდგარი სახელმწიფო ვართ. უკვე რამდენი საუკუნეა, დავით აღმაშენებლის შემდეგ არშემდგარი სახელმწიფო გვაქვს. ჩვენ გვანგრევდნენ, მსოფლიო გვანგრევდა და მაინც ვერ ვისწავლეთ ჭკუა, რომ ჩვენი თავისთვის გვეფიქრა. ახლა სპარსეთს უნდა ჩვენი კარგად ყოფნა, თურქეთს თუ რუსეთს? ჩვენი ხალხი გათიშულია. დედა კრუხი გაუნძრევლად ზის კვერცხებზე, როცა წიწილები უნდა გამოჩეკოს, ჩვენ კი კრუხი არ გვყავს, ჩვენ ვართ ინკუბატორის წიწილები. რას წარმოადგენს სააკაშვილის „ნაციონალური მოძრაობა?“ ეგენი ეროვნული ხალხია? ან „ოცნებაა“ ეროვნული? ყველა მათგანი თავის ჯიბეს უყურებს. საქართველო ეს ჩვენ ვართ, ჩვენ უნდა შევქმნათ საქართველო ჩვენს გულსა და ტვინში, მაგრამ ერთი-ორი ადამიანის გულში რომ არის საქართველო, დანარჩენებს ფეხებზე ჰკიდიათ. ქართველები არ არიან კომუნისტი ქართველები. სინამდვილეში, კომუნისტები არც იყვნენ ქართველები.
ქართული შთამომავლობა გვქონდა მე-18 საუკუნეში. იბერები მთელ მსოფლიოში იყვნენ ცნობილნი, დღეს იბერებს პირენეის ნახევარკუნძულზე მცხოვრებ ბასკებს ეძახიან, მთელი მსოფლიო იბერიული კულტურითაა დავალებული. ისინი ჩვენი ხალხია. იმ იბერებმა თავიანთი სახელმწიფო მოაწყეს, ჩვენი იბერების გარშემო კი ძალიან ცუდი ატმოსფერო შეიქმნა, ჩვენს ირგვლივ ცუდმა მეზობლებმა მოიყარეს თავი. საქართველოს კულტურულ სახელმწიფოებთან კავშირი უფრო მეტად რომ ჰქონოდა, სხვაგვარად განვითარდებოდა. იმიტომ მივისწრაფით ევროპისკენ, რომ კულტურული კავშირები გვქონდეს ევროპელ ხალხებთან. ჩვენს ხალხს სჭირდება ეროვნება, ისეთი საზოგადოება უნდა შეიქმნას, რომელმაც უნდა შექმნას ეროვნული აზრი. საზოგადოებრივი აზრი ის კი არ არის, მსახიობები რომ ლაპარაკობენ, ან პოლიტიკოსები რომ საუბრობენ, ჩვენ გვჭირდება მოაზროვნე ადამიანთა ისეთი ჯგუფი, რომელიც ქართულად იაზროვნებს. იმას არ ვამბობ, რომ ჩვენ არ გვყავს პატრიოტი ადამიანები, პატრიოტები ძალიანაც გვყავს, ფეისბუკი რომ ნახოთ, პატრიოტული აზრები აქვს სუყველას, მაგრამ მათი აზრები კომუნისტურია. ადამიანები კომუნისტური აზროვნებით უყურებენ საქართველოს მომავალს, კომუნისტური აზროვნებით, ან დასავლეთის აზროვნებით ვერ დაინახავ საქართველოს. გარედან საქართველოს დანახვა არ შეიძლება, სხვა ქვეყნიდან ვერ დაინახავ შენი ქვეყნის მომავალს.
საქართველო არის ინდივიდუალური ქვეყანა, საქართველოს ინდივიდუალური ბედი სჭირდება. ჩვენს ხალხს არ აქვს ინდივიდუალური აზროვნება, რომ თავის ქვეყანას თვითონვე მიხედოს. ახლა მართლმადიდებლობა რუსეთსაც აქვს, მაგრამ ყველამ ვიცით, რასაც აკეთებს რუსეთის ეკლესია. პუტინს მორწმუნეებიც ხელში უჭირავს რუსული ეკლესიის მეშვეობით. ჩვენი ხალხის ნაწილიც ფანატიკურად მიეტმასნა ეკლესიას, ეს არ არის ნამდვილი რწმენა, რადგან არ იციან, რა არის ღმერთი. ღმერთის ნამდვილი რწმენა რომ ჰქონდეთ, ძალიან კარგად გაიგებდნენ, რა არის სამშობლო. ღმერთის რწმენაში, უპირველეს ყოვლისა, უნდა გაიგო, რა არის შენი სამშობლო და სამშობლოს უნდა ემსახურო.